სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1597 კონსტიტუციური სარჩელი)

2023 წლის 15 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1597).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესს, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ასპექტს, რომლის მიხედვითაც, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა განჩინების აღსრულების მომენტიდან იწყება.

მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს მოსამართლის განჩინების იმ პირისათვის ჩაბარების წესს, რომლის კერძო საკუთრებაშიც გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. შედეგად, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს სასამართლოს არგუმენტაციას და წარადგინოს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი. მოსარჩელის პოზიციით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ სასამართლოს იმ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, უნდა იწყებოდეს არა განჩინების აღსრულების, არამედ მისი ჩაბარების მომენტიდან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.