სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1320 კონსტიტუციური სარჩელი

 

2021 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1320 კონსტიტუციური სარჩელი („ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა რეგულირებას, რომელიც გამორიცხავდა პირის მიერ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი მისი არასრულწლოვანი შვილი დაბადებული იყო რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ან ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილი იყო ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს, რომელიც ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმებით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად მსგავსი საჭიროებები გააჩნიათ. შესაბამისად, ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა შესაბამისი სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან სრულად გამორიცხვით, სადავო რეგულირება ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა მიმართ. ამასთან, დიფერენცირებას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი.

მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო რეგულირების მიზანია ყველა იმ პირისათვის შესაბამისი სტატუსის განსაზღვრა, რომლებიც რეალურად მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს. თუმცა სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენებამ ცხადი გახადა, რომ მას გარკვეული პრობლემური შინაარსი გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული სტატუსის მიღების შესაძლებლობას ყველა იმ პირის მიერ, რომლებიც რეალურად ამ სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის მარტოხელა მშობლებად უნდა ითვლებოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა ცნო კონსტიტუციური სარჩელი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო რეგულირებით განსაზღვრული სავალდებულო წინაპირობები ადგენს პირთა შორის განსხვავებულ მოპყრობას. შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობის საკითხზე მსჯელობისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მარტოხელა მშობლის სტატუსის ბუნებასა და მიზანზე. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული სტატუსის პირველადი მიზანია იმ ნეგატიური ფაქტორების განეიტრალება, რაც უკავშირდება ბავშვის მხოლოდ ერთი მშობლის მიერ აღზრდას. ხსენებული ნეგატიური ფაქტორები კი, შესაძლოა, მატერიალურზე მეტად, პრობლემური იყოს ბავშვის სრულფასოვანი ფსიქოლოგიური განვითარების კუთხით.

სასამართლომ მიუთითა, რომ თუკი არასრულწლოვან პირს სახეზე ჰყავს ორივე მშობელი, მაგრამ მის აღზრდაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი მათგანი, ბავშვის სრულფასოვანი განვითარების კუთხით არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ. ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ბავშვი მხოლოდ ერთი მშობლისგან იღებდეს როგორც მატერიალურ, ისე აღმზრდელობით მზრუნველობას, მაგრამ გარკვეულ ადამიანურ ურთიერთობას ინარჩუნებდეს მეორე მშობელთან. ამასთან, თუკი ბავშვის ორივე მშობელი სახეზეა, მათ აკისრიათ შვილზე ზრუნვის მორალური და კანონისმიერი მოვალეობა და არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ გარკვეულ დონეზე ორივე მათგანი შეიტანს წვლილს მისი აღზრდის პროცესში.

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე და განმარტა, რომ ბავშვის ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მშობლისა და არასრულწლოვანი შვილის ურთიერთობაში ისეთი ფორმით ჩარევამ, როგორიც არის ბავშვის ერთ-ერთი მშობლის მარტოხელა მშობლად აღიარება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამრიგად, სასამართლომ არსებითად თანასწორ პირებად არ მიიჩნია, ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთპიროვნულად იღებენ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, თუმცა ბავშვის მეორე მშობელი სახეზეა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. სასამართლოს პოზიციით, დასახელებულ კატეგორიებს მიკუთვნებული პირები არსებითად მსგავსი საჭიროებების წინაშე არიან ბავშვის აღზრდის კუთხით. ამასთან, სასამართლომ ვერ დაინახა საჯარო ინტერესი, რომელიც აღნიშნულ დიფერენცირებას გაამართლებდა. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2022 წლის პირველ ივლისამდე, რათა საფრთხე არ შექმნოდა იმ პირთა ინტერესებს, რომელთაც სადავო რეგულირების საფუძველზე შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მარტოხელა მშობლის სტატუსი.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.