საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N1/18/1748 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 24 ოქტომბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 5 ნოემბერი 2025 17:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (2025 წლის 11 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1748) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1748 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 21 ნოემბერს. №1748 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 14 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის №1/6/1748 საოქმო ჩანაწერით, №1748 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული.
2. №1748 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (2025 წლის 11 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, პაციენტის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, თუ პაციენტი ექიმს განუცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას (მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობას), ან პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა სამედიცინო შემოწმების შედეგად ექიმს წარმოეშობა ეჭვი აღნიშნულის თაობაზე, იგი აცნობებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეტყობინების განხორციელების თაობაზე ასევე ეცნობება პაციენტს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმირების მიზნით, ექიმი სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ აცნობებს, აგრეთვე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების არეალი და მიზანმიმართულება არ ამოიწურება მხოლოდ სახელმწიფოსათვის ნეგატიური ვალდებულების დაწესებით, რომ თავი შეიკავოს ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევისაგან. წამებისა და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობა სახელმწიფოს აკისრებს მთელ რიგ პოზიტიურ ვალდებულებებს, მისი იურისდიქციის ფარგლებში. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებაში ნაგულისხმევი პოზიტიური ვალდებულებები სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი სამართლებრივი სივრცის შექმნას, რომლის ფარგლებშიც, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საფრთხეების პრევენცია, ყველა იმგვარი ქმედების იდენტიფიცირება და სამართალდარღვევად გამოცხადება, რომლებიც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვის მოთხოვნას ეწინააღმდეგება, ასევე არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე დაუყოვნებლივი და სათანადო რეაგირება, ეფექტიანი გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების დარღვევის კონტექსტში.
6. №1748 კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს არასათანადო მოპყრობის პრევენციას, რაც გამოწვეულია არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოვლენისა და დოკუმენტირების არსებული წესით. საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი წესით ვერ ხდება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. კერძოდ, თუ ექიმი ვერ მოიპოვებს პატიმრის ინფორმირებულ თანხმობას, იგი არ არის უფლებამოსილი, შეავსოს დაზიანების აღრიცხვის სპეციალური ფორმა, განახორციელოს დაზიანებების ფოტოგადაღება, ექიმი, ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, პატიმრის თანხმობის გარეშე, საგამოძიებო სამსახურს შეატყობინოს აღნიშნული დაზიანებების შესახებ. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი ყურადღების მიღმა ტოვებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც პატიმარი თანხმობას არ აცხადებს შემოწმებაზე, მაგრამ აშკარაა, რომ სხეულზე აღენიშნება არასათანადო მოპყრობის კვალი.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პატიმრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილ იქნეს არასათანადო მოპყრობის გამოვლენის გარანტიები, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის, როგორც არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, შეიძლება თავად ვერ აცხადებდეს აღნიშნულის შესახებ და იძულებული იყოს, უარი თქვას სამედიცინო შემოწმებაზეც, განმეორებითი ძალადობის, მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან არიდების მიზნით. ასეთ ვითარებაში, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სამედიცინო პერსონალი არის ის ერთადერთი რგოლი, რომელსაც შეუძლია მაქსიმალურად დროულად და ეფექტიანად იმოქმედოს შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე რეაგირებისას, იმ დროს, როდესაც როგორც ციხის ადმინისტრაცია, ისე პატიმარი თავად არ აცხადებს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ. თავის მხრივ, რეაგირების დროულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის იდენტიფიცირებისათვის, ვინაიდან დროის გასვლასთან ერთად რთულდება დაზიანებების არსებობის დადასტურება და, ამავდროულად, იზრდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკები. შესაბამისად, ექიმს, როგორც თავისუფლებააღკვეთილი/შეზღუდული პირის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ პირს, უნდა ჰქონდეს კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტები პაციენტის ჯანმრთელობის ეფექტიანი დაცვისათვის, რაც გულისხმობს ექიმის ვალდებულებას, მათ შორის, დაზიანებების არსებობის თაობაზე უზრუნველყოს საგამოძიებო სამსახურის შეტყობინება.
8. საქართველოს სახალხო დამცველი, დამატებით, განმარტავს, რომ პატიმრის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიზნით აუცილებელია ექიმს ჰქონდეს უფლება, მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ შემთხვევაშიც, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პაციენტის უარის შემთხვევაში ექიმი გარეგნული დათვალიერების შესახებ ადგენს შესაბამის ცნობას, რომელიც დაერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათს. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულება, ქმედითი ბერკეტებით აღჭუროს სამედიცინო პერსონალი, გულისხმობს პაციენტის თანხმობის გარეშე გარეგნული დათვალიერების შედეგების საგამოძიებო სამსახურისთვის შეტყობინებას. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც პატიმრის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ ექიმის ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინების წინაპირობად განსაზღვრავს პატიმრის თანხმობით განხორციელებულ სამედიცინო შემოწმებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ თავისუფლებააღკვეთილი/შეზღუდული პირები არ არიან უზრუნველყოფილნი სამართლებრივი დაცვის მინიმალური გარანტიებით, რის გამოც სადავო ნორმა ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებულ პოზიტიურ ვალდებულებებს.
10. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ დოკუმენტებზე.
11. 2025 წლის 14 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობით მომართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა და მიუთითა, რომ „„პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის №1096 ბრძანების საფუძველზე, სადავო სამართლებრივ აქტში განხორციელებული ცვლილების შედეგად აღმოიფხვრა მოსარჩელე მხარის მიერ №1748 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხები. 2025 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული წერილით კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა და მიუთითა, რომ კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმაში ცვლილებების შემდგომ, აღმოიფხვრა ის პრობლემური ასპექტი, რაც მის საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას განაპირობებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა №1748 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის შეწყვეტა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1748 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველი. 2025 წლის 20 ოქტომბერს, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა, წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა №1748 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამრიგად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1748 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1748 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე