ახალი ამბები

09 ნოემბერი, 2017

საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 10 ნოემბერს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადდება გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციურ სარჩელი №642).

სადავო ნორმების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება გააჩნიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომელთაც მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდათ უფლებამოსილების ვადის გასვლის, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო ან 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პირადი განცხადების საფუძველზე.

მოსარჩელეს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა 2010 წელს. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ექცევა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.

ამავე დროს, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი ითხოვს დიფერენცირების აღმოფხვრას მხოლოდ მისთვის კომპენსაციის უფლების მინიჭებით და არა ზემოთხსენებული პირებისათვის კომპენსაციის უფლების გაუქმების გზით.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 77-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.