ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/10/1566 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, |
თარიღი | 8 ოქტომბერი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 ოქტომბერი 2025 17:46 |
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების „აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – ლევან ალაფიშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ნინო შარმანაშვილი, ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1566) მომართა ზაური შერმაზანაშვილმა. №1566 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 18 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/8/1566 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1566 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 21 დეკემბერს.
2. №1566 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმების ან ძალადაკარგულად ცნობის სამართლებრივ შედეგებს. მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პასუხისმგებლობის დამდგენ იმ ნორმატიულ აქტზე მსჯელობის შესაძლებლობას, რომელიც ძალაში იყო კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის, თუმცა ძალა დაკარგა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე მაშინ, როდესაც ამგვარი აქტი წარმოადგენს გამოსაყენებელ აქტს საერთო სასამართლოებში.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
5. №1566 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს 2020 წლის 2 აპრილს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელემ მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი გაასაჩივრა და საქმის განხილვა მიმდინარეობს საერთო სასამართლოში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმატიული აქტები ძალადაკარგულია, საერთო სასამართლოს მოუწევს, იმსჯელოს ქმედების ჩადენის მომენტისათვის მოქმედი რეგულირების საფუძველზე. ამავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, მას მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის შემცველი ნორმატიული აქტები გასაჩივრებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია, მის კონსტიტუციურ სარჩელებზე საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტოს საქმე.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მართალია, საქართველოს პარლამენტმა მიიღო აქტი, რომლის საფუძველზეც ის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა და საერთო სასამართლოში საქმეზე სამართალწარმოება შეწყდა, თუმცა, მისი აღნიშვნით, ნორმატიული რეალობა არ შეცვლილა და ის მაინც მიიჩნევა კანონდამრღვევად, რის გამოც საქმის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს დადგენილება მას გასაჩივრებული აქვს სააპელაციო სასამართლოში. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, მან, შესაძლოა, მომავალში მომართოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსაზღვრული დროით მიღებული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმების თაობაზე, რის გამოც, მნიშვნელოვნად ესახება, ხსენებულ საქმეზე განმწესრიგებელ ეტაპზე ნორმის ძალადაკარგულად ცნობისას, სამართალწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სტანდარტების განსაზღვრა.
7. მოსარჩელე მხარის აზრით, პასუხისმგებლობის დამდგენი, ვადით განსაზღვრული ნორმატიული აქტი პირთა ფართო წრისთვის შესაძლოა, ძალადაკარგული იყოს ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა ინარჩუნებდეს სამართლებრივ ძალმოსილებას კონკრეტული პირის მიმართ, რომელსაც ამ აქტის საფუძველზე დაეკისრა პასუხისმგებლობა და მიმდინარეობს საქმის ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ, თუკი პირის მიმართ არსებობას განაგრძობს პასუხისმგებლობის დამდგენი, ძალადაკარგული ნორმატიული აქტი, მაშინ მას აქვს უფლება, მოითხოვოს ამ აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს არაკონსტიტუციური რეგულირების საფუძველზე.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუციური კონტროლის არსი არ უნდა ტოვებდეს სივრცეს, რომ ხელისუფლების რომელიმე ორგანოს ჰქონდეს საშუალება, ფორმალური მექანიზმების გამოყენებით, თავი აარიდოს მის მიერ გამოცემული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, კონკრეტულმა ორგანომ გამოსცეს წინასწარი ვადით განსაზღვრული ნორმატიული აქტი, შეზღუდოს უფლება, დაადგინოს პასუხისმგებლობა და საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელოს ამგვარ აქტებზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი, ვადის გასვლის გამო, ძალადაკარგულია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოში, განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, ნორმის ძალადაკარგულად ცნობისას, საქმის შეწყვეტას, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
10. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 7 სექტემბერს მიიღო „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს №923-VIმს-Xმპ კანონი, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე მხარე განთავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან და მის საქმეზე საერთო სასამართლოებში საქმე შეწყდა. მოპასუხე მხარის განმარტებით, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, პირს, ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლებისათვის, არ მოეთხოვება ორგანოსა და თანამდებობის პირისათვის მიმართვა. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე მხარე წარმოადგენს დავაზე არაუფლებამოსილ სუბიექტს და არ იკვეთება სარჩელზე საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესი.
11. რაც შეეხება, ზოგადად, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს, მოპასუხე მხარის განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ლეგიტიმური მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. კერძოდ, მოპასუხე მხარის აღნიშვნით, როგორც წესი, ძალადაკარგულ ნორმებს არ გააჩნია, სამომავლოდ, უფლების შეზღუდვის რესურსი, ამგვარ ნორმებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტა კი უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთვის პრევენციას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1566 კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების „აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა“ კონსტიტუციურობა. №1566 კონსტიტუციურ სარჩელში, ისევე, როგორც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარე აპელირებდა სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, რომლის შესაბამისადაც, საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა, საქმისწარმოება შეწყვიტოს იმგვარ პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებზე, რომლებიც ფორმალურად ძალადაკარგულად გამოცხადდა კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა მათ საფუძველზე დაკისრებული პასუხისმგებლობის თაობაზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული ან სასამართლო განხილვა და, შესაბამისად, აღნიშნული ნორმები კვლავ წარმოადგენს კონკრეტულ პირთა ჯგუფთან მიმართებით გამოსაყენებელ კანონს.
2. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მას 2020 წლის 2 აპრილს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის (2020 წლის 23 მაისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე. მოსარჩელემ მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი გაასაჩივრა საერთო სასამართლოში და, პარალელურად, მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, №1566 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის მომენტისათვის, საქმის განხილვა მიმდინარეობდა საერთო სასამართლოში. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმატიული აქტები ძალადაკარგულია, საერთო სასამართლოს მოუწევდა მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე მსჯელობა და საქმის გადაწყვეტა ქმედების ჩადენის მომენტისათვის მოქმედ რეგულირებაზე დაყრდნობით. ამავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, მას, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის შემცველი ნორმატიული აქტები გასაჩივრებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. სადავო ნორმის შესაბამისად კი, შესაძლებელია, ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებზე საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტოს საქმე, რაც, მისი პოზიციით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“. მოსარჩელე მხარის პრობლემა უკავშირდება კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, ამგვარ ნორმაზე საქმის წარმოების გაგრძელების შესაძლებლობის არარსებობის საკითხს.
4. აღსანიშნავია, რომ №1566 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, ზემოხსენებული ნორმების სისტემური განმარტების შედეგად, მიიჩნევდა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი გამორიცხავდა განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, საქმეზე წარმოების გაგრძელების ნებისმიერ შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, №1566 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალა საკუთარი პრაქტიკა და სხვადასხვა საქმეზე დაადგინა მნიშვნელოვანი სტანდარტები, განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, საქმის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.
5. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისამდე არსებული პრაქტიკით, საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, სადავო ნორმაში განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებას, თავად ცვლილების ბუნებისა და შინაარსისგან დამოუკიდებლად, ნორმის ძალადაკარგულად ცნობად განიხილავდა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ავტომატურად წყვეტდა საქმეს. კერძოდ, ასეთ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავდა, რომ „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს ხედვით, სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება საქმის განხილვის განმწესრიგებელ ეტაპზე, a priori გამორიცხავდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმისწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ., მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/7/1471 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლომიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/1/729 განჩინება საქმეზე „გრიგოლ სანდუხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/18/1348 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №1/9/1368 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის №3/1/654 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და სხვ.).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით (საქმე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“), შეიცვალა ზემოაღნიშნული სტანდარტი. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ შორის, მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვისა და უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №1/1/1312 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშვნით, ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლოში უფლების დაცვა ეფექტიანად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მაშინ, თუკი იგი პასუხობს სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს, იძლევა უფლების დაცვის, მისი დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლების აღდგენის რეალურ და არა ილუზორულ შესაძლებლობას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვის კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის/ნორმების გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ გამოიკვეთება მოსარჩელე მხარის ინტერესი საქმისწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და იგი მოითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის/ნორმების იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
7. მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკით, საქმის განმწესრიგებელ ეტაპზე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა ავტომატურად არ იწვევს საქმის შეწყვეტას, არამედ მოსარჩელის ინტერესის არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს და აფასებს ძალადაკარგული სადავო ნორმის/ნორმების იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის/ნორმების კონსტიტუციურობას (იხ., მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №2/6/1838 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/2/1587 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 31-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/17/1274 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ომარ ჯობენაძე?? საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის პირველი მარტის №2/1/1717 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და სხვ.).
8. რაც შეეხება კონკრეტულად მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ შემთხვევას, საქმის განმწესრიგებელ ეტაპზე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, უშუალოდ ძალადაკარგულ ნორმაზე მსჯელობის გაგრძელების საკითხთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინებაში, საქმეზე „ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, დაადგინა, ამგვარ ვითარებაში საქმისწარმოების გაგრძელების მნიშვნელოვანი სტანდარტი.
9. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პრაქტიკაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, არაერთ საქმეზე, საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო ნორმის გაუქმების/ძალადაკარგულად ცნობისას, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოება გაუგრძელებია გაუქმებულ ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმ საფუძვლით, რომ საქმის გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნდა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, ადამიანის უფლებათა დაცვის მოტივით, განსაზღვრულ გარემოებებში, აღნიშნულ შემთხვევებს გაუთანაბროს ისეთი შემთხვევები, რომლებიც შეეხება კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის შემდეგ, მაგრამ არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე ძალადაკარგულ ნორმებს, მაგალითად, მაშინ, როდესაც დროულად ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღება სარჩელის მისაღებობის საკითხზე და, ამავდროულად, დასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა და მასზე წარმოების გაგრძელების მიმართ მოსარჩელის რეალური დაინტერესება. აღნიშნულ შემთხვევებთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, თუკი სარჩელი საფუძვლიანია და ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება უაღრესად მნიშვნელოვანია უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ასეთი მოცემულობა შესაძლოა გაუთანაბრდეს კანონით გათვალისწინებულ, ზემოაღნიშნულ საგამონაკლისო წესს, როდესაც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ძალადაკარგულ ნორმაზე, სასამართლოს მხრიდან მსჯელობის გაგრძელებას განაპირობებს კონსტიტუციური უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინება საქმეზე „ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
10. მაშასადამე, ზემოაღნიშნულ საქმეზე დადგენილი სტანდარტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, საქმის განმწესრიგებელ ეტაპზე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, ძალადაკარგულ ნორმაზე საქმისწარმოებას, თუკი ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება უაღრესად მნიშვნელოვანია უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
11. საკონსტიტუციო სასამართლომ, დასახელებულ საქმეზე, ასევე შეაჯამა საკუთარი პრაქტიკა და განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს და აფასებს ძალადაკარგულ კანონს, როდესაც, მიუხედავად ფორმალურად ძალადაკარგულობისა, კვლავ გამოყენებადია გარკვეული კატეგორიის საქმეებზე. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მან იმსჯელა, კონსტიტუციური წარდგინების შემოტანამდე, ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“). მითითებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძალადაკარგული ნორმები. სადავო ნორმები, მიუხედავად მათი ფორმალურად ძალადაკარგულობისა, წარმოადგენდა გამოსაყენებელ კანონს მიმდინარე საქმეზე საერთო სასამართლოების ფარგლებში. შესაბამისად, იგი ინარჩუნებდა ძალმოსილებას მისი ადრესატების მიმართ და გააჩნდა აქტუალურ დროში ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის, in concreto სამართლებრივი შედეგის დაყენების რესურსი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინება საქმეზე „ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობას არ (აღარ) უდგება ფორმალურად და აფასებს, რა ეფექტი აქვს ფორმალურად ძალადაკარგულ ნორმას პირთა წრის უფლებრივი მდგომარეობის მიმართ რეალურ დროში, ხოლო, მეორე მხრივ კი, ადგენს სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, საქმის განხილვის განმწესრიგებელ ეტაპზე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა არ იწვევს საქმის ავტომატურ შეწყვეტას. უფრო მეტიც, ძალადაკარგულ ნორმაზე სამართალწარმოება გაგრძელდება, როდესაც ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება უაღრესად მნიშვნელოვანია უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
13. ამასთანავე, რაც შეეხება უშუალოდ მოსარჩელე მხარის მოთხოვნას, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ძალადაკარგულ ნორმაზე საქმისწარმოების გაგრძელების ზემოთ განხილულ შემთხვევაში, უდავოდ და უპირველესად, მოიაზრება ისეთი ვითარება, როდესაც სადავოა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა, რომელიც ფორმალურად, ძალას კარგავს საქმის განმწესრიგებელ ეტაპზე, თუმცა მოსარჩელე მხარის მიმართ სწორედ ამგვარი ნორმა წარმოადგენს გამოსაყენებელ კანონს და პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს საერთო სასამართლოში საქმის განხილვის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთ-ერთ საქმეზე, არ შეწყვიტა საქმე და შეაფასა იმ სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, რომელმაც ძალა დაკარგა კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა წარმოადგენდა პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმას და მის საფუძველზე იხილებოდა საერთო სასამართლოში მოსარჩელე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის №2/10/1732 განჩინება საქმეზე „რატი ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“). შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქმის განხილვა არ შეწყდება მარტოოდენ სადავო ნორმის ძალადაკარგულობის საფუძვლით. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულ არც ერთ კონსტიტუციურ სარჩელზე, საქმე არ შეწყვეტილა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
14. მაშასადამე, წინამდებარე საქმეზე, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, რაც გულისხმობს საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქმის შეწყვეტას მაშინ, როდესაც საქმე შეეხება პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმას, რომელიც გამოსაყენებელია საერთო სასამართლოებში საქმის განხილვისას და წარმოადგენს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, გადაჭრილია, რის გამოც, საქმის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე, აღარ არსებობს დავის საგანი.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1566 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1566 კონსტიტუციურ სარჩელზე („ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში