ლევან მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N2/25/1911 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 25 დეკემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 8 იანვარი 2026 17:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ლევან მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის 91 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1911) მომართა ლევან მალანიამ. №1911 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 30 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 25 დეკემბერს.
2. №1911 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს პოლიციელის უფლებამოსილებას, ჩამოაშოროს მძღოლი იმ სატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის 91 ნაწილი კი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და მისი დაბრუნების წესებს. კერძოდ, „ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის საფუძველზე. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
5. №1911 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პოლიციელს ანიჭებს უფლებამოსილებას, მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, სადავო ნორმა ემსახურებოდეს ისეთ ლეგიტიმურ მიზანს, როგორიცაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, თუმცა იგი (სადავო ნორმა) ვერ პასუხობს თანაზომიერების მოთხოვნას. კერძოდ, არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ და პროპორციულ საშუალებას.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულია ჯარიმა იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლი ადგენს ჯარიმას იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემისას/საექსპლუატაციოდ გადაცემისას/საექსპლუატაციოდ დაშვებისას, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. თავის მხრივ, ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება მოიაზრებს ავტომობილის მრავალმხრივ შემოწმებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით, ასევე 119-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და სადავო ნორმით, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დამდგენი სხვადასხვა ზომები იდენტური სამართალდარღვევისათვის. ამდენად, სამართალდამრღვევი პირი მოკლებულია არჩევანის საშუალებას, გადაიხადოს სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქცია ან ჩამოშორდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და, შესაბამისად, მას უწევს, ერთდროულად ორივე ვალდებულების შესრულება.
7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სახელმწიფო არ უნდა იყოს უფლებამოსილი, თუნდაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეფექტიანად უზრუნველსაყოფად დაწესებული სანქციები ერთდროულად გამოიყენოს. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესაძლებლობას უშვებს სადგომზე გადაყვანიდან 10 დღის გასვლის შემდგომ, რაც არ წარმოადგენს პროპორციულ ვადას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ვერ პასუხობს თანაზომიერების მოთხოვნას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, რომ მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1911 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის 91 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის გამოსადეგ და პროპორციულ საშუალებას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი არ შეიცავს ძირითადი უფლებების დამდგენ დებულებებს, არ განსაზღვრავს კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას, ცალკეული უფლების ნორმატიულ შინაარსსა თუ ფარგლებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/24/1508 განჩინება საქმეზე „დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს აღნიშნული ნორმის სახელწოდებაც. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. ამასთანავე, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ხსენებული კონსტიტუციური გარანტიები, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდან. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პრინციპების კონტექსტში“ (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/22/930 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23-24).
5. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასახელებული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმებს, რომლებიც ადგენენ ზოგად პრინციპებს და არა კონკრეტულ ძირითად უფლებებს, სადავო ნორმის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით ვერ განხორციელდება განცალკევებულად (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
6. ამდენად, №1911 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1911 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
თეიმურაზ ტუღუში