• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ჯონი ფირცხელავა საქართველოოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს წინააღმდეგ
      • 6.07.2020
      • N1523
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის №3/11/1698 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ჯონი ფირცხელავა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/9/1523
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია,
თარიღი 8 ოქტომბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 15 ოქტომბერი 2025 17:37

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ჯონი ფირცხელავა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 27 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2020 წლის 17 აპრილის №ეპ832433 ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის 2020 წლის 12 ივნისის №MIA 2 20 01292993 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-9 მუხლთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1523) მომართა ჯონი ფირცხელავამ. №1523 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 10 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 8 ოქტომბერს.

2. №1523 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლი ადგენს დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის ვალდებულებას და ფიზიკური პირის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის 2020 წლის 27 აპრილამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (გარდა მოტოციკლისა) გადაადგილება“.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2020 წლის 17 აპრილის №ეპ832433 ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, მოსარჩელეს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის. მოსარჩელემ აღნიშნული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გაასაჩივრა, თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის 2020 წლის 12 ივნისის №MIA 2 20 01292993 დადგენილებით, მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაუშვებლად არის გამოცხადებული ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს მოქალაქის უფლებას, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.

7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახის წევრებს ესაჭიროებოდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ მოსარჩელემ ვერ მოახერხა ნებართვის მიღება, რადგან ცხელი ხაზი გადატვირთული იყო ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოსარჩელე იძულებული გახდა, დაერღვია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და ეზრუნა საჭირო მედიკამენტების მოპოვებაზე. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც მან გაასაჩივრა ზემდგომ თანამდებობის პირთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის დადგენილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ შეიძინა კონკრეტული მედიკამენტები და აღნიშნული მედიკამენტების შეძენა წარმოადგენდა უკიდურეს აუცილებლობას.

8. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას და წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს. მოსარჩელე აპელირებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში ფიზიკური პირების 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმება ადამიანებს აყენებს გაუსაძლის მდგომარეობაში. ამასთანავე, მოსარჩელის პოზიციით, კანონმდებლობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილმა პირმა გაითვალისწინოს კონკრეტული სამართალდარღვევის ინდივიდუალური გარემოებები. მოსარჩელის შემთხვევაში გარემოებები ცხადად მიუთითებდა, რომ მას მოუწია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მაგრამ იგი მაინც სრული სიმკაცრით დაისაჯა. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებმა გაუმართლებლად შეზღუდა მისი კონსტიტუციური უფლებები.

9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოუსწორებელი ზიანი.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება განსახილველად, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.

2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-9 მუხლთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2020 წლის 17 აპრილის №ეპ832433 ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის 2020 წლის 12 ივნისის №MIA 2 20 01292993 დადგენილების კონსტიტუციურობა.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ინდივიდუალური და ნორმატიული სამართლებრივი აქტის გამიჯვნა ხდება სადავო აქტის ადრესატთა წრისა და მოწესრიგების საგნის გათვალისწინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმატიულ აქტს აქვს საყოველთაობის პრეტენზია, იგი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ასეთად რჩება იგი ამ წრის გვარეობითი ნიშნით იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ეხება როგორც კონკრეტულ პირს, ისე მისი გამოცემის მომენტში განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა ჯგუფს. ნორმატიული აქტი თავისი ბუნებით აბსტრაქტულ, საერთო ნორმას წარმოადგენს და დაკავშირებულია არა რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან შემთხვევასთან, არამედ თავის იურიდიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მთელი რიგი ანალოგიური შემთხვევების მიმართ. მის საფუძველზე შესაძლებელია წარმოიშვას კონკრეტული შემთხვევის განუსაზღვრელი რაოდენობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ნორმატიული აქტის მრავალჯერადი გამოყენების თვისება. ამდენად, ნორმატიული აქტი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, მიმართულია მისი გამოცემის დროს განუსაზღვრელი ოდენობის ურთიერთობის განუსაზღვრელი რაოდენობის მონაწილეებისაკენ. განსხვავებით ნორმატიული აქტისგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ხასიათდება თავისი შინაარსის კონკრეტულობით. იგი კონკრეტულ ურთიერთობას (შემთხვევას) ეხება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5).

4. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიმართ გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და მისი გასაჩივრების შემდგომ ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული დადგენილების კონსტიტუციურობას, რომლითაც მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, დასახელებული აქტები მიემართება მხოლოდ მოსარჩელეს. აშკარაა, რომ ისინი არ ადგენს პირთა განუსაზღვრელი წრისკენ მიმართულ ქცევის ზოგად წესს. ამდენად, დასახელებული სადავოდ გამხდარი აქტები არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტებს.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1523 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2020 წლის 17 აპრილის №ეპ832433 ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის 2020 წლის 12 ივნისის №MIA 2 20 01292993 დადგენილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-9 მუხლთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

6. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, აგრეთვე „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 27 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-9 მუხლთან, მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

7. მართალია, განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო ნორმები ძალადაკარგული იყო კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისათვის, თუმცა, მიუხედავად მათი ფორმალურად ძალადაკარგულობისა, კონსტიტუციური სარჩელის შემოტანისას წარმოადგენდა მოსარჩელის მიმართ გამოსაყენებელ კანონს მიმდინარე საქმეზე საერთო სასამართლოების ფარგლებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჰქონდა შემთხვევა, როდესაც მან იმსჯელა კონსტიტუციური წარდგინების შემოტანამდე ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც მიუხედავად სადავო აქტის ფორმალურად ძალადაკარგულად ცნობისა, იგი ინარჩუნებდა ძალმოსილებას მისი ადრესატების მიმართ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“).

8. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, სადავო რეგულირება ძალადაკარგულია და არ წარმოადგენს მოქმედ/გამოსაყენებელ ნორმატიულ აქტს მიმდინარე ურთიერთობებისათვის, აღსანიშნავია, რომ №1523 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (2020 წლის 27 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) ადგენდა საგანგებო მდგომარეობის ვადით მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების აკრძალვას, ხოლო „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სადავო სიტყვები განსაზღვრავდა პასუხისმგებლობას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საგანგებო მდგომარეობა, თავისი არსით, ესაა დროებითი ღონისძიება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კრიზისული ვითარების რაც შეიძლება მოკლე დროში ნორმალიზება და, როგორც წესი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხდება საკმაოდ შეზღუდული დროით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების მომზადება და შეტანა, ხოლო შემდგომ სასამართლოს მიერ მისი განხილვა/გადაწყვეტა შესაძლოა, ვერ მოხერხდეს მოკლე ვადებში, საქმის განხილვის ხელოვნურმა დაჩქარებამ კი უკუეფექტი გამოიწვიოს და უარყოფითად აისახოს ადამიანის უფლებების დაცვაზე. შესაბამისად, ყოველ ჯერზე, თუკი საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და ამ დროს მიღებული საკანონმდებლო აქტების ძალადაკარგულად ცნობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა ვერ იქნება ეფექტური. იმგვარი აქტების კონსტიტუციურსამართლებრივ კონტროლს მიღმა დატოვება, რომლებსაც ძირითად უფლებებზე ზემოქმედების მაღალი ინტენსივობის პოტენციალი გააჩნია, მეტისმეტად მოწყვლადს გახდის ძირითადი უფლებების საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაცვის პროცესს და გაზრდის უფლებებში თვითნებური, ექსცესიური ჩარევის რისკებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმთან დაკავშირებული რეგულაციების კონსტიტუციურობის შემოწმება „... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად, რათა, ერთი მხრივ, შემუშავებულ იქნეს საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანთა უფლებებში ჩარევის დასაშვები ფარგლები, შეზღუდვის გამართლებულობის შეფასების სტანდარტები და კრიტერიუმები, ხოლო, მეორე მხრივ, თუ აღმოჩნდება, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულაციები არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, პირებს მიეცეთ თავიანთი დარღვეული უფლებების აღდგენისა და გამოსწორების შესაძლებლობა“ (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-6).

9. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ზემოაღნიშნული სადავო ძალადაკარგული ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, აუცილებელია, იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.

11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის ან მისი კონკრეტული ნაწილის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით შესაბამისობის თაობაზე.

12. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე – ფიზიკური პირი, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, რომლებიც მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის პირველ და არა მეორე თავში. ამდენად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1523 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 27 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

14. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

15. კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი არ შეიცავს ძირითადი უფლებების დამდგენ დებულებებს, რომლებთან მიმართებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამა თუ იმ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის განცალკევებულად შეფასება. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს აღნიშნული ნორმის სახელწოდებაც.

16. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები, ხოლო მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „დასახელებული კონსტიტუციური დებულებები არ წარმოადგენენ ძირითადი უფლების დამდგენ ნორმებს, არამედ განსაზღვრავენ ზოგად კონსტიტუციურ პრინციპებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/24/1508 განჩინება საქმეზე „დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ხსენებული კონსტიტუციური გარანტიები, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდან. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი პრინციპების კონტექსტში“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/22/930 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23-24).

17. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასახელებული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმებს, რომლებიც ადგენენ ზოგად პრინციპებს და არა კონკრეტულ ძირითად უფლებებს, სადავო ნორმის კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტთან მიმართებით, ვერ განხორციელდება განცალკევებულად (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).

18. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1523 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 27 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

19. მოსარჩელე, ასევე მოითხოვს გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. როგორც აღინიშნა, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის 2020 წლის 27 აპრილამდე მოქმედი რედაქციის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, გარდა მოტოციკლისა. ხოლო „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სადავოდ გამხდარი სიტყვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით.

20. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თავისუფალი გადაადგილების უფლება პიროვნული ავტონომიისა და თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი კომპონენტია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამ უფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, საკუთარი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს გადაადგილდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დატოვოს ქვეყნის საზღვრები და თავისუფალი ნების შესაბამისად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი. თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული მიმოსვლის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და იგი ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ის ლეგიტიმური მიზნები, რომელთა მისაღწევადაც, შესაძლოა თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა. ამდენად, კონსტიტუციის ხსენებული უფლების შეზღუდვა, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის.

21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, არამედ აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

22. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა სადავო რეგულირების მიზანმიმართულება. კერძოდ, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მიზნები იყო ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენცია, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, ისევე, როგორც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრა. ამასთანავე, უდავოა ის გარემოება, რომ ახალი კორონავირუსი (COVID-19) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოცხადდა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვების მიზანიც ამ გადამდებ დაავადებაზე შესაბამისი რეაგირება და ვითარების ნორმალიზაცია იყო. საგანგებო მდგომარეობის პირობებში დადგენილი წესების უმეტესი ნაწილი პირთა თავშეყრის, ერთსა და იმავე სივრცეში მობილიზებისა და კონტაქტის შემცირებისაკენ იყო მიმართული. სწორედ ამავე მიზანს ემსახურებოდა სადავო ნორმა, რომელიც, გადაადგილების შეზღუდვის გზით, უზრუნველყოფდა პირთა მობილობის შემცირებას.

23. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ „ვირუსის გავრცელების ძირითად წყაროს წარმოადგენდა დაინფიცირებულ პირთან კონტაქტი. ვირუსით დაინფიცირების რისკი კი, თავისთავად, იმატებდა გაზრდილი მობილობის პირობებში, როდესაც პირები აქტიურად გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე, ხვდებოდნენ სხვადასხვა ადამიანებს და ახორციელებდნენ სოციალურ აქტივობებს. აქედან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების შეჩერების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიჩნეულ იქნა ადამიანთა შორის ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა და მობილობის შემცირება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლაში სოციალური დისტანცირების მნიშვნელობა და ეფექტიანობა აღიარებული იყო მსოფლიოს და საქართველოს ეპიდემიოლოგების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხებოდა ახალ და ჯერ კიდევ შეუსწავლელ ვირუსს, არ არსებობდა მის წინააღმდეგ ვაქცინაცია და არც ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები, სოციალური დისტანცირება მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაგალითებიდან და სპეციალისტების კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვირუსთან გამკლავების გამოსადეგ საშუალებად იქნა მიჩნეული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის №2/4/1498 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-21).

24. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საგანგებო ვითარების დროს, არაორდინარულ პირობებში უფრო დაჩქარებულად ხდება ამა თუ იმ რეგულაციის შემუშავება და, ხშირ შემთხვევებში, ხელშესახები საფრთხის გათვალისწინებით, უფლებაზე ზემოქმედების ზომა, შესაძლოა, იყოს იმაზე უფრო ინტენსიური, ვიდრე ნორმალურ ვითარებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება, საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-167).

25. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია ისიც, რომ „რამდენადაც საგანგებო ვითარებაში უფრო მეტი შეიძლება იყოს ძირითად უფლებათა შეზღუდვის ინტენსივობა, სახელმწიფო მუდმივად უნდა ეცადოს, რომ შეცვლილი ვითარების, უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების, ტექნოლოგიისა თუ ვირუსთან ბრძოლის მეთოდების განვითარების პარალელურად, შეამსუბუქოს არსებული რეგულაციები და მაქსიმალურად შეამციროს უფლებაზე არასაჭირო ზემოქმედების რისკი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-167, 170). განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული რეგულაციით, 2020 წლის 17 აპრილიდან, საგანგებო მდგომარეობის ვადით, შეჩერდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, „„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №264 დადგენილებით, აღნიშნული შეზღუდვა 2020 წლის 27 აპრილიდან მოიხსნა. ამდენად, არსებულმა შეზღუდვამ იმოქმედა ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, მხოლოდ 10 დღით.

26. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა სადავო რეგულირების შემოღების ლეგიტიმური მიზნები, ისევე, როგორც ხელშესახებია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეები. იმ პირობებში, როდესაც სადავო რეგულაცია აშკარად თვითმიზნური არაა, მოსარჩელემ, ძირითადი უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების მიღმა, უნდა წარმოადგინოს არგუმენტაცია, რატომ მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტა მიზნის მიღწევის არაპროპორციული და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური საშუალებაა. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რატომ არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ ან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისეთი საჭიროება, რომლის შეზღუდვაც, თუნდაც დროებით, თავისთავად დაუშვებელია ან/და არ შეიძლება გამართლდეს საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის ლეგიტიმური მიზნებით. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გასაგებია მოსარჩელის ინტერესი, სურვილისამებრ, შეზღუდვების გარეშე, თავისუფლად ისარგებლოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით. თუმცაღა, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც უდავო ფაქტია, რომ ადამიანთა შორის ახლო ფიზიკური კონტაქტი, რაც სატრანსპორტო საშუალებაში პირთა განთავსებისას ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე, როგორც მაღალი მობილობა, მნიშვნელოვნად ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს, მოსარჩელეს მოეთხოვება საფუძვლიანი არგუმენტაციის წარმოდგენა დადგენილი შეზღუდვის არაკონსტიტუციურობის დასამტკიცებლად. ამგვარი არგუმენტაცია კი კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი.

27. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან სადავო ნორმების მიმართებას, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო რეგულირების შედეგად, მას შეეზღუდა სამედიცინო მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე თავისუფლად წვდომის შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის უფლების შეზღუდვას.

28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სადავო რეგულირების შედეგად, ცალკეული კონსტიტუციური უფლებების რეალიზების გართულება, თავისთავად, არ მიუთითებს შესაბამისი უფლების შეზღუდვაზე. კონკრეტული ტიპის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შეზღუდვამ შესაძლოა, ადამიანის უამრავ უფლებრივ ასპექტზე მოახდინოს გავლენა, რადგან კონკრეტული ტიპის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შეზღუდვა ართულებს ნებისმიერ სერვისსა თუ პროდუქციაზე წვდომის შესაძლებლობას. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო რეგულირება არ მიემართება სამედიცინო მომსახურებისა და სამედიცინო მედიკამენტებზე წვდომის უფლების შეზღუდვას, აღნიშნული მოცემულობა მხოლოდ სხვა კონსტიტუციური უფლებების შესაძლო შეზღუდვის თანმდევი გვერდითი ეფექტია.

29. ამრიგად, №1523 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 27 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

30. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია აგრეთვე სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ფიზიკური პირების მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ითვალისწინებს ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო, მეორე მხრივ, საგანგებო მდგომარეობის ვადით, აჩერებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (გარდა მოტოციკლისა) გადაადგილებას.

31. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ №1523 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 27 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის ვადით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (გარდა მოტოციკლისა) გადაადგილების შეჩერებიდან მომდინარე რაიმე ისეთი ხასიათის შეზღუდვას, რომლის კონსტიტუციურობაც შეფასებადი იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ ან/და მე-2 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

32. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ფიზიკური პირებისათვის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის დაწესებული სანქცია – ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს. მოსარჩელის განმარტებით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ჯარიმის აღნიშნული ოდენობა ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

33. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30). ამასთანავე, ადამიანის ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება, ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდისა და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-40). კერძოდ, „სახელმწიფოს ეკრძალება იმგვარი ზომების მიღება, რომელიც ფუნდამენტურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინდივიდს, როგორც თავისთავად ღირებულებას და პატივს არ სცემს მის სამართალსუბიექტობას არსებულ კონსტიტუციურ წესრიგში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება საქმეზე „ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-20).

34. მიუხედავად ამისა, საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ავტომატურად არ იწვევს ინდივიდის ღირსების შელახვას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლების მზღუდავი რეგულირების შინაარსის, მიზნის და შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, დგინდება გასაჩივრებული ნორმის (ნორმების) შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებასთან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს „არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამრიგად, სადავო ნორმის ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია, დასაბუთდეს, რომ აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული წესი ადამიანს განიხილავს სამართლის ობიექტად, მიზნის მიღწევის საშუალებად ან/და განსაკუთრებული ინტენსივობის უფლებაშემზღუდველი ეფექტით, იწვევს არაადამიანურ, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ მოპყრობას. მსგავსი არგუმენტაცია წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის და, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, ამ მხრივაც, დაუსაბუთებელია.

35. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაუშვებლად არის მიჩნეული ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ... [არაადამიანური და დამამცირებელი] სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).

36. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში მიხედულების საკმაოდ ფართო არეალი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ორგანო ახდენს ადამიანის, საზოგადოებისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების შეფასებას და პროგნოზირებას, ისევე, როგორც ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტული სახისა და ზომის ნორმატიულად განსაზღვრას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული““ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

37. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასჯელის პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადამოწმებას ექვემდებარება საკანონმდებლო თავისუფლების გარე ზღვრის დაცვა და არა იმ საკითხების განხილვა, იპოვა თუ არა კანონმდებელმა, კონკრეტულ შემთხვევაში, ყველაზე მიზანშეწონილი, გონივრული და ოპტიმალური გამოსავალი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/1/1239,1642,1674 გადაწყვეტილება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, ნარკოტიკული საშუალება ‒ გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო“, II-3).

38. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ ადმინისტრაციული სახდელის დამდგენი ნორმა არსებითად განსახილველად იქნეს მიღებული, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახდელის კონკრეტული ზომა არის იმდენად მკაცრი, რომ ის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

39. სანქციის პროპორციულობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება აკრძალული ქმედების სიმძიმე და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის (სახდელის) ურთიერთმიმართება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ზომას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ დაწესებული სახდელი მძიმე ფინანსური ტვირთია გარკვეულ პირთა წრისთვის, არ არის საკმარისი სანქციის არაპროპორციულობის დასაბუთებისათვის. ამისათვის აუცილებელია, დასაბუთებული იყოს კონკრეტული სამართალდარღვევის სიმძიმის, მისგან გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროებისა და სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის (სახდელის) აშკარა არაპროპორციულობა.

40. განსახილველ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის ვალდებულება ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, როგორიც არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა. კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ „ახალი კორონავირუსი (COVID-19) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოცხადდა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვების მიზანსაც ამ გადამდებ დაავადებაზე შესაბამისი რეაგირება და ვითარების ნორმალიზაცია წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/18/1584 განჩინება საქმეზე „გიორგი გვაზავა, რუსლან ავალიანი, გოჩა გრიგორიანცი და სხვები (სულ 30 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-12). ამდენად, აშკარაა, რომ სადავო რეგულირება უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთის დაცვას, ამავდროულად, 3 000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის განსაზღვრა, თავისთავად, არ წარმოადგენს სასჯელის იმდენად მკაცრ ზომას, რომ იგი აშკარად არაპროპორციულად იქნეს მიჩნეული აკრძალული ქმედების სიმძიმესთან მიმართებით.

41. განსახილველ საქმეში, სახდელის აშკარად არაგონივრული ბუნების წარმოჩენის ნაცვლად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში და, შესაბამისად, მისთვის 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება გაუმართლებელია. აღსანიშნავია, რომ, თუკი მოსარჩელე მართლაც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში, ეს გარემოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების და არა მისი შემსუბუქების საფუძველს. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტაცია „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 27 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართების წარმოსაჩენად.

42. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1523 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1523 კონსტიტუციური სარჩელი („ჯონი ფირცხელავა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ