ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/1807 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ივნისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 ივნისი 2025 12:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1807) მომართა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ბარიშ ინანმა. №1807 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 15 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 4 ივნისს.
2. №1807 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელი ქონების ცნებას. კერძოდ, „ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის თავისუფლებას, ხოლო 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.“
5. №1807 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ბარიშ ინანს, 2022 წლის პირველი დეკემბრის დადგენილებით, ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების შესახებ დადგენილებიდან იკვეთება, რომ მოსარჩელეს საქართველოს პროკურატურა ედავება დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემას, რითაც შესაძლებელი გახდა არალეგალურად მიღებული შემოსავლის კანონიერად გამოყენება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის №1/195-23 განაჩენით, მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ტრანსნაციონალური ბუნების ორგანიზებული დანაშაულია და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად, განიმარტება, როგორც დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონებისათვის ლეგალური სახის მიცემა. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს წინასწარი, პრედიკატი დანაშაულის არსებობას, რომლის შედეგადაც ხდება არალეგალური ქონების მოპოვება და შემდგომი ლეგალიზაცია.
7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საერთო სასამართლოთა წინააღმდეგობრივ პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ პირს, სადავო რეგულაციის ფარგლებში, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მაშინაც, როდესაც არ დასტურდება სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა, კერძოდ კი, პირის მიერ პრედიკატი დანაშაულის ჩადენა. ნორმის ამგვარი განმარტება, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მაგალითზეც დასტურდება –ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ იკვეთება ის პრედიკატი დანაშაული, რომლის შედეგადაც, მოსარჩელემ, სავარაუდოდ, დაუსაბუთებელი ქონება მიიღო. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიღებული განაჩენით, მოსარჩელე მიიჩნია დამნაშავედ სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, პრედიკატ დანაშაულზე მითითების გარეშე.
8. ამდენად, მოსარჩელეს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, პრედიკატი დანაშაულის არარსებობის შემთხვევაში. მისი განმარტებით, გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადამიანის თავისუფლების დაცულობის უფლება, ვინაიდან იგი უშვებს პირის თავისუფლების აღკვეთას იმ ქმედებისთვის, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მიზნებისთვის (ვერ აკმაყოფილებს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის კრიტერიუმებს).
9. მოსარჩელე მხარე ამავდროულად მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმიდან ცხადად გამომდინარეობს, რომ ის ითვალისწინებს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადატანას. კერძოდ, ბრალდებულია ვალდებული, ამტკიცოს, რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება კანონიერი საშუალებებით არის მოპოვებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მიიჩნევა დაუსაბუთებელ ქონებად, რაც გამოიწვევს პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში, სიტყვები „დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა“, ასევე მიუთითებს იმაზე, რომ კრიმინალიზებულია ქმედება, რომელიც გულისხმობს ბრალდებულის მიერ ისეთი ქონების ფლობას, რომლის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მას არ გააჩნია. ამდენად, მოსარჩელეს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც დაუსაბუთებელი ქონების არსებობის/არარსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დაცვის მხარეს.
10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, პრედიკატული დანაშაულის არარსებობის შემთხვევაში.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „პასუხისმგებლობის დამდგენმა ნორმამ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ამა თუ იმ ქმედების არასწორად კრიმინალიზების, აგრეთვე არასათანადო (აშკარად არაპროპორციული) სასჯელის განსაზღვრის გამო. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანმიმდევრული პრაქტიკით, ისიც ნათლად არის დადგენილი, რომ, როგორც წესი, სისხლის სამართლის კანონით ამა თუ იმ ქმედების განხორციელების, კონკრეტული ქცევის აკრძალვა (დისპოზიცია) და სანქცია განსხვავებულ კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). შესაბამისად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ სწორად წარმოაჩინოს კონკრეტული ქცევის აკრძალვითა და სანქციით გამოწვეული შეზღუდვის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებთან.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია, ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული და რომლის რეალიზებასაც მოჰყვება პასუხისმგებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანას მოხმარების სისხლის სამართლის დანაშაულად/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადება, ვინაიდან მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა დაცულია საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით (საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი), ხოლო მისი მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება ამ უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შეკრების უფლებასთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც აწესებდა პასუხისმგებლობას სასამართლო შენობიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისათვის (მანიფესტაციისათვის) (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები − ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, პასუხისმგებლობის დამდგენი სადავო ნორმის დისპოზიციის საფუძველზე, ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის დადგენისათვის, უნდა წარმოჩნდეს, რომ სადავო ნორმა კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის ცალკეული უფლებით დაცული რომელიმე ქმედების განხორციელების შესაძლებლობას.
5. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაცია განსაზღვრავს როგორც ცალკეული დანაშაულის შემადგენლობას, აგრეთვე ამავე დანაშაულისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ, სისხლის სამართლის წესით, დასჯადად არის გამოცხადებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება). აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის დისპოზიციით აკრძალული ქმედება ეკონომიკური, ქონებრივი ხასიათისაა. სადავო ნორმა არ აწესებს სასჯელს ისეთი ქმედების განხორციელებისათვის, რომელიც, პოტენციურად, შესაძლოა, კავშირში იყოს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლების რეალიზებასთან. შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო ნორმის დისპოზიცია არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
6. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტი გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც წესი, სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი განსაზღვრავს, საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის, სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების სასჯელად გამოყენებას არ გააჩნია თავისთავადი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ბუნებრივია, თავისუფლების შეზღუდვისა და თავისუფლების აღკვეთის სასჯელები, გვერდითი ეფექტის სახით, შესაძლოა, ზემოქმედებას ახდენდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული უფლებით სარგებლობაზე, რამდენადაც თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შეფარდება გულისხმობს ადამიანისათვის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებას გარკვეული ვადით და შესაბამისი შეზღუდვების დადგენას, რაც გამომდინარეობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის თავისებურებიდან. მაგალითისთვის, პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებულ პირს ეზღუდება გადაადგილება, კონტაქტი გარესამყაროსთან, მათ შორის, ოჯახის წევრებთან, წვდომა გარკვეული ტიპის, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ საგნებზე და ა. შ., თუმცა, აღნიშნული a priori არ ხდის სადავო ღონისძიებას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან შეფასებადს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვას და იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
9. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით. მხარის განმარტებით, არაკონსტიტუციურია სადავო დებულებების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბრალდებულს აკისრებს ქონების კანონიერი წარმომავლობის მტკიცების ტვირთს.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ადგენს საპროცესო გარანტიას, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი რეგულაცია, თავისი შინაარსით, წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის დამდგენ მატერიალურ ნორმას. იგი ადგენს დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას და, ამავდროულად, განმარტავს დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის ერთ-ერთ კომპონენტს - დაუსაბუთებელი ქონების ცნებას. სადავო რეგულაციის საფუძველზე, დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის კრიმინალიზაცია, თავისი არსით, მატერიალური რეგულირებაა და არა საპროცესო წესი. ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან ნათლად იკვეთება, რომ მისთვის პრობლემურია ისეთი ქმედების კრიმინალიზება, რომელიც გულისხმობს ბრალდებულის მიერ იმგვარი ქონების ფლობას, რომლის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მას არ გააჩნია. უფრო მეტიც, სარჩელში წარმოდგენილი დასაბუთება მთლიანად შეეხება იმის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის საფუძველზე, ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელი უნდა იყოს პრედიკატი დანაშაულის არსებობა, სასამართლო კი პირს პასუხისმგებლობას მაშინაც აკისრებს, როდესაც არ დასტურდება პრედიკატი დანაშაულის არსებობა. მაშასადამე, მოსარჩელის არგუმენტაციიდან ცხადი ხდება, რომ პირის მიერ ქონების კანონიერი წარმომავლობის ფაქტის დადასტურება საერთოდ არ უნდა იყოს აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება და იგი სადავო ნორმის საფუძველზე, არ უნდა ისჯებოდეს იმის გამო, რომ ვერ წარმოადგინა ქონების კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელის პოზიციით, ხსენებული სადავო ნორმის საფუძველზე, პირის დასჯა და შემოსავლის დაუსაბუთებელ ქონებად კვალიფიცირება კონსტიტუციური იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული ქონება უკანონოდ, დანაშაულის შედეგად არის მოპოვებული და არა მაშინ, როდესაც პირმა მის საკუთრებაში არსებული ქონების წარმომავლობა ვერ დაადასტურა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მიემართება დანაშაულის დამდგენი მატერიალური ნორმის დისპოზიციას - დანაშაულის შემადგენლობას და მის ცალკეულ ელემენტს. ამგვარ არგუმენტაციას შეიძლება მიმართება ჰქონდეს კონსტიტუციის იმ დებულებასთან, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული და რომლის რეალიზებასაც მოჰყვება პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმას საერთოდ არ აქვს შემხებლობა, სისხლის სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთვის განაწილების საკითხთან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დასაბუთებული არ არის შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1807 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1807 კონსტიტუციური სარჩელი („ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე