საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 1 (2024)
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 1 (2024)
გამოცემის თარიღი: 2024 წლის 30 სექტემბერი
მერაბ ტურავა: წინასიტყვაობა
ავტორი: ანა ფირცხალაშვილი
აბსტრაქტი
მიგრაციული მოძრაობის ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა, ერთი მხრივ, მიგრანტების უფლებათა დაცვა და სახელმწიფოთა მხრიდან მიგრაციის პროცესების რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი უსაფრთხოების საკითხები და, ამასთანავე, შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონფლიქტებიც. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მსოფლიოში დაახლოებით 102 მილიონამდე მიგრანტია, მათ შორის ლტოლვილი, დევნილი, თავშესაფრის მაძიებელი და იძულებით გადაადგილებული პირი, საკითხის აქტუალობის მიზეზი გასაგები გახდება. ბოლო ათწლეულში გაზრდილი გლობალური მიგრაციის შედეგად უცხოელები მასპინძელ ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სხვა თვალსაზრისით განსაკუთრებით დაუცველები ხდებიან.
მართალია, ამ მიმართულებით მოიპოვება ცალკეული სამეცნიერო ნაშრომები და ევროპის მასშტაბით მიმდინარეობს ცხარე აკადემიური დისკუსიები, თუმცა შემოთავაზებული სტატია წამოადგენს საკითხის განხილვის ახალ პერსპექტივას, ე.წ. მესამე ქვეყნების პერსპექტივიდან. ამ უკანასკნელში იგულისხმება სახელმწიფოები, რომლებშიც თავშესაფრის მოთხოვნის (ე.წ. დანიშნულების) ქვეყნიდან სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების თანახმად აძლევენ პირებს დროებით მათ ტერიტორიაზე დარჩენის უფლებას მანამ, სანამ დანიშნულების ქვეყანაში განიხილება პირისათვის თავშესაფრის მიცემის უფლება.
სწორედ ამ და ასევე სხვა აქცენტებით სტატია წარმოადგენს მცდელობას იმისა, რომ პასუხი გაეცეს მიგრაციის გამოწვევას.
გვერდები: 11-33
-----------------------------
ავტორი: ლავრენტი მაღლაკელიძე
აბსტრაქტი
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამომწურავად განსაზღვრავს იმ სამართლებრივ საფუძვლებს, თუ რა დროს შეუძლია სასამართლოს პირის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, დაუნიშნოს სასჯელი და შემდგომ მისი მოხდისაგან გაათავისუფლოს. სახელდობრ, საერთო სასამართლოების სისტემაში გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით გამოდის, მაგალითად, თუკი გასულია დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, ან თუ პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი ან განახორციელა ქმედითი მონანიება.
კანონმდებლის ეს პოზიცია არაერთ კითხვას აჩენს პრაქტიკული თუ დოგმატური თვალსაზრისით. აღნიშნულ სტატიაში სამართლებრივად გაანალიზებულია, რამდენად შესაძლებელია სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს იმ პირის მიმართ, ვინც, მაგალითად, დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელი აიღო, ან თუნდაც ქმედითად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ან თუკი სისხლის სამართლის საქმეზე გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.
გამომდინარე აქედან, წინამდებარე სტატიაში განხილულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აღნიშნულ დანაწესს განსაზღვრავს. დასახელებული პრობლემა განხილულია როგორც პროცესუალურ-სამართელებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით. გარდა ამისა, კანონის ამ ნორმის სამართლებრივი ანალიზი ნაშრომში წარმოდგენილია როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე.
გვერდები: 35-60
-----------------
ავტორი: ჯამლათ გვიდიანი
აბსტრაქტი
დემოკრატიულ საზოგადოებაში ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გამართლებული შეიძლება იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, რასაც უნდა ახლდეს ადეკვატური პროცედურული გარანტიები და დაცული უნდა იქნეს მთელი რიგი წინაპირობები.
ნაშრომი მიმოიხილავს გამოხატვის თავისუფლების საკვანძო და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შესაბამის ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს მისი შინაარსის, გამოხატვის ფორმის, მიზნის, საქმის წინაპირობებისა და ერთიანი კონტექსტის გათვალისწინებით. ყურადღება გამახვილებულია ქართულ სამართალში არსებულ გამოწვევებზე, უმთავრესად კი ადვოკატის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფუძვლად გამოყენებული კანონის ხარისხობრივი მოთხოვნების, სამოსამართლო სამართლისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების ნაკლოვანებაზე.
დასკვნაში მოცემულია საქართველოში ეფექტური საადვოკატო საქმიანობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებები მართლმსაჯულების განხორციელებაში ადვოკატის როლის დაკნინებისა და საზოგადოებაში მისდამი ნდობის შემცირების მომეტებული რისკების ფონზე.
ნაშრომი: ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები
გვერდები: 61-77
------------------
ავტორი: მარინა მესხი
აბსტრაქტი
ადამიანით ვაჭრობა, როგორც მონობის თანამედროვე ფორმა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, კვლავაც რჩება ყველაზე შემოსავლიან დანაშაულთა რიცხვში, იარაღით და ნარკოტიკით ვაჭრობის შემდეგ. ეროვნული კანონმდებლობებით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კრიმინალიზაცია, კანონმდებლობის დახვეწა და სანქციების დამძიმება, საერთაშორისო ინსტრუმენტებით ჩამოყალიბებული დეფინიციის შესაბამისად, უფრო და უფრო აქტუალურ ხასიათს იძენს. განსაკუთრებულ როლს ამ პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ასრულებს.
სტატიის მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილების განხილვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში - ევროპული კონვენცია) მე-4 მუხლის დარღვევასთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც, არავინ შეიძლება იყოს მონობასა და ყმობაში, არავის შეიძლება დაეკისროს იძულებითი და სავალდებულო შრომა.
აღნიშნული მუხლის დარღვევა სტატიაში განხილული იქნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შემთხვევაში ექსპლუატაციის შემდეგი ფორმების გამოყენებისას: შრომითი და სექსუალური ექსპლუატაცია, მონობა, სერვიტუტი, არასრულწლოვნით ვაჭრობა.
გვერდები: 79-92
----------------
ავტორი: მაია ახვლედიანი
აბსტრაქტი
ქართული სისხლის სამართლის პროცესის არსებობა რამდენიმე წელს ითვლის. თავდაპირველად, 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეეცადა სისხლის სამართლის პროცესის მოწესრიგებას, თუმცა, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მიღებული იქნა დღეს მოქმედი, 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მაშინ არსებული სისხლისსამართლებრივი პრობლემების გადასაჭრელად. ვინაიდან სისხლის სამართლის პროცესი არ არის სტატიკური, დროთა განმავლობაში, ახალი გამოწვევების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით ხდება მისი ფორმირება. საინტერესოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებით, ხომ არ შეიზღუდა ბრალდებულის საერთაშორისოდ აღიარებული - თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება და ბრალდებული ხომ არ გაიგივდა სტანდარტულ მოწმესთან? სტატია სწორედ ბრალდებულისა და მოწმის საპროცესო სტატუსის საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს, მათ მიერ მიცემული ჩვენებების თავისებურებას შეეხება.
ნაშრომი: მოწმისა და ბრალდებულის ჩვენებების შეპირისპირება სამართლებრივ დისკურსში
გვერდები: 93-106
------------------
ნაშრომი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა
გვერდები: 107-115
--------------