სიახლეები
სომხეთის რესპუბლიკის ელჩის საქართველოში და გენერალური კონსულის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში ნარინე მატოსიანს და საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი დიალოგის გაღრმავებას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტის განხორციელების საკითხი სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც ხელს შეუწყობს ორ სასამართლოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.