• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.09.2025
      • N1889
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის №2/17/1851 განჩინება საქმეზე „მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/17/1889
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 14 ნოემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 24 ნოემბერი 2025 14:12

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2025 წლის 4 სექტემბერს, კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1889) მომართა მაია ფირანაშვილმა. №1889 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 5 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 14 ნოემბერს.

2. №1889 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც, განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს; გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ; დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე ან, რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ე) განმცხადებლის ხელმოწერას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, „ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.“

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

5. №1889 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მითითებით, სადავო ნორმები ქმნის შესაძლებლობას, კრედიტორმა ნოტარიუსს მიმართოს სააღსრულებო ფურცლის გამოცემის მიზნით, ნოტარიუსი კი, თავის მხრივ, არ ამოწმებს იმ გარემოებას, ნამდვილად დაირღვა თუ არა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, მყისიერად იწყება აღსრულების წარმოება და მოვალეს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტები, დაიცვას მისი კონსტიტუციური უფლება, რაც გულისხმობს, მისი უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს მიერ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ უნდა ხდებოდეს აღსრულების წარმოების დაწყება.

6. მოსარჩელე მხარე, სადავოდ ხდის აგრეთვე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტს. მისი განმარტებით, დაუშვებელია, ნოტარიუსი გასცემდეს სააღსრულებო ფურცელს ისე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გამოითხოვოს. ამ შემთხვევაში, სასამართლო პროცესის გარეშე, პირს ეზღუდება შესაძლებლობა დაამტკიცოს საკუთარი პოზიცია.

7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები ზღუდავს საპროცესო უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებასთან, შესაბამისად, ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1889 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმების მიხედვით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც, განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. სადავო ნორმა, აგრეთვე, ადგენს ხსენებული განცხადების შევსების წესს. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.

3. მოსარჩელის განმარტებით, სააღსრულებო ფურცლის გაცემისას, ნოტარიუსს არ ევალება, შეამოწმოს, ნამდვილად დაირღვა თუ არა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულება, სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე კი დაუშვებელია. მოსარჩელის პოზიციით, ასეთ შემთხვევებში, მყისიერად იწყება აღსრულების პროცესი სასამართლო კონტროლის გარეშე. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ სასამართლოს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დადასტურების შემდგომ უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი და, ამ კონტექსტში, მოსარჩელის პოზიციით, მას ერღვევა საკუთარი პოზიციის სასამართლოს მეშვეობით დამტკიცების უფლება. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ გარანტიებთან.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით, განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). მითითებული კონსტიტუციური დებულება იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად, მიმართოს სასამართლოს.

5. საყურადღებოა, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, ერთი მხრივ, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილებას და წესს, მეორე მხრივ, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, კრედიტორის მიერ წარსადგენ სავალდებულო დოკუმენტაციას და განცხადების შევსების ინსტრუქციას. აგრეთვე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. შესაბამისად, სადავო ნორმების რეგულირების სფერო ამოიწურება სააღსრულებო ფურცლის გაცემის პროცედურის მოწესრიგებით, კერძოდ, ისინი ადგენს ნოტარიუსსა და კრედიტორს შორის სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით სამართლებრივ ურთიერთობას. ნათელია, რომ ხსენებული ნორმები არ შეეხება მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოსათვის მიმართვის გზით დაცვის რეგულირებას. კერძოდ, სადავო ნორმების საფუძველზე, არ ხდება სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობის ან/და სასამართლოს მეშვეობით რომელიმე უფლების დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა. ამგვარად, გასაჩივრებულ ნორმებს არ აქვს შემხებლობა სასამართლოში უფლების დაცვის პროცესუალურ ასპექტთან და, ამ მხრივ, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს შორის.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1889 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1889 კონსტიტუციური სარჩელი („მაია ფირანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ