• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • მარიამი კაკიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.09.2025
      • N1891
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის №2/18/1891 განჩინება საქმეზე „მარიამ კაკიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

მარიამ კაკიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/18/1891
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 14 ნოემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 24 ნოემბერი 2025 14:38

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: მარიამ კაკიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1891) მომართა მარიამ კაკიაშვილმა. №1891 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 9 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 14 ნოემბერს.

2. №1891 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“.

5. №1891 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, კრედიტორის სასარგებლოდ ბინიდან მფლობელის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება ხორციელდება ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცის არარსებობის შემთხვევაშიც. მოსარჩელე განმარტავს, რომ ასეთ დროს, გამოსახლებული პირი რჩება საცხოვრებლის გარეშე, რითაც აშკარად ირღვევა ღირსების უფლება და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეები უნდა უზრუნველყოს საცხოვრისით.

6. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის მიზანია, ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, იძულებით აუქციონზე გაყიდული ქონების გამოთავისუფლება და კრედიტორისთვის გადაცემა, რისთვისაც ხდება საცხოვრისიდან იძულებითი გამოსახლება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებამდე, სხვა ალტერნატივებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული და გამოსახლებულმა პირებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ წინასწარ, ხოლო ალტერნატიული საცხოვრებლის შერჩევისას, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ტერიტორიულობის პრინციპი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი სადავოდ ხდის არა საკუთრივ გამოსახლების მართებულობას, არამედ კრედიტორის საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, სხვათა საცხოვრისის უფლების შეზღუდვის პროპორციულობას.

7. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დადგენილ პრაქტიკასა და ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციებზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმის თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. მოსარჩელის განმარტებით, ღირსების უფლების საწინააღმდეგოა სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, კრედიტორის სასარგებლოდ უძრავი ქონებიდან მფლობელის გამოსახლება ხორციელდება ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცის არარსებობის შემთხვევაშიც.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უფლების უდიდეს მნიშვნელობაზე. „ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდის და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-40). „აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10). კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი „კრძალავს ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-54).

4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, იძულებით აუქციონზე გაყიდული ქონების გამოთავისუფლება და მესაკუთრისთვის გადაცემა ხდება ისე, რომ უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელი არ არის უზრუნველყოფილი ალტერნატიული საცხოვრისით, რაც წინააღმდეგობაში მოდის ღირსების უფლებასთან.

5. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს ადამიანის სამართლის შიშველ ობიექტად განხილვას და მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ღირსების უფლებას „არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამავდროულად, სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი ღონისძიება, გარკვეული სახით, იწვევს დისკომფორტს და შესაძლოა, არასასიამოვნო იყოს მისი ადრესატებისათვის, თუმცა შეზღუდვა რომ წამებად, ღირსების შემლახველ, არაადამიანურ მოპყრობად ან სასჯელად იქნეს განხილული, საჭიროა, წარმოდგენილი იყოს დამატებითი არგუმენტაცია შეზღუდვით გამოწვეული ტანჯვის, დისკომფორტის განსაკუთრებული სიმძიმის თაობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-9).

6. №1891 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა არეგულირებს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის წესს, კერძოდ, დადგენილია, რომ როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. გასაჩივრებული ნორმის თანახმად, უძრავი ქონებიდან გამოსახლება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ის ფაქტი, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი აღსრულების დასახელებული ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს ნებართვით, გამორიცხავს სადავო ნორმით გათვალისწინებული მოპყრობის თვითმიზნურ ხასიათს და მის საფუძველზე, ადამიანის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას.

7. ამავდროულად, იძულებითი აღსრულების პროცესში მოქმედი სამართლებრივი მოწესრიგება უზრუნველყოფს პირის უფლებების დამატებით დაცვას. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეკისრება ვალდებულება, წერილობით გააფრთხილოს მოვალე, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულებისთვის მას მიეცა 10 კალენდარული დღე, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდება. აღნიშნული ვალდებულება არსებითად ემსახურება იმას, რომ პირი წინასწარ იყოს ინფორმირებული მოსალოდნელი ღონისძიების შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდეს, თავად უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება იძულებითი ზომების გამოყენების გარეშე. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის დამატებით გარანტიებსაც – მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს აღმასრულებლის ნებისმიერი მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან, ხოლო დასახელებული კანონის 183 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საჩივრის თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. ამგვარად, სადავო მოწესრიგება per se არ ქმნის თვითნებური მოპყრობის შესაძლებლობას. იგი წარმოადგენს კანონით მკაფიოდ დადგენილ და სასამართლოს მიერ ნებადართულ სამართლებრივ მექანიზმს, რომლის მიზანიც არის სასამართლო გადაწყვეტილებების სავალდებულოობის უზრუნველყოფა, ხოლო მისი განხორციელებისას, ღირსების ხელყოფის რისკები დაბალანსებულია არსებული სამართლებრივი გარანტიებით.

8. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული მოპყრობა განსაკუთრებული ინტენსივობის უფლებაშემზღუდველი ეფექტით, იწვევს ღირსების შემლახავ, დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას ან სასჯელს. მოსარჩელე მხარე, სადავო ნორმის ღირსების უფლებასთან შეთავსებლობაზე მსჯელობისას, მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ იძულებითი გამოსახლებისას, უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელი არ არის უზრუნველყოფილი ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცით. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული არგუმენტაცია ვერ ჩაითვლება იმის დასასაბუთებელ თვითკმარ არგუმენტად, რომ სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგება იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას, რამდენადაც სადავო ნორმა არეგულირებს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების პროცედურას და საერთოდ არ შეიცავს ნორმატიულ დებულებებს, რომლებიც უკავშირდება უსახლკარო ან სოციალურად დაუცველი პირების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხებს. ამდენად, მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითება, რომ იძულებითი გამოსახლება შესაძლოა ალტერნატიული საცხოვრისის გარეშე განხორციელდეს, არ ქმნის საკმარის საფუძველს იმის დასასაბუთებლად, რომ სადავო ნორმა, თავის შინაარსით, ადამიანის ღირსების შემლახავ მოპყრობას გულისხმობს.

9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის. ამდენად, არსებობს №1891 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1891 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ კაკიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ