• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკავშირებული დოკუმენტები

    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
      • 19.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 13.10.2026
      • N3/4/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/1-1/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/11/1979
      • განჩინება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 6.10.2026
      • N1/1-1/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 24.09.2026
      • N1979
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - თინათინ ერქვანია

დოკუმენტის ტიპი amicus curiae
ნომერი ac1979
ავტორ(ებ)ი თინათინ ერქვანია
თარიღი 15 ოქტომბერი 2026

თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი

ა. საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. კონსტიტუციური სარჩელი Nr. 1979

2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

„სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება

“ჩვენ საქართველო ისეთი უნდა ავაშენოთ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და როგორსაც დღეს, ჩვენ ვოცნებობთ”.

მიხეილ სააკაშვილი

შესავალი

„ეს დღე [ომის წლისთავი] გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული კუთხის ოკუპაციის საშუალება მისცა და ეს ოკუპაცია თავისივე ხელმოწერით გაუფორმა“, - წერდა საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე საკუთარ ფეისბუკზე აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე, 2021 წელს და ამატებდა: „უნდა გვახსოვდეს ნაციონალური მოძრაობის ღალატი, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ!“[1]

მსგავსი სამართლებრივად არაკვალიფიციური რიტორიკა მითუმეტეს იურისტისგან აბსოლუტურად მიუღებელია. და საერთოდ 2008 წლის აგვისტოს ომის წამოწყებასა თუ განხორციელებაში ქართული მხარის დადანაშაულება ეწინააღმდეგება იმ საერთაშორისოსამართლებრივ შეფასებებს, რომელსაც როგორც წესი ადგილი აქვს ამ საკითხის განხილვისას სადღეისოდ.[2] და განსაკუთრებით, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის ფუძემდებლის - თსუ-ის პროფ. ლევან ალექსიძის აკადემიურ მემკვიდრეობას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავდა:[3] „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ, იმავე „აგვისტოს ომმა“, ახალი გვერდი გადაფურცლა თანამედროვე სახელმწიფოთა თანამეგობრობის ისტორიაში, რომელიც სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის, ძალის გამოყენების ან ძალით დამუქრების აკრძალვის პრინციპებსა და გაეროს წევრ სუვერენულ სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობას ეფუძნება. ყველა ეს პრინციპი უხეშად დაარღვია რუსულმა სამხედრო ძალებმა სეპარატისტული ძალების მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში – და შემდეგ კი ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე, თითქმის დედაქალაქ თბილისამდე შეჭრით. ... ძალის გამოყენება, ამ ძალის მიმართვა გაეროს წევრი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოსაყოფად, სეპარატისტული რეჟიმების de jure დამოუკიდებლობის აღიარება და მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორიების რუსეთის სამხედრო პლაცდარმებად გადაქცევა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის მინიმალურ პრინციპებს.“

ზოგადად, იურისტმა კარლ ლევენშტაინმა, რომელიც 1933 წელს გერმანიიდან აშშ-ში ემიგრირდა, განავითარა ტერმინი „Wehrhafte Demokratie“ (ინგ. „Militant Democracy“,[4] ქართ. „თადაცვითი“ ან „თავდაცვისუნარიანი დემოკრატია“), რადგან დარწმუნებული იყო, რომ ვაიმარის რესპუბლიკამ საკმარისად არ დაიცვა დემოკრატია დივერსიული ელემენტებისგან (გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი), რომლებიც მის საფუძვლებს ესხმოდა თავს. „თავდაცვითი დემოკრატია“ — რომელსაც ზოგჯერ „მებრძოლ დემოკრატიასაც“ უწოდებენ — გულისხმობს პოლიტიკურ იდეას, რომელიც მზადაა მიიღოს პრევენციული ზომები, რათა ხელი შეუშალოს დემოკრატიის დამხობის მსურველებს მისსავე განადგურებაში. პარადიგმატული მაგალითი იყო გერმანია, სადაც იოზეფ გებელსი ნაცისტების მიერ „ძალაუფლების ლეგალურად ხელში ჩაგდების“ შემდეგ ტრაბახობდა: „დემოკრატიის ერთ-ერთ საუკეთესო ხუმრობად ყოველთვის დარჩება ის, რომ მან საკუთარ მომაკვდინებელ მტრებს თავადვე მისცა საშუალება, რომლითაც ის განადგურდა“.[5] „თავდაცვითი დემოკრატიის“ მაგალითია მაგ. ჰოლოკოსტის უარყოფის კრიმინალიზაცია ევროპულ ქვეყნებში; კონსტიტუციიის ღირებულებრივი ბირთვის ე.წ. უცვლელობის (მუდმივობის) გარანტია გერმანიის კონსტიტუციაში; პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობა, არსებითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებულ კონსტიტუციებში, თუკი მათი გაცხადებული მიზანი ლიბერალური დემოკრატიული წესრიგის სრული უარყოფა ან დამხობაა და სხვ.

თანამედროვე საკონსტიტუციო სამართალი კრიზისშია, რადგან ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებითად მხოლოდ ტოტალიტარიზმის, როგორც პოლიტიკური რეჟიმის დაძლევის იდეას ემსახურება და ვერ აზღვევს სახელმწიფოს ავტორიტარული ტენდენციებისა თუ ილიბერალური დემოკრატიისათვის ნიშანდობლივი ანტისისტემური გამოვლინებებისაგან. რაც, არსებითად, იმ ანტიპოლიტიკის წარმოების საფუძველია, რომელიც ავტორიტარიზმებს ასაზრდოებს თანამედროვე მსოფლიოში და განსაკუთრებით, საქართველოში.

თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ემყარება იმ პოლიტიკურ წინაპირობებს (სახალხო სუვერენიტეტი, დემოკრატიის პრინციპი, კონტრაქტუალიზმის თეორია, სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმატორული საფუძვლები), რომლის უზრუნველყოფის შესაძლებლობას თავადვეა მოკლებული,[6] რადგან ამოსავალ წერტილად სახელმწიფო მმართველობისა უმრავლესობის არჩევანს მიიჩნევს. რაც დემოკრატიის კრიზისსაც გულისხმობს თანადროულ რეალობაში. კონსტიტუცია პოლიტიკური ფენომენია სამართლებრივთან ერთად და იმ პრობლემებსაც ირეკლავს, რომელსაც განიცდის ჩვენი რეგიონი დემოკრატიის კრიზისის გამო.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აქტუალიზირდება ე.წ. Checks and Balances, როგორც აშშ-ის კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპი და მისი განხორციელების პერსპექტივა კონსტიტუციურ რეალობაში. თავის მხრივ რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპსაც მოიცავს და ამასთან, ავითარებს მას შემდეგი იდეით - სახელმწიფო ხელისუფლება არა მხოლოდ ნაწევრდება სამ შტოდ, არამედ სამივე შტოს წიაღში ხელისუფლება ისე უნდა კონფიგურირდეს, რომ არ დაირღვეს ბალანსი მათ შორის.

Checks and Balances, როგორც სამართლებრივი წონასწორობის დაცვის პრინციპი სახელისუფლებო შტოებს შორის, საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით უშუალოდ აღიარებული არ არის, რაც პრობლემურია. მითითება ხდება მხოლოდ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, რომელიც აქცენტირებულია კონსტიტუციისვე მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში: “სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით”.

ხელისუფლების დანაწილების პრინციპის კლასიკური კონცეფციის შესახებ, მონტესკიე აღნიშნავს,[7] რომ როდესაც ერთი და იგივე პირის ან პირთა წრის გარშემო საკანონმდებლო ხელისუფლება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არის შერწყმული, პოლიტიკური თავისუფლება არ არსებობს, რადგან არსებობს ტირანული კანონების შექმნის საფრთხე, მათი ტირანულადვე აღსასრულებლად. არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება, თუ სასამართლო ხელისუფლება არ არის გამოყოფილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. თუ ის საკანონმდებლო ხელისუფლებას შეერწყმება, მოქალაქეთა სიცოცხლესა და თავისუფლებაზე ძალაუფლება თვითნებური იქნება, რადგან მოსამართლე კანონმდებელი ხდება. და თუ ის აღმასრულებელ ხელისუფლებას შეერწყმება, მოსამართლეს ხელთ უპყრია მჩაგვრელის ძალაუფლება. ყველაფერი დაიკარგება, თუ ერთი და იგივე პირთა წრე განახორციელებს ამ სამ უფლებამოსილებას: კანონების მიღებას, მათ აღსრულებას და დანაშაულების ან ინდივიდებს შორის დავების განხილვას.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ხელისუფლების სამივე შტო მორღვეულია და კონცენტრირებულია ერთი მმართველი პარტიის პარტიული ინტერესების გარშემო: საქართველოში უკვე, ფაქტობრივად, არ არსებობს ზღვარი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას სადავოდ ხდის არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, მათ შორის აკრძალვას დაქვემდებარებული პოლიტიკური პარტიების ლიდერების უკანონო მსჯავრდებები და პოლიტპატიმარი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული პოლიტიკური დევნა.

ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების (მათგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ენმ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია) აკრძალვის პროცესიც მმართველი პარტიის ამ ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება.

ზოგადად, ხელისუფლების დანაწილების მონტესკიესეული პრინციპი მხოლოდ აწმყოს არ ეხება. ის მოიცავს წარსულ ხელისუფლებათა მიმართ პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების (რევანშიზმის) და ყოველი ახალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლების მიერ ყოფილი ხელისუფლების წევრების პოლიტიკური დევნის დაუშვებლობის იდეას. თუმცა, ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, საქართველოს უშუალოდ მოქმედი კონსტიტუციის ტექსტიც ახალისებს.

საქართველოს კონსტიტუცია უკანასკნელი საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ (2017/18) ღიად პროავტორიტარულია: ადაპტირდა ერთპალატიანი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, რაც ნონსენსია პარლამენტის ზედა პალატის (ორპალატიანი პარლამენტის) არსებობის გარეშე და ახალისებს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური ძალის გარშემო; მთავრობას იგივე პარტიული უმრავლესობა აკომპლექტებს და ეს უკანასკნელი სრულად არის შერწყმული პირველთან; პრეზიდენტი არაპირდაპირ აირჩევა და თან იმ ფორმით, რომ რთულია მისი არჩევის პროცესში მმართველი პარტიის ზეგავლენის მოშთობა; გაუქმებულია მაჟორიტარული არჩევნების მოდელი საპარლამენტო არჩევნების პროცესში, რაც გამორიცხავს ინდივიდუალურ (ასევე, თუნდაც პარტიული კუთვნილების გარეშე) კანდიდირებებს და ხელს უწყობს პოლიტიკაში მხოლოდ მმართველი პარტიის კადრების ადაპტირებას და სხვ.

საქართველოს კონსტიტუციის ამ ვერსიის პირობებში თითქმის შეუძლებელია პოლიტიკურ ველზე შეღწევა რიგითი მოქალაქეებისათვის, თუკი მმართველ პარტიას და მის ავტორიტარულ პოლიტიკას არ შეერწყმებიან.

წარმოდგენილი დასკვნის მიზანია წამყვანი ოპოზიციური სპექტრის აკრძალვის საკითხის უსაფუძვლობის ახსნა და სრული ამ პროცესის ანტიკონსტიტუციურობის დასაბუთება.

1. მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის უსაფუძვლობა - მზარდი ავტორიტარიზმი საქართველოში, როგორც გამოწვევა

 

როგორც უკვე აღინიშნა, ე.წ „თავდაცვითი დემოკრატიის“ მაგალითია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობა, როგორც ასეთი. ეს შესაძლებლობა გათვალისწინებულია, არსებითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებულ კონსტიტუციებში, როგორც საყოველთაო რეაქცია გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის მძიმე გამოცდილებაზე.[8]

შესაბამისად, მნიშვნელოვანია უშუალოდ გერმანული გამოცდილების განხილვა ამ კონტექსტში, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.

გერმანიის იმპერიაში 1878 წლის 22 ოქტომბრის ანტისოციალისტური კანონებით აკრძალული იყო ყველა სოციალისტური და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია და მათი საქმიანობა 1890 წლის 30 სექტემბრამდე. თუმცა, სოციალ-დემოკრატებს კვლავ შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

1908 წლის იმპერიული ასოციაციების შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ასოციაცია, რომლის მიზანიც სისხლის სამართლის კანონს ეწინააღმდეგებოდა, შეიძლებოდა დაშლილიყო. ეს დებულება ეხებოდა არა მხოლოდ ეკონომიკური, კულტურული ან სხვა მიზნების მქონე ასოციაციებს, არამედ პოლიტიკურ პარტიებსაც, თუმცა მისი კონკრეტული მიზანი არ იყო კონსტიტუციის დაცვა.

ვაიმარის კონსტიტუციის 124-ე მუხლი[9] გაერთიანების თავისუფლებას უზრუნველყოფდა, თუმცა ამავე კონსტიტუციის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მისი სრულად ან ნაწილობრივ შეჩერება შეიძლებოდა რაიხის პრეზიდენტის საგანგებო დადგენილებებით (რაიხის პრეზიდენტის ე.წ. დიქტატორული ძალაუფლება[10]).

1921 წლის 29 აგვისტოს რესპუბლიკის დაცვის დადგენილებიდან მოყოლებული, რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრს შეეძლო აეკრძალა გაერთიანებები, რომლებიც ხელს უწყობდნენ კონსტიტუციის ან კონსტიტუციური ინსტიტუტების ძალადობრივ შეცვლას ან გაუქმებას, რესპუბლიკურ-დემოკრატიული მმართველობის ფორმის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს ან კანონებისადმი დაუმორჩილებლობას, ან რომლებიც ამცირებდნენ სახელმწიფოს კონსტიტუციურ ორგანოებსა და ინსტიტუტებს ისე, რომ საფრთხეს უქმნიდნენ საშინაო დონეზე მშვიდობას.

ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია (NSDAP) ვაიმარის რესპუბლიკაში დაარსებული პოლიტიკური პარტია იყო. მისი პროგრამა და იდეოლოგია (ნაციონალური სოციალიზმი) ხასიათდებოდა რადიკალური ანტისემიტიზმითა და ნაციონალიზმით, ასევე დემოკრატიისა და მარქსიზმის უარყოფით. ის ორგანიზებული იყო როგორც ავტორიტარული პარტია. 1921 წლიდან მისი პარტიის თავმჯდომარე იყო მომავალი კანცლერი ა. ჰიტლერი, რომლის ხელმძღვანელობითაც 1933 წლიდან 1945 წლამდე ის დომინირებდა ე.წ. მესამე რაიხში, როგორც ერთადერთი კანონიერად ნებადართული პარტია.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, NSDAP მთლიანად დაიშალა და არალეგალურად გამოცხადდა მოკავშირეთა კონტროლის საბჭოს 1945 წლის 20 სექტემბრის №2 პროკლამაციით და გაუქმდა ყველა მის ქვედანაყოფთან ერთად 1945 წლის 10 ოქტომბრის №2 მოკავშირეთა კონტროლის საბჭოს აქტით. ის კლასიფიცირებული იყო, როგორც კრიმინალური ორგანიზაცია და შესაბამისად, აიკრძალა. მისი აქტივები კონფისცირდა და დაყადაღდა, როგორც ეს უკვე 1923 წელს მოხდა. საბჭოთა ოკუპაციის ზონაში - მოგვიანებით გდრ-ში - ეს ნიშნავდა აკრძალვას მათი სიმბოლოების ფლობაზე ან გამოტანაზე, რაც ძალაში იყო გერმანიის გაერთიანებამდე, კონკრეტული მიზეზის მიუხედავად.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 1949 წელს დაარსების დღიდან აკრძალულია ნაცისტური სიმბოლოების ნებისმიერი სახის რეკლამა ნაწერების, სიტყვების ან ცალკეული სიმბოლიკის მეშვეობით.

პირველად, ნაცისტური პარტია (NSDAP) აიკრძალა 1922 წლის ივნისის რესპუბლიკის დაცვის დეკრეტების საფუძველზე: ბადენში 4 ივლისს და თიურინგიაში 15 ივლისს. გერმანელი ებრაელების გარიყვა, რომელსაც პარტია პროპაგირებდა, ბადენის მინისტრის თქმით, ეწინააღმდეგებოდა ვაიმარის კონსტიტუციას, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ყველა გერმანელი კანონის წინაშე თანასწორი იყო. თუმცა, ბადენში ეს აკრძალვა შინაგან საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა 1924 წლის 27 ოქტომბერს გააუქმა, 1924 წლის დეკემბერში რაიხსტაგის არჩევნების გამო. მინისტრმა აშკარად შეინარჩუნა უფლება, ამ არჩევნების შემდეგ აკრძალვა აღედგინა. თუმცა, NSDAP ბადენში შემდგომ აღარ აკრძალულა.

1922 წლის 21 ივლისის რესპუბლიკის დაცვის პირველი კანონის საფუძველზე, ნაცისტური პარტია აიკრძალა პრუსიაში (11 ნოემბერი), ჰამბურგში (25 ნოემბერი), მეკლენბურგ-შვერინში (30 ნოემბერი) და შაუმბურგ-ლიპეში (1922 წლის 22 დეკემბერი). 1923 წელს ბრემენმა, საქსონიამ, ჰესენმა, ლიპე-დეტმოლდმა, ბრაუნშვაიგმა და ოლდენბურგმაც იგივე მოიმოქმედეს.

NSDAP ბავარიაში 1923 წლის 9 ნოემბერს გუსტავ ფონ კარიმ ჰიტლერის პუტჩის შედეგად აკრძალა, 1923 წლის 26 სექტემბრის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის შესახებ ბავარიული დადგენილების საფუძველზე. ჰიტლერისთვის სიტყვით გამოსვლის აკრძალვა ბავარიაში 1925 წლის 9 მარტიდან 1927 წლის 5 მარტამდე მოქმედებდა.

1925 წლის 8 მაისისთვის ბავარიის მიღმა ყველა აკრძალვა თანდათანობით მოიხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება NSDAP-ს გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, „...რომელიც კონსტიტუციურად დადგენილი რესპუბლიკური მმართველობის ფორმის ძირის გამოთხრის მიზანს ისახავს...“, ნაცისტების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებამდე NSDAP-ის დაშლის ბრძანებები არ გაცემულა, მისი მზარდი პოპულარობისა და ეროვნულ დონეზე საარჩევნო წარმატების ზრდის გათვალისწინებით.

ომისშემდგომ გერმანიაში ნაცისტური პარტია (NSDAP), მის ყველა განშტოებასთან და შვილობილ ორგანიზაციასთან ერთად, აიკრძალა 1945 წლის 10 ოქტომბერს მოკავშირეთა საკონტროლო საბჭოს №2 აქტით. პარტია 1946 წელს ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე „კრიმინალურ ორგანიზაციად“ გამოცხადდა.

რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ (BVerfG) მისი დაარსებიდან დღემდე მხოლოდ ორი პარტია აკრძალა: SRP (Sozialistische Reichspartei), როგორც NSDAP-ის მემკვიდრე ორგანიზაცია, 1952 წლის 23 ოქტომბერს და KPD-ის (Kommunistische Partei Deutschlands) 1956 წლის 17 აგვისტოს.

1956 წლის შემდეგ გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში პოლიტიკური პარტია არ აკრძალულა.

ორჯერ იყო მცდელობა (2001 და 2013 წლებში) აკრძალულიყო გერმანიის ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია (NPD), ორჯერვე უშედეგოდ.

2017 წლის 17 იანვარს გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება NPD-ის აკრძალვის საკითხზე, რომლითაც განსაზღვრა შემდეგი:[11] „არ არსებობს საკმარისი და არსებითი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ პარტიის ანტიკონსტიტუციური მიზნების მიღწევა შესაძლებელია. არც ამ მიზნების წარმატებით განხორციელებაა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ფარგლებში (ა) პერსპექტივაში და არც საკმარისად შეიძლება განისაზღვროს, რომ პარტიამ სცადა ამ მიზნების მიღწევა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების შეზღუდვით, რაც მის (ბ) ბრალს წარმოადგენს.“

შესატყვისად, NPD არ აიკრძალა 2017 წელს, მაგრამ დაფიქსირდა მისი მტრული დამოკიდებულება კონსტიტუციისადმი. ამ გადაწყვეტილების გავლენით, საკანონმდებლო ორგანომ შეიტანა ცვლილებები ფედერალურ ძირითად კანონში (კონსტიტუცია, GG), რათა უზრუნველყოფილიყო ანტიკონსტიტუციური პარტიების პარტიული დაფინანსებიდან გამორიცხვის პროცედურა მათი აკრძალვის გარეშე (ძირითადი კანონის 21-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები). 2024 წლის იანვარში, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ, გერმანიის ბუნდესტაგის, ბუნდესრატისა და ფედერალური მთავრობის მოთხოვნით, ექვსი წლით ამოიღო ამ პარტიის მონაწილეობა სახელმწიფო პარტიული დაფინანსების სქემიდან, რომელსაც ამასობაში სახელი შეეცვალა და „სამშობლო“ („Heimat“) ეწოდა.

გერმანიის ფედერალური ძირითადი კანონის (GG) 21-ე მუხლი პოლიტიკურ პარტიებს, კონსტიტუციურ ცხოვრებაში მათი განსაკუთრებული სტატუსის გამო, ანიჭებს გაძლიერებული დაცვის ინსტრუმენტებს და არსებობის გარანტიას (ე.წ. პარტიის პრივილეგია). ეს, პირველ რიგში, გულისხმობს შემდეგს: სხვა პოლიტიკური გაერთიანებებისგან განსხვავებით, პოლიტიკური პარტიები არ შეიძლება აიკრძალოს ასოციაციების შესახებ კანონის შესაბამისად რაიმე ორგანოს მიერ, არამედ მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადება მხოლოდ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის დასაშვები.

გერმანიაში, ძირითადი კანონის (GG) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა ემსახურება თავისუფალი დემოკრატიული წესრიგის პრევენციულ დაცვას, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებაში ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც „გადაუდებელი სოციალური აუცილებლობა“ წინაპირობაა.[12]

გარდა ამისა, პარტია უნდა ისახავდეს მიზნად თავისუფალი დემოკრატიული ძირითადი წესრიგის აღმოფხვრას ან გაუქმებას. გაუქმება ნიშნავს „თავისუფალი დემოკრატიული ძირითადი წესრიგის სულ მცირე ერთი არსებითი ელემენტის გაუქმებას ან მის ჩანაცვლებას სხვა კონსტიტუციური წესრიგით ან მმართველობის სხვა სისტემით“.[13] ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, დარღვევად ითვლება „თუ პარტია, თავისი პოლიტიკური კონცეფციის თანახმად, საკმარისი ინტენსივობით ქმნის შესამჩნევ საფრთხეს თავისუფალი დემოკრატიული ძირითადი წესრიგისთვის“. მხოლოდ ანტიკონსტიტუციური მოთხოვნები საკმარისი არ არის.[14]

ალტერნატიული მოთხოვნაა, რომ პარტიას მიზნად ჰქონდეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის საფრთხეში ჩაგდება. ამ კონტექსტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობა გერმანიის ტერიტორიულ მთლიანობას გულისხმობს. პარტიები, რომლებიც სეპარატისტულ მიზნებს მისდევენ ან ფედერაციული რესპუბლიკიდან ცალკეული ფედერალური ერთეულების გამოყოფას ცდილობენ, ამას ეწინააღმდეგებიან.

NPD-ის მეორე აკრძალვის სამართალწარმოებაში, ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ უფრო განავითარა ეს ფორმულა „მიზნის“ ელემენტიდან გამომდინარე, რომ ეს გულისხმობს დაგეგმილ ქმედებას, რომელიც, კვალიფიციური მოსამზადებელი აქტის გაგებით, მიზნად ისახავს თავისუფალი დემოკრატიული ძირითადი წესრიგის დარღვევას ან აღმოფხვრას ან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობისთვის საფრთხის შექმნას.[15]

გარდა ამისა, 2017 წლის NPD-ის გადაწყვეტილების თანახმად, „განზრახული ქმედება“ ივარაუდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, „თუ არსებობს კონკრეტული მინიშნებები, რომლებიც, სულ მცირე, შესაძლებელს ხდის, რომ ძირითადი კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით[16] დაცული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მხარის ქმედებები წარმატებული იქნება (პოტენციურობა)“.

შესაბამისად, გერმანული საკონსტიტუციო და პოლიტიკურ პარტიათა სამართალი მკაცრ მოთხოვნებს ავითარებს პოლიტიკურ პარტიათა აკრძალვის შესაძლებლობის კონტექსტში. არსებითია პარტიის ანტიკონსტიტუციური მიზნების განხორციელებადობის მაღალი ხარისხი. და ამასთან, ეს ანტიკონსტიტუციურობა უნდა გამოიხატებოდეს კონსტიტუციით დამკვიდრებული თავისუფალი დემოკრატიული წესრიგის სრული გადახედვის მცდელობაში, მინიმუმ.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების აკრძალვებს სხვა ევროპულ ქვეყნებში, ომის დასრულებისთანავე, ავსტრიაში რენერის დროებითმა მთავრობამ მიიღო „8 მაისის კონსტიტუციური კანონი NSDAP-ის აკრძალვის შესახებ (აკრძალვის კანონი)“: მუხლი 1: „NSDAP, მისი პარამილიტარული ორგანიზაციები (SS, SA, NSKK, NSFK), მისი ქვედანაყოფები და შვილობილი ასოციაციები, ასევე ყველა ნაციონალ-სოციალისტური ორგანიზაცია და ინსტიტუტი ზოგადად, დაიშალა; მათი ხელახლა დაარსება აკრძალულია“. აკრძალვა ამჟამად ძალაშია 1947 წლის აკრძალვის კანონის ვერსიით. ამავე საფუძველზე, 1967 წელს დაარსებულ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას 1988 წელს ჩამოერთვა პარტიის იურიდიული სტატუსი, ხოლო ამავე სახელწოდების ასოციაცია ოფიციალურად დაიშალა 1988 წლის 21 ნოემბერს.

1940 წლის ნოემბერში შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ აკრძალა შვეიცარიის კომუნისტური პარტია და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, ასევე შვეიცარიის ეროვნული მოძრაობა (NBS). აკრძალვის გამართლება ის იყო, რომ ეს ექსტრემისტული პარტიები ცდილობდნენ სახელმწიფო წესრიგის კონსტიტუციური ჩარჩოების გარდაქმნას; ორივე აკრძალვა 1945 წლის 27 თებერვალს მოიხსნა.

2003 წლის მარტში ესპანეთის სასამართლომ აკრძალა ბასკური პარტია „ბატასუნა“, რომელიც ETA-ს[17] პოლიტიკურ ფრთად ითვლებოდა. აკრძალვა 2002 წლის 27 ივნისს მიღებულ კანონს ეფუძნებოდა.

1998 წელს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა თურქეთის „კეთილდღეობის პარტია“ („Refah Partisi”). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს აკრძალვა ძალაში დატოვა. მის ნაცვლად დაარსებული „ფაზილეთ პარტისი“ 2001 წელს აიკრძალა. „კეთილდღეობის“ პარტიის აკრძალვის არსებითი საფუძველი მისი მიზნების სეკულარიზმის პრინციპთან არსებითი შეუთავსებლობა იყო. ისლამურ რიტორიკაზე დაყრდნობით, ის შარიათის კანონის გარკვეულ ასპექტებს უჭერდა მხარს.

შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში სამართლებრივად არასწორად არის ინტერპრეტირებული ბასკური „ბატასუნას“ და თურქული „კეთილდღეობის“ პარტიის აკრძალვის საფუძვლები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით.[18] პირველი სეპარატისტულ-ექსტრემისტული, ნაციონალისტური ორგანიზაცია იყო,[19] მეორე ღიად ანტისეკულარული მოძრაობა.

კონსტიტუციურ საფუძვლებს სრულიად მოკლებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელექტორატის მესამედზე მეტით მხარდაჭერილი ქართული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ პარტიებთან (ტერორისტული „ბატასუნა“ და ანტილაიცისტური „კეთილდღეობის“ პარტია) შედარება.

გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის არც ის წინაპირობები დასტურდება, რომელსაც მაგ. გერმანული კონსტიტუციური დოქტრინა აღიარებს სავალდებულო ელემენტად (მკაცრი ტესტი): ანტიკონსტიტუციური მიზნები (დამკვიდრებული თავისუფალი კონსტიტუციური წესრიგის სრული დამხობა ან შეცვლა) და ამ მიზნების განხორციელებადობის მაღალი ალბათობა (პერსპექტიულობა და პოტენციურობის მაღალი ხარისხი).

2025 წლის 4 ოქტომბრის აქციას რაც შეეხება, ეს უკანასკნელი მხოლოდ გაგრძელება იყო იმ პერმანენტული აქციებისა და საპროტესტო მუხტის, რომელიც დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების (არაერთი დარღვევის ფონზე წარმართული არჩევნების) და 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადადებას უკავშირდება. კონსტიტუციურ ორგანოებზე შტურმი მიუღებელია, მაგრამ არც ეს არის ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ლეგიტიმური საფუძველი.

საკონსტიტუციო-სამართლებრივ საფუძვლებს სრულიად მოკლებულია „ფედერალისტური პარტიის“ აკრძალვაც მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მის შემადგენლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ხელისუფლებაში მყოფი ან მასთან დაახლოებული პირები არიან. ვერცერთ სამართლებრივ კრიტერიუმს, რომელიც მოიცავს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას ევროპული სამართლებრივი გამოცდილების საფუძველზე, „ფედერალისტური პარტიის“ აკრძალვა ვერ აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ ეს პარტია 2024 წლის აგვისტოში დაფუძნდა და არც კი მონაწილეობდა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

„ფედერალისტური პარტიის“ ასეთი პოლიტიკური დევნაც ენმ-ის პოლიტიკური მემკვიდრეობის გადახედვის მცდელობაა და ამ პარტიის მოქმედი ლიდერის, პოლიტპატიმარი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი.

2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც გააჩინა დამოუკიდებლობის, დემოკრატიზირების, დასავლეთთან დაახლოების იმედი და რომლის შედეგაც დაიწყო ეს პროცესი საქართველოს უახლეს ისტორიაში. 2003-2012 წლებში საქართველო შედგა როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო და ეს უპირველესად, სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა. რომელიც ენმ-ს ხელმძღვანელობდა და დღემდე უმთავრეს პოლიტიკოსად რჩება საქართველოში. უპირველესად, სწორედ მას უპირისპირდება მოქმედი ავტორიტარული სისტემა სწორედ ამ კონსტიტუციური სარჩელის მეშვეობით.

მმართველი პარტია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. რითაც სწორედ „თავდაცვითი დემოკრატიის“ ლევენშტაინისეული მიზნის (ლიბერალური კონსტიტუციური წესრიგის დაცვა) უარყოფა ხდება, ამ უკანასკნელის სახელითვე. წარმოდგენილი კონსტიტუცური სარჩელი ამ ავტორიტარული მიზნების ნიშანდობლივი მაგალითია.

2. ანტიკონსტიტუციური ნარატივები ქართულ კანონმდებლობაში

წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით ინიციირებული პროცესის წარმატებით განსახორციელებლად 2025 წლის განმავლობაში რამდენიმე კანონში შევიდა გამიზნული ცვლილებები:

· მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში გაჩნდა მუხლი 21​1, რომლის შესაბამისად, დაუშვებელია, პარტია შექმნას იმ პირმა, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. ასევე დაუშვებელია, ეს პირი იყოს პარტიის წევრი ან პარტიის ორგანოს წევრი ან/და მას პარტიაში პარტიული თანამდებობა ეკავოს“.

კომენტარი: ხაზგასასმელია, რომ ამ ტიპის პერსონიფიცირებული აკრძალვა ipso jure, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას უტოლდება და ფაქტობრივად, სასჯელის ნაირსახეობას წარმოადგენს. სასჯელი მხოლოდ დანაშაულის ჩადენის და შესაბამისი მსჯავრდების შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს. ამავდროულად, სასჯელთა სახეები მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აქცენტირებით პერსონიფიცირებული „დასჯა“ და ამ ხარისხით ჩარევა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლებაში (სკ-ის 23-ე მუხლი) უკვე არათანაზომიერია და არღვევს ამ უფლებას. ამ შემთხვევაში, იკრძალება არა საქმიანობა, არამედ პიროვნული პოლიტიკური აქტივობა საერთოდ - ხდება ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ხელოვნურად გამოთიშვა პოლიტიკური სივრციდან. ყოველივე ეს მოწმობს ამ ცვლილების ანტიკონსტიტუციურ ხასიათს.

· ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 36-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).“

კომენტარი: ამ შემთხვევაშიც, იკრძალება არა მხოლოდ ქმედება ანუ საქმიანობის ანტიკონსტიტუციური ხასიათი, არამედ „იკრძალებიან“ უშუალოდ პერსონალურად პოლიტიკოსებიც, როგორც ასეთნი. ის ადამიანები, რომელთა მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტია ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა. სიმძიმის ხარისხით ეს აკრძალვა სასჯელს უტოლდება და მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული. ისიც, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინების შემთხვევაში და არა ამ კანონზე მითითებით. შესაბამისად, ამ ტიპის პერსონალური აკრძალვის კატეგორია ტიპური არ არის სამართლის სფეროში. სასჯელს, ზოგადად, აქვს ვადა. აქ არც ამ აკრძალვის ვადაა მითითებული.

· საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლში გაჩნდა მე-42 პუნქტი, რომლის შესაბამისად „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული სარჩელის შეტანიდან 9 თვეს, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − 14 დღეს“.

კომენტარი: საკონსტიტუციო სასამართლო ასეთი მიუღებელი პოლიტიკური კონტექსტის მქონე სარჩელს 14 დღის ვადაში განიხილავს, ეს ცვლილება შევიდა 2025 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში საგანგებოდ წარმოდგენილი სარჩელისათვის. რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან 14 დღე ძალიან მოკლე დროა წარმოდგენილი მასალის ხარისხიანად შესასწავლად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პარტიულ და ამავდროულად, პერსონალურ აკრძალვას დაქვემდებარებული ოპოზიციური პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში უკვე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში მსჯავრდების საფუძველზე. ამ მუხლის შესატყვისად, ისჯება „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა“.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, ადგილი აქვს ამ დანაშაულის ანტიკონსტიტიცურ ინტერპრეტაციას საერთო სასამართლოების მიერ - 349-ე მუხლი კრძალავს „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“, მაშინ როდესაც მსჯავრდებულ პოლიტიკოსთა უმრავლესობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შესაბამისი საპარლამენტო კომისიის კონსტიტუციურობას და ლეგიტიმურობას. შესაბამისად, ადგილი აქვს უკანონო მსჯავრდებებს სარჩელით წარმოდგენილი და აკრძალვას დაქვემდებარებული ოპოზიციური პარტიების წევრების მისამართით.

შესაბამისად, 1979-ე კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური კონტექსტიც, რომელიც ახლავს ამ პროცესს და მისი ანტიდემოკრატიული, ასევე, ანტიკონსტიტუციური ხასიათი: ოპოზიციის პოლიტიკური დევნა ავტორიტარიზმის კლასიკური ნიშანია.

3. „ძალა უძალოთა“[20] - უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტორატის მიერ (მინიმუმ 35 %) მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიების გაუქმების მოთხოვნის ანტიკონსტიტუციური კონტექსტი

საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“. ეს წინადადება ხაზს უსვამს სახალხო სუვერენიტეტის და დემოკრატიის პრინციპის მნიშვნელობას საჯარო პოლიტიკის განხორცილების პროცესში.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მინიმუმ 35 %-ით მხარდაჭერილი ოპოზიციური სპექტრის სრული აკრძალვა, რომელთაგან ერთ-ერთი პარტია ყოფილი სახელისუფლებო გუნდისაგან შედგება (ენმ) ღიად ანტიდემოკრატიული და ამავდროულად, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია.

ამ პროცესის ინიციირებით მმართველი პარტია, ფაქტობრივად, ემინჯება და უპირისპირდება საკუთარ ხალხს, ამომრჩეველთა მესამედზე მეტს. ეს პროცესი ამავე 35 %-ის არჩევანის უგულვებელყოფაა და წარმოადგენს მათი აქტუალური თუ სამომავლო პოლიტიკური პერსპექტივიდან გამოთიშვის მცდელობას. ამომრჩეველთა არანაკლებ 35 % ფაქტობრივად განიდევნება პოლიტიკური სივრციდან, რაც შემაშფოთებელ რეალობას წარმოქმნის და აფუძნებს ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით წამყვანი ოპოზიციური სპექტრის მოშთობას ცდილობს.

ხაზგასასმელია, რომ განსაკუთრებით პრობლემატურია ენმ-ის, როგორც ყოფილი სახელისუფლებო პარტიის აკრძალვა, რისი კონსტიტუციური საფუძველიც, უბრალოდ, არ არსებობს.

ენმ-ის მმართველობის დროს 2003-2012 წლებში საქართველოში გატარდა არაერთი წარმატებული სამართლებრივი, აგრეთვე, პოლიტიკური რეფორმა და საქართველო საერთოდ შედგა, როგორც სახელმწიფო:

· სახელმწიფო მართვისა და ანტიკორუფციული რეფორმები: კორუფციის მასშტაბური აღმოფხვრა სახელმწიფო სტრუქტურებში, დაბალი რგოლის კორუფციის პრაქტიკულად ლიკვიდაცია, საჯარო მოხელეების სრული გადარჩევა და ხელფასების მკვეთრი ზრდა, ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობის შემცირება, საჯარო მომსახურების სახლების (Public Service Hall) შექმნა – „ერთი ფანჯრის პრინციპი“.

· პოლიციისა და შინაგან საქმეთა რეფორმა: საგზაო პოლიციის სრული გაუქმება და პატრულ-პოლიციის შექმნა, ძველი კადრების მასობრივი დათხოვნა და ახალი კადრების აყვანა, პოლიციის ხელფასებისა და ტექნიკური აღჭურვის ზრდა, გამჭვირვალე პოლიციის შენობები, ნდობის მკვეთრი ზრდა მოსახლეობაში.

· სასამართლო და სამართლებრივი რეფორმები: მოსამართლეთა ხელახალი ატესტაცია, სასამართლოების ინფრასტრუქტურული განახლება, ელექტრონული საქმისწარმოება, საპროცესო ვადების შემცირება.

· პენიტენციური სისტემა და სასჯელაღსრულება: ციხეების ინფრასტრუქტურის განახლება, მკაცრი სასჯელაღსრულების პოლიტიკა, ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ.

· ეკონომიკური და საგადასახადო რეფორმები: გადასახადების რაოდენობის შემცირება, ბიზნესის რეგისტრაცია 1 დღეში, საბაჟო პროცედურების გამარტივება, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა.

· საბაჟო და ფინანსური კონტროლი: საბაჟო კორუფციის ფაქტობრივი აღმოფხვრა, ელექტრონული დეკლარირება, შემოსავლების მკვეთრი ზრდა ბიუჯეტში.

· განათლების რეფორმა: ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება, უნივერსიტეტებში კორუფციის შემცირება, სკოლების რეაბილიტაცია, მასწავლებელთა სერტიფიცირება, ბოლონიის პროცესთან ჰარმონიზაცია.

· ჯანდაცვის რეფორმა: სახელმწიფო სადაზღვევო ვაუჩერების სისტემა, კერძო სექტორის ჩართვა ჯანდაცვაში, საავადმყოფოების მოდერნიზაცია.

· სოციალური რეფორმები: მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა, ქულებზე დაფუძნებული სიღარიბის შეფასება, პენსიების ეტაპობრივი ზრდა.

· თავდაცვისა და უსაფრთხოების რეფორმები: არმიის პროფესიონალიზაცია, ნატოს სტანდარტებთან დაახლოება, სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლება, რეზერვის ახალი სისტემა.

· საგარეო პოლიტიკა: მკაფიო პროდასავლური კურსი, ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაცია.

· ინფრასტრუქტურული რეფორმები: გზების მასობრივი მშენებლობა, ქალაქების რეაბილიტაცია, ენერგოსისტემის სტაბილიზაცია, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება.

· თვითმმართველობის რეფორმა: ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, მერის პირდაპირი არჩევის შემოღება (მოგვიანებით).

· ციფრული და ადმინისტრაციული რეფორმები: ელექტრონული რეესტრები, მიწის, ქონების, ბიზნესის სწრაფი რეგისტრაცია, სახელმწიფოს დიგიტალიზაციის დაწყება.

კონსტიტუციურ საფუძველს აბსოლუტურად მოკლებულია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი 1979-ე კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ბრალდებები ყველა პოლიტიკური პარტიის და განსაკუთრებით, ენმ-ის მისამართით.

აკრძალვას დაქვემდებარებული თითოეული პარტიის მიმართ არ არსებობს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული საფუძვლები: „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“

როგორ შეიძლება საქართველოში რეგისტრირებული აქტიური ელექტორატის თითქმის მესამედზე მეტი ანტიკონსტიტუციურ მიზნებს ემხრობოდეს? კერძოდ, დამკვიდრებული თავისუფალი, დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის აღმოფხვრას ისახავდეს მიზნად? ამასთან, განსაკურებით ენმ, რომელიც მმართველ სახელისუფლებო პარტიას წარმოადგენდა 2003-2012 წლებში. რა დროსაც, საქართველოს დამოუკიდებლობა საერთოდ შედგა, როგორც ასეთი - 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, 2003-2012 წლებში საქართველო შედგა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

დასკვნა

 

„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნაც და თან ამ სახელწოდებით და შესაბამისი მიზნებით, სრული ნონსენსია და მოიცავს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მყოფი ენმ-ის პოლიტიკური აქტივობების თვითნებურ ინტერპრეტაციებს.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ვერსია პროავტორიტარულია და ახალისებს ავტორიტარიზმს, რომელიც უკვე შედგა, როგორც პოლიტიკური რეჟიმი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში 2012 წლიდან დღემდე. ქართველი ელექტორატის მინიმუმ 35 %-ით მხარდაჭერილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციირება სწორედ ამ პროცესის ნაწილია.

ხუთი მთავარი პოლიტიკური პარტიის აკრძალვით ამომრჩეველთა 35 % - ის არჩევანის (იხ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეეგები) ნიველირება უკვე სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს არღვევს, არათუ მხოლოდ დემოკრატიის პრინციპს და გულისხმობს ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობას ნებისმიერ ფასად, ოპოზიციური სპექტრის სრული გამოთიშვის მეშვეობით პოლიტიკიდან. ყოველივე ამით ირღვევა, აგრეთვე, სამართლის უზენაესობის პრინციპი (Rule of Law) და უშუალოდ ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც.

რაც შეეხება „ფედერალისტური პარტიის“ აკრძალვას, ეს უკვე პერსონიფიცირებული პოლიტიკური დევნაა ენმ-ის ყოფილი წევრებისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე დემოკრატიასთან.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“, ეს უკანასკნელი საერთოდ საქართველოს ბოლო მოწვევის პარლამენტშია წარმოდგენილი. მიუღებელია, აგრეთვე, ის პოლიტიკური დევნა რომელსაც ადგილი აქვს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ. სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს გარშემო მიმდინარე მოვლენების საფუძველზე წამოწყებული სისხლისსამართლებრივი ბრალდებები. საგუშაგო აღიმართა de iure საქართველოს ტერიტორიაზე, რის გამოც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ექს-პრემიერისადმი მიუღებელია.

ზოგადად, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა თანამედროვე კონსტიტუციონალიზმში. და ეს მხოლოდ მაშინ ხდება და თან როგორც მხოლოდ ultima ratio, როდესაც პოლიტიკური პარტია ცალსახად ტერორისტულ მიზნებს მოიცავს (მაგ. გაერთიანებული სამეფო) ან ღიად ცდილობს დაამხოს დამკვიდრებული ლიბერალური კონსტიტუციური წესრიგი (მაგ. გერმანია). აშშ-ში პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია - იმდენად იცავს ამ უკანასკნელთ აშშ-ის კონსტიტუციის პირველი დამატება, როგორც გამოხატვის თავსუფლება.

ამ თვალსაზრისით, 1979-ე კონსტიტუციური სარჩელი ავტორიტარიზმის დამკვიდრების ნიშანია საქართველოში.

ვიმედოვნებ, მმართველი პარტია შეცვლის ამ პერვერსიულ პოლიტიკას და დაუბრუნდება დემოკრატიის ჩარჩოებს. რევანშიზმი პოლიტიკური ოპონენტებისადმი არასოდეს არის გამოსავალი. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დემოკრატიის არასწორი მოდელია ადაპტირებული. იდეალური იქნებოდა შვეიცარიის კონფედერაციის პოლიტიკური პრაქტიკის მსგავსად კონსოციონალური დემოკრატიის (Consociational Democracy) მოდელის შემოღება, რომლის ფარგლებში არ არსებობს საარჩევნო ბარიერი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტიები (1959 წლიდან მხოლოდ ოთხი მათგანი) მთავრობის ფორმირების პროცესში მონაწილეობენ („კონკურენტუნარიანი დემოკრატიის“ არსებული მოდელი უნდა გადაიხედოს).

შესაბამისად, წარმოდგენილი 1979-ე კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს - არ უნდა დაკმაყოფილდეს, მისი ანტიდემოკრატიული მისწრაფებების და მიუღებელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

 


[1] „რადიო თავისუფლება“, 2021 წლის 8 აგვისტო.

[2] იხ. Antonio Cassese, „The wolf that ate Georgia”, The Guardian, Mon 1 Sep 2008.

[3] ლევან ალექსიძე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული შემოჭრის საერთაშორისოსამართლებრივი ასპექტები, საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, თსუ, 2008, მე-2 გამოცემა, გვ. 7-დან.

[4] András Sajó (2004), "Militant Democracy and Transition towards Democracy". In András Sajó (ed.). Militant Democracy. Eleven International Publishing. p. 221.

[5] Jan-Werner Müller, 'Militant Democracy', in Michel Rosenfeld, and András Sajó (eds), The Oxford Handbook of Comparative Constitutional Law (2012; online edn, Oxford Academic, 21 Nov. 2012).

[6] ე.წ. ბიოკენფორდეს დილემა: „Der freiheitliche, säkularisierte Staat lebt von Voraussetzungen, die er selbst nicht garantieren kann. Das ist das große Wagnis, das er, um der Freiheit willen, eingegangen ist. Als freiheitlicher Staat kann er einerseits nur bestehen, wenn sich die Freiheit, die er seinen Bürgern gewährt, von innen her, aus der moralischen Substanz des einzelnen und der Homogenität der Gesellschaft, reguliert. Anderseits kann er diese inneren Regulierungskräfte nicht von sich aus, das heißt mit den Mitteln des Rechtszwanges und autoritativen Gebots zu garantieren suchen, ohne seine Freiheitlichkeit aufzugeben und – auf säkularisierter Ebene – in jenen Totalitätsanspruch zurückzufallen, aus dem er in den konfessionellen Bürgerkriegen herausgeführt hat.”იხ. Ernst-Wolfgang Böckenförde, Staat, Gesellschaft, Freiheit. 1976, S. 60.

[7] "Lorsque, dans la même personne ou dans le même corps de magistrature, la puissance législative est réunie à la puissance exécutrice, il n’y a point de liberté; parce qu’on peut craindre que le même monarque ou le même sénat ne fasse des loix tyranniques, pour les exécuter tyranniquement. Il n’y a point encore de liberté, si la puissance de juger n’est pas séparée de la puissance législative, & de l’exécutrice. Si elle étoit jointe à la puissance législative, le pouvoir sur la vie & la liberté des citoyens seroit arbitraire; car le juge seroit législateur. Si elle étoit jointe à la puissance exécutrice, le juge pourroit avoir la force d’un oppresseur." Montesquieu, De l'esprit des lois (1748), XI, 6.

[8] იხ. Saunders KW. Political Party Bans. In: Free Expression and Democracy: A Comparative Analysis. Cambridge University Press; 2017:118-145.

[9] Katrin Stein, Parteiverbote in der Weimarer Republik. Duncker & Humblot, 1999, S. 43 ff.

[10] Christoph Gusy, Die zweifache „Diktatur“ des Reichspräsidenten: Diktatur nach der Verfassung oder gegen die Verfassung? Der Staat 2019, S. 507–533.

[11] BVerfG, Urteil vom 17. Januar 2017, Az. 2 BvB 1/13, Rn. 896.

[12] BVerfG, Urteil vom 17. Januar 2017 - 2 BvB 1/13 = BVerfGE 144, 20 Rn. 535 ff.

[13] BVerfG, Urteil vom 17. Januar 2017 - 2 BvB 1/13 = BVerfGE 144, 20 Rn. 550, Rn. 556.

[14] იქვე.

[15] BVerfG, Urteil vom 17. Januar 2017 - 2 BvB 1/13 = BVerfGE 144, 20 Rn. 570.

[16] გერმანიის ფედერალური ძირითადი კანონის (კონსტიტუცია) 21-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მსგავსად ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

[17] იყო მარქსისტულ-ლენინური, სეპარატისტული ბასკური ნაციონალისტური ტერორისტული ორგანიზაცია 2018 წლის 2 მაისს თვითდაშლამდე.

[18] European Court of Human Rights (13 February 2003): "Refah Partisi (and Others) v. Turkey"; European Court of Human Rights (30 June 2009): "Herri Batasuna and Batasuna v. Spain", HUDOC.

[19] პარტია შეტანილია „ევროკავშირის ტერორისტული პირებისა და ორგანიზაციების სიაში“, როგორც ETA-ს კომპონენტი.

[20] იხ. The Power of the Powerless (Czech: Moc bezmocných), October 1978, Václav Havel.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ