საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 2 (2024)
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 2 (2024)
გამოცემის თარიღი: 2024 წლის 31 დეკემბერი
მერაბ ტურავა: წინასიტყვაობა
ავტორი: ევა გოცირიძე
აბსტრაქტი
სტატია შეეხება ექსტრატერიტორიული იურისდიქციის კონცეპტს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 1-ლი მუხლის გაგებით და მის გამოყენებას სახელმწიფოთაშორისო საქმეში Georgia v. Russia (II) 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სტატიაში კრიტიკულადაა შეფასებული ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (2008 წლის 8-12 აგვისტოს) მომხდარი მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის, რის გამოც, ამ ნაწილში სახელმწიფოთაშორისო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. სატატიაში გამოთქმულია აზრი, რომ საერთაშორისო კონფლიქტებთან მიმართებაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენებადობის, სპონტანური ექსტრატერიტორიული აქტების იურისდიქციის ფარგლებიდან გამორიცხვის, მიზეზობრივი კავშირის არასაკმარისობისა და კონვენციის მე-15 მუხლიდან გადაუხვევლობის პრაქტიკის არგუმენტებად გამოყენებამ ვერ შეუქმნა გამართული და დამაჯერებელი იურიდიული საფუძველი მიღებულ გადაწყვეტილებას ომის აქტიურ ფაზასთან მიმართებაში. ავტორის აზრით, საქმის გარემოებები თავისუფლად იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლოს ეღიარებინა რუსეთის ფედერაციის ექსტრატერიტორიული იურისდიქცია როგორც სივრცული („არეალზე ეფექტური კონტროლი“) ისე, განსაკუთრებით, პერსონალური („სახელმწიფო აგენტის ძალაუფლება და კონტროლი ინდივიდზე“) მოდელის საფუძველზე. გარდა ამისა, მას შეეძლო გაეფართოვებინა ამ ორი კონცეპტის შინაარსობრივი ფარგლები ანდა დაეფუძნებინა ექსტრატერიტორიული იურისდიქციის ახალი, მესამე ფორმა. სტატიის მიხედვით, საომარი დაპირისპირების აქტიური ფაზის გამოთიშვა კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ფარგლებიდან, ფაქტობრივად, არაპირდაპირ ნებას რთავს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, საზღვრებს მიღმა მოიქცნენ ისე, როგორი მოქცევაც კონვენციით აკრძალული აქვთ საკუთარ ტერიტორიაზე.
ავტორის აზრით, ევროპული ზედამხედველობის მიღმა არ უნდა დარჩეს ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცულობა შეიარღებული კონფლიქტების დროს, როდესაც განსაკუთრებით გაზრდილია ექსტრატერიტორიული სამხედრო ქმედებებით ადამიანთა მოწყვლადობის რისკი და მათი მსხვერპლადქცევის ალბათობა.
ნაშრომი: ექსტრატერიტორიული იურისდიქციის კონცეპტი Georgia v. Russia (II) საქმის ჭრილში
გვერდები: 9-54
-----------------------------
ავტორი: კონსტანტინე კორკელია
აბსტრაქტი
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება ვრცელდება ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ საწარმოო საქმიანობაზე. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საწარმოო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომლის მიზანია ასეთი საფრთხის თავიდან აცილება ან მინიმუმამდე შემცირება, მას, ასევე, ეკისრება ვალდებულება, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საწარმოო საქმიანობის სფეროში.
ნაშრომის მიზანია, გაანალიზდეს ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საწარმოო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან. ამ მიზნის მისაღწევად, სტატიაში, უპირველეს ყოვლისა, მიმოხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საწარმოო საქმიანობის შესახებ და განსაზღვრული ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შინაარსი. მოგვიანებით, განხილულია საქართველოში სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საწარმოო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა და ისინი გაანალიზებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
ამ ანალიზის საფუძველზე სტატიაში გაკეთდა რამდენიმე დასკვნა. კერძოდ, საქართველოში სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საწარმოო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზმა ცხადყო, რომ ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო (ნორმატიული) ბაზა, მთლიანობაში, დამაკმაყოფილებლად აწესრიგებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს, რომლებიც მოითხოვს, რომ სახელმწიფომ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზმა გამოავლინა ქვეყანაში დამატებითი ტექნიკური სტანდარტების დაწესების საჭიროება. რაც შეეხება საქართველოში სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საწარმოო საქმიანობის განხორციელების პრაქტიკას, გამოვლინდა საწარმოო უბედური შემთხვევების შემაშფოთებელი მდგომარეობა ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მშენებლობის სფეროში მოხდა. საქართველოში სამუშაო ადგილზე გარდაცვალებათა რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის გამო, საჭიროა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა, რისთვისაც აუცილებელია ამ სამსახურის ხელთ არსებული რესურსების გაზრდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ გატარდეს ეფექტიანი ღონისძიებები როგორც საწარმოო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების, ისე მისი ზედმიწევნით შესრულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, შრომის ინსპექციის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის გზით.
გვერდები: 55-71
-----------------
ავტორი: ნიკო თათულაშვილი, მარიამ ხარებაშვილი
აბსტრაქტი
2017 წელს განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ მნიშვნელოვნად შეცვალა ფორმალური მიდგომა და კონსტიტუციის დონეზე დაამკვიდრა მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებითი თანასწორობის იდეა. თანასწორობის უფლების კონსტიტუციური პრინციპი, მათ შორის, მოიაზრებს უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ზომების მიღებას, ხოლო ქალების ეკონომიკური გაძლიერება, როგორც გადამწყვეტი გლობალური საზრუნავი, გამომდინარეობს თანასწორობის ხელშეწყობის პოტენციალიდან.
წინამდებარე ნარკვევში ცენტრალური ადგილი ეთმობა თანასწორობის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ ინსტრუმენტებში და განიხილავს, თუ როგორ ემსახურება თანასწორობის უფლება დისკრიმინაციული პრაქტიკის ქვაკუთხედის აღმოფხვრასა და ქალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ეკონომიკურ რესურსებზე, შესაძლებლობებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე. ხაზს უსვამს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და ადამიანის უფლებათა ფართო პრინციპებს შორის ურთიერთკავშირს, ჰოლისტიკური და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის მიღების აუცილებლობას.
სტატიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, თუ როგორ აწესრიგებს არსებული ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო სისტემურ ბარიერებს და როგორ უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლება ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის, უფლებებზე დაფუძნებული პერსპექტივის ინტეგრირებას.
თანასწორობის უფლების აღიარებითა და დაცვით, პარლამენტსა და მთავრობას შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და ქალების სრული პოტენციალის რეალიზებაში.
ნაშრომი: ქალების ეკონომიკური გაძლიერება, როგორც არსებითი თანასწორობის მნიშვნელოვანი კომპონენტი
გვერდები: 73-93
------------------
ავტორი: ლევან ძნელაძე
აბსტრაქტი
თავისუფლების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, რომელიც დაცულია მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებით. სისხლის სამართლის პროცესის დროს ძირითად უფლებებში და თავისუფლებებში ჩარევა გამართლებულია მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში. დაპატიმრება არის აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე, რომელიც გულისხმობს პიროვნების მიმართ შეფარდებულ უკიდურეს ღონისძიებას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მისი უმნიშვნელოვანესი ღირებულების - თავისუფლების აღკვეთასთან. განგრძობადი პატიმრობა და მისი მტკიცების ტვირთის პრობლემა დღემდე რჩება ერთ-ერთ გადაულახავ დაბრკოლებად ქართული მართლმსაჯულებისთვის. კვლევის მიზანია განგრძობადი პატიმრობისას მტკიცების ტვირთის პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა განსაზღვრა.
ნაშრომი: მტკიცების ტვირთის პრობლემა განგრძობადი პატიმრობისას
გვერდები: 95-122
----------------