სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
| დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
| ნომერი | ac1979 |
| ავტორ(ებ)ი | საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
| თარიღი | 19 ოქტომბერი 2026 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
1. შესავალი
2026 წლის 24 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1979) მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა.[1] სარჩელის მოთხოვნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და პარტია „ფედერალისტების“"გახარია საქართველოსთვის აკრძალვაა, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების, იმავე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისშესაბამისად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2026 წლის 6 ოქტომბრის №1/1-1/1979 განჩინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.[2] ამ უკანასკნელმა 2026 წლის 13 ოქტომბერს 13 ოქტომბერს N3/4/1979 საოქმო ჩანაწერით №1979 სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.[3]
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მსგავსი შინაარსის სარჩელით უკვე ორჯერ მიმართული ჰქონდა პარლამენტის წევრებს. თავდაპირველ სარჩელში არ იყო მოხსენიებული პარტია „ფედერალისტები“ სწორედ ამიტომ მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 21 აპრილს №1958 კონსტიტუციური სარჩელით ხელახლა მიმართა. 2026 წლის 21 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წევრებმა გამოითხოვეს №1958 კონსტიტუციური სარჩელი, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 6 ოქტომბრის N1/13/1958 საოქმო ჩანაწერით შეწყდა საქმისწარმეობა. ამჯერად საქართველოს პარლამენტის 88 წევრმა კონსტიტუციურ სარჩელს დაამატეს პარტია „გახარია-საქართველოსთვის,“ შესაბამისად, ამ ხუთი პარტიის წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.
სარჩელი ძირითადად ეფუძნება მტკიცებას, რომ ამ კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
სარჩელში ხაზგასმულია, რომ ზემოაღნიშნული პარტიები წარმოადგენენ ერთიან კოალიციურ სტრუქტურას, რომელიც მოქმედებს საერთო პოლიტიკურ მიზნებზე დაყრდნობით და რომლის საქმიანობაც სცილდება კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური პლურალიზმის ფარგლებს. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული გაერთიანებები მიზანმიმართულად ცდილობენ სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფასა და საზოგადოებრივ დესტაბილიზაციას.
სარჩელის თანახმად, აღნიშნული პარტიები მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებით ახდენენ არჩევნების დისკრედიტაციას და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართულ უარყოფას. გარდა ამისა, სარჩელში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები ახდენენ ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ქმნიან ნარატივებს, რომლებიც ამართლებენ ან წაახალისებენ აგრესიულ მოქმედებებს, მათ შორის საქართველოსა და მისი მეზობელი სახელმწიფოების ურთიერთობებში დაძაბულობის გაღრმავებას.
მოსარჩელეთა პოზიციით, ზემოაღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების ქცევა წარმოადგენს სისტემურ გაგრძელებას იმ პოლიტიკისა, რომელიც განხორციელდა 2004-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში და რომელიც გამოირჩეოდა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებით, საკუთრების უფლების შეზღუდვითა და პოლიტიკური ოპონენტების დევნით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ წარმოდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლოს მიაწოდოს სამართლებრივი შეფასება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის შეჯერების საფუძველზე. ასევე ორგანიზაციას სურს ხაზი გაუსვას სარჩელის წარდგენის დროს არსებულ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს, რომელიც მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული ტენდენცია დამატებით აძლიერებს განხილული დავის სენსიტიურობას, ვინაიდან სარჩელის არსი და მიზანი საჭიროებს განსაკუთრებულად ფრთხილ შეფასებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩარევა არ გასცდეს დემოკრატიული წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ ფარგლებს.
წინამდებარე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოხილულია საქართველოში არსებული ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი, პოლიტიკური პარტიების როლი და ფუნქციები დემოკრატიულ სახელმწიფოში, ასევე, პარტიის აკრძალვის მექანიზმის რეგულირება კონსტიტუციითა და მიმდინარე კანონმდებლობით, ასევე მოხმობილია შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და გამოცდილებები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 1994 წლიდან იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად. ის არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სანდო უფლებადაცვითი ორგანიზაცია. წლების განმავლობაში საიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაში.
წარმოდგენილი მოსაზრება ეფუძნება ასოციაციის მრავალწლიან გამოცდილებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვების მიმართულებით.
2. ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი
სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით.
საქმეში „რეფაჰის პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“ (Refah Partisi and Others v. Turkey), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების დასაბუთების სამკომპონენტიანი ტესტის დადგენის პარალელურად, სასამართლომ შემოწმებისას უნდა გაითვალისწინოს ისტორიული კონტექსტი, რომელშიც პარტია აიკრძალა.[4]
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებდა.[5] განცხადება მასშტაბური ქუჩის აქციების მიზეზად იქცა. საპასუხოდ, ხელისუფლებამ დაიწყო განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიები, რომლებიც დღემდე გრძელდება. რეჟიმმა ფიზიკურად იძალადა და სისტემურად აწამა ასობით დემონსტრანტი.[6] გამკაცრდა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც უკავშირდება სამოქალაქო აქტივობებს.[7] „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი სამიზნე გამოხატვის თავისუფლება და მედიის საქმიანობა გახდა.[8] დაიწყო განსხვავებული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეების თანამდებობებიდან გათავისუფლების პროცესი.[9] საქართველოს ხელისუფლებამ სისტემური ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესაზღუდად.[10] საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების უკუსვლამ და ადამიანის უფლებათა დარღვევებმა მწვავე საერთაშორისო რეაგირება გამოიწვია.[11]
გარდა ამისა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული პოლიტიკოსთა ნაწილი, ნაწილთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს გამოძიება. პოლიტიკოსებთან მიმართებით სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ.
3 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას[12] და, ამ დასკვნის საფუძველზე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაც დაანონსდა.[13] საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ოფიციალურად მიმართვამდე ვრცელი განცხადება გააკეთა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ, როგორც წინასაარჩევნო დაპირების[14] შესრულებაზე.[15] 2026 წლის აპრილში კი პარლამენტის თავმჯდომარემ დააანონსა ახალი სარჩელი, რომელშიც უკვე არსებულ სამ პარტიას დაემატა პარტია „ფედერალისტებიც,“[16] ხოლო, 2026 წლის 24 სექტემბერს საპარლამენტო პარტია „გახარია-საქართველოსათვის“ არაკონსტიტუციურად ცნობა იქნა მოთხოვნილი „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატების მხრიდან[17] კონსტიტუციური სარჩელის ლოგიკა მდგომაროებს შემდეგში: პარტიის არაკონსტიტუციური მიზანი - დაამხოს კონსტიტუციური წყობილება - გამოხატება ხალხის მიერ მინიჭებული მანდატების უარის თქმაში. ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციური სარჩელი განსაკუთრებით დაუსაბუთებელია „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიასთან მიმართებაში. ამ პარტიას არათუ უარი არ უთქვამს საპარლამენტო მანდატზე, არამედ აქტიურად მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებაში და ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციულ პარტიას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ პარტიის სარჩელში დამატებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ლოგიკა- მანდატებზე უარის თქმა უდრის კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნის არსებობას - იურიდიული თვალსაზრისით არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ხდება თავად მოსარჩელეთა მხრიდან.
რაიმე ტიპის დეკლარაციულ პოლიტიკურ განცხადებაზე შეერთება არ წარმოადგენს ისეთ საკითხს, რასაც შეუძლია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის გამართლება. მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი „ქართული ქარტია“ არ შეიცავს მოთხოვნებს, რაც, თავისთავად, შესაძლოა მიჩნეული იქნას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ომის ან ძალადობის პროპაგანდის, ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლის გაღვივების მიზნის შემცველად. თვით მოსარჩელე, 88 პარლამენტის წევრიც არ მიუთითებს იმას, რომ ეს ქარტია კონსტიტუციის 23-ე მუხლით აკრძალული მიზნის შემცველია. „ქართული ქარტია,“ ისევე როგორც ერთი პოლიტიკური პარტიის სურვილი საკრებულოსა თუ პარლამენტში ითანამშრომლოს სხვა ლეგიტიმურ პარტიასთან (რომლის არაკონსტიტუციურობაზე ეჭვიც კი არ არსებობს ამ თანამშრომლობის მომენტში, თუნდაც იმის გამო, რომ ამ პარტიის აკრძალვის საკითხი თანამშრომლობის მომენტში არ არის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულიც კი) ისეთ საქმიანობაში, რაც კონსტიტუციურ მიზნებთან მოდის შესაბამისობაში, მოითხოვს შეფასებას წმინდა პოლიტიკური კრიტერიუმით, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განაცხადა: „სასამართლო შეეხება შესაბამისი საკითხების სამართლებრივ გარსს, იმ ასპექტებში შეჭრის გარეშე, რომელთა შეფასებაც პოლიტიკურ კრიტერიუმებს მოითხოვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის N1/5/1915 განჩინება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-3). სამართლებრივი გარსისგანაა დაცლილი იმ საკითხის შეფასება, რატომ გახდა პარტია „ქართული ქარტიის“ წევრი და რატომ ითანამშრომლა საკრებულოში სრულიად ლეგალურად მოქმედ სხვა პარტიასთან. წმინდა პოლიტიკური საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ თავს ზემოთ მითითებული განჩინებით აუკრძალა..
ამასთან ერთი პარტიის თანამშრომლობა მეორე პარტიასთან კონსტიტუციით ნებადართულ საქმიანობაში (მაგალითად, საკრებულოს თანამდებობის პირების დანიშვნაში) პირველი პარტიის საქმიანობის აკრძალვის საფუძველი რომ გახდეს, იმის გამო, რომ მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს რომ მეორე პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწეოდა, ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპთან. თანამშრომლობის მომენტში ერთი პარტია წინასწარ ვერ განჭვრეტს რომ მეორე პარტია, რომელიც სრულიად კანონიერად არის წარმოდგენილი საკრებულოში, არაკონსტიტუციურია. იგივე ლოგკით შესაძლებელია თანამდებობის პირი დაისაჯოს ძალაში მყოფი კანონის აღსრულებისათვის, თუკი აღსრულების შემდეგ ამ კანონს საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს. ძალაში მყოფი კანონის აღსრულებისათვის თანამდებობის პირის დასჯა იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საწინააღმდეგო, თუკი მომავალში, აღსრულების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო, კანონს არაკონსტიტუციურად ცნობს. ამის მსგავსად განუჭვრეტელი და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის საწინააღმდეგოა ერთი პარტიის აკრძალვა წარმომადგენლობით ორგანოში მეორე პარტიასთან კანონიერი თანამშრომლობისათვის, მაშინ, როდესაც ამ მეორე პარტიას, თანამშრომლობის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება დაუდგინა. რასაც 88 მოსარჩელე გვთავაზობს არის ის, რომ დადგინდეს პარტიის არაკონსტიტუციურობის პრეზუმფცია - პარტია არაკონსტიტუციურია ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება. ეს კი ეწინააღმდეგება სამართლებრივი განჭვრეტადობის და უსაფრთხოების პრინციპს. ამის საპირისპიროდ უნდა მოქმედებდეს პარტიის კონსტიტუციურობის პრეზუმცია - პარტია არაკონსტიტუციურია ვიდრე მისი არაკონსტიტუციურობა არ დამტკიცდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე ასეთ პარტიასთან ნებისმიერი თანამშრომლობა უსაფრთხო უნდა იყოს მესამე პირისათვის.
2019-2024 წლების პერიოდის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, საქართველო კლასიფიცირდება როგორც ჰიბრიდული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ავტორიტარული მმართველობის მიმართულებით ვითარდება.[18] ამ გარემოში პარტიის აკრძალვის პროცესის განხილვა სასამართლოსგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრ გათვალისწინებას მოითხოვს. „პლურალიზმის გარეშე დემოკრატია შეუძლებელია“.[19] სწორედ ამიტომ, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შეფასება არა იზოლირებულად, არამედ იმ პოლიტიკურ/ისტორიული გარემოს გათვალისწინებით, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს დემოკრატიული პრინციპების დაცვისას.
3. პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობა და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია
პარტიების გარეშე პოლიტიკის ეფექტურად განსაზღვრა და განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელია.[20] ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად („ვენეციის კომისია“) და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) („ეუთო/ოდირი“) პარტიებს აღწერენ, როგორც „შუამავლებს“, რომელთა მეშვეობითაც მოქალაქეები ორგანიზდებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად.[21] შესაბამისად, დემოკრატიულ სისტემებში პოლიტიკური პარტიები მიიჩნევიან საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის მოქმედ ინსტიტუტებად, რადგან ისინი ერთი მხრივ, აყალიბებენ საზოგადოების პოლიტიკურ აზრს, რაც შემდეგ პოლიტიკურ ნებაში გამოიხატება, ხოლო მეორე მხრივ, ისინი მონაწილეობენ სახელმწიფოს მართვაში.[22]
პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობა მათი საჯარო ფუნქციებიდან წარმოიშობა. ფართოდ გავრცელებული კლასიფიკაციით, სხვა ფუნქციებთან ერთად, პარტიის ფუნქციები დემოკრატიულ საზოგადოებაში შემდეგია: 1. ამომრჩეველთა წარმომადგენლობა 2. პოლიტიკური ელიტის ფორმირება, რაც გულისხმობს ლიდერების შერჩევას და პოლიტიკური პროცესების მათ მიერ წარმართვას 3. საზოგადოების ინტერესების დადგენა და შეჯერება, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების პრობლემების იდენტიფიკაციას და მათ ასახვას საჯარო პოლიტიკაში 4. მთავრობის ფორმირება[23] და ა.შ. პარტიების საქმიანობა არ არის მხოლოდ ერთ დარგში მოქცეული, არამედ იგი კვეთს ისეთ სფეროებს როგორიცაა სამართალი, პოლიტიკა და სოციოლოგია. პარტიებმა საზოგადოების ყოველდღიური პრობლემები უნდა მოაგვარონ სახელმწიფო დონეზე ისე, რომ საჯარო და ეროვნულ ინტერესს ზიანი არ მიადგეს.
მიუხედავად მათი პოზიტიური მნიშვნელობისა, პოლიტიკური პარტიები თავიანთი ბუნებით, შესაძლოა, ყოველთვის დემოკრატიულნი არ იყვნენ და უფრო მეტიც, მათი მიზნები სწორედ დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ იყოს მიმართული. სწორედ ასეთ დროს ხდება აქტუალური თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია.
თავდაცვისუნარიანი დემოკრატია წარმოადგენს პოლიტიკურ-სამართლებრივი კონცეფციას, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოს აძლევს უფლებას, გამოიყენოს საკანონმდებლო ინსტრუმენტები (შეზღუდვები), რათა დაიცვას ძირითადი კონსტიტუციური წესრიგი იმ ძალებისგან, რომლებიც ინსტიტუციურ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით ცდილობენ დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრას.[24] სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიათა შეზღუდვა და ამ შეზღუდვის უკიდურესი ფორმა - პარტიის აკრძალვა. პარტიის საქმიანობის არალეგალურად გამოცხადებას აქვს ზოგადი პოლიტიკური მნიშვნელობა და იგი კონკრეტულ პარტიასთან ერთად ავალდებულებს ყველა სახელმწიფო ორგანოსა თუ სხვა დემოკრატიულ ძალებს ქვეყანაში, იყვნენ ფხიზლად, რათა დროულად გამოავლინონ და აღკვეთონ არაკონსტიტუციური ქმედებები და მათგან მომდინარე საფრთხე.[25]
თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის გამოყენება შესაძლოა ყოველთვის იმ მიზანს არ ემსახურებოდეს, რის გამოც იგი შეიქმნა და პირიქით, შესაძლოა მისი გამოყენების მიზანი ავტორიტარული პოლიტიკური ფორმების ან ძალადობრივი რეჟიმის ხელშეწყობა, პლურალიზმისა და თანასწორობის ძირის გამოთხრა იყოს.[26] მაგალითად, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის ინსტრუმენტები, როგორიცაა პარტიებისა და გაერთიანებების აკრძალვა, გარკვეული გამოსვლების კრიმინალიზაცია ან საჯარო სამსახურში დასაქმების შეზღუდვა, არსებითად ავტორიტარიზმის დამახასიათებელ ნიშნებს ჰგავს და მათი გამოყენება დემოკრატიული წესრიგის განმტკიცების საბაბით, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური ძალის ავტორიტარული მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.
შეჯამებისთვის, თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, როგორც კონცეფცია, რომელიც არაერთხელ აქვს მოსარჩელე მხარეს ნახსენები სარჩელში, წარმოადგენს დემოკრატიული რეჟიმის იდეას, რომელიც მზად არის გამოიყენოს წინასწარი არალიბერალური ზომები, რათა დაიცვას თავი ანტიდემოკრატიული ძალებისგან, რომლებიც თვით დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი ძირითადი პრინციპების ნგრევას.[27] ამ თეორიული ჩარჩოს მიზანია დემოკრატიული წესრიგის თვითდაცვა შიგნიდან მომდინარე საფრთხეებისგან, თუმცა მისი მოქმედება აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც თავად პოლიტიკური სისტემა ინარჩუნებს დემოკრატიულ ბუნებას. თუ რეჟიმი კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის თეორიული ჩარჩო თავის საფუძველს კარგავს და იქცევა პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად.
4. პარტიის აკრძალვა - ეროვნული რეგულაციები
4.1 საქართველოს კონსტიტუცია
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, რაც მისი რეგისტრაციის გაუქმებაში და ფაქტობრივი საქმიანობის აკრძალვაში გამოიხატება, არის მისი არაკონსტიტუციურად გამოცხადების შედეგი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია ისეთი პარტიის საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.[28] ასევე დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.[29] შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს და დაადგინოს, სარჩელის ავტორების მიერ დასაბუთდა თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებიდან ერთ-ერთის არსებობა მაინც.
საქართველოს უზენაესი კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.[30] მათი საქმიანობა ეფუძნება თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს. პარტიის თავისუფლებაში ჩარევა პარტიის აკრძალვის გზით დასაშვებია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.[31]
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა მინიმუმ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე, ასევე გადაწყვიტოს ამ პარტიის მიერ გაყვანილი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის მანდატის შეწყვეტის საკითხი.[32] სასამართლო ამ შემთხვევაში ამოწმებს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობას.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების გაცხადებული ნებაა, რომ საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა.[33] დემოკრატიული რესპუბლიკა, ამ გაგებით, წარმოადგენს ნორმატიულ იდეალს - სამართლებრივ და ღირებულებით ჩარჩოს, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფლების მოწყობა. ამ პრიზმაში ხელისუფლების შტოებს ევალებათ უზრუნველყონ მოქალაქეთა თანასწორობა, პოლიტიკური პლურალიზმი და უფლებების პატივისცემა. კონსტიტუცია ავალდებულებს სახელმწიფოს ამ იდეალისკენ მიისწრაფვოდეს, მუდმივად განავითაროს ინსტიტუტები და უზრუნველყოს ის პირობები, რომლებიც დემოკრატიის რეალურ განხორციელებას ხდის შესაძლებელს.
ამ კონტექსტში კონსტიტუციის 23-ე მუხლის ჩანაწერი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვის შესახებ იძენს ორმაგ შინაარსს. ერთი მხრივ, ის არის დემოკრატიის დაცვის მექანიზმი სასამართლოს ხელში იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პოლიტიკური პარტია ცდილობს კონსტიტუციური წესრიგის დამხობას. მეორე მხრივ, ამ მუხლის ასამოქმედებლად აუცილებელია დემოკრატიული წესრიგის არსებობა. თუ პოლიტიკური სისტემა იმგვარია, რომ პრაქტიკაში დემოკრატიის ნაცვლად, სხვა ტიპის არადემოკრატიული რეჟიმი მოქმედებს, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმი შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკური რეპრესიის იარაღად - ფორმალურად დემოკრატიული, მაგრამ შინაარსობრივად ავტორიტარული პრაქტიკის სახით. ამდენად, „დემოკრატიული რესპუბლიკა“ აქ უნდა განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც ამკვიდრებს სამართლებრივ საზღვრებს როგორც ძალადობრივი ანტიდემოკრატიული ქმედებებისათვის, ისე ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის სახელით პოლიტიკური კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვისათვის.
4.2 პარტიისა და ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავი სხვა ნორმები კანონმდებლობაში
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირება თითქმის სრულად იმეორებს საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ დებულებებს.
2025 წლის 13 მაისს მიღებული ცვლილებების მიხედვით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლს დაემატა მეორე ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას აძლევს, აკრძალოს ის პარტია, რომლის მიზნები, საქმიანობის არსი, მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან პარტიული სია არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიისას.
2025 წლის 16 ოქტომბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობის (მათ შორის, პარტიის დაარსება, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება), სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.[34]
ეს ცვლილება კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს.[35] საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოებას. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული უფლებამოსილება, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დაეკისრებინა, მით უმეტეს - კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმით.
აღნიშნული ცვლილებები უშუალოდ არ უკავშირდება წინამდებარე კონსტიტუციურ დავას. თუმცა, კონტექსტის აღსაქმელად, მნიშვნელოვანია. ზემოთ მოყვანილი ცვლილებების ეფექტი ჯამურად ნეგატიურად აისახება დემოკრატიის ხარისხზე ქვეყანაში. სასამართლოს მიერ წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება და ნახსენები ცვლილებები ერთობლივად გამოიწვევს დემოკრატიის, პოლიტიკური პლურალიზმის და გამოხატვის თავისუფლების ეროზიას. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში შესაძლოა აკრძალული პარტიის წევრებს აეკრძალოთ სხვა პარტიის შექმნა თუ სხვადასხვა პოლიტიკური თუ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და არჩევნებში მონაწილეობაც კი. შესაბამისად, მათ არაერთი სხვა უფლება შეიძლება შეეზღუდოთ უვადოდ.
4.3 მტკიცებულებათა სტანდარტი და პოლიტიკური ბოიკოტი, როგორც პარტიის აკრძალვის წინაპირობა
მოსარჩელეები საკუთარ არგუმენტებს ამყარებენ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც ეხებოდა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ საქმიანობის შესწავლას. ქვემოთ გაანალიზებულია თუ როგორ პირობებში შეიქმნა და ფუნქციონირებდა კომისია. ასევე, შეფასებულია ამ დასკვნის გამოყენების დასაშვებობა, როგორც მტკიცებულება.
2025 წლის 5 თებერვალს პარლამენტმა შექმნა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.[36] კომისიაში წევრთა კვოტების [37] განაწილების შემდეგ მასში წევრები წარადგინეს ფრაქციამ „ქართულმა ოცნებამ“,[38] პოლიტიკურმა ჯგუფებმა „ევროპელი სოციალისტები“[39] და „ხალხის ძალა“.[40] მოგვიანებით, 2025 წლის პირველ აპრილს პარლამენტმა გააფართოვა კომისიის მიერ შესასწავლი საკითხის მოცულობა.[41] შედეგად განისაზღვრა 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა. მმართველი პარტიის წარმომადგენლების გამოსვლებიდან იმთავითვე ცხადი ხდებოდა, რომ კომისიის დასკვნა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის შესაბამისი სამართლებრივ-პოლიტიკური საფუძვლის მომზადებას ისახავდა მიზნად.[42]
მართალია, საპარლამენტო გამოძიებისას ხშირად გამოიყენება სამართლებრივი პროცედურებისთვის დამახასიათებელი მექანიზმები, მაგრამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა თავის ბუნებით მაინც პოლიტიკური ზედამხედველობის განხორციელებას ემსახურება და, შესაბამისად, მხოლოდ სამართლებრივ ინსტრუმენტად ვერ განისაზღვრება.[43] ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგამოძიებო ან სხვა სახის დროებით კომისიებში ოპოზიციის შემადგენლობა არ უნდა იყოს ნახევარზე ნაკლები.[44] აღნიშნული არა მხოლოდ კვოტების შესაბამისად გადანაწილებას, არამედ საპარლამენტო ოპოზიციის კომისიის უშუალო საქმიანობაში ფაქტობრივად ჩართვას გულისხმობს. კონსტიტუციის მოთხოვნა ოპოზიციის ჩართულობაზე არაა ფორმალური მნიშვნელობის, არამედ მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობა კომისიის საქმიანობაში. შესაბამისად, კვოტები უნდა გადანაწილდეს რეალურ, ქმედით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციას მხოლოდ ცერემონიული ფუნქცია ექნება. ეს კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ლოგიკას. სწორედ საგამოძიებო კომისიის სხდომებში ოპოზიციის მონაწილეობამ უნდა უზრუნველყოს კომისიის გამჭვირვალობა, დაბალანსებულობა და ობიექტურობა. ზემოთ ხსენებული კომისიის შემადგენლობაში მართალია ფორმალურად არსებობდა ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა, რეალურად მათი წარმომადგენლობა ნომინალური იყო. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მას გამოყოფილი ზემოთ დასახელებული ოპოზიციური ჯგუფები, რომელთა წევრებიც მმართველი პარტიის საარჩევნო სიით მოხვდნენ პარლამენტში.[45]
საბოლოო ჯამში, 3 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საგამოძიებო კომისიის დასკვნას.[46] სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს კომისიის დასკვნიდან მოტანილი ციტატები, როგორც ობიექტური მტკიცებულება.
მნიშვნელოვანია განვიხილოთ პოლიტიკური ბოიკოტი, როგორც პარტიის აკრძალვის წინაპირობა. პარტია ვერ აიკრძალება ბოიკოტის გამო. ბოიკოტი პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს პარტიების ხელში, რათა მათ საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ სახელმწიფოში მიმდინარე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. როგორც ლიტერატურაშია აღნიშნული, დაუშვებელია, პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით.[47] დაფინანსების შეწყვეტა შედარებით მსუბუქი ჩარევაა პარტიის თავისუფლებაში. თუმცა, ასეთი ტიპის ჩარევაც კი ბოიკოტის გამო დაუშვებლად არის მიჩნეული. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რაც შეიძლება გახდეს პარტიის აკრძალვის მიზეზი. იგი წარმოადგენს პარტიის თავისუფლების ძირითადი უფლების კონსტიტუციურ ზღვარს.[48] ბოიკოტი არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით როგორც უფლებაში ჩარევის ზღვარი. ამასთან, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ევროპულ ქვეყნებში ბოიკოტი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა არც ერთ შესწავლილ სახელმწიფოში არ გამოვლენილა შემთხვევა ბოიკოტის გამო აეკრძალათ პარტია.[49] ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე განსახილველი საქმის პირობებში, პოლიტიკური ბოიკოტი არ უნდა წარმოადგენდეს პარტიის აკრძალვისთვის საკმარის კონსტიტუციურ საფუძველს.
5. საერთაშორისო სამართლის სტანდარტები
5.1 პოლიტიკური პარტიები: მარეგულირებელი ჩარჩო და ძირითადი საერთაშორისო სტანდარტები
პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო ძირითადად ეფუძნება გაერთიანების, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს, რომლებიც გარანტირებულია არაერთი რეგიონული და საერთაშორისო ხელშეკრულებით ადამიანის უფლებათა შესახებ.[50]
საქართველოს რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (ICCPR), რითაც აიღო ვალდებულება უზრუნველყოს ამ დოკუმენტებში გათვალისწინებული უფლებების დაცვა. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) მიერ ჩამოყალიბებული სამართლებრივი სტანდარტები წარმოადგენს სავალდებულო სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვისას.
გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა მიიღეს და გამოაქვეყნეს პოლიტიკური პარტიების რეგულირების სახელმძღვანელო პრინციპები (Guidelines on Political Party Regulation) იმ მიზნით, რომ ნათელი მოეფინოს სამართლებრივად მბოჭავ ვალდებულებებს (hard law) და “რბილი სამართლით“ (soft law) გათვალისწინებულ სტანდარტებს.[51] საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებს აქვთ უპირატესობა შიდა კანონმდებლობაზე, თუ ამ უკანასკნელსა და საერთაშორისო ნორმას შორის წარმოიქმნება წინააღმდეგობა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმეში ევალება გამოიყენოს საერთაშორისო სამართლის ის სტანდარტები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანოების პრაქტიკაში პოლიტიკური პარტიების შეზღუდვისა და დაშლის თაობაზე.
პოლიტიკურ პარტიებზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა ექვემდებარება სასამართლოს მკაცრ კონტროლს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-11 მუხლით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში, რომელიც იცავს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, მათ შორის პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საქმიანობის უფლებას. ამასთან, პარტიების საქმიანობაზე შეზღუდვები უნდა შეფასდეს კონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებით, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის, მათ შორის პოლიტიკური მოსაზრებებისა და კრიტიკული შეფასებების საჯაროდ გამოხატვის თავისუფლებას. გარდა ამისა რელევანტურია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის (ICCPR) მე-19 მუხლით გათვალისწინებული ანალოგიური სტანდარტებიც. აღნიშნული დებულებები ქმნიან ურთიერთდაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ან შეზღუდვა იყოს მხოლოდ კანონიერი, პროპორციული და დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი ზომა.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის (ICCPR) 25-ე მუხლი აღიარებს, რომ ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება და შესაძლებლობა, დაუსაბუთებელი შეზღუდვების გარეშე, მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში, უშუალოდ ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით; ხმა მისცეს და არჩეულ იქნეს ნამდვილ პერიოდულ არჩევნებში საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლებისა და ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ასევე, თანაბარ პირობებში მიუწვდებოდეს ხელი საჯარო თანამდებობებზე თავის ქვეყანაში.
საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა დოკუმენტების შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები აბსოლუტური არ არის და არსებობს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძვლები - მაგალითად, ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია, არეულობის ან დანაშაულის თავიდან აცილება და სხვათა უფლებების დაცვა.[52] თუმცა არსებითია, რომ ასეთი შეზღუდვები იყოს ობიექტური, აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და გამოყენებული მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც არის ისინი დაწესებული.[53]
მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ გამონაკლისის სახით და უკიდურეს შემთხვევებში.[54]
5.2 პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სტანდარტები
პლურალიზმის უზრუნველყოფისა და დემოკრატიის სათანადო ფუნქცირებაში პოლიტიკური პარტიების არსებითი როლის გათვალისწინებით, სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა რომ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული გამონაკლისები პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში ვიწროდ (construed strictly) უნდა განიმარტოს.[55] პოლიტიკური პარტიების გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის გასამართლებლად აუცილებელია დასაბუთებული და დამაჯერებელი არგუმენტების (convincing and compelling reasons) წარმოდგენა.[56] ამასთან, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში აუცილებლობის შეფასებისას, ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ მხოლოდ მინიმალური შეფასების ფარგლებით (limited margin of appreciation).[57]
გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს კონვენციის მე-11(2) მუხლით განსაზღვრულ ტესტს კერძოდ ჩარევა:
· არის კანონით დადგენილი;
· ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს;
· აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, გამოთქმა „კანონით დადგენილი“ პირველ რიგში მოითხოვს, რომ გასაჩივრებულ ზომებს ჰქონდეს საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში.[58] თუმცა, ის ასევე მიუთითებს მოცემული „კანონის ხარისხზე“, რაც მოითხოვს, რომ კანონი იყოს ხელმისაწვდომი და მისი შედეგები წინასწარ განჭვრეტადი დაინტერესებული პირებისთვის.[59] სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონი „განჭვრეტადია“ თუ ის საკმარისი სიზუსტით არის ფორმულირებული, რათა მისცეს ინდივიდს – საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კონსულტაციით – შესაძლებლობა, დაარეგულიროს საკუთარი ქცევა“.[60] აუცილებელია შეზღუდვა ემსახურებოდეს კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში ამომწურავად განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს.[61]
მაშინაც კი, როდესაც აკრძალვის მიზეზები კანონმდებლობაშია ჩამოთვლილი, იგი გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს კანონიერების, სუბსიდიარობისა და პროპორციულობისმკაცრ სტანდარტებს. როგორც სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი შეზღუდვებიდან ყველაზე მკაცრი - პარტიის აკრძალვა გამართლებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ნაკლებად შემზღუდველი ზომა არასაკმარისად იქნება მიჩნეული.[62] აუცილებლობის კრიტერიუმთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა სამ პუნქტს, რომლებიც მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, აკმაყოფილებდა თუ არა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა „გადაუდებელ საზოგადოებრივ საჭიროებას“ დემოკრატიული პრინციპებისთვის შექმნილი რისკის გამო. ამ ტესტის მიხედვით, „გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროება“ შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ:
· დემოკრატიისთვის საფრთხე მყისიერია (imminent);
· პარტიის ლიდერებისა და წევრების ქმედებები და განცხადებები შეიძლება მიეწეროს პარტიას, როგორც მთლიანობას;
· პარტიის ეგიდით განხორციელებული ქმედებების შედეგად იქმნება ერთიანი სურათი იმ საზოგადოების მოდელის შესახებ, რომელსაც პარტია გააზრებულად პროპაგანდირებს და რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან.[63]
„პარტიების გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონვენციის მე-10 მუხლით, რომელიც ისეთ იდეებზეც ვრცელდება, რომლებიც არასასურველი, არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელია.“[64] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ის ფაქტი, რომ პარტია აკრიტიკებს მთავრობის ქმედებებს,[65] ან მხარს უჭერს კონსტიტუციური წესრიგის მშვიდობიან შეცვლას,[66] თავისთავად, არ არის საკმარისი პარტიის აკრძალვის ან დაშლის გასამართლებლად. პოლიტიკური მოსაზრებები არ ექვემდებარება ცენზურას შესაბამისი პარტიის აკრძალვისა და დაშლის გზით, ხოლო პარტიის წევრების უკანონო საქმიანობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ეს ძალაშია იმ საკონსტიტუციო სისტემებისთვისაც კი, რომლებიც ფორმალურად იცავენ „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ პრინციპს.[67]
პროპორციულობის პრინციპის თანახმად, როგორც ამას ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი უსვამენ ხაზს თავიანთ სახელმძღვანელო პრინციპებში, პოლიტიკური პარტიების შექმნაზე ან საქმიანობის რეგულირებაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული არა მხოლოდ შინაარსით, არამედ დროითი ფარგლებით.[68] პოლიტიკური პარტიის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი შემზღუდველი ზომა უნდა იყოს ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი საშუალება (least intrusive means) დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ხოლო პარტიის აკრძალვა წარმოადგენს ყველაზე მკაცრ სანქციას არსებულთა შორის. მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი ზომის (instrument of last resort) სახით, მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში.[69]
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო იყენებს პოლიტიკური პარტიის აკრძალვას პლურალიზმის ჩასახშობად, შესაძლოა რელევანტური იყოს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაზე მსჯელობაც.[70]
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი აზუსტებს სახელმწიფოთა ვალდებულებას, არ შეზღუდონ კონვენციით დაცული უფლებები სხვა მიზნისთვის, გარდა იმისა, რისთვისაც ეს ნორმები იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მე-11 მუხლის ფარგლებში აღიარა, რომ შესაძლოა არსებობდეს პოლიტიკური პარტიების გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის მართებული მიზეზები, გამონაკლის გარემოებებში, ასეთი შეზღუდვები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნისთვის, გარდა იმისა, რისთვისაც ისინი დადგენილია. ამ კონტექსტში, თუ არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო ცდილობს პოლიტიკური პარტიების დაშლას პლურალიზმის ჩასახშობად და პოლიტიკური დებატების თავისუფლების შესაზღუდად (რაც დემოკრატიული საზოგადოების კონცეფციის უმთავრესი ბირთვია), ამან შეიძლება გამოიწვიოს მე-18 მუხლის დარღვევა.
მოსარჩელეები პარტიების აკრძალვის დასაბუთებისთვის არაერთხელ მოიხმობენ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას.[71] ამდენად, რელევანტური იქნება მოკლედ შევეხოთ კონვენციის მე-17მუხლს - რომელსაც ხშირად „უფლების ბოროტად გამოყენების პუნქტს“ უწოდებენ. ეს მუხლი ზღუდავს იმგვარ ქმედებებს, როდესაც სახელმწიფოები, ინდივიდები ან ჯგუფები კონვენციით მინიჭებულ უფლებებს იყენებენ კონვენციითვე გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების გასანადგურებლად.[72] მისი მიზანია დაიცვას დემოკრატია და ყველას ფუნდამენტური უფლება მისი მტრებისგან, და ამგვარად, იგი თავის თავში ასახავს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციასაც.[73] მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი თავის თავში თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპს მოიაზრებს მისი პრაქტიკული გამოყენება პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით უკიდურესად იშვიათია. მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ „გამონაკლისის სახით და უკიდურეს შემთხვევებში“.[74] უფრო მეტიც, მაშინაც კი, როდესაც პოლიტიკური პარტიის დესტრუქციული საქმიანობა გაამართლებდა მის აკრძალვას მე-17 მუხლის (უფლების ბოროტად გამოყენების) საფუძველზე, ეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოს ვალდებულებისგან, რომ ეს საქმიანობა ასევე შეაფასოს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი ტესტის ფარგლებში.[75] ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ (რომელიც 1998 წლამდე ფუნქციონირებდა) ეს მუხლი პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოიყენა, ხოლო ევროპულ სასამართლოს (ECtHR) არასოდეს გამოუყენებია ის.[76]
5.3. პარტიისა და ინდივიდის პასუხისმგებლობის გამიჯვნა
მხოლოდ პარტიის წევრთა ინდივიდუალურ და შემთხვევით ქმედებებზე დაყრდნობით პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეუთავსებელია იმ დაცვის გარანტიებთან, რომლებიც პარტიებს, როგორც გაერთიანებებს, ენიჭებათ. ეს შეუთავსებლობა ვრცელდება პარტიის ხელმძღვანელობის ინდივიდუალურ ქმედებებზეც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამტკიცდება, რომ ეს პირები მოქმედებენ მთლიანად პარტიის სახელით.[77]
აკრძალვის გასამართლებლად უნდა დადასტურდეს, რომ სწორედ პარტიის წესდებით განსაზღვრულმა ორგანომ (და არა ცალკეულმა წევრებმა) დაისახა არაკონსტიტუციური მიზნები და განახორციელა ისეთი საქმიანობა, რომელიც საჭიროს გახდიდა პარტიის აკრძალვას.[78] პარტია არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი თავისი წევრების იზოლირებულ ქმედებებზე, განსაკუთრებით თუ ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება პარტიის წესდებას ან პარტიის საქმიანობას.[79]
ქმედებები ან სიტყვები, რომლებიც გამოხატულია „ციფრულ“ (Online) ან „ფიზიკურ“ (Offline) რეჟიმში პარტიის შიგნით ცალკეული პირების მიერ, რომლებიც ოფიციალურად არ წარმოადგენენ პარტიას, უნდა მიეწეროს მხოლოდ ამ პირებს. იგივე ეხება წევრების ინდივიდუალურ ქცევას, რომელიც არ არის პარტიის მიერ ავტორიზებული პოლიტიკური/საჯარო ან პარტიული საქმიანობის ფარგლებში.[80] ასეთ შემთხვევებში, შესაბამისი სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი სანქციები შეიძლება გამოყენებულ იქნას ასეთი პირების მიმართ.
ამასთან, ის გარემოება, რომ პოლიტიკური პარტიის ოფიციალური პროგრამა შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს, არ არის ერთადერთი კრიტერიუმი მისი მიზნებისა და განზრახვების დასადგენად. წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ცხადი ხდება, რომ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც აქვთ ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო მიზნები, ხშირად არ ამჟღავნებენ მათ თავიანთ ოფიციალურ პუბლიკაციებში ხელისუფლების ხელში ჩაგდებამდე. ამიტომ, პროგრამის შინაარსი უნდა შედარდეს პარტიის ლიდერების ქმედებებს და პოზიციებს, რომლებსაც ისინი იცავენ, რაც ერთობლიობაში შეიძლება გამოავლინოს პარტიის ფაქტობრივ მიზნებს და განზრახვებს და
გაამართლოს მისი დაშლა.[81]
6. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
გერმანიის კანონმდებლობაში პარტიის აკრძალვის საფუძვლები მხოლოდ ძირითად კანონში (კონსტიტუციაში) არის მოხსენიებული,[82] პარტიების შესახებ კანონი კი მხოლოდ აკრძალვის სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავს.[83]
გერმანიის კონსტიტუციის შესაბამისად, პარტიის აკრძალვის ზოგადი საფუძვლებია: თავისუფალი დემოკრატიული წესრიგის შელახვა ან აღმოფხვრა ან გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის არსებობის საფრთხეში ჩაგდება.[84]
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის მხრიდან სახეზე უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები, რათა პარტია გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.
6.1. საფრთხე უნდა შეექმნას „თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგს“
თავისუფალი დემოკრატიული წესრიგი საკმაოდ ზოგადი ცნებაა. აუცილებელია, დადგინდეს, თუ რა იგულისხმება კონკრეტულად ამ წესრიგში და რა რეალიზებას ჰპოვებს იგი სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით[85] პარტიის აკრძალვის პროცესისთვის „თავისუფალი დემოკრატიული წესრიგი“ მოიცავს უფრო კონკრეტულ სამ პრინციპს: 1. ადამიანის ღირსების შეუვალობა, საიდანაც გამომდინარეობს ადამიანის უფლებების უზენაესობა, 2. დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც ყველა მოქალაქის თავისუფალი განვითარების უფლებაზეა დაფუძნებული და მოიცავს დემოკრატიის კლასიკურ პრინციპებს და 3. სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საჯარო ძალაუფლების შეზღუდვა ინდივიდუალური თავისუფლების დასაცავად.[86]
6.2. პარტიის საქმიანობა უნდა იყოს არაკონსტიტუციური
პარტიის საქმიანობა ჩაითვლება არაკონსტიტუციურად, თუ იგი ახორციელებს გარკვეულ აქტივობებს, რომელიც მიმართული არის თავისუფალი დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პარტიას შესაძლოა გააჩნდეს წესდებით ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული არაკონსტიტუციური მიზნები, იგი საკმარისი არ იქნება მის აკრძალვისთვის. გერმანიის ძირითადი კანონის მიზანი არაა იდეების აკრძალვა.[87] შესაბამისად აუცილებელია „აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა“, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ გარემოებებს: (ა) პარტიის აკრძალვა არ არის (არ უნდა იყოს) იდეოლოგიის აკრძალვა. (ბ) აუცილებელია, რომ პარტიამ გადალახოს თავისუფალი დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ ე.წ. „წითელი ხაზები“, რაც გულისხმობს დაგეგმილ მოქმედებას, რომელიც (გ) მიზნად ისახავს თავისუფალი დემოკრატიული ძირითადი წესრიგის შელახვას ან აღმოფხვრას ან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის საფრთხეს.[88] არ არის აუცილებელი, რომ ეს წარმოადგენდეს კონკრეტულ საფრთხეს ძირითადი კანონით დაცული სამართლებრივი ინტერესებისთვის. თუმცა, (დ) უნდა არსებობდეს კონკრეტული და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც თავისუფალი დემოკრატიული ძირითადი წესრიგის ან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების წარმატებას, სულ მცირე, შესაძლებელს ხდის.[89]
6.3. რისკის განსაზღვრის ტესტი
როდესაც სასამართლოს უწევს გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა პოლიტიკური პარტია არაკონსტიტუციურად და ფაქტობრივად აკრძალოს მისი საქმიანობა, აუცილებელია ე.წ. „რისკის განსაზღვრის“ ტესტის გავლა. ამ ტესტს იყენებს, როგორც გერმანიის საკონსტიტუციო, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. კერძოდ, ამ ტესტის გავლისას განიხილება ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, თუმცა მაინც განსხვავებული რაციონალი. პირველი მათ შორის არის ე.წ. „დემოკრატიის რისკის“ რაციონალი, რომელიც ეყრდნობა დაშვებას, რომ პარტიის აკრძალვა ჯერ არ არის საჭირო დემოკრატიის დასაცავად, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ რეალურად რაიმე სერიოზული საფრთხე შექმნას.[90] ხოლო მეორე რაციონალის, ე.წ. „უარყოფითი ეფექტების“ ლოგიკის მიხედვით მოწმდება, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ აკრძალვას ექნება უარყოფითი შედეგები, რომლებიც აღემატება პარტიის დემოკრატიული ასპარეზიდან გარიცხვის სარგებელს, მაგალითად, მას შეუძლია ხელი შეუწყოს მისი მხარდამჭერების რადიკალიზაციას, მათ იატაკქვეშეთში გადასვლას ან/და ძალადობის გამოყენებას.[91] სასამართლომ უნდა შეაფასოს პარტიის აკრძალვის შედეგები, მათ შორის ისეთი, რომელიც შესაძლოა არაკანონიერი იყოს.
6.4. პროპორციულობის ტესტი
პოლიტიკური პარტიის აკრძალვის წინაპირობების არსებობასთან ერთად, აუცილებელია, პროპორციულობის ტესტის გავლა, რათა შეფასდეს, რამდენად გამართლებულია კონკრეტული პარტიის აკრძალვა და დემოკრატიული პლურალიზმის შეზღუდვა დემოკრატიული წესრიგის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად იზიარებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ზემოთაღნიშნულ სტანდარტებს.
პროპორციულობის ტესტის შეფასების საგანია ის, თუ რამდენად პროპორციულად მზღუდავი მექანიზმი გამოიყენა სასამართლომ პარტიის საქმიანობაში ჩარევის ნაწილში და რამდენად შეესაბამებოდა იგი შელახულ სამართლებრივ სიკეთეს. ამ შემთხვევაში, ზუსტად უნდა განისაზღვროს, ხომ არ არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომლითაც დაზღვეული იქნება პარტიის არაკონსტიტუციური საქმიანობის შედეგები ისე, რომ მათი სრულიად აკრძალვა საჭირო აღარ გახდეს.
გერმანიის ფედერალური კანონმდებლობა იცნობს ნაკლებად მზღუდავი საშუალებას, ვიდრე პარტიის აკრძალვაა. ეს კი სასამართლოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, განსაზღვროს შესაბამისი ზომა პარტიის წინააღმდეგ. მაგალითად, გერმანიის ძირითადი კანონის მიხედვით, არაკონსტიტუციურ პარტიას სანქციის სახით შესაძლოა დაეკისროს სახელმწიფო დაფინანსების შეზღუდვა გარკვეული ვადით.[92] სახელმწიფო დაფინანსების შეზღუდვა ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს მიერ პარტიის გადასახდელი თანხის შეჩერებას, ასევე ყველა საგადასახადო შეღავათის გაუქმებას.[93] აღსანიშნავია, რომ ეს სანქცია არის უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც შეიძლება გამოიყენონ იმ შემთხვევაში, თუ პარტია არაკონსტიტუციურად იქნა გამოცხადებული. აკრძალვის შემთხვევაში პარტია უნდა ახორციელებდეს მიზანმიმართულ არაკონსტიტუციურ ქმედებას, ხოლო დაფინანსების შეზღუდვის შემთხვევაში არაკონსტიტუციური მოქმედება უნდა იყოს განზრახული.[94]
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსების შეზღუდვა თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის ერთ-ერთი გამოხატულებაა.[95] თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის დოქტრინის მიზანია არაკონსტიტუციურ პარტიას შეექმნას ერთგვარი დაბრკოლება სხვა პარტიებთან შედარებით თანაბარი მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის ამომრჩეველთან ურთიერთობის ნაწილში.[96] ამ მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია არა მხოლოდ უკიდურესი ფორმის - აკრძალვის გამოყენებით, არამედ ასევე სახელმწიფო დაფინანსების შეზღუდვით. დაფინანსების შეზღუდვა პარტიას უქმნის მნიშვნელოვან, მათ შორის არსებობისთვის საშიშ დაბრკოლებას და ზღუდავს მის თანაბარ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოების ნების ჩამოყალიბების პროცესში.[97]
შესაბამისად, პროპორციულობის შემოწმების ეტაპზე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციური ქმედებების არსი, შემადგენლობა, არსებული საფრთხე და მისი განხორციელების პოტენციალი, დაცული სამართლებრივი სიკეთის სანაცვლოდ უფლების შეზღუდვის სიმძიმე და მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინოს პასუხისმგებლობის ზომა. თუმცა, ამისათვის აუცილებელია კანონმდებლობა იცნობდეს პასუხისმგებლობის რამდენიმე ზომას, რათა სასამართლოს შეეძლოს მათ შორის არჩევნის გაკეთება.
7. პარტიის აკრძალვის ბოროტად გამოყენების შედარებით-სამართლებრივი მიმოხილვა
კონსტიტუციონალიზმი, როგორც მოვლენა ნეიტრალურია თავისი ბუნებით და შეიძლება იყოს დემოკრატიული ან ავტორიტარული.[98] დემოკრატიული სახელმწიფო ავტომატურად გულისხმობს პლურალიზმს და განსხვავებული აზრების მიმართ შემწყნარებლობას. არ შეიძლება დემოკრატიული მექანიზმის გამოყენება თავად დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის raison d'être-ს. თუმცა, შედარებით საკონსტიტუციო სამართალში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კონსტიტუციური მექანიზმი, პრინციპი თუ თეორია გამოიყენება კონსტიტუციონალიზმის საწინააღმდეგოდ. ამ ფენომენს ეწოდება ძალადობრივი კონსტიტუციური სესხება (abusive constitutional borrowing).[99] ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი, რომლებიც კარგი ილუსტრაციაა ძალადობრივი კონსტიტუციონალიზმის - ამ შემთხვევაში, პარტიის აკრძალვის ბოროტად გამოყენების ჭრილში.
2010 წელს ფიჯის სამხედრო ლიდერმა, რომელიც ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოვიდა, გადაწყვეტილება მიიღო აეკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია და კანდიდატებსაც შეეზღუდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.[100] ამასთან, აკრძალული პარტიების წევრების მიერ ახალი პარტიების შექმნის მიუხედავად, 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამხედრო ლიდერის პარტიამ გაიმარჯვა.[101]
პარტია აიკრძალა ასევე კამბოჯაშიც პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტებით. კამბოჯის სახალხო პარტიამ უზენაეს სასამართლოში უჩივლა კამბოჯის ეროვნული გადარჩენის პარტიას. საქმეზე სახელმწიფოს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ოპოზიციურმა პარტიამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.[102] პარტიას ძირითადად ედავებოდნენ მისი ლიდერების განცხადებებს, რითიც ოპოზიციონერები არ აღიარებდნენ არჩევნებს, ხალხს მოუწოდებდნენ პროტესტისკენ, ხოლო პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ.[103] გარდა ამისა, ბრალდებები ეხებოდა პარტიის მიერ დემოკრატიული წესრიგის საბოტაჟს, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას და ფარულ საქმიანობას სახელმწიფოს წინააღმდეგ.[104] პარტიას ასევე ედავებოდნენ, რომ იგი იმართებოდა გარეშე ძალებისგან, სახელდობრ შეერთებული შტატებისგან.[105] სასამართლომ გაიზიარა ეს არგუმენტები და პარტია აკრძალა. პარტიის აკრძალვის შემდეგ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ მანდატების 100% მოიპოვა.[106]
ბელარუსში პარტიათა ლიკვიდაცია გამოიწვია ახალი კანონის მიღებამ 2023 წელს, რითიც მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება გაუჩნდათ.[107] ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა ხელახლა რეგისტრაციაზე, ხოლო ზოგმა არასრული ინფორმაცია წარადგინა.[108] შედეგად, იუსტიციის სამინისტრომ მიმართა უზენაეს სასამართლოს მათი ლიკვიდაციისთვის.[109] ახალი კანონის ფარგლებში მხოლოდ იმ პარტიების ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდა, რომლებიც პრო-სახელისუფლებლო იყვნენ.[110] ამ კანონის ფარგლებში დაიხურა არაერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც წლებია ბელარუსში ოპერირებდნენ.[111] ბელარუსის სახალხო ფრონტის პარტია, რომელიც 1993 წლიდან ფუნქციონირებს და ქვეყნის უძველეს ოპოზიციას წარმოადგენს, აგრეთვე დაექვემდებარა ლიკვიდაციას.[112] როგორც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, ახალი კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენდა „სათამაშო მოედნის გაწმენდა დეკორაციული ორგანიზაციებისგან და იმ პოლიტიკური პარტიებისგან, რომელთა მიზანიც კონსტიტუციური წესწყობილებისთვის ძირის გამოთხრას წარმოადგენდა.“[113] საყურადღებოა, რომ ბელარუსის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 110 წევრიან წარმომადგენელთა პალატაში არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი აღარ იყო წარმოდგენილი.[114]
შედარებით საკონსტიტუციო სამართალში ზემოთ განხილული მაგალითები წარმოჩენილია, როგორც ძალადობრივი კონსტიტუციონალიზმი - კონსტიტუციური მექანიზმების ბოროტად გამოყენების შემთხვევა. მაგალითები ცხადყოფს, რომ პარტიის აკრძალვა, როგორც პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მექანიზმი გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თითოეული შემთხვევა აჩვენებს, თუ როგორ იყენებენ ერთი შეხედვით დემოკრატიულ მექანიზმს ანტიდემოკრატიული მიზნების მისაღწევად. საბოლოო ჯამში, არადემოკრატიული რეჟიმების მიზანია პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება და ამ გზით საკუთარი ძალაუფლების შემდგომი კონსოლიდაცია არჩევნების გზით. როგორც გამოჩნდა, პარტიების აკრძალვის შემდეგ მმართველებს ეძლევათ შესაძლებლობა საპარლამენტო მანდატების 100% თავადვე მიიღონ. ეს კი ავტომატურად გამორიცხავს სახელმწიფოში პოლიტიკურ პლურალიზმს, განსხვავებული აზრის არსებობას და აქრობს დემოკრატიას. სწორედ ამიტომ, პარტიის აკრძალვის ინსტიტუტის გამოყენებისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭაბათ შესაბამის სასამართლოებს. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციის მცველი,[115] ვალდებულია კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას რეალურად ანტიდემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისგან. ამ პროცესში კი მას მართებს როგორც კონსტიტუციის ნორმების, ისე კონსტიტუციონალიზმში აღიარებული პრინციპების ჯეროვანი განმარტება, რათა უნებურად პარტიის აკრძალვის მექანიზმი არ გადაიქცეს დემოკრატიული ეროზიის საშუალებად.
8. შეჯამება
საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია. ხალხი, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას თავისი წარმომადგენლებისა და სხვა დემოკრატიული მექანიზმების მეშვეობით ახორციელებს. პოლიტიკური პლურალიზმის არსებობის პირობებში, მოქალაქეებს აქვთ საშუალება აირჩიონ წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე უკეთ გამოხატავენ მათ ინტერესებსა და მისწრაფებებს. პარტიების აკრძალვით იზღუდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და მათში გაერთიანებული პირების უფლებები, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლება - განახორციელოს ხელისუფლება.
საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, პოლიტიკური პარტიების თავისუფალი საქმიანობა პლურალიზმისა და დემოკრატიის ფუნდამენტური კომპონენტია. პარტიათა აკრძალვა დაუშვებელია იმ შემთხვევაში თუ ეს აუცილებელი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ამავდროიულად, არ უნდა არსებობდეს უფრო მსუბუქი საშუალება იმავე მიზნის მისაღწევად. პარტიის აკრძალვა უკიდურესი და პრაქტიკულად შეუქცევადი ზიანის მიმყენებელი ზომაა, შესაბამისად ეს ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას აღნიშნულ დავასთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელი არ შეიცავს საჭირო ფაქტობრივ მტკიცებულებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის მოხმობას. კონკრეტული დანაშაულები, ასეთის არსებობის შემთხვევაში კონკრეტულ პირებს უნდა შეერაცხოთ, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ამართლებდეს ლეგიტიმურ მიზანს. დემოკრატიული კურსიდან მკვეთრი გადახვევის, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის, ძალადობრივი კანონშემოქმედების, მედიასა და არასამათავრობო სექტორზე მნიშვნელოვანი წნეხისა და რეპრესიების ფონზე, შეუძლებელია თავდაცვისუნარიანმა დემოკრატიამ თავისი დანიშნულება შეასრულოს.
[1] საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=20244
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 6 ოქტომბრის N1/1-1/1979 განჩინება საქმეზე საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=20250
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 13 ოქტომბრის N3/4/1979 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=20319
[4] Refah Parti̇si̇ (the Welfare Party) and Others V. Turkey, (Applications nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 and 41344/98), para. 105.
[5] „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს”, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება“, 2024 წლის 28 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33219304.html, განახლებულია: 09.12.25.
[6] „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“, თბილისი, 2025, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/hPJNL, განახლებულია: 09.12.25. ასევე იხილეთ - საქართველოს სახალხო დამცველის 2024 ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ანგარიში აღწერს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სერიოზულ სისტემურ პრობლემებს, მათ შორის ინსტიტუციურ ხარვეზებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მაისისა და ნოემბერ–დეკემბრის პროტესტების ფონზე დაფიქსირებულ მრავალფეროვან დარღვევებზე. დოკუმენტში აღწერილია ღირსებისშემლახავი და არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების შემთხვევები.
[7] „რა ცვლილებები შევა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში?“, საიას ოფიციალური ვებგვერდი, 2024 წლის 16 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/ra-tsvlilebebi-shedis-administraciul-samartaldargvevata-kodeqsshi, განახლებულია: 09.12.25; ადმინისტრაციული სამართალდარღვევთა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 174 პრიმა მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით იზრდება სანქციები საპროტესტო აქციაზე აკრძალულ ნივთების ქონასა და სავალი გზის გადაკეტვაზე. იხილეთ საიას შეფასება - https://gyla.ge/post/GYLA-avtoritaruli-kanonshemoqmedebis-shepaseba, განახლებულია: 09.12.25; Urgent Opinion on the Amendments to the Law on Assemblies and Demonstrations, the Code of Administrative Offences and the Criminal Code of Georgia (as Adopted on 6 February 2025), ხელმისაწვდომია: https://odihr.osce.org/sites/default/files/f/documents/d/2/587466.pdf, განახლებულია: 09.12.25; Urgent Opinion on Amendments to the Code of Administrative Offences and the Law on Assemblies and Demonstrations, European Commission for Democracy Through Law (Venice Commission), https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-PI(2025)004-e, განახლებულია: 09.12.25.
[8] „კანონები სიტყვის წინააღმდეგ” - საიამ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობის შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა“, საიას ოფიციალური ვებგვერდი, 2025 წლის პირველი სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/Kanoni-sitkvis-tsinaagmdeg-sais-kvleva-gamokhatvistavisupleba, განახლებულია: 11.09.2025.
[9] აბულაძე გ. „საჯარო სამსახურის „რეფორმის“ დამანგრეველი ეფექტი“, 2025, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/4mLByR1, განახლებულია: 04.09.2025; „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“, თბილისი, 2025, გვ 121, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/hPJNL, განახლებულია: 09.12.25.
[10] 2024 წელს მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული სტილის კანონმა სავალდებულო გახადა ორგანიზაციების მასტიგმატიზებელ რეესტრში რეგისტრაცია. მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა 2025 წელს მიღებულმა კანონმა - ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ტექსტობრივმა ანალოგმა, რომელიც სისხლის სამართლის სანქციებს ითვალისწინებს და, ინსტიტუციების მიტაცების პირობებში, სახიფათო ინსტრუმენტია დამოუკიდებელი ორგანიზაციების წინააღმდეგ. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ 16 აპრილს დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი რეპრესიული ცვლილებების პაკეტი, რითაც საბოლოოდ აიკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების მიღება. ამ საკითხებზე ვენეციის კომისიის დასკვნა იხ.: Opinion on the Law on the Registration of Foreign Agents, the Amendments to the Law on Grants and Other Laws Relating to “foreign Influence”, European Commission for Democracy Through Law (Venice Commission), ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2025)034-e, განახლებულია: 09.12.25.
[11] ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა მიზნობრივი სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევაზე არიან პასუხისმგებელნი. იხილეთ - European Parliament resolution of 28 November 2024, პარ. 11; ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-10-2024-0054_EN.html, განახლებულია: 09.12.25; ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სანქციები მაღალი თანამდებობის პირებზე დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. იხ.: „აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად“, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება“, 2024 წლის 27 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%90/33254863.html. განახლებულია: 09.12.25. რამდენიმე სხვა დასავლურმა ქვეყანამაც მიიღო მსგავსი შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაკავშირებულ პირებზე. Transparency International Georgia: 9 Western countries have already sanctioned more than 230 representatives of the Georgian Dream, 138 of whom have been made public, while the rest have been subject to anonymous travel or visa restrictions“, საინფორმაციო პორტალი „ინტერპრესნიუსი“, 2025 წლის 30 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/en/article/141473-transparency-international-georgia-9-western-countries-have-already-sanctioned-more-than-230-representatives-of-the-georgian-dream-138-of-whom-have-been-made-public-while-the-rest-have-been-subject-to-anonymous-travel-or-visa-restrictions, განახლებულია: 09.12.25. Porto Declaration and Resolutions Adopted by the OSCE Parliamentary Assembly at the Thirty-second Annual Session, ხელმისაწვდომია: https://www.oscepa.org/en/documents/annual-sessions/2025-porto/declaration-31/5313-porto-declaration-eng/file, განახლებულია: 09.12.25; ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის შესახებ წერილს გაუგზავნის - კალასი შესაძლო შეჩერების შესახებ აფრთხილებს, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება“, 2025 წლის 15 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33474647.html, განახლებულია: 09.12.25
[12] 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და საქმიანობის ანალიზი იხილეთ ქვეთავი 4.3.
[13] „საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ დადგენილება მიიღო“, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი, 2025 წლის 6 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.parliament.ge/media/news/sakanonmdeblo-organom-parlamentis-droebiti-sagamodziebo-komisiis-sakmianobis-shedegebis-shesakheb-dadgenileba-miigho, განახლებულია: 09.09.2025.
[14] შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „დღეს ვიწყებთ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას". რა წერია სარჩელში, რომლითაც ქართული ოცნება 3 პარტიას აკრძალვას უპირებს - სრულად, ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/129769, განახლებულია: 09.12.25.
[15] განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრების ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/shpapuashvili/posts/pfbid07aufFsUBjSCHeqPWD2dwvbkLuu3cp63ToKebXksnA8kPSQTCSsQMvXAxg15kv9b6l?rdid=QWYikQly3wC3MNdk#, განახლებულია: 09.12.25
[16]„ პაპუაშვილის თქმით, პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში ფედერალისტებსაც ამატებენ“, საინფორმაციო პორტალი „ტაბულა“, 2026 წლსი 20 აპრილი, ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/ge/news/747507-papuashvilis-tkmit-partiebis-akrdzalvis , განახლებულია: 05.05.2026.
[17] https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=20244
[18] A Region Reordered by Autocracy and Democracy, ხელმისაწვდომია: https://freedomhouse.org/report/nations-transit/2024/region-reordered-autocracy-and-democracy განახლებულია: 09.12.25; 2025 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში აღინიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც“, ხოლო „დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“. PACE sees a ‘breakdown of democracy’ in Georgia, urging its reversal, ხელმისაწვდომია: https://pace.coe.int/en/news/10050/pace-sees-a-breakdown-of-democracy-in-georgia-urging-its-reversal, განახლებულია: 09.12.25.
[19] Socialist Party and Others v. Turkey [GC], (App. no. 20/1997/804/1007), para. 41.
[20] Niewiadomska-Frieling, A., Politische Parteien Polens nach 1989, 2006, 27.
[21] European Commission for Democracy Through Law (Venice Commission) and OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (OSCE/ODIHR), CDL-AD(2020)032, Guidelines on Political Party Regulation 2nd Edition; 14 December 2020, 5.
[22] Niewiadomska-Frieling, A., Politische Parteien Polens nach 1989, 2006, 27.
[23] Heywood, A., Politics, fourth edition, 2013, 227.
[24] Mueller, J., W., Militant Democracy, The Oxford Handbook of Comparative Constitutional Law, (2012), P.1; Andras Sajo, Militant democracy and transition towards democracy, Eleven International Publishing, Utrecht, 2004
.210 -212.
[25] Hartmut, M., Das Verbot politischer Parteien: Zur Problematik des Art. 21 Abs. 2 GG, in: Archiv des öffentlichen Rechts, 1971, Vol. 96, No. 2, 205.
[26] ibid.
[27] Mueller, J.W., Militant Democracy, The Oxford Handbook of Comparative Constitutional Law, 2012, 1254.
[28] საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი მე-3 პუნქტი.
[29] ibid.
[30] ibid, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი.
[31] ibid, 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
[32] ibid, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.
[33] ibid, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი.
[34] ცვლილებები შევიდა საქართველოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში, ასევე მსგავსი შინაარსის ცვლილებები შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამის მუხლებშიც. კანონპროექტი ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/v1/law-drafting/bills/31315/details/106849, განახლებულია: 25.10.2025.
[35]“ ,ქართული ოცნების“ ინიციატივა - ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 15 ოქტომბერი, 2025, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/GYLA-politikuri-saqmianobis-akrdzalvis-shesaxeb, განახლებულია: 28.11.2025.
[36] საქართველოს პარლამენტის N240-IIმს-XIმპ დადგენილება, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/378453?, განახლებულია: 20.11.25.
[37] საქართველოს პარლამენტის ბიუროს N19/4 გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/378831?, განახლებულია: 20.11.25.
[38] ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2025 წლის 10 თებერვლის წერილი საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/378985?, განახლებულია: 20.11.25.
[39] პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ 2025 წლის 10 თებერვლის წერილი საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/378988?, განახლებულია: 20.11.25.
[40] პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ 2025 წლის 10 თებერვლის წერილი საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/378974?, განახლებულია: 20.11.25.
[41] საქართველოს პარლამენტის 413-IIმს-XIმპ დადგენილება, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/384746?, განახლებულია: 20.11.25.
[42] „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ „მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას“ ითვალისწინებს“, საინფორმაციო პორტალი „civil.ge“, 2025 წლის 28 მარტი, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/672285, განახლებულია: 20.11.25.
[43] Parliament’s Investigative Powers. Committees of Inquiries and Special Committees, Briefing, February 2015, European Parliament, 2, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/35v9TgJ, განახლებულია: 09.12.25.
[44] საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
[45] კომისიის წევრები არიან: ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ (5 წევრი): თეა წულიკიანი (თავმჯდომარე), ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია (შემდგომ ირაკლი ქადაგიშვილი), პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალიდან“ (2 წევრი): სოზარ სუბარი (მდივანი), გურამ მაჭარაშვილი, პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ (1 წევრი): ილია ინჯია, ასევე კვოტებით განსაზღვრულია 2 წევრი უფრაქციო დეპუტატებიდან (კერძოდ, პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა). იხ. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში“ წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ“.
[46] „საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ დადგენილება მიიღო“, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი, 2025 წლის 6 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.parliament.ge/media/news/sakanonmdeblo-organom-parlamentis-droebiti-sagamodziebo-komisiis-sakmianobis-shedegebis-shesakheb-dadgenileba-miigho, განახლებულია: 20.11.25.
[47] კობახიძე, ი., პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი, არადანარი, 2008, 116.
[48] ibid, 156.
[49] ვრცლად კვლევა იხ: Parliamentary Boycotts in the Western Balkans, Westminster Foundation for Democracy, 2019.
[50] გაერთიანების თავისუფლება გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის (ICCPR) 22-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-11 მუხლით. გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია ICCPR-ის მე-19 მუხლით და ECHR-ის მე-10 მუხლით. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება გარანტირებულია ICCPR-ის 21-ე მუხლით და ECHR-ის მე-11 მუხლით.
[51] იხ. მაგ. Parliamentary Assembly of the Council of Europe (PACE), Resolution 1736 (2010), Code of good practice in the field of political parties; PACE, Resolution 1601(2008), Procedural guidelines on the rights and responsibilities of the opposition in a democratic parliament; PACE, Resolution 1546 (2007), The code of good practice for political parties; PACE, Recommendation 1438 (2000) and Resolution 1344 (2003), The threat posed to democracy by extremist parties and movements in Europe; PACE, Resolution 1308 (2002), Restrictions on political parties in the Council of Europe member states Recommendation 1516 (2001), Financing of political parties; Report on financing of political parties, Doc. 9077 (2001); Report on restrictions on political parties in the Council of Europe member states, Doc. 9526 (2002); Report on incompatibility of banning democratically elected political parties with Council of Europe standards, Doc. 8467 (1999); Venice Commission, CDL-INF(2000)001, Guidelines on prohibition and dissolution of political parties and analogous measures, adopted by the Venice Commission at its 41st plenary session (10–11 December, 1999); Venice Commission, CDL-AD(2004)007rev, Guidelines and Explanatory Report on Legislation; on Political Parties: some specific issues, adopted by the Venice Commission at its 58th Plenary Session (12-13 March 2004); Venice Commission, CDL-AD(2005)009, Report on Electoral Rules and Affirmative Action for National Minorities' Participation in decision-making process in European countries adopted by the Council for Democratic Elections at its 12th meeting (10 March 2005) and the Venice Commission at its 62th Plenary Session (11-12 March 2005); Venice Commission, CDL-AD(2009)021, Code of Good Practice in the field of Political Parties adopted by the Venice Commission at its 77th Plenary Session (12-13 December 2008) and Explanatory Report adopted by the Venice Commission at its 78th Plenary Session (13-14 March 2009); Venice Commission, CDL(2010)030, PACE Recommendation 1898(2010) on the “Thresholds and other features of electoral systems which have an impact on representativity of Parliaments in Council of Europe Member States” - Venice Commission Comments in view of the reply of the Committee of Ministers adopted by the Council for Democratic Elections at its 32nd meeting (11 March 2010) and by the Venice Commission at its 82nd plenary session (12-13 March 2010).
[52] Venice Commission & OSCE/ODIHR, Guidelines on Political Party Regulation (Second Edition), CDL-AD(2020)032. para. 108.
[53] ibid, para. 106.
[54] ibid, para 50.
[55] United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, (App. no. 133/1996/752/951), para. 46; HADEP and Demir v. Turkey, (App. no. 28003/03), para. 59.
[56] Ibid.
[57] Party for a Democratic Society (DTP) and Others v. Turkey, (App. nos. 3840/10, 3870/10, 3878/10, 15616/10, 21919/10, 37272/10, 39118/10) 2016, para. 101; Herri Batasuna and Batasuna v. Spain, (App. nos. 25803/04; 25817/04) para. 78; Linkov v. the Czech Republic, (App. no. 10504/03), para. 45.
[58] Refah Parti̇si̇ (the Welfare Party) and Others V. Turkey, (Applications nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 and 41344/98), para. 57.
[59] ibid.
[60] ibid.
[61] ibid, para. 51.
[62] PACE, Resolution 1308 (2002), para. 11.
[63] Refah Parti̇si̇ (the Welfare Party) and Others V. Turkey, (Applications nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 and 41344/98), para. 104.
[64] United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, (App. no. 133/1996/752/951), para. 43.
[65] Yazar and Others v. Turkey, (App. nos. 22723/93, 22724/93, 22725/93) para. 59; HADEP and Demir v. Turkey, (App. no. 28003/03), para. 70.
[66] Partidul Comunistilor (Nepeceristi) and Ungureanu v. Romania, (App. no. 46626/99), para. 46.
[67] Venice Commission & OSCE/ODIHR, Guidelines on Political Party Regulation (Second Edition), CDL-AD(2020)032, para. 107.
[68] ibid, para. 50.
[69] Ibid., paras. 50-52.
[70] იხ.: mutatis mutandis, Selahattin Demirtaş v. Turkey (no. 2), (App. no. 14305/17), paras 421-438.
[71] საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე, გვ. 2-3, ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18680, განახლებულია: 09.12.25.
[72] European Commission for Democracy Through Law (Venice Commission) and OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (OSCE/ODIHR), CDL-AD(2020)032, Guidelines on Political Party Regulation 2nd Edition, para. 121. citing ECtHR, Ždanoka v. Latvia [GC], no. 58278/00, 16 March 2006, para. 109: „მე-17 მუხლის მიზანია ხელი შეუშალოს ტოტალიტარულ ან ექსტრემისტულ ჯგუფებს, კონვენციაზე დაყრდნობით გაამართლონ საკუთარი საქმიანობა.“
[73] Ibid, citing ECtHR, Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey [GC], nos. 41340/98 and 3 others, 13 February 2003, paras. 98-99; and ECtHR, Ždanoka v. Latvia [GC], no. 58278/00, 16 March 2006, paras. 98-101.
[74] Ibid, citing ECtHR, Perinçek v. Switzerland [GC], no. 27510/08, 15 October 2015, para. 114.
[75] European Commission for Democracy Through Law (Venice Commission) and OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (OSCE/ODIHR), CDL-AD(2020)032, Guidelines on Political Party Regulation 2nd Edition, para. 121.
[76] Ibid; European Commission of Human Rights (EComHR), German Communist Party v. Germany (dec.), no. 250/57; EComHR, Glimmerveen and Hagenbeek v. the Netherlands (dec.), nos. 8348/78 and 8406/79.
[77] პოლიტიკური პარტიის ლიდერების ქმედებები და გამოსვლები მიჩნეული იქნა მთელ პარტიაზე მიკუთვნებად ქმედებებად კონკრეტულ გარემოებებში, რომლებიც განხილული იყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECtHR) საქმეში - Refah Parti̇si̇ (the Welfare Party) and Others V. Turkey, (Applications nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 and 41344/98), para. 101, 113 ასევე იხ.: Party for a Democratic Society (DTP) and Others v. Turkey, (App. nos. 3840/10, 3870/10, 3878/10, 15616/10, 21919/10, 37272/10, 39118/10) 2016, para. 85, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში, პარტიის ლიდერის, როგორც პარტიის ხშირად ემბლემატური ფიგურის, როლი განსხვავდებოდა ჩვეულებრივი წევრის როლისგან.
[78] Ibid, para. 118, citing Venice Commission, CDL-INF(2000)001, Guidelines on prohibition and dissolution of political parties and analogous measures, paras. 4 and 13.
[79] Ibid, para 118, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) დაშლა არაპროპორციულად მიიჩნია, როდესაც ის დაფუძნებული იყო პოლიტიკური პარტიის ყოფილი ლიდერის განცხადებებზე. იხ.: Party for a Democratic Society (DTP) and Others v. Turkey, (App. nos. 3840/10, 3870/10, 3878/10, 15616/10, 21919/10, 37272/10, 39118/10) 2016, para. 64.
[80] Venice Commission, CDL-INF(2000)001, Guidelines on prohibition and dissolution of political parties and analogous measures.
[81] Refah Parti̇si̇ (the Welfare Party) and Others V. Turkey, (Applications nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 and 41344/98), para. 101.
[82] გერმანიის ძირითადი კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
[83] გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონი „პოლიტიკური პარტიების შესახებ“, §32.
[84] გერმანიის ძირითადი კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
[85] BVerfG, Urteil vom 23. Oktober 1952 - 1 BvB 1/51, § 51.
[86] BVerfG, Urteil des Zweiten Senats vom 17. Januar 2017, § 529-547.
[87] Molier, G., Rijpkema, B., Germany’s New Militant Democracy Regime: National Democratic Party II and the German Federal Constitutional Court’s ‘Potentiality’ Criterion for Party Bans, European Constitutional Law Review, 14, 2018, 397
[88] BVerfG, Urteil des Zweiten Senats vom 17. Januar 2017, § 570.
[89] იქვე.
[90] Molier, G., Rijpkema, B., Germany’s New Militant Democracy Regime: National Democratic Party II and the German Federal Constitutional Court’s ‘Potentiality’ Criterion for Party Bans, European Constitutional Law Review, 14, 2018, 399.
[91] ibid.
[92] გერმანიის ძირითადი კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
[93] ibid.
[94] გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტი ერთმანეთისგან განასხვავებენ ტერმინებს „darauf ausgehen“ და „darauf ausgerichtet sein“. პირველ შემთხვევაში, იგულისხმება უფრო ინტენსიური, მიზანმიმართული არაკონსტიტუციური ქმედება, ხოლო მეორე შემთხვევაში მოქმედებაზე გადასვლა არაა აუცილებელი, თუმცა მისი განხორციელების ალბათობა სახეზეა, მიუხედავად საფრთხის პოტენციურობისა.
[95] BVerfG, Urteil des Zweiten Senats vom 23. Januar 2024 - 2 BvB 1/19 -, Rn. 224, ხელმისაწვდომია: https://www.bverfg.de/e/bs20240123_2bvb000119, განახლებულია: 09.12.25.
[96] ibid.
[97] ibid.
[98] ამ საკითხზე ვრცლად იხ.: Tushnet, M., Authoritarian Constitutionalism, Cornell Law Review, Vol. 100, 2015, 391-461; Landau, D., Dixon, R., Abusive Constitutional Borrowing: Legal Globalization and the Subversion of Liberal Democracy, Oxford University Press, 2021.
[99] Landau, D., Dixon, R., Abusive Constitutional Borrowing: Legal Globalization and the Subversion of Liberal Democracy, Oxford University Press, 2021, 3.
[100] ibid, 69-70.
[101] ibid.
[102] ibid, 104.
[103] ibid, 105.
[104] ibid.
[105] ibid.
[106] ibid, 106.
[107] Belarus launches campaign of forced liquidation of political parties, ხელმისაწვდომია: https://csometer.info/updates/belarus-launches-campaign-forced-liquidation-political-parties, განახლებულია: 05.11.25.
[108] ibid.
[109] ibid.
[110] ibid.
[111] Minsk Shuts Down Opposition Belarusian Popular Front Party, ხელმისაწვდომია: https://www.rferl.org/a/minsk-shuts-down-belarus-opposition-party/32547594.html, განახლებულია: 05.11.25.
[112] Belarus liquidates oldest political opposition association, ხელმისაწვდომია: https://www.ukrainianworldcongress.org/belarus-liquidates-oldest-political-opposition-association/, განახლებულია: 05.11.25.
[113] Human Rights Council, Fifty-sixth session, 18 June–12 July 2024, Situation of human rights in Belarus, para. 112.
[114] ibid, para. 13.
[115] ამ კონცეფციაზე ვრცლად იხ.: Judges as Guardians of Constitutionalism and Human Rights, Edited by Martin Scheinin, Helle Krunke and Marina Aksenova, Edward Elgar Publishing, 2016.