როლანდ კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/1854 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 8 აპრილი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 აპრილი 2025 11:25 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: როლანდ კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 1252 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1854) მომართა როლანდ კუკავამ. №1854 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 13 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 8 აპრილს.
2. №1854 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 50 ლარის ოდენობით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა იწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
5. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმები, საცხოვრებელი ადგილის ნიშნით, აწესებს უსაფუძვლო განსხვავებულ მოპყრობას ერთი და იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტებისათვის. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ პირებს, სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისაგან განსხვავებით, სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევისთვის, ჯარიმის სახით, ეკისრებათ უფრო მძიმე ადმინისტრაციული სანქცია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1854 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 1252 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით, გათვალისწინებულია ჯარიმა 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 50 ლარის ოდენობით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების პარკირება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე, რაც იწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას ერთი და იგივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებს შორის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ პირებს, სხვა ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ პირებთან შედარებით, სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების, პარკირების წესების დარღვევისთვის უწესდებათ უფრო მკაცრი ადმინისტრაციული სანქცია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება და აკრძალულია დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების ძირითადი მიზანია გამორიცხოს, სათანადო გამართლების გარეშე, ანალოგიურ გარემოებებში მყოფი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა და პირიქით ‒ არ დაუშვას არსებითად განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება მოითხოვს, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში თანასწორ ყველა პირს, განურჩევლად ... კუთვნილებისა, გააჩნდეს უფლებათა თანაბარი რეალიზაციის შესაძლებლობა და არ მოხდეს დისკრიმინაცია პირთან დაკავშირებული რაიმე კუთვნილების ნიშნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს, რომ სადავო ნორმა, მოსარჩელე მხარეს, სხვა არსებითად მსგავს სიტუაციაში მყოფ პირებთან შედარებით, განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს, მისსავე კუთვნილებასთან დაკავშირებული რაიმე ნიშნით.
7. მოცემულ შემთხვევაში, სადავო რეგულირებები რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ითვალისწინებს განსხვავებული ოდენობის ჯარიმებს თავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით. თავის მხრივ, ცალსახაა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შესაძლოა, ჩაიდინოს ნებისმიერმა პირმა. უფრო მეტიც, ერთმა და იმავე პირმა, შესაძლოა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ჩაიდინოს როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში და, შესაბამისად, სანქციის სახით, დაეკისროს სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა. მაგალითად, თუ მოსარჩელე სადავო ნორმებით დადგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩაიდენს, იგი დაჯარიმდება 50 ლარით, ხოლო სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში – 10 ლარით. შესაბამისად, ტექსტობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაციები ნეიტრალური ხასიათისაა და არ ადგენს განსხვავებულ მოპყრობას პირთა მიმართ მათსავე კუთვნილებასთან დაკავშირებული რომელიმე ნიშნით.
8. იმავდროულად, ზემოხსენებულის მიღმა, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული განსხვავებული ოდენობების ჯარიმების დადგენა, თუნდაც ირიბად, მიმართულია გარკვეული კატეგორიის პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებისკენ. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოჩენილი ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას შორის.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1854 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1854 კონსტიტუციური სარჩელი („როლანდ კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე