ზაზა ქარჩხაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/16/1826 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ნოემბერი 2024 14:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე,
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ზაზა ქარჩხაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ისკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1826) მომართა ზაზა ქარჩხაძემ. №1826 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 15 ივლისს. №1826 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 20 ნოემბერს.
2. №1826 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით (შემდგომში, №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1) განსაზღვრულია ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია საქართველოში თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“, ხოლო 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ზაზა ქარჩხაძე არის ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის პაციენტი, რაც მოითხოვს შესაბამისი მედიკამენტების ყოველდღიურად მიღებას. მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ხშირად უწევს საზღვარგარეთ მივლინებებში სიარული. მან წერილით მიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურ დირექტორს, სამსახურებრივი მივლინების გამო, ხელზე მიეცათ ჩამანაცვლებელი პრეპარატის 2 დღის კუთვნილი დოზა, თუმცა მას უარი უთხრეს მედიკამენტების ერთ დღეზე მეტი ვადით გაცემაზე, რის გამოც მოსარჩელემ ვერ მიიღო სრულყოფილი მონაწილეობა საზღვარგარეთ გამართულ კონფერენციაში. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ ამ ფაქტით დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით ახლებურად განისაზღვრა ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა და აიკრძალა პაციენტისთვის დღიურ დოზაზე მეტი ჩამანაცვლებელი პრეპარატის ხელზე გაცემა. ასევე, გაუქმდა უფლება ქვეყნის შიგნით გადაადგილების დასაბუთებულ შემთხვევაში, პაციენტს ხელზე გაატანონ სამკურნალო საშუალება დამოუკიდებელი მიღებისათვის. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტების მდგომარეობას და არღვევს მათ რიგ კონსტიტუციურ უფლებებს.
7. სადავო დანართის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით წინააღმდეგობის წარმოსაჩენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი უთითებს, რომ ჩანაცვლებითი მკურნალობის პაციენტები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც შეუძლიათ მედიკამენტების ხელზე ხანგრძლივი პერიოდით მიღება.
8. რაც შეეხება სადავო დანართის შინაარსობრივ მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული წესი პაციენტს უდგენს ვალდებულებას, ყოველდღიურად ეწვიოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. აღნიშნული კი მოსარჩელის მოსაზრებით, არღვევს გადაადგილებისა და შრომის თავისუფლებას. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ შეიძლება, გამოიწვიოს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესება, რის გამოც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
9. №1826 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო დებულების მოქმედების შეჩერების თაობაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესება და მათი უფლებების დარღვევა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. განსახილველ შემთხვევაში, №1826 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი, რომელიც სადავო დანართის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები განთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო დანართის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1826 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ასევე, იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული იყოს აუცილებელია, მოსარჩელემ უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითებასთან ერთად, სათანადო არგუმენტების მოყვანის გზით, გარკვეული ხარისხით წარმოაჩინოს გასაჩივრებული რეგულირების არაკონსტიტუციურობაც. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, საკმარისი არ არის მარტოოდენ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/17/1629 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
7. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია, წესი, რომელიც კრძალავს დღიურ დოზაზე მეტი ჩამანაცვლებელი პრეპარატის ხელზე გაცემას, ასევე, ის რეგულაცია, რომელიც კრძალავს ქვეყნის შიგნით გადაადგილების დასაბუთებულ შემთხვევაში პაციენტისთვის სამკურნალო საშუალების ხელზე გაცემას დამოუკიდებელი მიღებისთვის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არის ჩაყენებული სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც შეუძლიათ მედიკამენტების ხელზე ხანგრძლივი პერიოდით მიღება. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაციით პირი ვალდებულია ყოველ დღე ესტუმროს სამედიცინო დაწესებულებას, რის გამოც იგი შეზღუდულია თავისუფალ გადაადგილებაში, სრულყოფილად ვერ ასრულებს შრომით ვალდებულებებს და ასევე, შესაძლებელია, შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემები.
8. მოსარჩელე მხარეს არ მოუხდენია სადავო დანართის კონკრეტული დებულებების იდენტიფიცირება, თუმცა აშკარაა, რომ მისი პრობლემა უკავშირდება ჩანაცვლებითი მკურნალობის პაციენტებისთვის ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების მიღების წესს, იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტი ვერ ახერხებს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადებას ან/და გადაადგილდება ქვეყნის შიგნით. №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტები განსაზღვრავს ზემოაღნიშნულ შემთხვევებში (როდესაც, პაციენტი ვერ ახერხებს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადებას ან/და გადაადგილდება ქვეყნის შიგნით) რა წესის შესაბამისად უნდა მიიღოს სამკურნალო პრეპარატი ჩანაცვლებითი მკურნალობის პაციენტმა და იგი ამის მიღმა სხვა წესს არ ადგენს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტები, რომელიც სასამართლოს დაანახებდა იდენტიფიცირებული პრობლემის მიმართებას გასაჩივრებულ კონსტიტუციურ დებულებებთან. ამავდროულად, მიმართების წარმოჩენის მიღმა, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი ის არგუმენტები, რომელიც გარკვეული ხარისხით წარმოაჩენდა გასაჩივრებული რეგულირების არაკონსტიტუციურობას. აღსანიშნავია, ისიც, რომ გასაჩივრებული დანართი, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის მიღმა, აწესრიგებს სხვა საკითხებსაც, რის არაკონსტიტუციურად ცნობასაც არ ითხოვს მოსარჩელე მხარე. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი ვერ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ დასაბუთებულობის სტანდარტებს და იგი არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1826 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1826 კონსტიტუციური სარჩელი („ზაზა ქარჩხაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე