ახალი ამბები

19 თებერვალი, 2018

სომხეთის მოქალაქეები – გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

2018 წლის 19 თებერვალს,  17:00 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სომხეთის მოქალაქეები – გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელები: №810, №927).

სადავო ნორმების თანახმად, იმისთვის, რათა ფიზიკურმა პირმა მოიპოვოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ისარგებლოს სხვადასხვა სახის სოციალური და საგადასახადო შეღავათებით აუცილებელია იგი იყოს საქართველოს მოქალაქე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით და, შესაბამისად, ზემოხსენებული შეღავათებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) №810 კონსტიტუციურ სარჩელზე: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით; ბ) №927 კონსტიტუციურ სარჩელზე: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ" ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.