02 აპრილი, 2019

„გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1289)

2019 წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1289) არსებითი განხილვა.

სადავო ნორმის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს არასრულწლოვანის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ არის ბუნდოვანი და იძლევა სხვადასხვა, მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით განმარტების შესაძლებლობას. აღნიშნული კი ქმნის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხეს და არღვევს კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.