ზაზა თავაძე

ზაზა თავაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

დაიბადა 1975 წლის 09 თებერვალს ზესტაფონში.

1996 წელს ზაზა თავაძემ დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მოიპოვა იურისტის კვალიფიკაცია.

2001-2002 წლებში იგი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გერმანულენოვან მაგისტრატურაში.

2007 წელს დაამთავრა ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა.

2010 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი და მოიპოვა ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.

2017 წლიდან ზაზა თავაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტია საჯარო სამართალში.

1999 წელს ზაზა თავაძე მუშაობდა ზესტაფონის რაიონის საკრებულოს და გამგეობის აპარატის იურისტის, შემდგომში კი საორგანიზაციო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

1999-2000 წლებში იგი იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობის იმერეთის რეგიონალური სამსახურის მრჩეველის პოზიციას.

2000-2004 წლებში კი იყო თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში სამართლებრივ საკითხთა სექტორის წამყვანი სპეციალისტი.

2004 წელს ზაზა თავაძე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით კი იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი ამავე დეპარატამენტის უფროსი.

2008-2010 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

2010 წლის 30 მარტს ზაზა თავაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, სადაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2010 წლის 15 ივნისს, ფიცის დადების დღიდან.

2010-2016 წლებში მას ეკავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.

2016 წლის 20 ოქტომბერს კი არჩეულ იქნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

2016-2017 წლებში ზაზა თავაძე იყო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარე.

2017 წლიდან  არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2018 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი

2018 წლის იანვრიდან, ერთი წლის ვადით  ზაზა თავაძემ გადმოიბარა შავი ზღვის და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) თავმჯდომარეობა.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.