ახალი ამბები

28 მარტი, 2019

„საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №926)

2019 წლის 29 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №926).

მოსარჩელე სადავოდ ხდის რეგულაციას, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო გავრცელებას ან რეკლამირებას, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობას ან/და შენახვას მისი გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, ნორმა ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს, რადგანაც საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პორნოგრაფიის ცნებას და არ შეიცავს რეგულაციებს, რომელთა შესაბამისადაც ამგვარი ნაწარმის კანონიერად გავრცელება, რეკლამირება ან/და სადავო ნორმით გათვალისწინებული სხვა ქმედების კანონიერად განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმას განუჭვრეტელი ხასიათის გამო გააჩნია მსუსხავი ეფექტი და პირმა შესაძლოა, თავი შეიკავოს იმგვარი ნაწარმის გავრცელებისგანაც კი, რომელიც არ მიეკუთვნება პორნოგრაფიას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ“, „გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.