• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

დავით ახალაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1913
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - მანანა კობახიძე,
ავტორ(ებ)ი დავით ახალაური
თარიღი 5 ნოემბერი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს კანონი ,,ადვოკატთა შესახებ“

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
ადვოკატთა შესახებ “ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი: ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი: ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადება: ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ნებისმიერ პირს, რომელიც მიიჩნევს რომ მისი უფლება დაირღვა, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს კანონოთ დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული სადავო ნორმა არღვევს როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციას, ასევ ადვოკატთა თვითორგანიზებაში ჩაურევლობის გარანტიის საკითხს და არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 31​3 გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.

ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:

,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.

გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე- 31 მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის ბოლო წინადადებით.

ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;

ზ) შესაძლებელია მსჯელობა კანონის სადავოდ ქცეული ნორმების კონსტიტუციურობაზე;

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

კონსტიტუციის სარჩელის ავტორი გახლავართ იურისტი და მოქმედი ადვოკატი, საერთო სპეციალიზაციით. 2008 წლიდან უწყვეტად ვეწევი საადვოკატო საქმიანობას. წლების მანძილზე ჩართული ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის მართვის საკითხებში, ისეთ ორგანოში, როგორიც არის ასოციაციის სარევიზიო კომისია. 2018-2021 წლებში ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავჯდომარე. ამ პერიოდამდე გაწევრიანებული ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის პროფესიულ კომიტეტში (ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი) და თავჯდომარეობას ვუწევდი ადვოკატის უფლებათა დაცვის კახეთის კომიტეტს. შესაბამისად, შეხება მქონდა ადვოკატთა თვითორგანიზების პროფესიულ საკითხებთან და მივიჩნევ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წესდებას, რომლითაც გამოხატულია ადვოკატთა თვითორგანიზების ნება, ასევე შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის დებულებების მიმართ. ჩემი შეფასებით, სადავო ნორმა, როგორც სახელმწიფოს კანონი, ქმნის პროფესიულ თვითრეგულაციაში ჩარევის შესაძლებლობას, მართლმსაჯულების რგოლის ისეთი საპირისპირო ორგანოს მხრიდან, როგორიც არის პროკურატურა, ვინაიდან ადვოკატს აკისრია დაცვის ფუნქცია, ხოლო პროკურატურა ბრალდების დისკრეციული უფლებით არის აღჭურვილი.

სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მოსაზრება:

სადავო ნორმა, კერძოდ ადვოკატთა შესახებ “საქართველოს კანონის 30-ე მუხლი ეხება აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრად ადვოკატის არჩევის შეზღუდვის შემთხვევებს. ამავე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ:

ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება;

ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში;

გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული, პროფესიულ თვითრეგულაციაში ჩარევის დაშვების საფუძვლად მიმაჩნია ხსენებული კანონის, მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი: ,,ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში“, რომელიც ,,ა“ პუნქტისაგან განსხვავებით, რომლითაც გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულების შეუსრულებლობა, ეს პუნქტი აწესებს, სასამართლოს, საბოლოო და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გარეშე უფლების შეზღუდვას, ისეთი შემთხვევაში, თუ ადვოკატი ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. აქვე მნიშვნელოვანია ის, რომ ,,ადვოკატთა შესახებ“, საქართველოს კანონის თანახმად, ადვოკატის ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, კერძოდ ადვოკატის მიმართ ბრალდების წარდგენა პროკურატურის მიერ, არ იწვევს ადვოკატის სტატუსის არც შეჩერებას და არც შეწყვეტას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ არის დაწესებული ადვოკატთა ასოციაციის წესდებით, რომელიც არეგულირებს, როგორც პროფესიაში შესვლის სტანდარტებს, ასევე აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად ნომინირების წესს. შესაბამისად, აღნიშნული შეზღუდვა დაწესებულია არა ადვოკატთა საერთო კრების მიერ მიღებული წესდებით, არამედ სახელმწიფოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით, რაც თანხვედრაში არ მოდის წესდებასთან, ანუ ადვოკატთა საერთო კრებამ არ მიიჩნია მართებულად აღნიშნული ჩანაწერი.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფცია, ჩემს მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის კონტექსტში, ეწინააღმდეგება ამგვარ ჩარევას და აკრძალვას, ვინაიდან მართალია ეს ჩანაწერი შეეხება პირის უდანაშაულოდ მიჩნევას, იმ მოცემულობაში, როდესაც არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა ამავდროულად მოიაზრებს, რომ უდანაშაულო ადამიანს არ შეეზღუდოს ის უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული აქვს კონსტიტუციით და კანონებით.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია მივუთითო, რომ ამოღებული იქნა რა, ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლითაც დადგენილი იყო, რომ ადვოკატის მიმართ საქმეს აღძრავდა გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე, ამჟამად, ადვოკატის მიმართ ბრალდების წარდგენის ფუნქციით აღჭურვილია რიგითი პროკურორი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველზე და ეს პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლოს უფლება არ აქვს გააუქმოს აღნიშნული სახის დადგენილება და მხოლოდ დაშვებულია სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამგვარად, პროკურორის გადაწყვეტილებით, სადავო ნორმის საფუძველზე ადვოკატს ეკრძალება აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრად არჩევა. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ადვოკატის და პროკურორის როლებს შორის ურთიერთსაპირისპირო ხასიათი ფუნქციები და იმის დაშვება, რომ ადვოკატმა მოიპოვა რა გამამართლებელი განაჩენი ამა თუ იმ პროკურორის მიმართ, მას უფლება აქვს მივიდეს სამსახურში და ადვოკატის მიმართ დაიწყოს გამოძიება, შემდეგ კი წარუდგინოს ბრალდება. ამასთან ისიც, რომ საპირისპიროდ, ადვოკატთა გაერთიანების გადაწყვეტილება კანონის თანახმად ვერანაირ ზეგავლენას ვერ იქონიებს პროკურატურის თანამდებობის პირის ნომინირების საკითხში. მეტიც, ადვოკატთა ასოციაციამ, ხზენებული ორგანოების გადაწყვეტილებებით შესაძლოა გააპროტესტოს ან სადავოდ გახადოს პროკურატურის მიდგომა თუნდაც ადვოკატების მიმართ გამოძიების დაწყების და სისხლის სამართლებრივი დევნის პრაქტიკის და სტანდარტების ჩამოყალიბებისას, ადვოკატის ინსტიტუციონალური როლის შევიწროვების საკითხზე, რაც პირდაპირ გავლენას ვერ იქონიებს პროკურატურის დისკრეციულ სტრატეგიაზე და სადავო ნორმა უშვებს ხსენებულ ორგანოთა შორის უფლებამოსილებებში პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობას და ქმნის ორი დამოუკიდებელი ორგანოს პროფესიულ მოვალეობების თავისუფალი განხორციელების შეზღუდვის თუ აღნიშნულ ორგანოთა შორის კონფლიქტის საფრთხეს, რაც ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის საწინააღმდეგოა.

2005 წელს შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ადვოკატთა ასოციაციის წესდების პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით ,,ვაგრძელებთ რასაქართველოში ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების მრავალწლიან ტრადიციებს, 2005 წლის 26 თებერვლის საერთო კრებაზე ჩვენ, საქართველოს ადვოკატებმა დავაფუძნეთ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, რათა საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ხელი შევუწყოთ საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებას, კანონის უზენაესობის დამტკიცებას და ადამიანის უფლებების დაცვას, იურიდიული პროფესიის განვითარებას. უზრუნველვყოთ ადვოკატის დამოუკიდებლობა, მისი უფლებების დაცვა და პროფესიული თავისუფლება.

ადვოკატთა ასოციაციის წესდების 131 მუხლით რეგლამენტირებულია ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრთა ნომინირების და არჩევის წესი. 131.1. პუნქტის თანახმად, საერთო კრების თარიღის გამოქვეყნებიდან შვიდი დღის ვადაში ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრობის მსურველი კანდიდატი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წარუდგინოს განაცხადება ასოციაციის აპარატს. განცხადება უნდა შეიცავდეს კანდიდატის სახელს და გვარს, ასოციაციის წევრის სიით ნომერს, ინფორმაციას საადვოკატო ბიუროში საქმიანობის, პროფესიული გამოცდილების, ადვოკატად მუშაობის სტაჟის და ფაქტობრივ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს (24.10.2015).

131.2. პუნქტის მიხედვით კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს თავისი კანდიდატურა მხოლოდ ერთ არჩევით ორგანოში.

131.3. - დადგენილია, რომ ,,ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმებას განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში. თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობისა და ამ წესდების მოთხოვნებს, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უზრუნველყოფს მსურველის რეგისტრაციას კანდიდატად და შეაქვს საარჩევნო ბიულეტენში“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანდიდატის ნომინირება უნდა შეესაბამებოდეს როგორც წესდებას, ისევე კანონს, თუმცა ვინაიდან წესდებაში მსგავსი ჩანაწერი არ არის, პირის მიმართ ბრალდების წარდგენის საკითხი მაინც შესაძლოა გახდეს პირის კანდიდატად ნომინირებაზე უარის თქმის საფუძველი, კანონზე მითითებით, თუმცა კანდიდატმა შესაძლოა ამ საკითხზე იდავოს წესდებაზე ხაზგასმით, რათა სწორედ წესდებაა მიღებული ადვოკატთა საერთო კრების მიერ და მმართველი ორგანოს მიერ თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად, როგორც წესდება ისე კანონი. თუმცა ფაქტია, პროფესიულმა კრებამ წესდების მიღებისას ეს ჩანაწერი იმთავითვე მიიჩნია კონსტიტუციასთან თუ ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოდ და წესდებაში პირდაპირ არ გადმოიტანა კანონის სადავო ჩანაწერი.

ხსენებული კანონის 30 მუხლს, რომელიც შეიცავს სადავო ნაწილს, აქვს შემდეგი სახის მინაწერი: ,,საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55“ , რაც გულისხმობს, რომ ამ კანონით, ხსენებულ მუხლში შევიდა ცვლილება 20/06/2001 წლის კანონში, პირველად სახეში, თუმცა ამ კანონით N (970) , რაც ახლავს კანონს, ცვლილება არ შესულა არც 30-ე მუხლში და არც 55-ე მუხლში. რაც საკანონმდებლო მაცნეში იძებნება, საკითხთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა 213- და 25-ე მუხლებში. 21​3 მუხლით დარეგულირდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხი და განისაზღვრა, რომ ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუწყდება: ბ) ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის; ე) თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მის მიმართ გამოყენებულ იქნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განისაზღვრა, რომ ,,ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს იღებს ცნობად.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგინდა, რომ: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ.“

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, მოქმედი წესდებით, ასევე კანონით, წევრობის შეწყვეტის საფუძველია მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კანონის 25-ე მუხლს, (ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი) მისი პირველი ნაწილით დადგინდა, რომ:

,,ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოიციაციის წესდებით.“

ამავე კანონის 24 -ე მუხლით დადგენილია ადვოკატთა ასოციაიის საერთო კრების ფუნციები, კერძოდ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით:

ა) ამტკიცებს ასოციაციის წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;

ბ) ირჩევს და ათავისუფლებს ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით;

გ) ამტკიცებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსსა და „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულებას;

დ) ისმენს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) აწესებს საწევრო გადასახადის ფიქსირებულ ოდენობას.

აღნიშნულიდან დგინდება, რომ ხსენებული ორგანოები აირჩევიან საერთო კრების მიერ, წესდებით დადგენილი წესით, თუმცა კანდიდატის რეგისტრაცია ხორციელდება ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით და ადვოკატთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ კანონი წევრების არჩევის უფლებამოსილებას საერთო კრებას ანიჭებს და ამავდროულად, აწესებს რა, კანდიდატის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო კენჭისყრაში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას, ფაქტიურად ერევა კანდიდატად რეგისტრაციის პროცესში, რაც რათქმა უნდა გამორიცხავს იმის უფლებას, რომ კანდიდატი საერთო კრებამ აირჩიოს.

აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევა ხდება 4 წელიწადში ერთხელ, ვინაიდან წევრები აირჩევიან 4 წლის ვადით. შესაბამისად, თუ მოქმედი ჩანაწერის საფუძველზე კანდიდატს უარი ეთქმევა კანდიდატად რეგისტრაციაზე, თუნდაც მის მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი ან შეწყდეს საქმე, ის 4 წლის განმავლობაში ვეღარ იყრის კენჭს შესაბამის ორგანოებში და ეს მდგომარეობა ვერ შეიცვლება, ვერ გამოსწორდება, ხოლო მისი უფლებების აღდგენა ამ ნაწილში ვეღარ განხორციელდება ვინაიდან არც წესდება და არც კანონი ამ საფუძვლით არ ითვალისწინებს ხელახალი არჩევნების ჩატარებას. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის მოქმედება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს კანდიდატობის მსურველს. მორიგი ასეთი არჩევნები ტარდება 2025 წლის დეკემბრის თვეში.

ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს არსებობს თუ არა მსგავსი პრაქტიკა.

პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პროკურორის სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, მისი თანამდებობიდან გადაყენების უფლება აქვს გენერალურ პროკურორს. კანონით არ არის დადგენილი მაგალითად საპროკურორო საბჭოს წევრობის შეზღუდვა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონიც არ ითვალისწინებს მსგავს დებულებებს და პირის მიმართ ბრალდების წარდგენა ხელს პირდაპირ არ უშლის ამ პირის გარკვეულ თანამდებობაზე არჩევას. მსგავსად, არც საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს პირის მიმართ ბრალდების წარდგენის გამო. საერთაშორისო მაგალითისათვის, ცნობილია, რომ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი ჰქონდა, ჯამში 91 ბრალდება. ეს იმიტომ, რომ აშშ-ს საარჩევნო კოდექსი და კონსტიტუცია არ უშლიდა ხელს სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, რაც გლობალური პრინციპს წარმოადგენს და სწორწდ ამიტომ, მართალია ჩვენ არ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა ჩვენც გვაქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის ჩანაწერი, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში და ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ კანონიერებაში პრინციპულები ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, რაც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს.

საკითხის განხილვისათვის, დამარწუნებელ დამატებით არგუმენტად ვეცდები მოვიშველიო ის გარემოებაც, რომ განსხვავებით დანიშვნის წესით შესარჩევი თანამდებობისგან, სადაც შესაძლოა ზოგ შემთხვევებში კანონის დონეზე იყოს დასაშვები მსგავსი შეზღუდვა, კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარი რეპუტაციის თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრობა - არჩევითია, რა დროსაც ადვოკატები საერთო კრებაზე თვითონ წყვეტენ კანდიდატს აქვს თუ არა დადებითი რეპუტაცია. მეტიც, ისინი შესაძლოა აცნობიერებდნენ, რომ ადვოკატისათვის წარდგენილი საეჭვო ხასიათის ბრალდება, ზოგჯერ ემსახურება ადვოკატთა დისკრედიტაციას, ვინაიდან ქვეყნების პრაქტიკაში ხშირად ხდება ადვოკატის დევნა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ ადვოკატთა დაცვის შესახებ კონვენციის მიღების ფაქტი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პირის მიმართ ბრალდების წარდგენის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილებას წარმოადგენს პირის თანამდებობიდან გადაყენება. ამ საკითხის განსახილველად დაყენება თვით ბრალდების მხარის უფლებასაც წარმოადგენს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეს იქნება სასმართლოს აქტი და სადავო აღარ იქნება არჩევის შეზღუდვაზე გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც არც ბრალდების მხარეს მოუთხოვია თანამდებობიდან გადაყენება ან საქმიანობის აკძრალვა და არც სასამართლოს უმსჯელია ამ საკითხზე, კანონში მსგავსი შეზღუდვის არსებობა, არაკონსტიტუციურობიაზე მეტყველებს, კონსტიტუციის 31-ე მუხლის ხსენებულ დებულებებზე მითითებით, რაც სწორედ ზოგიერთ თანამდებობის, (ამ შემთხვევაში უკვე ,,ყოფილ“ თანამებობის) პირთა თვითნებური მოქმედებისაგან, მეორე ადამიანის დაცვის საშუალებას წარმოადგენს.

ცალკე საკითხია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დისკრეციის პრობლემურობა, როდესაც პროკურორს შეუძლია ადამიანს წარუდგინოს დაუსაბუთებელი და მტკიცებულებებთან საწინააღმდეგო ბრალდება და ამავე საქმეში არსებული მტკიცებულებების სიყალბის და უფლებამოსილების გადამეტებების ფაქტების ცალსახად, მტკიცებულებებით, ექსპერტიზებით დადგენის მიუხედავად ამ ფაქტზე არ დაიწყოს გამოძიება მიუხედავად საჩივრების სიმრავლისა. კანონით პირდაპირ არ საჩივრდება პროკურორის დუმილი გამოძიების დაწყებაზე მოთხოვნის დროს, რა დროსაც განცხადების ავტორი ვერ იგებს ეს განპირობებულია სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის პრონციპით, თვითდადანაშაულებისგან დაცვით თუ სხვა რაიმე საფუძვლით. ამგვარი კანონმდებლობის პირობებში უკანონოდ ბრალდებისგან თავის დაცვის საშუალება მხოლოდ სასამართლო განხილვაა, რაც გრძელვადიან პროცესთან არის დაკაშვირებული და სწორედ ამიტომ

ბრალდების წარდგენა თავის არსშივე უშვებს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ან დევნის შეწყვეტას. სწორედ ამიტომ ბრალის წარდგენა - სისხლისსამართლებრივი შედავება, არ უნდა გახდეს ისეთი უფლების აკრძალვის საფუძველი, როგორიც არის კენჭისყრა პროფესიულ საქმიანობაში არსებული, არჩევითი ორგანოს დასაკავებლად.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ