ახალი ამბები

22 თებერვალი, 2018

„საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2018 წლის 22 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1212).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს საოჯახო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე დროებით მოაწესრიგოს გარკვეული საკითხები (მათ შორის, შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები, ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან და ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის).

მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანი შინაარსისაა. მათ საფუძველზე, სასამართლოს ეძლევა მშობლისთვის შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის აკრძალვის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დროებითი განკარგულების საფუძველზე მშობელს აუკრძალოს შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა.