სიახლეები
2025 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1597 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
2025 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1597 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
განსახილველ საქმეზე საკითხი ეხებოდა იმ ნორმატიული წესის კონსტიტუციურობას, რომლის მიხედვითაც, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული იმ საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების ვადა, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, აითვლება განჩინების აღსრულების მომენტიდან.
მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სადავო ნორმით დადგენილი წესი გამორიცხავდა პირის რეალურ შესაძლებლობას, დროულად გაცნობოდა დასაბუთებულ განჩინებას, მოემზადებინა არგუმენტირებული საჩივარი და წარმოეჩინა საგამოძიებო მოქმედების არაკანონიერება, რაც ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს აქტის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ეფექტიანი გასაჩივრების უფლებას.
მოპასუხე მხარის პოზიციით, ბრალდებულის სტატუსის არმქონე საგამოძიებო მოქმედების ადრესატს, კანონმდებლობის საფუძველზე, არ გააჩნია საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლება. პირთა ამ კატეგორიის ქონებრივი ინტერესები კი დაცულია სხვა სამართლებრივი მექანიზმებით, მათ შორის, უკანონო საპროცესო მოქმედებებისა თუ გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობით. გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ სადავო რეგულირების შემუშავება გამართლებული იყო სისხლის სამართლის პროცესის გადატვირთულობისაგან დაცვის, პროცესის ეფექტიანობის, ეკონომიურობისა და სასამართლოს დროითი რესურსების დაზოგვის მიზნით, ხოლო გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობა გამორიცხავდა არსებით დაბრკოლებას უფლების რეალიზებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კერძო საკუთრების, მფლობელობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის წერტილად მისი აღსრულების მომენტის განსაზღვრა, პრაქტიკაში, წარმოშობდა იმგვარ ვითარებას, როდესაც პირს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გასაჩივრებისათვის დადგენილ 48-საათიან ვადაში სრულად გაცნობოდა სასამართლოს განჩინებას და მოემზადებინა დასაბუთებული საჩივარი. აღნიშნული გამოწვეული იყო საპროცესო კანონმდებლობით განჩინების პროაქტიული ჩაბარების ვალდებულების არარსებობისა და, მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო მიერ ამავე განჩინების გადაცემის ვადის განუსაზღვრელობით, რის შედეგადაც, საპროცესო მოქმედების ადრესატს უწევდა დაუსაბუთებელი საჩივრის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში, რაც ქმნიდა პროცესუალურ ბარიერებს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით სარგებლობის პროცესში და ზღუდავდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საგამოძიებო მოქმედების ადრესატს არ აქვს წვდომა დასაბუთებულ განჩინებაზე, იგი იძულებული ხდება, მოამზადოს შინაარსობრივად გაუმართავი, დაუსაბუთებელი საჩივარი, ზოგად ინფორმაციაზე დაყრდნობით. შედეგად, სააპელაციო სასამართლოს ეზღუდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების, მათი გაზიარების ან უარყოფის მოტივების განმარტების და, საბოლოოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა. ამავე დროს, საჩივრის დასაბუთებულობის ხარისხის მიუხედავად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ თავისუფლდებოდა ვალდებულებისაგან, განეხილა პირის საჩივარი და მიეღო გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით. პირიქით, იგი იძულებული ხდებოდა, დალოდებოდა დასაბუთებული განჩინების მიღებასა და საჩივრის ავტორის პოზიციის წარმოდგენას განჩინების კანონიერების თაობაზე. შესაბამისად, არ მცირდებოდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ განსახილველ და გადასაწყვეტ საკითხთა არც რაოდენობას და არც მოცულობა.
შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო რეგულირება არ წარმოადგენდა არც სასამართლოს გადატვირთულობისაგან დაცვის და არც სასამართლოს დროითი რესურსის დაზოგვის ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. იმავდროულად, მიუღწეველი რჩება პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნებიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლებოდა განჩინების აღსრულებიდან.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
