• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ნიაზ ჩხვიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 8.10.2025
      • N1/15/1622
      • განჩინება
    • ნიაზ ჩხვიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 20.07.2021
      • N1622
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების − გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის №1/14/1622 განჩინებასთან დაკავშირებით

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების − გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის №1/14/1622 განჩინებასთან დაკავშირებით

დოკუმენტის ტიპი თანმხვედრი აზრი
ნომერი co1/14/1622
ავტორ(ებ)ი გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე
თარიღი 8 ოქტომბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 21 ოქტომბერი 2025 12:24

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების − გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 8 ოქტომბრის №1/14/1622 განჩინებასთან დაკავშირებით

1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ თანმხვედრ აზრს 2025 წლის 8 ოქტომბრის №1/14/1622 განჩინებასთან (შემდგომში, განჩინება) დაკავშირებით.

2. №1/14/1622 განჩინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო №1622 კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სადავოდ იყო გამხდარი 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6804 მუხლის მე-8 ნაწილის, 6806 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული ნორმები განსაზღვრავდა სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, განსასჯელის პატიმრობის მაქსიმალურ ვადას და უშვებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნული ვადის ერთჯერადად გახანგრძლივების შესაძლებლობას, აგრეთვე ამ ვადების მოქმედების წესს იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც სასამართლოში შეტანილი იყო 2006 წლის პირველ იანვრამდე. აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმები გარდამავალ დებულებებს წარმოადგენდა, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის/რეგისტრაციის ეტაპზე ძალადაკარგული იყო.

3. მართალია, ვეთანხმებით განჩინებით შემოთავაზებულ გადაწყვეტას №1622 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე, თუმცა ვერ გავიზიარებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის პოზიციას უშუალოდ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის არგუმენტთან დაკავშირებით. წინამდებარე განჩინებით, №1622 კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული იმ არგუმენტაციაზე მითითებით, რომ სადავო ძალადაკარგულ ნორმაზე მსჯელობა არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხს.

4. №1/14/1622 განჩინების დასაბუთება იმეორებს და ეფუძნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ №3/7/1458,1556 განჩინებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინება საქმეზე „ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) წარმოდგენილ არგუმენტაციას. №3/7/1458,1556 განჩინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაზე, არსებითად განსახილველად მიიღოს და შეაფასოს კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის/რეგისტრაციის მომენტისათვის ძალადაკარგული ნორმატიული აქტები. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებმა, №3/7/1458,1556 განჩინების თანახმად, ძალადაკარგულ ნორმაზე საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელება, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, არ მიიჩნიეს არც საქართველოს კონსტიტუციის და არც კანონმდებლობის მოთხოვნად და, შესაბამისად, მასზე არც საკონსტიტუციო კონტროლის განვრცობა ჩათვალეს მიზანშეწონილად.

5. 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინებასთან დაკავშირებით, გამოვთქვით განსხვავებული აზრი და არ დავეთანხმეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საკითხის ამგვარ გადაწყვეტას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი თევდორაშვილის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინებასთან დაკავშირებით). №3/7/1458,1556 განჩინებასთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამოთქმული განსხვავებული აზრი არსებითად ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ, რიგ შემთხვევებში, ადამიანის უფლებების დარღვევას იწვევს არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე კვლავ მოქმედი ნორმატიული აქტი, არამედ აქტი, რომელიც, მართალია, ფორმალურად ძალადაკარგულია, თუმცა მის საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგი კვლავაც განგრძობადია. შესაბამისად, ნებისმიერი ნორმატიული აქტი, რომელიც, რაიმე ფორმით, არღვევს ან მომავალში დაარღვევს ძირითად უფლებებს, უნდა ექვემდებარებოდეს საკონსტიტუციო კონტროლს. ჩვენ მიერ განვითარებული ამგვარი მიდგომა ეფუძნებოდა ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილების არსსა და მიზანს, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ მანდატს, როლსა და ფუნქციას.

6. შესაბამისად, განსხვავებული აზრის ავტორმა მოსამართლეებმა არ გავიზიარეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ მოიაზრებს ან/და რაიმე ფორმით გამორიცხავს კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის/რეგისტრაციის მომენტისათვის ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებზე საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. გარდა ამისა, განვმარტეთ, რომ კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის/რეგისტრაციის მომენტისათვის, ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის კონტროლის აუცილებლობას განაპირობებს უფლებების შესაძლო განგრძობადი დარღვევა და არა იმ ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება, რომელსაც, ზოგადად, პირის უფლებებზე ზემოქმედების რესურსი აწმყოში არ გააჩნია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი თევდორაშვილის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინებასთან დაკავშირებით, II-19).

7. ბუნებრივია, ვრჩებით ერთგულნი №3/7/1458,1556 განჩინებასთან დაკავშირებით განსხვავებულ აზრში გამოთქმული პოზიციისა და მივიჩნევთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, საკუთარი მანდატის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ფუნქციის უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილია, საკონსტიტუციო კონტროლი განახორციელოს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის/რეგისტრაციის მომენტისათვის ძალადაკარგულ იმ ნორმატიულ აქტზე, რომლის მიმართაც არსებობს არაკონსტიტუციურად ცნობის დასაბუთებული ინტერესი. სხვაგვარად, კვლავ ვადასტურებთ, რომ კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის/რეგისტრაციის მომენტისათვის, სადავო ნორმატიული აქტის ფორმალური ძალადაკარგულობის ფაქტი, ცალკე აღებული, არ უნდა გახდეს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თვითკმარი საფუძველი.

8. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანის/რეგისტრაციის მომენტისათვის, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის კონტროლი უნდა წარმოადგენდეს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხს. სწორედ ამიტომ, №1622 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის პროცესში, ჩვენს კოლეგებს უნდა შეეფასებინათ, რამდენად გააჩნდა მოსარჩელე მხარეს ძალადაკარგული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის დასაბუთებული ინტერესი.

9. აღსანიშნავია, რომ №1622 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელეს წარმოადგენს უვადო თავისუფლება აღკვეთილი პირი, რომლის მიმართაც სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის საერთო ვადამ შეადგინა 16 თვე და 22 დღე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია ბრალდებულის პატიმრობის მაქსიმალური ზღვრული ვადა − 9 თვე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე აპელირებდა, რომ 9 თვეზე მეტი ხანგრძლივობით ბრალდებულის (1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად − განსასჯელის) მიმართ პატიმრობის გამოყენებით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლება. მოსარჩელე მხარის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების არსებით დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააგრძელოს სამართალწარმოება და შეაფასოს გაუქმებული/ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის კონსტიტუციურობის საკითხი.

10. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი ნორმები წარმოადგენდა გარდამავალ დებულებებს და ადგენდა განსასჯელი პირის პატიმრობის დროებით ვადებს. სადავო ნორმების საფუძველზე, მოსარჩელე მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდა 9 თვეზე მეტი ვადით. შესაბამისად, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, მოსარჩელის მიმართ წარსულში დადგა ზემოაღნიშნული იურიდიული შედეგი და სადავო ნორმა აღარ არის მოსარჩელის მიმართ აქტუალურ დროში გამოყენებადი. იმავდროულად, ძალადაკარგულად ცნობილი, სადავო ნორმების საფუძველზე, არ წესრიგდება არც ერთი სახის სამართლებრივი ურთიერთობა და მოსარჩელე მხარეს არ ეკისრება რაიმე სახის ვალდებულება. ამასთანავე, №1622 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რა ინტერესს ემსახურება ან/და რა სახის გავლენა შესაძლოა ჰქონდეს, მის უფლებრივ მდგომარეობაზე, სადავოდ გამხდარი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

11. შესაბამისად, ვინაიდან, ერთი მხრივ, ძალადაკარგულ სადავო ნორმებს არ გააჩნია პირის თავისუფლებაზე აწმყოში ზემოქმედების ეფექტი და, თავისთავად, არ იკვეთება ძალადაკარგულ ნორმაზე საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების ინტერესი, ხოლო, მეორე მხრივ, არც №1622 კონსტიტუციური სარჩელის ავტორს არ წარმოუდგენია სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტაცია ძალადაკარგული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის აუცილებლობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა ყოფილიყო არსებითად განსახილველად მიღებული. ამდენად, №1622 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობდა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, არამედ 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ