• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 6 ოქტომბრის №1/13/1958 განჩინება საქმეზე "საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 89 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 89 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/13/1958
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი,
თარიღი 6 ოქტომბერი 2026
გამოქვეყნების თარიღი 6 ოქტომბერი 2026 16:32

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გოგა კიკილაშვილი - წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 89 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

დავის საგანი: პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 21 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1958) მომართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა (სულ 89 წევრი). №1958 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2026 წლის 23 აპრილს. №1958 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 6 სექტემბერს.

2. №1958 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება, იმავე მუხლის მე-4 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 35-ე მუხლის პირველი პუნქტი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლი, 36-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 222-ე მუხლი.

3. №1958 კონსტიტუციური სარჩელის ხელმომწერი პირები არიან საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის 89 წევრი, რომელთა რაოდენობაც შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის უფლების განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ხელმომწერთა რაოდენობას - პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. აღნიშნული სარჩელით სადავოდ არის გამხდარი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხი. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმავდროულად, [საქართველოს] კონსტიტუცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის უფლებამოსილებას, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე ახორციელებს.

4. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. მოსარჩელის განმარტებით, ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს.

5. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ისინი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში, წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ; აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.

6. №1958 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე არგუმენტაციას ავითარებენ რამდენიმე მიმართულებით: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმითა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებით; საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით.

7. მოსარჩელე მხარე პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის საკითხის დასასაბუთებლად, კონსტიტუციით განსაზღვრულ თითოეულ, ზემოხსენებულ საფუძველთან მიმართებით დეტალურ, კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაფუძნებულ არგუმენტაციას წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემა, იმავე პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის უფლებების სხვაგვარად ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო. ყოველივე ეს დასტურდება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში (შემდგომ − დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა) ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფის პრაქტიკის არსებობა, რომელიც 2004-2012 წლებში განხორციელდა, დაადგინა და დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც, რაც მის სხვადასხვა გადაწყვეტილებაშია ასახული. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა გადმოცემით, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო.

8. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კი, მოსარჩელე განმარტავს, რომ „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა რიგი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც, ხოლო 2012 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული გარემოება დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული კატეგორიების მიხედვით.

9. №1958 კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ, განეკუთვნებიან შემდეგი პოლიტიკური პარტიები: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200078888); მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030022); მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030264); მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ფედერალისტური პარტია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030594). იმავდროულად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: აღნიშნული პოლიტიკური პარტიები საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში) წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ. ამის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მკაფიო მაგალითია აღნიშნული პოლიტიკური პარტიების მიერ 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა „ერთობლივი მუშაობისთვის საერთო მიზნების მისაღწევად“. ამ ალიანსის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია აღნიშნული პოლიტიკური პარტიების „სტრატეგიული ერთიანობის“ ხელშეწყობა, ხოლო მისი ერთ-ერთი დეკლარირებული სტრატეგიული პრინციპია არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა. ამრიგად, ეს პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს, ერთიან პოლიტიკურ პოზიციას და გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა.

10. მოსარჩელე მხარის მითითებით, ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია − დროა“ და „გირჩი − მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“ და სხვა ფიქციური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამასთანავე, მათი ნაწილი ფაქტობრივად ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაშია, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

11. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სამივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.

12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, საქართველოს პარლამენტის 2016 (2018, 2020, 2021) წლის (საპარლამენტო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) არჩევნებზე ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, გარკვეულ პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებებსა თუ სხვა ოფიციალურ დოკუმენტებსა და აქტებზე.

13. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 18 მაისს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარმოუდგინა ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაწოდოს სამართლებრივი შეფასება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის შეჯერების საფუძველზე. ასევე, სასამართლოს მეგობარს სურს, ხაზი გაუსვას სარჩელის წარდგენის დროს არსებულ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს, რომელიც მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული ტენდენცია დამატებით აძლიერებს განხილული დავის სენსიტიურობას, ვინაიდან სარჩელის არსი და მიზანი საჭიროებს განსაკუთრებულად ფრთხილ შეფასებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩარევა არ გასცდეს დემოკრატიული წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ ფარგლებს.

14. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ავტორის მითითებით, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას თავისი წარმომადგენლებისა და სხვა დემოკრატიული მექანიზმების მეშვეობით ახორციელებს. პოლიტიკური პლურალიზმის არსებობის პირობებში, მოქალაქეებს აქვთ საშუალება აირჩიონ წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე უკეთ გამოხატავენ მათ ინტერესებსა და მისწრაფებებს. პარტიების აკრძალვით იზღუდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და მათში გაერთიანებული პირების უფლებები, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლება - განახორციელოს ხელისუფლება.

15. წერილობით მოსაზრებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, პოლიტიკური პარტიების თავისუფალი საქმიანობა პლურალიზმისა და დემოკრატიის ფუნდამენტური კომპონენტია. პარტიათა აკრძალვა დაუშვებელია იმ შემთხვევაში თუ ეს აუცილებელი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ამავდროულად, არ უნდა არსებობდეს უფრო მსუბუქი საშუალება იმავე მიზნის მისაღწევად. პარტიის აკრძალვა უკიდურესი და პრაქტიკულად შეუქცევადი ზიანის მიმყენებელი ზომაა, შესაბამისად, ეს ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას აღნიშნულ დავასთან მიმართებით.

16. სასამართლოს მეგობრის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელი არ შეიცავს საჭირო ფაქტობრივ მტკიცებულებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის მოხმობას. კონკრეტული დანაშაულები, ასეთის არსებობის შემთხვევაში კონკრეტულ პირებს უნდა შეერაცხოთ, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. მისი აპელირებით, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ამართლებდეს ლეგიტიმურ მიზანს. დემოკრატიული კურსიდან მკვეთრი გადახვევის, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის, ძალადობრივი კანონშემოქმედების, მედიასა და არასამთავრობო სექტორზე მნიშვნელოვანი წნეხისა და რეპრესიების ფონზე, შეუძლებელია თავდაცვისუნარიანმა დემოკრატიამ თავისი დანიშნულება შეასრულოს.

17. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების ავტორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებსა და სახელმძღვანელოებზე.

18. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 19 აგვისტოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ასევე წარმოუდგინა საქართველოს მოქალაქემ პაატა ბარბაქაძემ - ხაშურის რეგიონული კოოპერატივის (ს/კ: 243854281) დამფუძნებელმა. წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ამ უკანასკნელის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია და სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც დაკავშირებულია 2004-2012 წლებში განვითარებულ მოვლენებთან და არსებითი მნიშვნელობა აქვს განსახილველი კონსტიტუციური საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის. სასამართლოს მეგობარი წერილობით მოსაზრებაში მიუთითებს მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციაზე [რომელთაც დამატებით ურთავს წერილობით მოსაზრებას], რომელიც შეეხება მისი პატიმრობის პერიოდს, ჯერ კიდევ მიმდინარე გამოძიების პროცესს და მის მიერ დაფუძნებული რეგიონული კოოპერატივის არსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში შეზღუდვის ფაქტებს.

19. როგორც სასამართლო მეგობრის მოსაზრების ავტორი მიუთითებს, საკითხის სწორად და კონსტიტუციურად გადაწყვეტის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს წერილობით მოსაზრებაში მითითებულ ფაქტებზე და შეაფასოს: ა) საკუთრების უფლების დაცვის გარანტიები; ბ) სამართლიანი სასამართლოს უფლება; გ) სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი; დ) სახელმწიფო ორგანოების კანონიერებისა და უფლებამოსილების ფარგლები; ე) პირისათვის ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მეგობრის პოზიციით, განსახილველი საკითხის სრულყოფილად შეფასებისთვის, მნიშვნელოვანია 2004-2012 წლებში განვითარებული მოვლენების ერთობლივად, ურთიერთკავშირში განხილვა, მათ შორის, მის მიმართ არსებული სამართლებრივი საკითხების მხედველობაში მიღებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. №1958 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 89 წევრი. 2026 წლის 21 სექტემბერს, №1958 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარემ საქმის შეწყვეტის მოთხოვნით განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

3. ამრიგად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1958 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. შეწყდეს საქმე №1958 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 89 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გოგა კიკილაშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ