ახალი ამბები

18 თებერვალი, 2018

2018 წლის 19 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ანა ჯიქურიძე, თამუნა თაქთაქიშვილი, ელენე მჭედლიშვილი და სხვების (სულ 17 მოსარჩელე) და საქართველოს მოქალაქე თორნიკე გუჯაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 19 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ანა ჯიქურიძე, თამუნა თაქთაქიშვილი, ელენე მჭედლიშვილი და სხვების (სულ 17 მოსარჩელე) და საქართველოს მოქალაქე თორნიკე გუჯაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (N1246 და №1269 კონსტიტუციური სარჩელები).
 
კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი ნორმები არეგულირებენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე სასამართლოს მიერ ყადაღის დადების წესს. მოსარჩელეთა განმარტებით, ხსენებული ნორმების საფუძველზე შესაძლებელია დაყადაღდეს იმ პირთა ქონება რომლებსაც კავშირი არ აქვთ დანაშულთან, ქონების შეძენისას არ იყვნენ ინფორმირებული მისი დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ და შესაბამისად, წარმოადგენენ დაყადაღებული ქონების კეთილსინდისიერ შემძენებს.
 
მოსარჩელეთა განმარტებით, ყადაღის დადება და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების კეთილსინდისიერი შემძენის ქონებაზე გავრცელება საკუთრების უფლების დარღვევას იწვევს.
 
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
 
დავის საგანი: №1246 კონსტიტუციურ სარჩელზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; №1269 კონსტიტუციურ სარჩელზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და მასთან დაკავშირებული პირის" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.