• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • შპს "ილიონი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 7.08.2025
      • N1884
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის №3/12/1884 განჩინება საქმეზე „„შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

„შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/12/1884
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია,
თარიღი 8 ოქტომბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 15 ოქტომბერი 2025 18:09

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: „შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1884) მომართა „შპს ილიონმა“. №1884 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2025 წლის 8 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 8 ოქტომბერს.

2. №1884 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესს. კერძოდ, „სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.“

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღიარებულია ყოველი ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტით კი განსაზღვრულია, მათ შორის, ინფორმაციაზე თავისუფლად წვდომის უფლების შეზღუდვის საფუძვლები და წესი.

5. №1884 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე, მედია საშუალებები სრულად არიან მოკლებული შესაძლებლობას, გააშუქონ სასამართლო სხდომები მაშინ, როდესაც სადავო ნორმის წინარე რედაქცია, მართალია, სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, თუმცა იძლეოდა სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმა, გამონაკლისის გარეშე, გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით, სასამართლო დაარწმუნოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობაში. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/11/1619 განჩინება საქმეზე „სალომე ზეინკლიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, ანა ნაკანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

3. №1884 კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთება შემოიფარგლება იმაზე მითითებით, რომ სადავო ნორმა, ლეგიტიმური მიზნის გარეშე, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს სადავო ნორმას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის საწინააღმდეგოდ. მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, სადავო ნორმის შედეგად, ძირითადი უფლების შეზღუდვასს/დარღვევას. მხარე ასევე არ წარმოაჩენს საკუთარ არგუმენტაციას, უფლებით დაცულ რა ასპექტს უზღუდავს სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების არსებული წესი. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, საფრთხე ექმნება მოსარჩელის სამაუწყებლო საქმიანობას ან/და, მისი მხრიდან, საქართველოს კონსტიტუციით დაცული ინფორმაციის გავრცელების უფლებით სარგებლობას.

4. შესაბამისად, №1884 კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არგუმენტაცია, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესის შესაძლო არაკონსტიტუციურობას წარმოაჩენდა.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1884 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1884 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ილიონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ