ახალი ამბები

10 აგვისტო, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება

ქ-ნი ეკა ბესელიას, ბ-ნი გედევან ფოფხაძის და სხვა პოლიტიკოსების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანია, ხოლო ცალკეულ მოსამართლეებზე პოლიტიკური თავდასხმების, მათი დევნის რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველი და უცხოელი დამკვირვებლების მიერ შეფასებული იქნა პროგრესულ გადაწყვეტილებებად და ჩვენ სახელმწიფოში დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ინდიკატორად. განცხადებებში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, განპირობებულია კანონისა და სასამართლო პრაქტიკის ცოდნის ნაკლებობით, მიზნად ისახავს მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების და საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობას.

ასევე საგანგაშოა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელების განზრახვის შესახებ. ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ აღკვეთოს ასეთი დანაშაულებრივი განზრახვა, თუ ის რეალურია, არამედ მიმართოს სათანადო ძალისხმევას საკონსტიტუციო სასამართლოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის აუცილებელი გარემოს შესაქმნელად.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი და რამდენიმე ჩემი კოლეგის მხრიდან გაკეთდა საკმარისად ცხადი განცხადებები სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. თითოეულმა ჩვენგანმა გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო შეფასებები მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ.

რაც შეეხება ე.წ კაბელების საქმის რეგისტრაციის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების თუ საქმეთა განხილვის თანმიმდევრობის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს და ამ საკითხებში პოლიტიკოსების ჩარევის მცდელობა დაუშვებელია და ძალზე სახიფათო.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასევე გაკეთდა არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ერთი ნაწილი გეგმავდა ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალებას“ და ამ მიზნით განზრახული ჰქონდა არჩევნების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რაც არჩევნების ჩაშლას გამოიწვევდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილე არც ერთ მოსამართლეს არ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობა იყო არაკონსტიტუციური. შესაბამისად, თეორიულადაც კი, არ არსებობდა საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილებას გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება.

ამდენად, დღეს გავრცელებული განცხადებები არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.