24 ოქტომბერი, 2018

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ვილნიუსში გაემგზავრნენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები მანანა კობახიძე და ევა გოცირიძე სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში გაემგზავრნენ, სადაც “ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) წევრი სასამართლოების თავმჯდომარეების მონაწილეობით ვილნიუსის ფორუმი იმართება.

ზაზა თავაძე მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ფორუმის მონაწილეებს და წარუდგენს ანგარიშს საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის საკითხზე. ვილნიუსის ფორუმს გახსნის ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ წელს ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 25 წელი უსრულდება, ხოლო 25 ოქტომბერს ლიეტუვას რესპუბლიკა კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს.

ფორუმის გარდა, 25 ოქტომბერს, ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმში გაიმართება კონფერენცია, სადაც ზაზა თავაძე სიტყვით გამოვა და ისაუბრებს თემაზე - კონსტიტუციური სარჩელის როლი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში.

ვიზიტის ბოლოს გაიმართება შეხვედრა ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) წევრებს შორის, სადაც ასოციაციის მიმდინარე საკითხებზე და გეგმებზე ისაუბრებენ.