სიახლეები
ახალი მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონია
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლადგანწესებული მოსამართლეების სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბათუმის მერი.
სერგო მეთოფიშვილი, 22 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ. ასევე, 22 სექტემბერს დაინიშნა გოგა კიკალიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.
საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავის, მე-60 მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად: საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი,3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.