სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არსებითად განიხილავს საქმეს ,,ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ (კონსტიტუციური სარჩელი №1689)
2025 წლის 24 და 25 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე ,,ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ (რეგისტრაციის №1689).
განსახილველ საქმეზე სადავოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წესს. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, განცხადების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, თუ კონკრეტულ საქმეზე დადგინდება მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება, პირს არ გააჩნია შესაძლებლობა, 5 წლის ვადის გასვლის შემდგომ, კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების უფლებით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი საპროცესო ვადა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
დავის საგანი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
