მოქმედი მოსამართლეები

ევა გოცირიძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

დაიბადა 1963 წლის 7 ივლისს ქ. თბილისში.

წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1987წ), სპეციალობა სამართალმცოდნეობა.

1992-1996 წლებში იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოს უფროსი კონსულტანტი.

1994-1997 წლებში გახლდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი, ხოლო 1995-1999 წლებში - ჟურნალ „მართლმსაჯულების მაცნეს" სარედაქციო კოლეგიის წევრი.

1996 წელს გაიარა TACIS-ის მენეჯმენტის კურსი.

1996-1997 წლებში იყო უზენაეს სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსი.

1996-1997 წლებში ხანგრძლივი სამეცნიერო სტაჟირებით იმყოფებოდა უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიჩიგანი, აშშ, სადაც, გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, ახორციელებდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. ამავე უნივერსიტეტში მან გაიარა ინგლისური ენის სპეციალური კურსიც.

1998 წელს სტაჯირება გაიარა ქ. ჰანოვერის ფედერალიზმის ინსტიტუტში (გერმანია).

1997 წელს არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, სადაც საქმიანობდა 2000 წლამდე.

1998 წელს გახდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალიზაცია: კონსტიტუციური სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); სადისერტაციო შრომა: „იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, (კონსტიტუციური დილემები“).

2000-2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მისივე დაარსებული ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი, ხოლო 2005-2006 წლებში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში.

2006 წელს დისერტაციის დაცვის შემდეგ მიენიჭა საერთაშორისო სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია ("Magna Cum Laude"), სპეციალიზაცია: საერთაშორისო სამართალი; სადისერტაციო შრომა: „გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში (სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით“).

2007-2013 წლებში გახლდათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტრაქტორი სასამართლოს იურისპრუდენციის დამუშავებისა და თარგმნის საკითხებზე (HRTF translations project).

2007 წელს გაიარა სტაჟირება და ტრენინგი ევროპის სამართლის აკადემიაში (ტრირი, გერმანია); ხოლო 2009 წელს ისრაელის უმაღლეს სასამართლოსა და ქნესეთში. მიღებული აქვს OSCE, TACIS, ABA, ERA და "შტატის სასამართლოთა ეროვნული ცენტრის" (The National Centre of State Courts) (აშშ) საერთაშორისო სერთიფიკატები.

2009-2013 წლებში იყო დამცველი ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების საკითხებზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2010 წელს მიიღეული აქვს საადვოკატო ლიცენზია სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2012 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორია (საკონსტიტუციო სამართალი, ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალი).

2013 წელს გაიარა სტაჟირება და ტრენინგი სამოსამართლო ქცევის კალიფორნიის კომისიაში (სან-ფრანცისკო,); 2014 წელს საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოების ავუეთა (Avoués) ეროვნულ პალატაში (პარიზი); 2014 წელს დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში, ხოლო 2015 წელს ესპანეთის მართლმსაჯულების მთავარ საბჭოში (მადრიდი).

2013 - 2016 წლებში იყო საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისო საკოორდანიციო საბჭოს წევრი.

2013-2017 წლებში გახლდათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას იუსტიციის უმარლეს სკოლაში.

2015 წელს გახდა ადამიანის უფლებათა ეროვნული მწვრთნელი, ( გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში).

2016 წლიდან არის აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი.

გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები: „გამოხატვის თავისუფლება აშშ-სა და კანადის საკონსტიტუციო სამართალსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის მიხედვით (შედარებითი ანალიზი)" (თბილისი, 2004); „მიზეზობრიობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში" (თბილისი, 2005); „გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში" (თბილისი, 2006); "სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით" (თბილისი, 2006); „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი" მე-2 თავი, კონსტიტუციონალიზმის ცენტრი (თანაავტორობით); GIZ (2013); „იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონსტიტუციური დილემები" (თბილისი, 2013); „ჩვენი კონსტიტუცია, კომენტარი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი" (თბილისი, 2015).

არის ავტორი 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნებულია მსოფლიოს 6 ქვეყანაში სხვადასხვა ენაზე.

თარგმნა და გამოსცა: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (no R (94)12); „მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა და როლი" და „მოსამართლეთა სტატუტის ევროპული ქარტია" (2001); ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი ოქმები (თბილისი, 2005); ყველა მათგანი გამოქვეყნებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის ლუციუს ვილდჰაბერის წინასიტყვაობით.

გამოცემული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების თარგმანების 6 კრებული, რომლებიც გამოქვეყნებულია შესაბამისი ანალიზითა და რეკომენდაციებით (სულ 204 საქმე).

2017 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. 2018 წლის 12 იანვრიდან, ფიცის დადების დღიდან შეუდგა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.