ახალი ამბები

24 აგვისტო, 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ბორჯომში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს ეხმაურება.

"მინდა გამოვეხმაურო ბორჯომის ხეობაში განვითარებულ მოვლენას და მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს და ზოგადად სახანძრო სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტოს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სატყეო დეპარტამენტს, სამხედრო ძალებს და რა თქმა უნდა ადგილობრივ მოსახლეობას, ყველას, ვინც საოცარი სითამამე გამოიჩინა და არ დაიშურა ენერგია სტიქიასთან ბრძოლაში. მადლობა ჩვენს აზერბაიჯანელ, თურქ, ბელორუს და სომეხ მეგობრებს დროული და ასეთი მასშტაბური დახმარებისთვის. ახლა კი, მინდა მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის უზენაესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე. 22 წლის წინ მიღებული ქვეყნის უმთავრესი კანონი, როგორც ცნობილია, ეყრდნობა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას, რომლის ტექსტიც უკვე მაშინ აღიარებდა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელშიც გონივრულად იყო შეჯერებული მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება და საერთო ეროვნული საწყისები. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია არის ის საერთო, გამაერთიანებელი დოკუმენტი, რომელიც თანაბრად იცავს განსხვავებული მსოფლმხედველობისა და აღმსარებლობის მქონე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე თითოეული ადამიანის უფლებებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ექცევიან მის იურისდიქციაში. დიდი პატივია ჩემთვის, მოგმართოთ დღეს, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, იმ სასამართლოსი, რომლის თითოეული წევრის უპირველესი მოვალეობაა, იყოს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის მიუკერძოებული, დამოუკიდებელი და ღირსეული დამცველი. მოგეხსენებათ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციას თავმჯდომარეობდა. ეს ჩვენი სასამართლოსთვის იყო დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ჩვენი ევროპელი კოლეგების შეფასებებზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ღირსეულად გავართვით თავი ამ უაღრესად პრესტიჟული, ევროპული მასშტაბის გაერთიანების თავმჯდომარეობას, რითაც კიდევ უფრო გავაღრმავეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობისადმი ჩვენი ევროპელი კოლეგების ნდობა. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარება კი, ჩვენი ღრმა რწმენით, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების განმტკიცებას, საქართველოში დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო სისტემის განვითარებას. დაბოლოს, მინდა მივმართო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ზოგადად მომავალ თაობას, ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის უზენაესი დოკუმენტის, საქართველოს კონსტიტუციის კითხვა, რადგან თქვენს უფლებებს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს და იცავს! კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვისურვებდი, სულ მალე მიგვეღწიოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისათვის და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის გამოყენება შესაძლებელი ყოფილიყოს ამავე კონსტიტუციით განსაზღვრულ ერთიანი საქართველოს ტერიტორიაზე"-საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.