სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის XIII კონგრესში

2021 წლის 24-25 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის XVIII კონგრესში. ღონისძიება დისტანციური ფორმატით გაიმართა, რომელსაც ორგანიზება ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ გაუწია.

24 თებერვალს XVIII კონგრესის ფარგლებში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა მიერ გადაწყდა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი, მათ შორის, განისაზღვრა, რომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის XIV კონგრესის თავმჯდომარე იქნება მოლდოვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლო.

25 თებერვალს გაიმართა კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც სპიკერებმა წარმოადგინეს მოხსენებები კონგრესის თემატურ საკითხზე. XVIII კონგრესის თემას წარმოადგენდა - „ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები: ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო, სუპრანაციონალურ და ეროვნულ კატალოგებს შორის 21-ე საუკუნეში“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებმა, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს თავმჯდომარეებმა.

აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეობდა, რომლის ფარგლებშიც XVII კონგრესის ღონისძიებები 2017 წელს ბათუმში გაიმართა.