ახალი ამბები

20 თებერვალი, 2018

2018 წლის 21 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1264).

2018 წლის 21 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1264).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილებას, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს აუკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება, ხოლო გაფრთხილებული პირის მიერ ხსენებული მონაცემების გამჟღავნება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვისას გამომძიებლის/პროკურორის სახელმძღვანელო სტანდარტი, რაც მათ, ფაქტობრივად, განუსაზღვრელ დისკრეციას ანიჭებს. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება აეკრძალოთ, რაც მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას იწვევს.

გარდა ამისა, მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სასამართლო სხდომის დახურვის წესს. ასევე, ბრალდებულისათვის პაემანის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შეუძლებლობას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-3 პუნქტთან, მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-6 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; ე) პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.