საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 1 (2023)

საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 1 (2023)


გამოცემის თარიღი: 2023 წლის 29 სექტემბერი


მერაბ ტურავა: წინასიტყვაობა


ავტორი: ენდრიუ კოპელმენი

აბსტრაქტი 

არაერთი მეცნიერისთვის „რელიგიის თავისუფლების“ იდეა მიუღებელია. გაუმართლებელი წინააღმდეგობა გულისხმობს რელიგიის გამორჩევას განსაკუთრებული დაცვის მიზნით, რაც უსამართლოა სიკეთეთა არარელიგიურ კონცეფციასთან მიმართებით. ხელშეშლის წინააღმდეგობა კი ამტკიცებს, რომ რელიგიის თავისუფლებას შეცდომაში შევყავართ, რადგანაც, მართალია, დაპირისპირება ხშირად რელიგიურ ნიადაგზე ხდება, მაგრამ გამომწვევი კონფლიქტები რელიგიური განსხვავების ბრალი არაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე წინააღმდეგობა საფუძვლიანია, გარკვეულ პირობებში, რელიგიის თავისუფლება უნდა განვიხილოთ, როგორც უფლება. სახელმწიფომ შეუძლებელია, კანონით, კონკრეტული მრწამსის მატარებელი და იდეოლოგიის ერთგული თითოეული ინდივიდის იდენტობა აღიაროს. საუკეთესო შემთხვევაში, მას შეუძლია დაიცვას ინტერესები, რომლებიც ბევრ ადამიანს აერთიანებს.

ნაშრომი: არის თუ არა რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლება?

გვერდები: 9-39


ავტორი: ლელა მაჭარაშვილი

აბსტრაქტი 

საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელება და, ამ გზით, ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრა, საზოგადოებრივი ურთიერთობების დარეგულირება, ხალხის უშუალო წარმომადგენლის - პარლამენტის კონსტიტუციური პრეროგატივაა. ამის მიუხედავად, საკანონმდებლო საქმიანობის მასშტაბურობისა და თანამედროვე მმართველობის კომპლექსურობის გათვალისწინებით, რიგ შემთხვევებში, გარდაუვალი ხდება საკანონმდებლო საქმიანობის აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გადანდობა. სამეცნიერო ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკაში აზრთა სხვადასხვაობას ნაკლებად იწვევს კანონშემოქმედებითი ფუნქციის დელეგირების საკითხი, თუმცაღა ცხარე დისკუსიის საგანია, კონსტიტუციის მიზნებისათვის, რა ფარგლებითა და მოცულობითაა დასაშვები თავად დელეგირება.

კანონშემოქმედებითი კომპეტენციის დელეგირების თაობაზე გარკვეულ სტანდარტებს აყალიბებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე სასამართლო პრაქტიკა არ არის მდიდარი. წინამდებარე ნაშრომი სწორედ დელეგირების ინსტრუმენტის კვლევასა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების ანალიზს ეთმობა.

ნაშრომი: კანონშემოქმედებითი კომპეტენციის დელეგირების კონსტიტუციური ფარგლები

გვერდები: 41-66


ავტორი: სოფო ვერძეული

აბსტრაქტი

სამართლისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი საკითხების შესახებ თანამედროვე დისკუსიებს გამჭოლად გასდევს. სამართალმა და იურიდიულმა ფორმალიზმმა არაერთ ტრადიციულად პოლიტიკურად მიჩნეულ სივრცეში შეაღწია, რამაც გლობალურად პოლიტიკის იურიდიფიკაციის ტენდენცია შექმნა. იურიდიფიკაცია, პოლიტიკური ინსტიტუტების როლის შეკვეცის ხარჯზე, ფორმალურ-სამართლებრივი სისტემების გაძლიერებას უკავშირდება. „პოლიტიკურსა“ და „სამართლებრივს“ შორის ჭიდილი და ბალანსის ცვლილება, არაერთი კომპლექსური და წინააღმდეგობრივი შედეგით ხასიათდება.

წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია, იკვლიოს იურიდიფიკაციის ტენდენცია საქართველოში, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის შუქზე. ამ მიზნით, ნაშრომი განიხილავს 2017-2018 წლების კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში, სასამართლოსა და პროკურატურის სისტემებში განხორციელებულ ცვლილებებს. ნაშრომი ცდილობს უპასუხოს ორ ძირითად კითხვას: გააძლიერა თუ არა კონსტიტუციური რეფორმის ხელწერამ იურიდიფიკაციის ტენდენცია საქართველოში და რა პრობლემურ/წინააღმდეგობრივ შედეგებს შეიძლება უკავშირდებოდეს რეფორმების ამგვარი სტრატეგია.

ნაშრომი: პოლიტიკის იურიდიფიკაცია - მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის წინააღმდეგობრივი შედეგები საქართველოში

გვერდები: 67-98


ავტორი: დავით აბესაძე

აბსტრაქტი

ნორმათა კონსტიტუციური კონტროლი საქართველოს კონსტიტუციით დაფუძნებული იმგვარი მექანიზმია, რომლის გამოყენებაც ბუნებრივად ამყოფებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთგვარ ინსტიტუციურ კონფლიქტში სხვა სახელისუფლებო შტოებთან/ორგანოებთან (მაგალითად, პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი) და, იმავდროულად, არის სერიოზული ჩარევა დემოკრატიულ პროცესში, მოიაზრებს რა დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს მიერ მიღებული აქტის გაუქმებას. სწორედ ამიტომაც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები - როგორც საქართველოში, ისე უცხო ქვეყნებში - ცდილობენ სათანადო სიფრთხილით მოეკიდონ აღნიშნული ბერკეტის გამოყენებას. პოლიტიკურ შტოებთან დამოკიდებულების ამგვარი დინამიკის გამომხატველია უკანასკნელ ათწლეულში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დანერგილი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობის პრაქტიკა, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, ნორმაში არსებული კონსტიტუციური ხარვეზი აღმოფხვრას ნორმის სრულად გაუქმების გარეშე.

ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას ანიჭებს მოახდინოს პოტენციური კონსტიტუციური დარღვევის ლოკალიზაცია და კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება დააკმაყოფილოს იმგვარად, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებით/დათქმებით შეზღუდოს საკუთარი გადაწყვეტილება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმატიული შინაარსის გაუქმების ბერკეტი პირველად 2011 წელს გამოიყენა, დღემდე ჩამოყალიბებული არ არის ერთიანი ანალიტიკური ჩარჩო ან სტანდარტი, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს მთლიანი ნორმის ნაცვლად ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას. ამ თვალსაზრისით, პრაქტიკაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი ნორმატიული შინაარსის იდენტიფიცირება გარკვეულწილად მოითხოვს სამოსამართლო განსჯასა და შემოქმედებით მიდგომასაც, რასაც შესაბამის ჩარჩოებში უნდა აქცევდეს ხელისუფლების დანაწილების სქემაში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დაკისრებული სპეციფიკური როლი და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

ნაშრომის მიზანია, თეორიულ-პრაქტიკული დაკვირვების (მათ შორის, შედარებითი კვლევის) საფუძველზე, გამოკვეთოს ის პრინციპები, რომლებსაც ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციური კონტროლი უნდა ეფუძნებოდეს. ნაშრომში წარმოდგენილი მოსაზრებით, ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას ნორმატიულ შინაარსზე ფოკუსირება უნდა ეფუძნებოდეს დაშვებას, რომ არსებობს კონსტელაციები, რომელთა ფარგლებში მთლიანი ნორმის შეფარდება არ გამოიწვევდა კონსტიტუციის დარღვევას. აგრეთვე, ნორმატიული შინაარსის კონტროლი არსებითად არ უნდა გადაიქცეს ინდივიდუალური გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შეფასებად. ნორმატიული შინაარსის გამოცალკევება ნორმიდან არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონმდებლის მიზანს და არ უნდა ეფუძნებოდეს გაზვიადებულ ჰიპოთეზირებას ამა თუ იმ კონტექსტში ნორმის შეფარდებასთან დაკავშირებით. და ბოლოს, ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობისას გატარებული ზღვარი გაუქმებულ და ძალაში დატოვებულ შინაარსებს შორის, თავის მხრივ, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

ნაშრომი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა - თეორიული დაკვირვებანი და პრაქტიკული გამოწვევები

გვერდები: 99-136


ავტორი: გიორგი გორაძე

აბსტრაქტი

სიახლე არ არის სამართლებრივი ჰერმენევტიკისათვის დამახასიათებელი ის ჭეშმარიტება, რომ სამართლის ნორმის ინტერპრეტაციისას ყოველთვის მხოლოდ გრამატიკულ და სიტყვა-სიტყვით განმარტებას არ უნდა ვენდოთ და განმარტების სხვა ხერხებსა და მეთოდებსაც უნდა მივმართოთ, რადგან ნორმა ზოგჯერ შეიძლება მარტივი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში მისი გაგება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებდეს. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე საქართველოში რეფერენდუმის ჩატარების საკითხთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმის დემოკრატიულობაზე არავინ დავობს, საკითხი მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმის ჩატარების დასაშვებობას ეხება, რასაც სიმწვავეს „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ერთი ნორმა სძენს, რომლის სიტყვასიტყვით განმარტებას მივყავართ ერთადერთ დასკვნამდე, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე საქართველოში რეფერენდუმის ჩატარება დაუშვებელია. წინამდებარე სტატია არის მცდელობა იმისა, რომ მოცემულ საკითხს პასუხი გაეცეს არა მხოლოდ ერთი, არამედ კომპლექსური მიდგომით, სამართლებრივი ჰერმენევტიკის ძირითადი ხერხების გამოყენებით.

ნაშრომი: რეფერენდუმის ჩატარების დასაშვებობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში

გვერდები: 137-157


ავტორი: თეა კაველიძე

აბსტრაქტი

საქართველოს საკონსტიტუციო სამართლებრივ სივრცეში, მეტად პრობლემური საკითხია საგარეო ურთიერთობათა სფეროში ქვეყნის წარმომადგენლობის უფლების მქონე სუბიექტთა თანაარსებობა. საქართველოში 2004, 2009-2010 და 2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმების კვალდაკვალ იცვლებოდა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმები, რაც, თავის მხრივ, განაპირობებდა საგარეო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებათა ცვალებადობას. 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, შეიცვალა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმა. მმართველობის მოდელის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნების ცვლილებამ განაპირობა

საგარეო ურთიერთობათა სფეროში კომპეტენციათა გადაკვეთის და უფლებამოსილებათა კოლიზიის რისკი არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა მინისტრებს შორის, არამედ თავად აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამასთან, 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, კვლავ განხორციელდა კონსტიტუციის გადასინჯვა, რამაც განსხვავებულად ჩამოაყალიბა, როგორც მმართველობის მოდელი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობათა სფეროში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაშრომში განხილული იქნება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსი საგარეო ურთიერთობათა სფეროში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმებისა და კონსტიტუციის არსებული რედაქციის შესაბამისად. წინამდებარე ნაშრომში, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში არსებული მმართველობის მოდელის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთგადამკვეთი უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობასთან საგარეო ურთიერთობათა სფეროში და საქართველოს მსგავსი მმართველობის მოდელის მქონე ქვეყნების კონსტიტუციური გამოცდილება პრეზიდენტის საგარეო უფლებამოსილებების ჭრილში.

ნაშრომი: საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსი საგარეო ურთიერთობების სფეროში

გვერდები: 159-192