ავთანდილ დემეტრაშვილი

დაიბადა 1941 წლის 21 დეკემბერს თეთრიწყაროს რეგიონის სოფელ პატარა თონეთში.

1967 წელს დაამთავრა პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ასპირანტურა დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ასისტენტ-პროფესორი.

მუშაობდა მილიციის უმაღლეს სკოლაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, სახელმწიფო მეთაურის აპარატთან მომუშავე საკონსტიტუციო კანონპროექტების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მთავარი მრჩეველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სამართლის სისტემების დეპარტამენტის უფროსი.

1995 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

1996 წლის 24 ივლისს აირჩიეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

2001 წლის 24 ივლისს ამოეწურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი.