სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1846 კონსტიტუციური წარდგინება
2025 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1846 კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
სადავო ნორმა ზღუდავდა, მათ შორის, ბრალდებულის სტატუსის არმქონე პირის ორგანიზმიდან ნიმუშის იძულებით აღების შესახებ მიღებული განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმის საფუძველზე, გასაჩივრების უფლების შეზღუდვა მიიჩნია პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილების ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებად.
შეზღუდვის ვიწრო პროპორციულობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ბიომეტრიული და, მით უფრო, გენეტიკური მონაცემების შემცველი ნიმუშის აღება, პირის ნების საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მათი მოპოვება და დამუშავება ხდება საპოლიციო/საგამოძიებო მიზნებისათვის, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირად სფეროში/პრივატულ სივრცეში ინტენსიურ ჩარევას. აღნიშნული ქმედება კი მოითხოვს სათანადო გარანტიებს, რათა მაქსიმალურად იქნეს დაზღვეული უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები. ამ გარანტიების არსებობის საჭიროება კიდევ უფრო თვალნათელი ხდება მაშინ, როდესაც ნიმუშის აღება ხორციელდება ბრალდებულის სტატუსის არმქონე პირისგან, რომელსაც აქვს განსაკუთრებით მყარი ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მისი პრივატული სივრცე, ფიზიკური მთლიანობა მაქსიმალურად იქნება დაცული სახელმწიფოს ჩარევისაგან.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის სტატუსის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის სათანადო დაცვის და, აქედან გამომდინარე, მათთვის გასაჩივრების უფლების მინიჭების ინტერესი გადაწონიდა პროცესის ეკონომიურობისა და სააპელაციო სასამართლოს გადატვირთულობისგან დაცვის საჯარო ინტერესებს. შესაბამისად, სადავო ნორმა, რომელიც გამორიცხავდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობას, არღვევდა გონივრულ ბალანსს პირის შეზღუდულ უფლებასა და მისაღწევ ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს შორის, რის გამოც სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა, ვერ პასუხობდა თანაზომიერების პრინციპის ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბრალდებულის სტატუსის არმქონე პირს უკრძალავდა მისგან ნიმუშის აღების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
