სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1737 კონსტიტუციური სარჩელი)

2023 წლის 14 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1737 კონსტიტუციური სარჩელი).

განსახილველ საქმეზე სადავო ნორმა განსაზღვრავს საოჯახო პაემნის ცნებას და ადგენს, რომ იგი არის ქალი მსჯავრდებულის შეხვედრა კანონით განსაზღვრულ პირებთან თავისუფლების აღკვეთის ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა საოჯახო პაემნის უფლებით სარგებლობისგან დისკრიმინაციულად გამორიცხავს ერთი მხრივ ქალ ბრალდებულებს, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მამაკაცებს, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს გააჩნია თანაბარი ინტერესი ჰქონდეს თავის ოჯახთან პირდაპირი და უშუალო კონტაქტი (მათ შორის ინტიმური), რის საშუალებასაც იძლევა საოჯახო პაემანი. თავის მხრივ, სადავო წესის საფუძველზე, ქალ მსჯავრდებულებსა და მამაკაც მსჯავრდებულებს შორის დადგენილი დიფერენცირება ეფუძნება საზოგადოებაში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის ტრადიციულ როლთან დაკავშირებით, რაც ვერ იქნება უთანასწორო მოპყრობის გამამართლებელ გარემოებად მიჩნეული.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, მსჯავრდებული ქალებისთვის საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლების ეფექტიანი რეალიზება იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია ამ უფლებათა განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. მიუხედავად ამისა, სადავო წესი ვერ პასუხობს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაცია რაციონალურად და სამართლიანად არ ანაწილებს საოჯახო პაემანს ერთი მხრივ ბრალდებულ ქალებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მამაკაცებზე და ბლანკეტურად გამორიცხავს საოჯახო პაემნის უფლების მათზე გავრცელებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.