სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1351 კონსტიტუციური სარჩელი

2023 წლის 9 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1351 კონსტიტუციური სარჩელი („ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა მას დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებთან მიმართებით, რაც ეწინააღმდეგებოდა თანასწორობის უფლებას. მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა მხოლოდ მემკვიდრეობითი სამართლიდან მომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ დისკრიმინაციულია მიდგომა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები სარგებლობენ ერთმანეთის მიმართ მემკვიდრედ ყოფნის უფლებით, თუმცა ასეთივე უფლება არ წარმოეშობათ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფ წყვილებს.

მოპასუხე მხარის პოზიციით, ქორწინების რეგისტრაცია ემსახურება სამართლებრივი უსაფრთხოების, განსაზღვრულობის, სამოქალაქო ურთიერთობებში წესრიგისა და სტაბილურობის დამყარებას. პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო ნორმა არის ნეიტრალური შინაარსის და არ გამოყოფს რომელიმე პირთა ჯგუფს. ასევე, სადავო ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში არ აყენებს არც ერთ პირთა ჯგუფს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების არსი და მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შეფასებას ექვემდებარება სამი განსხვავებული შემთხვევა: ა) სახელმწიფო არსებითად თანასწორ პირებს, ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე, ეპყრობა განსხვავებულად; ბ) სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფორმალურად თანასწორი მოპყრობა ფაქტობრივად იწვევს კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით იდენტიფიცირებადი რომელიმე ჯგუფის (არაპირდაპირ) დიფერენცირებას; გ) როდესაც სახეზეა პირთან მყარად დაკავშირებული ნიშანი, რომლის გამოც ისინი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, მიჩნეული უნდა იქნენ არსებითად არათანასწორად და წარმოეშობათ განსხვავებული მოპყრობის მოთხოვნის უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა არ ახდენს მოსარჩელის რაიმე ნიშნით დიფერენცირებას, ის ნებისმიერ ადამიანს/წყვილს უდგენს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი არ გამოყოფს პირთა რაიმე ნიშნით გამორჩეულ და იდენტიფიცირებად ჯგუფს, რომელთაც ნორმა განუსაზღვრავს განსხვავებულ მოთხოვნებს ან რაიმე დამატებით სამართლებრივ ტვირთს აკისრებს. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ახდენს მოსარჩელის რაიმე ნიშნით დიფერენცირებას სხვა პირებთან მიმართებით და არ ზღუდავს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახეზე არ არის წინაპირობები იმის დასადგენად, რომ სადავო ნორმის მოქმედება პირთა რაიმე მყარი ნიშნით გამოყოფილ კატეგორიას, ჯგუფს რეალურად აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა თანასწორ პირებთან მიმართებით. ამდენად, ადგილი არა აქვს არაპირდაპირი დიფერენცირების შემთხვევას.

საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ გამოყოფილი შესადარებელი ჯგუფები არ წარმოადგენენ არსებითად უთანასწორო პირებს, რაც გამორიცხავს სადავო ნორმის საფუძველზე დიფერენცირებული მოპყრობის არსებობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.