სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად განსახილველად მიიღო №1400 და №1565,1568,1569 კონსტიტუციური სარჩელები

2021 წლის 5 აპრილს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა №1400, №1565,1568,1569 და №1581 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხზე და 2021 წლის 5 აპრილის №3/4/1400 და №3/5/1565,1568,1569 საოქმო ჩანაწერებით არსებითად განსახილველად მიიღო №1400 (,,ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) და №1565,1568,1569 (,,ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) კონსტიტუციური სარჩელები, ხოლო №3/1/1581 განჩინებით არსებითად განსახილველად არ მიიღო №1581 (,,შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) კონსტიტუციური სარჩელი.

№1400 კონსტიტუციურ სარჩელში (,,ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) დავის საგანს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით წარმოადგენს:

(ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;

(ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.

№1565,1568,1569 კონსტიტუციურ სარჩელებში (,,ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №153-IVმს-Xმპ, №119-IVმს-Xმპ და №150-IVმს-Xმპ დადგენილებების კონსტიტუციურობა, რომლის შედეგადაც საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელეებს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც ისინი ითხოვდნენ პირადი განცხადებით.

№1581 კონსტიტუციურ სარჩელში (,,შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის №125-IVმს-Xმპ დადგენილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელე შალვა ნათელაშვილს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც იგი ითხოვდა პირადი განცხადების საფუძველზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა №3/1/1581 განჩინებაში მიუთითა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ არასაპატიო მიზეზით დარღვეულია მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ამავე კანონით განსაზღვრულია კონსტიტუციურ დავებზე მიმართვის ვადები საკონსტიტუციო სასამართლოს რიგ კომპეტენციებთან მიმართებით. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ №1581 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი იყო კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და, შესაბამისად, არ მიიღო №1581 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად.