• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკავშირებული დოკუმენტები

    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს სახალხო დამცველი
      • 19.11.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - პაატა ბარბაქაძე
      • 19.11.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 26.10.2026
      • N3/17/1979
      • განჩინება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - აკაკი ბერიძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ლაშა ბოლქვაძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 23.10.2026
      • N3/16/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 22.10.2026
      • N3/15/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 21.10.2026
      • N3/14/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 20.10.2026
      • N3/12/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 20.10.2026
      • N3/13/1979
      • განჩინება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
      • 19.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - თინათინ ერქვანია
      • 15.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 13.10.2026
      • N3/4/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/1-1/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/11/1979
      • განჩინება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 6.10.2026
      • N1/1-1/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 24.09.2026
      • N1979
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 10 ნოემბრის №3/18/1979 განჩინება საქმეზე “საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/18/1979
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი,
თარიღი 10 ნოემბერი 2026
გამოქვეყნების თარიღი 24 ნოემბერი 2026 13:16

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია - სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გოგა კიკილაშვილი - წევრი;

სერგო მეთოფიშვილი - წევრი;

გიორგი მოდებაძე - წევრი;

ვასილ როინიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

განსახილველი საკითხი: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის თაობაზე.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) წარმომადგენლები - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი და თორნიკე ჭეიშვილი; მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლები - ლევან ბეჟაშვილი, ალიკა კუპრავა და ანა წითლიძე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენლები - მარიკა არევაძე, ნიკა გვარამია, თენგიზ თევზაძე, მაია კოპალეიშვილი და გიორგი ლემონჯავა; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენლები - თორნიკე ართქმელაძე, გრიგოლ გეგელია, ირაკლი კუპრაძე, ლევან სამუშია, კახი სამხარაძე, გიორგი სიორიძე და მიხეილ შარაშიძე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები - ანა ბუჩუკური, ბერდია სიჭინავა და ირაკლი ქსოვრელი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 13 ოქტომბრის №3/4/1979 საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული №1979 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე გაიხსნა 2026 წლის 21 ოქტომბერს, განხილვა გაგრძელდა 22, 23, 26, 27, 28, 29, 30 ოქტომბერს და 10 ნოემბერს.

2. №1979 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. მოსარჩელე მხარე - საქართველოს პარლამენტის წევრები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს და მოითხოვენ, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებიდან და მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი.

3. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე 2026 წლის 10 ნოემბერს ერთ-ერთი მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე იშუამდგომლა მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის, ინდივიდუალურ მტკიცებულებათა გამოქვეყნების, დემონსტრირებისა და შინაარსობრივად გამოკვლევის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 276 მუხლის მე-3 პუნქტზე, 29-ე მუხლზე, 32-ე მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე, ასევე 29-ე მუხლზე. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, კანონმდებლობით დადგენილია მტკიცებულებათა გამოკვლევის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის ფარგლებში სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს საქმეში არსებული და სარჩელზე თანდართული უკლებლივ ყველა მტკიცებულების საქმის განხილვის სხდომაზე გამოქვეყნება და მისი შინაარსის მხარეების მიერ გამოკვლევა. შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საქმესთან შემხებლობაში არ არის, უფრო მეტიც, ვერ ასაბუთებს მათ მიმართ არსებულ კონსტიტუციური დავის საგანს. აქედან გამომდინარე, მტკიცებულებათა გამოკვლევა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მოპასუხე მხარეს სურს, საბოლოოდ გამოარკვიოს, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები მიემართება პოლიტიკურ პარტიას „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“.

4. შუამდგომლობის მიხედვით, მხოლოდ კონსტიტუციური სარჩელით არ შეიძლება გადაწყდეს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასება და მისი აკრძალვა. ამისათვის აუცილებელია, არსებობდეს მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვები იქნება შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის აღნიშვნით კი, კონსტიტუციურ სარჩელს ერთვის მხოლოდ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები არ მიემართება მის მარწმუნებელ პოლიტიკურ პარტიას, რის გამოც მიიჩნევს, რომ სარჩელზე თანდართული ყველა მტკიცებულება ინდივიდუალურად უნდა იქნეს გამოკვლეული და საკონსტიტუციო სასამართლომ ტექნიკური და მატერიალური რესურსის გამოყოფით უზრუნველყოს მტკიცებულებათა გამოკვლევა.

5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარეთა - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ ყველა წარმომადგენელი დაეთანხმა შუამდგომლობით დაყენებულ მოთხოვნას, გაიზიარა მოსაზრება მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის თაობაზე და მათვე დამატებით აღნიშნეს, რომ კონსტიტუციურ სარჩელსა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მითითებული ყველა ინტერნეტ-ბმული, ელექტრონული მისამართი თუ აუდიო-, ვიდეო- და ფოტომასალა, მათ შორის, უნდა იყოს ამობეჭდილი ფორმით, ხოლო ტექნიკური დემონსტრირების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს მათი სხდომაზე ილუსტრაციაც.

6. მოპასუხე მხარეთა წარმომადგენლების მითითებით, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი მათთვის იქნება საბოლოო შედეგის განმსაზღვრელი ფაქტორი, იმავდროულად, მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მათ მიმართ დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. მათი მოსაზრებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში კანონმდებლობა იძლევა სასამართლოსთვის იმპერატიულად შესასრულებელ ვალდებულებას მტკიცებულებათა გამოკვლევისთვის, ხოლო მხარისთვის განსაზღვრავს დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ ნაწილში, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ პროცედურაში მონაწილეობას. შუამდგომლობის ავტორი და საქმის განხილვაში მონაწილე მოპასუხე მხარეთა წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გარდა, დამატებით მხედველობაშია მისაღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი, რომელიც ასევე განამტკიცებს მტკიცებულებათა გამოკვლევის სტადიის სავალდებულოობას.

7. მოსარჩელე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან შუამდგომლობას მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის თაობაზე. მათი განმარტებით, როგორც შუამდგომლობის ავტორი, ასევე მოპასუხე მხარეთა სხვა წარმომადგენლებიც იმის გარდა, რომ ცდილობენ სხდომაზე შექმნან დისონანსი, აფიქსირებენ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების 80% არის მცდარი ინფორმაცია, მათი მიზანია აღნიშნული ქმედებით საზოგადოებაზე გავლენა მოახდინონ, კერძოდ, შექმნან გაურკვეველი მდგომარეობა და პროცესის დისკრედიტაციის ილუზია. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე მხარეთა დამოკიდებულება წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის შინაარსობრივ განხილვასთან მიმართებით არასერიოზულია და მათი ყოველგვარი შუამდგომლობა დაცლილია სამართლებრივი დასაბუთებისგან.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენელმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე იშუამდგომლა მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის, ინდივიდუალურ მტკიცებულებათა გამოქვეყნების, დემონსტრირებისა და შინაარსობრივად გამოკვლევის თაობაზე. აღნიშნულის დასასაბუთებლად შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისი მუხლები ერთობლივი წაკითხვის შედეგად ქმნიან მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის იმპერატიულ მოთხოვნას. მათი მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამის საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება იქნება კანონმდებლობის უხეში დარღვევა და მხარისთვის საპროცესო გარანტიებით ობიექტურად და რეალურად სარგებლობის შეზღუდვა.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ, უპირველესად, უნდა გაანალიზდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი რეგულაციები მტკიცებულებათა გამოკვლევის თაობაზე. კერძოდ, ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოში ... მტკიცებულებათა გამოკვლევა წარმოებს კანონით დადგენილი წესით“. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 276 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით კი, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მოსმენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებებს, აქვეყნებს საქმეში არსებულ და საქმის განხილვის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. ამავე მუხლის შესაბამისი პუნქტებით ასევე გათვალისწინებულია მოსამართლეთა მხრიდან მხარეთა და საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირთათვის (მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი, სასამართლოს მეგობარი) კითხვების დასმისა და მათ მიერ სათანადო პასუხების გაცემის შესაძლებლობა. სწორედ ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს საქმის განხილვის მხარეთა დასკვნით სიტყვებს.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოქმედი საკანონმდებლო წესრიგი ნიშანდობლივად არ იძლევა მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის შესაძლებლობას, ამასთანავე, არ აკონკრეტებს პროცედურას, უშუალოდ რა ფორმით, მეთოდითა თუ წესით უნდა იქნეს კონკრეტული მტკიცებულება გამოკვლეული. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობაში არც ის არის განსაზღვრული, რა მოიაზრება ტერმინში „გამოკვლევა“ - ხსენებული მოიცავს მტკიცებულების რელევანტურობის შეფასებას მხოლოდ საქმესთან დაკავშირებადობის კუთხით თუ მისი მოპოვების კანონიერებაც იგულისხმება მასში. თუმცა აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი საპროცესო სტადია საკონსტიტუციო სამართალწარმოებიდან გამორიცხულია. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე/არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვის დაწყებამდე საკუთრივ სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის, იმას, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, მხარეებს უფლება აქვთ „მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში“. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში შეუძლებელია, საბოლოო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული საქმეში არსებული მასალისა და კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციის, ინფორმაციისა თუ სხვა სახის მტკიცებულების ძალის მქონე ობიექტის ყოველმხრივ და სრულად გამოკვლევის გარეშე. მეტიც, მხარეს სრული უფლება აქვს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, დააფიქსიროს მოსაზრება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებსა თუ მტკიცებულებებზე. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის თაობაზე ზემოხსენებული კანონისმიერი წინაპირობებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომების შესაბამისად უნდა გადაწყდეს.

4. საკონსტიტუციო სასამართლო, ზემოხსენებული ნორმების გაანალიზების შედეგად აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკანონმდებლო ჩარჩო არ იძლევა ზუსტ, ცალსახა და ერთმნიშვნელოვან მითითებას მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფასთან დაკავშირებით, მხარემ არ უნდა მიიჩნიოს თავი უფლებაშეზღუდულ მდგომარეობაში, ვინაიდან მტკიცებულების გამოკვლევის სტადია ისედაც ინტეგრირებულია საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში და პროცესი ერთ მთლიანობაში წარიმართება სამართლიანად. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მასზე, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ ორგანოზე, ვერ გავრცელდება მტკიცებულებათა გამოკვლევისთვის დამახასიათებელი საერთო სასამართლოთა სისტემაში დამკვიდრებული საპროცესო პრაქტიკა. ასე, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას, ჩვეულებისამებრ, არ ხდება სარჩელზე თანდართული ყველა მტკიცებულების წარმომავლობის, კანონიერების შემოწმება დასაშვებობის დადასტურების მიზნით, ასევე მტკიცებულების რელევანტურობის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო მტკიცებულების გამოკვლევის ინდივიდუალურ ეტაპზე არ იხილავს მის შინაარსს, არამედ აღნიშნული სტადია უზრუნველყოფილია მთლიანად საქმის განხილვის ყველა ნაწილში დაწყებული მხარეთა ახსნა-განმარტებიდან, დასრულებული მათი დასკვნითი სიტყვებით.

5. საკონსტიტუციო სასამართლო მოიხმობს რა დებულებას მის მიერ მიღებული განჩინებიდან, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, მაშინაც კი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა გადის სათათბირო ოთახში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, მხარეს უფლება აქვს სათანადო დამატებები და მის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტებიც კი წერილობით წარმოუდგინოს მას, რაც შემდგომში შეფასებული და გათვალისწინებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც საქმე გამოკვლეულ იქნა არსებითი განხილვის სხდომაზე (იგივე პრაქტიკა არსებობს საქმის განმწესრიგებელი განხილვის ეტაპზეც)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის №3/16/1979 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“, II-9). საკონსტიტუციო სასამართლო, იმავდროულად, მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულად იქნება მიჩნეული შუამდგომლობის ავტორის მოსაზრება მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის თაობაზე, რომ თურმე ასეთის არარსებობის პირობებში, იგი, როგორც მოპასუხე მხარე, უფლებაშეზღუდულ მდგომარეობაში გააგრძელებს სხდომაში მონაწილეობას, ასეთ დროს შეიქმნება ვითარება, როდესაც სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ მხარის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციების მიმართაც გაჩნდება მეორე მხარის მიერ მათი ახლიდან გამოკვლევის სურვილი. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ვითარება დაარღვევს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოხსენებული გარემოების დაშვება ასევე გამოიწვევს საქმის განხილვის დაუსრულებლად გაგრძელებას. შესაბამისად, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი, ცალკე აღებული, არ უნდა იყოს განმარტებული იმგვარად, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ ან ვერ მიაქცევს სათანადო ყურადღებას სარჩელზე თანდართულ ან მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ცალკეულ მტკიცებულებას. მეტიც, როგორც არსებითი განხილვის სხდომაზე რამდენჯერმე გაიჟღერა კიდეც, საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს ინკვიზიციური პრინციპის საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მას, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია მხარის მონაწილეობის გარეშეც კი გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულება. აღნიშნული შესაძლებლობა გამომდინარეობს საკუთრივ მოქმედი კანონმდებლობიდან. მართალია, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა გამოკვლევაში, თუმცა ხსენებული არ წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას მხარისთვის მტკიცებულების გამოკვლევაში მონაწილეობისთვის, არამედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარე არ მიიღებს მტკიცებულების გამოკვლევაში მონაწილეობას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღება დააფუძნოს საქმეში არსებულ მასალებსა და დოკუმენტებზე, რომლებიც განაპირობებენ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, საქმესთან კავშირში მყოფი ინფორმაციის შემცველი ნებისმიერი ობიექტი, რომლის გამოკვლევაში მხარეს მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ რომელიც ამავდროულად, გავლენას ახდენს გადაწყვეტილების შედეგზე, სასამართლოს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს და მისი შეფასება/გამოკვლევა სასამართლოს მიერ მაინც უნდა განხორციელდეს.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მხარის მიერ მტკიცებულების გამოკვლევა, მათ შორის, გულისხმობს საქმეში არსებულ რომელიმე დოკუმენტსა თუ ინფორმაციის შემცველ ობიექტზე მითითებას და მისი შინაარსის შეფასებას როგორც ახსნა-განმარტების, ასევე კითხვა-პასუხისა და დასკვნითი სიტყვების ეტაპებზე. ამასთანავე, სხდომის მიმდინარეობისას, მოწმისგან, ექსპერტისა და სპეციალისტისგან შესაძლოა გაჟღერდეს ისეთი შინაარსის მქონე ინფორმაცია, რომელიც იქამდე არ ყოფილა არავისთვის ცნობილი, მათ შორის, როგორც სასამართლოსთვის, ასევე მხარისთვის. შესაბამისად, სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციის (თუ ის დასტურდება დოკუმენტაციით) გამოკვლევის შესაძლებლობა მხარეებს მიეცემათ მყისიერად, საქმის განხილვის იმ მომენტში არსებულ ეტაპზე ან დასკვნითი სიტყვების ფარგლებში მათი სურვილისამებრ.

7. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სამართლიანი განხილვა, რომლის უპირობო დამცველი, უპირველესად, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს, სწორედ იმას გულისხმობს, რომ საქმის განხილვა ერთ მთლიანობაში ქმნიდეს მასში მონაწილე სუბიექტებისთვის, უპირატესად კი, მხარეებისთვის ობიექტურ, რეალურ და ქმედით შესაძლებლობას, გამოიყენონ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები. საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპის, ცალკე აღებული, არარსებობა, არ მიუთითებს საქმის განხილვას არასამართლიან პირობებში, მით უფრო მაშინ, როდესაც მხარეს უფლება აქვს საქმეში არსებულ და სარჩელზე თანდართულ ცალკეულ მტკიცებულებაზე მიუთითოს მისთვის სასურველ ნებისმიერ ეტაპზე ინდივიდუალურად მოტივირებული შუამდგომლობით, მათ შორის, მოითხოვოს მისი ილუსტრირება და მის შესახებ დააფიქსიროს შინაარსობრივი პოზიცია.

8. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლი უშუალოდ განსაზღვრავს, რომელი მტკიცებულების გამოკვლევა არ ხდება საქმის განხილვის მიმდინარეობისას. ასეთ მოცემულობას მიეკუთვნება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები, მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული საერთო სასამართლოების აქტები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტით დადგენილი ფაქტები. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეუწონელია სასამართლოს რესურსის არამიზნობრივად დახარჯვა ისეთი მტკიცებულებების კვლევაზე, რომლებიც ისედაც უდავოა და მისი შინაარსი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში ვერ შეიცვლება. მხარე ისედაც სარგებლობს ამ მტკიცებულების შინაარსის შეფასების შესაძლებლობით. ამდენად, მხარე აღჭურვილია ობიექტური და ქმედითი მექანიზმით, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ინტერპრეტაციები ზემოხსენებული მტკიცებულებების შინაარსისა და სახეობის ცალკეულ ასპექტებთან დაკავშირებით.

9. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შუამდგომლობის იმ შინაარსზე, რომელიც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ბმულის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დემონსტრირებას. სასამართლოს ამ მხრივაც შეუძლებლად მიაჩნია საქმის განხილვის პროცესში ნებისმიერი ინფორმაციის შემცველი ბმულისა და აუდიო-, ვიდეო-, ფოტომასალისა თუ სხვა სახის ჩანაწერის სხდომაზე ილუსტრაცია. აღნიშნულის დაშვების შემთხვევაში, მხარემ მოტივირებული შუამდგომლობით უნდა დაასაბუთოს კონკრეტულად რა სახის მტკიცებულების რელევანტურობას ხდის სადავოდ, რატომ მიიჩნევს მის შინაარსს მთლიანად ან გარკვეულ ნაწილს არასანდოდ, შეუსაბამოდ ან არადამაჯერებელ მტკიცებულებად, ხოლო ამის თვალსაჩინოებისთვის მკაფიოდ უნდა განმარტოს, რატომ არის განსაზღვრული მტკიცებულება უმნიშვნელო (არაარსებითი) მოცემული საქმის გადაწყვეტის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ცალკეული მტკიცებულების რელევანტურობის შეფასებისას, მისი სადავოობა არ გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს, რამდენად არის ინფორმაციის შემცველი ცალკეული ობიექტი სასარჩელო მოთხოვნასთან შესატყვისი, ჯეროვნად ასაბუთებს თუ არა იგი სარჩელს და რამდენად შეესაბამება ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულების კონსტიტუციურ სტანდარტებს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს არასწორად აქვს აღქმული მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპის, როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტადიის და გადაწყვეტილების მისაღებად ერთ-ერთი შინაარსობრივი მექანიზმის სამართლებრივი არსი, რის გამოც მოთხოვნა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ცალკე განყენებულ სტადიაზე განხორციელდეს და მას დაეთმოს საქმის განხილვის გონივრული, მაგრამ შესაძლოა განუსაზღვრელი პერიოდი, არ არის საკმარისად დასაბუთებული. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ასკვნის, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის თაობაზე, მისი განზოგადებული შინაარსის გამო, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულების რელევანტურობას მისი სადავოობისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით. რაც შეეხება შუამდგომლობით დაყენებული მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც არ დაკმაყოფილდა, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ბმულის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დემონსტრირება, მათი სიმრავლიდან გამომდინარე, არარეალურია, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები და ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული აქტები ისედაც შესაძლებელია დადასტურებულად იქნეს მიჩნეული საქმის განხილვისას გამოკვლევის გარეშე, თუმცა შეფასებულ იქნეს მხარეთა მიერ.

III
სარეზოლუციო ნაწილი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“) ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოკვლევის ცალკე ეტაპად გამოყოფის თაობაზე.

2. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულების რელევანტურობას მისი სადავოობისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით.

3. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შუამდგომლობა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ბმულის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დემონსტრირებას.

4. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიკვლევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ აქტებს.

5. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გოგა კიკილაშვილი

სერგო მეთოფიშვილი

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ