• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 3.11.2022
      • N1/5/1633
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 22.07.2021
      • N1633
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის №1/8/1633 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N1/8/1633
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 7 ნოემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 7 ნოემბერი 2025 16:02

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები - მიხეილ შარაშიძე და ეკა მამრიკიშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის სპეციალისტი დიანა კვარაცხელია; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ნიკა აბრამიშვილი და ამავე სამმართველოს I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1633) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1633 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 23 ივლისს. №1633 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 3 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის №1/5/1633 საოქმო ჩანაწერით, №1633 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №1633 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 22 მარტს.

2. №1633 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით - პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვისა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელს კი წარმოადგენს კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დასაცავად“.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელის სახით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს ოჯახთან ურთიერთობის ის შესაძლებლობები, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებაში. მოსარჩელისთვის პრობლემურია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის იმგვარი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც მას ბლანკეტურად უზღუდავს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კავშირის ქონის შესაძლებლობას.

6. მოსარჩელის მოსაზრებით, თავისუფლად შეიძლება ბრალდებული/მსჯავრდებული მოთავსებულ იქნეს თავისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილიდან საკმაოდ შორ მანძილზე არსებულ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რის გამოც, მისი ოჯახის წევრებისთვის მასთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტიან საშუალებას წარმოადგენდეს, მაგალითად, სატელეფონო კომუნიკაცია, რადგან შესაძლოა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ვერ მოახერხოს კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით სათანადოდ სარგებლობა. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ სატელეფონო საუბრის უფლების იმპერატიული აკრძალვა წარმოადგენს რიგით მეორე, ყველაზე ხშირად გამოყენებად დისციპლინურ სახდელს, შესაბამისად, იგი უფრო მეტად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც თვითონ პატიმრის, ისე მისი ოჯახის წევრებისათვის, ვიდრე ისინი ამას რეალურად იმსახურებენ.

7. მოსარჩელე ადასტურებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი წესი ემსახურება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მართლწესრიგის განმტკიცებისა და დისციპლინური სახდელების დაბალანსების ლეგიტიმურ მიზნებს და არის ამ მიზნების მისაღწევად გამოსადეგი საშუალება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას, რაც იწვევს უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას, შესაბამისად, არღვევს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებას. კერძოდ, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დააწესოს უფლების ნაკლებადმზღუდავი და უფრო ვიწრო ხასიათის ღონისძიებები, რომლებიც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება ლეგიტიმური მიზნების მიღწევისაკენ, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ღონისძიების ადრესატები იქნებიან უშუალოდ ის მსჯავრდებულები, ვისგანაც მომდინარეობს ობიექტურად არსებული საფრთხე.

8. მოსარჩელის მოსაზრებით, პატიმრის ოჯახთან ურთიერთობის სხვადასხვა შესაძლებლობის, თუნდაც ნაწილობრივი შეზღუდვა შეუძლებელია გამართლებული იქნეს მხოლოდ დისციპლინური სანქციის დაკისრებით, როდესაც პარალელურად არ არსებობს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მომეტებული ინტერესი. ასეთ პირობებში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხოლოდ დისციპლინური სანქციის დაკისრების საჭიროება, თუნდაც მძიმე დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, რომელსაც თან არ სდევს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომეტებული საჯარო ინტერესი, ვერ გადაწონის ამ უფლებათა კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობას. ამრიგად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სახდელები ვერც ამ მხრივ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნებს და საჭიროზე მეტად ზღუდავს პატიმრისა და მისი ოჯახის წევრთა კომუნიკაციის შესაძლებლობას.

9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი განსხვავებული მიმართულებითაც ჩამოაყალიბა. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხდება მათი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რის გამოც არ ხორციელდება თითოეულ დარღვევასთან მიმართებით ინდივიდუალური და შინაარსობრივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად პასუხისმგებლობის რომელი ზომა უნდა იქნეს შერჩეული ჩადენილი ქმედების შესაბამისად. სწორედ აქედან გამომდინარეობს ის, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება მომეტებულად იზღუდება თუნდაც ისეთ შემთხვევაში, როდესაც მის მიერ ჩადენილი ქმედება შესაძლოა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ პენიტენციური კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედებით. მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეზღუდვის პროპორციულობის ნაწილში ამ კუთხით უნდა იმსჯელოს. მოსარჩელის წარმომადგენლების პოზიციით, ამგვარი კრიტერიუმის დადგენის კომპეტენცია ცალსახად საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თაობაზე.

10. საბოლოოდ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ სახდელებს ითვალისწინებს ისეთი დისციპლინური დარღვევებისთვის, რომლებიც, ზოგადად, არ უკავშირდება ოჯახთან კომუნიკაციას და მასთან დაკავშირებით ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებს.

11. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, მოსარჩელის წარმომადგენლები არასწორი მიმართულებით მსჯელობენ, რაც დავის საგანთან კავშირში არ არის. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა მოხდეს საკუთრივ დისციპლინური სახდელების კონსტიტუციურობის შეფასება. მათი პოზიციით, სწორედ ეს იყო კონსტიტუციური სარჩელის შინაარსიც. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტების შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნებია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, ემსახურება საკუთრივ პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, ასევე ახალი დისციპლინური დარღვევისა და არეულობის აღკვეთას/პრევენციასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პოზიტიური ქცევისკენ წახალისებას.

12. მოპასუხის წარმომადგენელთა მტკიცებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა გამოსადეგი და აუცილებელია იმდენად, რამდენადაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული იცნობს დაწესებულების დებულებას, მიმდინარე წესრიგისა და უსაფრთხოების წესებს, შესაბამისად, მათი დარღვევისთვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება სწორედ რომ უზრუნველყოფს დაწესებულების უსაფრთხოებასა და მასში ახალი დისციპლინური დარღვევის თავიდან აცილების შემთხვევებს, ამასთანავე, პრევენციულად მოქმედებს და შემაკავებელი ეფექტი გააჩნია ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების დისციპლინასა თუ წახალისებაზე.

13. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების არგუმენტაციით, კანონმდებლობა ითვალისწინებს მთელ რიგ სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც გამორიცხავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ბლანკეტური გადაწყვეტილების მიღებას და უზრუნველყოფს შეპირისპირებული ინტერესების სამართლიან დაბალანსებას. ამგვარ მექანიზმებზე საუბრისას, მოპასუხე მხარე, უპირველესად, გამოყოფს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურ წარმოებას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პიროვნების, ქცევისა და ჩადენილი დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებას, სახდელის დაკისრების შესახებ წარმოების, მათ შორის, ზეპირი მოსმენით გამართვის შესაძლებლობას, სამართლიან და გონივრულ ვადებს, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახსნა-განმარტებისა და შუამდგომლობის წარდგენის საშუალებას, ბოლოს კი, მათ მიმართ მიღებული განკარგულების სასამართლო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. მოპასუხე მხარის განმარტებით, ზემოხსენებული სამართლებრივი პროცედურა ცალსახად გამორიცხავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ბლანკეტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევას, ამასთანავე, სრულად უზრუნველყოფს შეპირისპირებულ ინტერესთა დაბალანსების შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. №1633 კონსტიტუციური სარჩელის გადაწყვეტის მიზნით, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით მოწვეულმა საჯარო დაწესებულებების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის სპეციალისტმა დიანა კვარაცხელიამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ნიკა აბრამიშვილმა ასევე დააფიქსირეს პოზიცია გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს პენიტენციური კოდექსითა და პენიტენციური დაწესებულებების დებულებით გათვალისწინებულ დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურასა და დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების მექანიზმზე. გარდა განკარგულების გასაჩივრების კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობისა, ნიკა აბრამიშვილმა, მათ შორის, ისაუბრა შიდა კონტროლის კუთხით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის გარკვეულ ფუნქციებზე და მის სტრუქტურაში შემავალ თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის სამმართველოზე, რომელიც იხილავს თითოეული პატიმრის მიერ გაგზავნილ ინდივიდუალურ საჩივარს მათი უფლებების დარღვევაზე. შესაბამისად, მათი პოზიციით, სადავო ნორმები კონსტიტუციურია და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა სასამართლოს მოაწოდეს წერილობითი ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტები პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა მიმართ როგორც დისციპლინური სამართალდარღვევისთვის სახდელის დაკისრების შესახებ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებები, ასევე სახდელის ვადაზე ადრე მოხსნისა და წახალისების შესახებ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ბრძანებები.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. პატიმრობის კოდექსის ძალადაკარგულობა და დავის საგნის იდენტიფიცირება

1. №1633 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებული იყო სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვისა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელს კი წარმოადგენდა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

3. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3988-XIIIმს-Xმპ კანონის „პენიტენციური კოდექსის“ 147-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 148-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის პირველი იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი „პატიმრობის კოდექსი“. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ.

4. აღსანიშნავია, რომ №1633 კონსტიტუციური სარჩელით თავდაპირველად გასაჩივრებული და შემდგომ ძალადაკარგული პატიმრობის კოდექსის სადავო ნორმები, ახალი კანონის - პენიტენციური კოდექსის მიღების/ამოქმედების საფუძველზე, შინაარსობრივად არ შეცვლილა. კერძოდ, პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტები სიტყვა-სიტყვით იმეორებს გასაჩივრებული ნორმების შინაარსს.

5. პატიმრობის კოდექსით სადავოდ გამხდარ და შემდგომში ძალადაკარგულად ცნობილ ნორმებსა და იდენტური შინაარსის მქონე პენიტენციური კოდექსის ზემოხსენებულ ნორმებს შორის განსხვავება მხოლოდ ტექნიკურ მხარეში, კერძოდ კი, გასაჩივრებული რეგულაციების ნუმერაციაში მდგომარეობს. შესაბამისად, მოქმედი პენიტენციური კოდექსის ფარგლებში, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემა არ შეცვლილა.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში არ არსებობს დებულება, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, გააგრძელოს სამართალწარმოება და იმსჯელოს მოდიფიცირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე, თუკი არსებობს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი/იდენტური შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, ხოლო გასაჩივრებული მოწესრიგება მოქმედებს იმავე ნორმატიული შინაარსით, რა შინაარსითაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მის კონსტიტუციურობას თავდაპირველად. საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი მიდგომა ემსახურება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფასა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ხელოვნური გაჭიანურების პრევენციას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/7/1547 გადაწყვეტილება საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-4).

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადაკარგული ნორმის მსგავსად, მოქმედი ნორმის პირობებშიც, პირის უფლება იდენტურად იზღუდება და ეს შეზღუდვა განგრძობადი ხასიათისაა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას არ გააჩნია რაიმე შინაარსობრივი ან პრაქტიკული რელევანტურობა. მოქმედი ნორმების ნაცვლად, ძალადაკარგული დებულებების კონსტიტუციურობის შეფასების შემთხვევაში, იმისათვის, რათა მხარემ შეძლოს უფლებების დაცვა/აღდგენა, მას შესაძლოა, დასჭირდეს იდენტური შეზღუდვის დამდგენი მოქმედი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ახალი სარჩელით მომართვა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს სამართალწარმოების პროცესის ხელახლა დაწყება და იმ ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რომელთა არაკონსტიტუციურობაც უკვე დადგენილია. სწორედ ამგვარი, გაჭიანურებული პროცედურის შემდგომ დამდგარი შედეგის ანალოგი იქნება მიღწეული ისეთ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო ნორმების არა ძალადაკარგულ, არამედ – მოქმედ რედაქციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/7/1547 გადაწყვეტილება საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5).

8. მაშასადამე, იმ შემთხვევაში, როდესაც არ იკვეთება მოსარჩელე მხარის ინტერესი უშუალოდ ძალადაკარგული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობასთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობისა და, ამ გზით, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს საქმის განხილვა არა თავდაპირველად კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი და შემდგომ ძალადაკარგული ნორმის, არამედ მოქმედი რეგულაციების კონსტიტუციურობის შესამოწმებლად.

9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში, შეაფასებს პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელი მოცემულობა

10. აღსანიშნავია, რომ №1633 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების [შესაბამისად, 2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების] ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ სახდელებს ითვალისწინებს ისეთი დისციპლინური დარღვევებისთვის, რომლებიც, ზოგადად, არ უკავშირდება ოჯახთან კომუნიკაციას და მასთან დაკავშირებით ჩადენილ დისციპლინურ დარღვევებს.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნით, სასამართლოს მიერ შესაფასებელ საკითხს, უპირველესად, წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის სახეების, კერძოდ, სატელეფონო საუბრის, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნისა და კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებათა შეზღუდვის/აკრძალვის კონსტიტუციურობის შეფასება პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით. თუმცა სასამართლო, იმავდროულად, უპასუხებს მოსარჩელის დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას და წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში განმარტავს, ზოგადად, ამ სახდელების კონსტიტუციურობის შეფასებისას, საფუძვლიანია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს ყოველ ინდივიდუალურ დისციპლინურ დარღვევაზე სახდელის გამოყენების შესაბამისი კონსტიტუციური კრიტერიუმები, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც, თავის მხრივ, ესა თუ ის დისციპლინური დარღვევა თუ სახდელი შინაარსობრივად შესაძლოა არ უკავშირდებოდეს ოჯახთან კომუნიკაციას. ამ კუთხით სასამართლო იმასაც გაითვალისწინებს, რომ საკუთრივ მოსარჩელე მხარეს არ დაუსახელებია რაიმე კონკრეტული კრიტერიუმი, რის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლომ პენიტენციური კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევების შინაარსი ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და შეუსაბამოს გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილ დისციპლინურ სახდელებს.

12. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის შესაბამისი მოცემულობა და ფარგლები არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლომ შინაარსობრივად იმსჯელოს კონკრეტულ დარღვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, თუ პასუხისმგებლობის რომელი ზომა უნდა იქნეს შერჩეული. უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასების ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელი მოცემულობა სწორედ ის იქნება, რომ დაადგინოს, რამდენად იძლევა საკანონმდებლო მექანიზმები იმის შესაძლებლობას, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის საქმისწარმოება წარიმართოს სამართლიანად, კანონიერად და პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიღებულ იქნეს კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული პროპორციული და გონივრული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, სასამართლომ შეაფასოს, რამდენად კონსტიტუციურად ხორციელდება კონკრეტული სახდელების გამოყენება იმგვარ დისციპლინურ სამართალდარღვევებზე, რომლებიც არ უკავშირდება პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობას. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პენიტენციური დაწესებულების მიერ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში დაწესებულების ადმინისტრაცია ბოროტად სარგებლობს თავისი უფლებამოსილებით, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა სამართალშეფარდების პროცესშია და არა საკუთრივ ნორმაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უშუალოდ დავის საგანია პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების [კონკრეტული დისციპლინური სახდელის სახეების] კონსტიტუციურობა და არა ამავე კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევები ან დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა (მუხლი 74) ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაბამისი წინაპირობები (მუხლი 75). მნიშვნელოვანია, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ამომწურავად ვერ ჩამოთვალეს ისეთი დისციპლინური დარღვევები ან ჰიპოთეტური ქმედებები, რომლებიც უშუალო კავშირში არ არის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზებასთან და, ამასთანავე, ის, რომ ამ ქმედებისთვის დაკისრებული გასაჩივრებული სახდელი ზღუდავს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, მაშინ, როდესაც მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურობის თაობაზე ხელშესახები და წონადი არგუმენტები, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს სადავო ნორმების გამოყენებადობის კონსტიტუციურობა ან დაადგინოს ის, თუ რომელი დისციპლინური დარღვევისთვის დისციპლინური სახდელის რომელი სახე უნდა იქნეს გამოყენებული. საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სასარჩელო მოთხოვნის კონსტიტუციურობას მხოლოდ იმ კუთხით, თუ რამდენად არსებობს ბრალდეულებისთვის/მსჯავრდებულისთვის კანონმდებლობაში იმის გარანტიები, რომ გაუმართლებლად არ დაირღვეს (ანუ დაცული იყოს ბალანსი) მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა ისეთ დროს, როცა იგი სჩადის თუნდაც ისეთ ქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის უშუალოდ პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობასთან.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით დაცული სფერო

13. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა პირადი ცხოვრების უფლების, როგორც ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების უმთავრესი საფუძვლის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ კავშირზე დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებულ ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების კონცეფციებთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-4). სასამართლოს განმარტებით, დასახელებული უფლება „სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

14. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება ფართო კონცეფციაა და შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით. ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარესამყაროსთან, ასევე ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“).

15. პირადი ცხოვრების იმ ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მსგავსად, რომელთაც საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს კონკრეტულ მუხლებში, აღსანიშნავია ოჯახური ცხოვრების უფლება, რომელზეც კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი სახელდებით მიუთითებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უდავოა, რომ პირის... პირადი ცხოვრება მოიცავს კავშირსა და ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და მის „ახლო წრესთან“. ოჯახური ცხოვრება გულისხმობს ქორწინების ან ფაქტობრივი თანაცხოვრების შედეგად მეუღლეებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, ადამიანის უფლებას განავითაროს კავშირები ოჯახის წევრებთან და ბიოლოგიურ ნათესავებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ,“ II-4). ამგვარად, ოჯახური ცხოვრება გულისხმობს პირთა ცალკეულ წრესთან დამყარებულ კერძო ურთიერთობებს და მოიცავს განსაკუთრებით „ახლო წრეში“ არსებულ კავშირებს, რომლებიც ძლიერი ემოციური ან/და ბიოლოგიური კავშირით ხასიათდება. ოჯახური ცხოვრებისა და მის ფარგლებში არსებული ურთიერთობების, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი სოციალური კომპონენტის, დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობა კონსტიტუციაში ხაზგასმულია არა მხოლოდ როგორც ძირითადი უფლების დაცვის კუთხით, არამედ ასევე სამართლებრივი პრინციპების დონეზე. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, რომ იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობის დასაცავად. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით გამოყოფს ოჯახური ცხოვრების უფლებას როგორც პირის პირადი ცხოვრების განსაკუთრებულ უფლებრივ კომპონენტს, რომლის დაცვის მნიშვნელობა სცდება მკაცრად ინდივიდუალურ ჩარჩოებს და ეხება როგორც ამგვარი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებს, ასევე მთლიანად საზოგადოებას და იკავებს მნიშვნელოვან ადგილს კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემაში.

4. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების სტანდარტები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან მიმართებით

16. განსახილველი დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მას მრავალ გადაწყვეტილებაში უკვე დადგენილი აქვს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობის კონსტიტუციური სტანდარტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/6/1737 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №1/1/1602,1603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არც მოცემულ შემთხვევაში გამოიყენებს განსხვავებულ მიდგომებს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ფარგლებში მათ მიერ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობის კონსტიტუციურობის შეფასებისას, ვინაიდან, თავის მხრივ, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში წარმოადგენს სამართლებრივ მექანიზმს, რომლის მიზანია პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის დაცვა და ასევე მომავალში პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხო ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების პრევენცია.

17. თავისთავად, ის გარემოება, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის სახით შეიძლება დაეკისროს, მათ შორის, სატელეფონო საუბრის, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნისა და კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებათა შეზღუდვა/აკრძალვა, არ გულისხმობს per se პატიმრის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. უპირველესად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიებით ხდება თუ არა ჩარევა და რა ფარგლებით ერევა სახელმწიფო ბრალდებულის/მსჯავრდებულის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში.

5. სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის იდენტიფიცირება

18. პენიტენციური კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით - პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვისა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელს კი წარმოადგენს კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

19. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილი ზოგადად განსაზღვრავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებს, მათ შორის, ახლო ნათესავებთან შეხვედრისა და სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლებებს. მათი განხორციელების წესსა და პირობებს კი დეტალურად აწესრიგებს პენიტენციური კოდექსის სხვა მუხლები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. შესაბამისად, აშკარაა, რომ ზემოხსენებული საშუალებები, კერძოდ, სატელეფონო საუბარი, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა და ხანმოკლე პაემანი განეკუთვნება პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებს, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათი შეზღუდვა ან/და აკრძალვა კი დისციპლინური სახდელის დაკისრების ფარგლებში a priori წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სფეროში.

20. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, მათ შორის, მიიჩნევს, რომ ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლებით მოსარგებლე სუბიექტს წარმოადგენს არა მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი, არამედ ასევე მისი ოჯახის წევრი. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, პატიმრის მსგავსად, მისი ოჯახის წევრებიც ანალოგიურად სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებით, ურთიერთობა იქონიონ თავისუფლებააღკვეთილ ახლო ნათესავთან. ამიტომ, როდესაც პატიმარს ეზღუდება ოჯახთან კომუნიკაციის, თუნდაც მხოლოდ ერთი შესაძლებლობა, მის მიმართ გამოყენებული სახდელის ზემოქმედება ასევე ნეგატიურად აისახება მისი ოჯახის წევრების საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ეს არის ერთადერთი დისციპლინური სანქცია, რომლის პირდაპირი მიზანიც არა მხოლოდ სამართალდარღვევის ჩამდენის, არამედ ასევე აბსოლუტურად უდანაშაულო პირის კონსტიტუციურ უფლებაზე ნეგატიური ზემოქმედებაა.

21. სასამართლოს მოსაზრებით, სატელეფონო საუბრის, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნისა და კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებათა შეზღუდვა/აკრძალვა, როგორც დისციპლინური სახდელის კონკრეტული სახეები პირდაპირ მიემართება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, ვინაიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება აუცილებლად უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც დადგინდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი. ცხადია, ასეთი დარღვევის ფაქტი ვერ დადგინდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრის მიერ, ვინაიდან იგი არ არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ოჯახის წევრთან სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ თავისთავად იზღუდება სახდელშეფარდებული პირის ოჯახის წევრების უფლება, ეკონტაქტონ მას, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს დისციპლინური სახდელის დაკისრების თანმდევ შედეგს, რომელიც, ამასთან, წინასწარ განჭვრეტადიც იყო შესაბამისი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიერ.

22. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი შეზღუდვა კონსტიტუციურ სტანდარტებს.

6. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება

23. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. ამრიგად, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონის საფუძველზე, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

6.1. უფლების კანონით შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნა

24. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი expressis verbis მიუთითებს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება დასაშვებია, შეიზღუდოს „მხოლოდ კანონით“. განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი საქართველოს პენიტენციური კოდექსის ნორმა. პენიტენციური კოდექსი საქართველოს კანონია და მიეკუთვნება საკანონმდებლო აქტებს. შესაბამისად, სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას პირადი და ოჯახური ცხოვრების კანონით შეზღუდვის თაობაზე.

6.2. თანაზომიერების პრინციპი

25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

26. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიმართ განსხვავებულია არა მხოლოდ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცული სფერო, არამედ - უფლების შეზღუდვის საფუძვლები და სტანდარტებიც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დაწესებულების რეჟიმიდან, იქ არსებული რეგულაციებიდან, აგრეთვე დაწესებულების სპეციფიკის შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ვერ ექნება პირადი ცხოვრების დაცულობის ისეთივე მოლოდინი, როგორც ეს თავისუფლებაში მყოფ პირს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში განსხვავებული, ნაკლებად მკაცრია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კონსტიტუციური მოთხოვნები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-102). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნაკლებად მკაცრი სტანდარტით შეაფასებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირების პირადი და ოჯახური ცხოვრების შეზღუდვის კონსტიტუციურობას.

6.3. ლეგიტიმური მიზანი

27. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი სახელდებით ჩამოთვლის იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მიღწევისათვის დასაშვებია პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა. ესენია - სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან სხვათა უფლებების დაცვა.

28. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებად დაასახელა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, ემსახურება საკუთრივ პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, ასევე ახალი დისციპლინური დარღვევისა და არეულობის აღკვეთის/პრევენციისა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პოზიტიური ქცევისკენ წახალისების ლეგიტიმურ მიზნებს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის ლეგიტიმური მიზნები შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ მიზნებს, ვინაიდან უკავშირდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აგრეთვე სხვათა უფლებების, მათ შორის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაშვებია, ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად შეიზღუდოს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.

6.4. გამოსადეგობა და აუცილებლობა

29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

30. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.

31. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით გათვალისწინებულია დისციპლინურ სახდელთა კონკრეტული სახეები ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევისთვის. პენიტენციური კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ხოლო ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. №1633 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოს მიერ მოწვეულმა საჯარო დაწესებულებამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა გასაჩივრებული დისციპლინური სახდელების სახეების პრაქტიკაში გამოყენების შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, აგრეთვე დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების თაობაზე შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალურ მსჯავრდებულთა მიმართ გამოცემული ბრძანებები.

32. ზემოხსენებული საკანონმდებლო მიმოხილვა და პენიტენციურ დაწესებულებაში დისციპლინური წარმოების არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც არ არის დანაშაული, თუმცა მიემართება დაწესებულების დებულების, უსაფრთხოებისა და წესრიგის დარღვევას, საჭიროებს მყისიერ და გადაუდებელ რეაგირებას დაწესებულების ადმინისტრაციისგან. ამგვარი ღონისძიების გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს ჩადენილი ქმედებისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთას და შემდგომი არეულობის პრევენციას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის სახეები წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვის ისეთ გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებებს, რომლებიც უფლების შეზღუდვის ხარჯზე აღწევს დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს. იმავდროულად, არ იკვეთება უფლების ნაკლებად მზღუდავი რომელიმე ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიჩნევს, რომ სადავო რეგულირება აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს.

6.5. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

33. თანაზომიერების ტესტის ხსენებული კომპონენტი მოითხოვს, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, ემსახურება საკუთრივ პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, ასევე ახალი დისციპლინური დარღვევისა და არეულობის აღკვეთის/პრევენციისა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პოზიტიური ქცევისკენ წახალისების საჯარო ინტერესს.

34. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული დისციპლინური სახდელები ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების პროპორციულობის სტანდარტებს, ხოლო საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გასაჩივრებული დისციპლინური სახდელები არაპროპორციულია პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების კონტექსტში, იმდენად, რამდენადაც პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, დაწესებულების ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფარდებს ამ სახდელებს მაშინაც კი, როდესაც საკუთრივ დისციპლინური დარღვევა არ უკავშირდება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობას. მოსარჩელის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თვითონ დარღვევა უნდა უკავშირდებოდეს ოჯახთან კონტაქტის შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებას, რის გამოც, პროპორციულად უნდა განხორციელდეს შემდგომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების მზღუდავი პასუხისმგებლობის სათანადო სახისა და ზომის შეფარდებაც. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ კონკრეტული დარღვევის შინაარსზე. კერძოდ, არ დაუსახელებიათ დისციპლინურ გადაცდომათა ის ჯგუფი თუ კატეგორია, რომელთა ჩადენის დროსაც, მათი აზრით, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების მზღუდავი სახდელების გამოყენება გამართლებული იქნებოდა. მოსარჩელის წარმომადგენლებს არც ის დაუკონკრეტებიათ პენიტენციური კოდექსის 70-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელი ქმედებისთვის შეიძლება იქნეს გათვალისწინებული გასაჩივრებულ სახდელთაგან ერთ-ერთი მაინც, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულად დაანახვებდა სასამართლოს მათი არგუმენტაციის საფუძვლიანობას. მათი პოზიციით, აღნიშნულის შეფასებისა და შესაბამისი საერთო კრიტერიუმის დადგენის ვალდებულება სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია.

35. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის ვიწრო პროპორციულობის შესაფასებლად, აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი. როგორც აღინიშნა, პენიტენციური კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა კი არის დისციპლინური დარღვევის შედეგი, რისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის შესაბამისი სახე და ზომა. პენიტენციური კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, დისციპლინური დარღვევისთვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელი/ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების შემდეგ. პენიტენციური კოდექსის 74-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური სამართალწარმოების წესებს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

36. პენიტენციური კოდექსის 73-ე და 74-ე მუხლები, მათ შორის, ითვალისწინებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებს დისციპლინური სამართალწარმოების დროს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს: ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი; ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებაა აგრეთვე მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. თუ როგორი უნდა იყოს განკარგულება ფორმალური და შინაარსობრივი თვალსაზრისით, ამასთან დაკავშირებით პენიტენციური კოდექსის 75-ე მუხლი დეტალურად აღწერს მისი გამოყენების შესახებ სათანადო წინაპირობებს. კერძოდ, დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა, რაც ფორმდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული განკარგულებით დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს; ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს; გ) სარეგისტრაციო ნომერს; დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა); ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო; ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში; ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, იგი გათვალისწინებულია პენიტენციური კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. ამასთანავე, პენიტენციური კოდექსითვეა განსაზღვრული ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას, მათ შორის, 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისთვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება, ხოლო ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.

37. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ინტერესთა დაბალანსების ნაწილში, სწორედ ამ გარემოებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ხორციელდება სადავო სანქციების გამოყენება, იგი სრულად არ წყდება გარესამყაროს და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ნებისმიერ საშუალებას, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დაუშვებელია გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა. ამდენად, კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, ცხადი ხდება, რომ სანქციების ზემოქმედების მასშტაბი და ინტენსივობა არ არის იმ მოცულობის, რომ დაარღვიოს, თუნდაც საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. თავის მხრივ, ისიც აღსანიშნავია, რომ დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციური კოდექსი განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის შესაბამის ხანდაზმულობის ვადებს, სახდელის ვადამდე მოხსნისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების ზოგად უფლებამოსილებას.

38. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის განხილვის ზემოხსენებული შემთხვევა ითვალისწინებს ნებისმიერი დისციპლინური სახდელის შეფარდებისთვის დადგენილ პროცედურას, რომლის ფარგლებში თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევა განიხილება ინდივიდუალურად და დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს სამართლიანი, კანონიერი და პროპორციული გადაწყვეტილება. დისციპლინური სამართალწარმოების დროს უზრუნველყოფილია როგორც დარღვევის ჩამდენის, ასევე მისი ადვოკატის მონაწილეობა, იგი აღჭურვილია მთელი რიგი სამართლებრივი გარანტიებით, მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრების უფლებით, ამავდროულად, კანონით აკრძალულია მის მიმართ გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებულ უფლებათა ერთდროულად შეზღუდვაც. აღნიშნული დანაწესი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული სრულად არ წყდება გარესამყაროსთან კომუნიკაციას. ყურადსაღებია, რომ სწორედ ამგვარი საკანონმდებლო მექანიზმები უზრუნველყოფს ინტერესთა დაბალანსების გზით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

39. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ აღწერილი პროცედურის ფარგლებში პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებებით სრულად არის უზრუნველყოფილი შეპირისპირებულ ინტერესთა დაბალანსების გზით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, კერძოდ, კანონმდებელმა იმ დისციპლინური სახდელების, როგორებიცაა სატელეფონო საუბრის, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნისა და კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებათა შეზღუდვის/აკრძალვის შემოღების გზით სამართლიანად დაიცვა ბალანსი, ერთი მხრივ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებასა და, მეორე მხრივ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის (რაც, თავის მხრივ, ემსახურება საკუთრივ პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას), ასევე ახალი დისციპლინური დარღვევისა და არეულობის აღკვეთის/პრევენციისა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პოზიტიური ქცევისკენ წახალისების საჯარო ინტერესებს შორის. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ №1633 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ დაკმაყოფილდეს №1633 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ