ახალი ამბები

13 თებერვალი, 2018

საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ღვამბერია და ზურაბ ჩიტაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 14 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება №742, №1244 და №1245 კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ღვამბერია და ზურაბ ჩიტაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არსებითი განხილვის სხდომა.

კონსტიტუციურ სარჩელებში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები დევნილ პირს, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ანიჭებს უფლებას, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, მართლზომიერად იცხოვროს სხვის კერძო საკუთრებაში. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ დევნილის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე არ ხდება მის საკუთრებაში მცხოვრებ დევნილთა გასახლება. აღნიშნული იწვევს მესაკუთრის საცხოვრებლის განუსაზღვრელი ვადით დაკავებას, იმ პირთა მიერ, რომელთანაც მას არ გააჩნია სამართლებრივი ვალდებულებები. მოსარჩელეთა მტკიცებით, კანონი არ შეიცავს საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმებს და ვერ უზრუნველყოფს მათ მიერ საკუთრების შეუზღუდავად ფლობასა და სარგებლობას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3, მე-5 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.