ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
| ნომერი | N2/9/1432 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 28 ნოემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 28 ნოემბერი 2025 16:27 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–80 მუხლის მე-3 პუნქტის, 801 მუხლის მე-3 პუნქტის და „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესის და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, სოფიკო ჯიჭონაიას წარმომადგენელი – არჩილ კაიკაციშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა; მოპასუხე მხარის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარმომადგენელი – დავით ლომინაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1432) მომართეს ციცი ჭელიძემ, სოფიკო ჯიჭონაიამ, ანა გაგუამ, მარიამ შათირიშვილმა, სოფიკო თვალაბეიშვილმა, თამარ სტეფანიშვილმა და მარიამ ბარსონიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №2/4/1432 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად. №1432 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 27 ოქტომბერს.
2. №1432 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. სადავო ნორმები ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების წესს. გასაჩივრებული წესის თანახმად, დაუშვებელია, ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა, მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 წინადადება ადგენს მოქალაქეთა უფლებას, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით, მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
5. №1432 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები იღებენ ან მიღებული აქვთ განათლება ერთ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო სადავო ნორმები მათ ართმევს შესაძლებლობას, უმაღლესი განათლების იმავე საფეხურზე სახელმწიფო გრანტი ხელახლა მოიპოვონ. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავოდ გამხდარი რეგულირება ზღუდავს პირის უფლებას, საკუთარი შესაძლებლობებიდან და სურვილიდან გამომდინარე, არაერთჯერადად მოიპოვოს სახელმწიფო დაფინანსება და მიიღოს უმაღლესი განათლება, თუნდაც იმავე საფეხურზე.
6. მოსარჩელეთა პოზიციით, განათლება ფუნდამენტური უფლებაა, რომლის წახალისების უზრუნველსაყოფადაც, სახელმწიფო სწავლის საფეხურებზე აწესებს სასწავლო გრანტს, იღებს ვალდებულებას, განსაკუთრებით წარჩინებული შედეგების მქონე პირებს, უმაღლესი განათლების სტადიაზე, მიანიჭოს დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმები ბლანკეტურად უკრძალავს პირს იმავე საფეხურზე სახელმწიფო გრანტის ხელმეორედ მოპოვების უფლებას.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს საბიუჯეტო რესურსის დაზოგვა და ხარჯის შემცირება, თუმცა პირთა განათლების უფლების რეალიზებისაკენ მიმართული ხარჯი ვერ ჩაითვლება არამიზნობრივად ან ნაკლებად მნიშვნელოვან დანახარჯად. მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, განათლების უფლება გულისხმობს, მის მისაღებად ყველა საჭირო პირობების შექმნას და, არსებული დროისათვის, ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებას ამ უფლების უკეთ რეალიზებისათვის.
8. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, სათანადო უნარ-ჩვევებისა და მოტივაციის შემთხვევაში, უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ხელახლა მიღების უფლება. ამის საპირისპიროდ, სადავო რეგულირებით, დაინტერესებულ პირს ბლანკეტურად ეკრძალება სახელმწიფო დაფინანსების ხელმეორედ მოპოვების უფლება, რითაც მცირდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.
9. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ბენეფიციართა ჯგუფის გაფართოებით და მასში იმ პირთა მოქცევით, რომელთაც სურთ, აღნიშნული დაფინანსებით ხელმეორედ სარგებლობა, განსაკუთრებით არაპროპორციულად არ დაზიანდება მათი ინტერესები, ვისაც პირველად სურს გრანტის მოპოვება. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბლანკეტური მოწესრიგების ნაცვლად, შესაძლებელია, შემუშავდეს არსებული ფინანსური რესურსების გადანაწილების უფრო მეტად სამართლიანი მოდელი. კერძოდ, მოსარჩელე მხარის აზრით, სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მთლიან წლიურ მოცულობაზე წვდომა უნდა ჰქონდეს როგორც იმ პირებს, რომელთაც სურთ, ხელმეორედ მოიპოვონ სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტი, ისე მათ, ვინც პირველად სარგებლობს აღნიშნული დაფინანსებით, თუმცა პირთა აღნიშნული ჯგუფებისთვის განსაზღვრული ფინანსური რესურსის თანაფარდობა შეიძლება, იყოს ასიმეტრიული. კერძოდ, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ხელმეორედ ისარგებლოს სახელმწიფო დაფინანსებით, შესაძლებელია, მთლიანი საბიუჯეტო რესურსის ნაკლები ნაწილი იყოს ხელმისაწვდომი, ვიდრე იმ პირთათვის, ვინც პირველად სარგებლობს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციით, ხდება განათლების მიღების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა და სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა საქმის არსებით სხდომაზე განმარტეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, დაინტერესებულ პირს უმაღლესი განათლების ერთ საფეხურზე სწავლა დაუფინანსოს რამდენიმეჯერ. პარლამენტის წარმომადგენლების პოზიციით, უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ამოწურვად რესურსებზე, ხოლო სადავო ნორმით განსაზღვრულია თაობათა შორის შეზღუდული რაოდენობის რესურსების სამართლიანი განაწილება. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ამოწურვად რესურსებთან მიმართებით საკითხის მოწესრიგებისას, სახელმწიფოს აქვს მიხედულობის ფართო ფარგლები, რათა დაცული იყოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესი.
12. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა დამატებით მიუთითეს, რომ სადავო მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანია არსებული ამოწურვადი რესურსების თაობათა შორის სამართლიანი გადანაწილება ისე, რომ არ დაუშვას კონკურენცია არსებითად უთანასწორო პირებს შორის. კერძოდ, მოპასუხე მხარის აზრით, შეზღუდული რესურსების პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ პირებს, რომლებიც ყოველწლიურად ამთავრებენ ზოგადი განათლების მიღებას, ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოიპოვონ დაფინანსება იმ პირებთან კონკურენციაში შესვლის გარეშე, რომლებსაც უკვე მოპოვებული ჰქონდათ სახელმწიფო დაფინანსება. მოპასუხის პოზიციით, იმ პირებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს სახელმწიფო გრანტით, შეძენილი უნარების, ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გააჩნიათ შედარებითი უპირატესობა იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებში.
13. პარლამენტის წარმომადგენლებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ ამოწურვად რესურსებზე იმ დაინტერესებულ პირთა წვდომის შეზღუდვით, რომელთაც არაერთჯერადად სურთ, მოიპოვონ უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსება, შესაძლებელი ხდება რესურსების ოპტიმალური მობილიზება იმ პირთათვის, რომლებიც პირველად ეუფლებიან უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე პროფესიას. ამასთან, პარლამენტის წარმომადგენლების თქმით, არ არსებობს სადავო საკითხის რეგულირების ნაკლებად მზღუდავი ალტერნატივა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების პოზიციით, პირს, რომელიც ერთხელ მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო დაფინანსებას, თუმცა კვლავაც სურს უმაღლესი განათლების იმავე საფეხურზე სწავლის გაგრძელება, შეუძლია ისარგებლოს სწავლის დაფინანსების ისეთი ალტერნატიული საშუალებებით, როგორებიცაა სასწავლო სტიპენდია, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა სრულიად აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
14. მოპასუხის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმებით განსაზღვრული შეზღუდვა, აგრეთვე, ვრცელდება დაინტერესებულ პირთათვის უმაღლესი განათლების დაფინანსების კანონმდებლობით დადგენილ ზოგიერთ ალტერნატიულ საშუალებაზე. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესაძლებლობაზე, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ე.წ. უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სრულიად ფინანსდება. მოპასუხის თქმით, ამ მხრივ, გამონაკლისია სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა როგორც სტიპენდიატთა რაოდენობა, ისე სტიპენდიის ოდენობა. კერძოდ, სტიპენდიატთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 5000 სტუდენტი, რომლებიც ყოველთვიურად (5 თვის განმავლობაში) მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას.
15. მოპასუხის წარმომადგენელმა, უმაღლესი განათლების მიღების პროცესში ხელმისაწვდომ ალტერნატიულ საშუალებებზე მსჯელობისას, აგრეთვე მიუთითა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს, რომ უმაღლესი განათლების მიღება გააგრძელოს საზღვარგარეთ, თუნდაც იმავე საფეხურზე, რომლისთვისაც მას წარსულში ჰქონდა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტი, რათა მოიპოვოს სახელმწიფო დაფინანსება, რაც შეიძლება მოიცავდეს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ განსხვავებით ზოგადი განათლების დაფინანსებისგან, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ყველა მსურველს დაუფინანსოს უმაღლესი განათლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა არ ზღუდავს კონსტიტუციის 27-ე მუხლის შესაბამისი დებულებებით დაცულ უფლებას. მინისტრის წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფო ყველა მოქალაქეს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას, სამართლიანი კონკურენციის პირობებში მოიპოვოს უმაღლესი განათლების დაფინანსება, რომლის მთლიანი მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით ერთხელ უკვე დაფინანსებულ პირს, შექმნილი აქვს ყველანაირი პირობა, რომ მიიღოს უმაღლესი განათლება, შესაბამისი უნარ-ჩვევები და დაიწყოს დაუფლებული პროფესიით საქმიანობა. შესაბამისად, მოპასუხის აზრით, უკვე პროფესია დაუფლებული პირის კონკურენცია იმ პირთან, რომელიც ამთავრებს ზოგადი განათლების მიღებას და პირველად სურს, მიიღოს სახელმწიფო გრანტი, შეზღუდული რესურსების პირობებში, არასამართლიანია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. უარი სასარჩელო მოთხოვნაზე
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. აღნიშნული ნორმა ადგენს მოსარჩელის უფლებას, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ნებისმიერ დროს, შეამციროს ან უარი თქვას მის მოთხოვნაზე.
2. მოსარჩელეებმა – მარიამ შათირიშვილმა და თამარ სტეფანიშვილმა უარი განაცხადეს სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა შეწყდეს საქმე მოსარჩელეების – მარიამ შათირიშვილისა და თამარ სტეფანიშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებით დაცული უფლების სფერო
3. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის. ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 წინადადება ადგენს, რომ „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება“. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი სახელმწიფოს ავალდებულებს, შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი და პროფესიული განათლება.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების, კონსტიტუციურ რანგში აყვანა ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში. განათლება წარმოადგენს სოციალური ცხოვრების განუყოფელ პროცესს, რომლის საშუალებითაც, ინდივიდები თავიანთი შესაძლებლობებით და უნარებით სწავლობენ თვითგანვითარებას და, ასევე, სარგებლის მოტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. განათლება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, ჰქონდეს სასურველი სამუშაო ადგილი და ა.შ. (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15, 17).
5. უმაღლესი და პროფესიული განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზება მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ საკანონმდებლო რეგულირებებთან, რომლებითაც განისაზღვრება სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების წესი და პირობები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „განათლების დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც განათლების სუბიექტისთვის, ისე თავად სახელმწიფოსთვის. განათლების დაფინანსებას ვერ განვიხილავთ როგორც სახელმწიფოს მიერ პირისთვის მინიჭებულ პრივილეგიას ან შემწეობას. პირველ რიგში იმიტომ, რომ განათლების უფლების სრულფასოვანი რეალიზაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის, ამავე დროს - განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მთელი ცხოვრების განმავლობაში წაართმევს ადამიანს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
6. აღსანიშნავია, რომ №1432 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას უმაღლესი განათლების მიღებისა და მისი დაფინანსების უფლების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლომ, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეაფასოს, სახელმწიფოს დაფინანსებით უმაღლესი განათლების მიღების არსი და გადაწყვიტოს საკითხი, დაცულია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებით, უმაღლესი განათლების მიღებისა და მისი დაფინანსების უფლებით, ერთ ჯერზე მეტად სარგებლობის შესაძლებლობა.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ განათლებას განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ცალკეული ინდივიდის პიროვნების თავისუფალი განვითარების, ისე მთლიანად საზოგადოების ინტერესების დაცვის კუთხით. მიჩნეულია, რომ ადეკვატური განათლების სისტემა და განათლების უფლებით ეფექტიანი სარგებლობა არა მხოლოდ დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციისა და უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებაა, არამედ დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი წესრიგის შექმნის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაცაა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
8. განათლებაზე ხელმისაწვდომობა შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, დაეუფლოს ცოდნას, განავითაროს საკუთარი უნარ-ჩვევები და გამოიყენოს იდეების რეალიზებისა და მიზნების მიღწევისთვის. ამასთან, განათლების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინტერესების მიღწევას, როგორებიცაა ინფორმირებული მოქალაქის ეფექტიანი ჩართულობის ზრდა მმართველობის სისტემაში, ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა, შრომის ნაყოფიერების გაზრდა და სხვა. ამდენად, განათლებაზე წვდომის შეზღუდვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც ინდივიდს, ასევე მთლიანად სოციუმს. განათლების უფლების აღნიშნული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური დანიშნულება ცვლის სახელმწიფოს მიერ განათლების დაფინანსების არსს, აცლის მას ერთგვარი პრივილეგიისა თუ შემწეობის შინაარსს და ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ შექმნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი იქნება განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.
9. თანამედროვე სამყაროში მიმდინარე ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის კვალდაკვალ, მნიშვნელოვნად მოდიფიცირდება პროფესიათა სათანადოდ განსახორციელებლად მოთხოვნილი უნარ-ჩვევების სპეციფიკა და ჩნდება სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის საჭიროება. საზოგადოების მუდმივი განვითარება სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, საბაზრო ურთიერთობების ფორმაცვალებადობა და ტექნოლოგიური პროგრესი განაპირობებს მიღებული განათლების მუდმივი განახლების, ახალი ცოდნისა თუ უნარ-ჩვევების შეძენისა და დასაქმების ბაზარზე მორგებული განათლების განგრძობადი გაუმჯობესების საჭიროებას. შედეგად, ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარებისთვის, ასევე საზოგადოებაში მისი ადგილის სრულფასოვნად დასამკვიდრებლად და, შემდგომ, შესანარჩუნებლად, საჭირო შეიძლება გახდეს პროფესიული კვალიფიკაციის მუდმივი განვითარება და მოდიფიცირება. საწინააღმდეგო შემთხვევაში, აღნიშნული ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პარალელურად, რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს, პირის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკული რელევანტურობა. ამასთანავე, განათლების უფლების არაეფექტიანი ან არასათანადო რეალიზება არ წარმოადგენს სოციუმისგან იზოლირებულ, ინდივიდის პირად გამოწვევას. აღნიშნულ ინდივიდუალურ საფრთხეს, პირდაპირი ნეგატიური ზეგავლენის ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, რომელიც, მეტწილად, დამოკიდებულია სწორედ შრომისუნარიანი მოსახლეობის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე.
10. საქართველოს კონსტიტუციით, განათლების ფორმის არჩევისა და მიღების უფლების დეკლარირება, ისევე, როგორც ამ უფლების სრულყოფილად რეალიზებისათვის სახელმწიფოს ვალდებულებების განსაზღვრა, ხაზს უსვამს ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტს. პირველი, განათლების, როგორც ცალკე აღებული ინდივიდუალური და საზოგადოებრივი სიკეთის მნიშვნელობას და, მეორე, მის საჭიროებას, ადამიანის საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებისა და სხვა უფლებებით ეფექტიანად სარგებლობისათვის. თანამედროვე სამყაროში, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების გარეშე, რთულად თუ რეალიზდება ისეთი უფლებები, როგორებიცაა შრომის თავისუფლება, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება, თავისუფალი განვითარება და სხვა. დროის ცვლილებასთან და სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესთან ერთად, ასევე იცვლება/იზრდება ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც პირს სჭირდება დასაქმების ბაზარზე წარმატების მისაღწევად. პირობითად, რამდენიმე ათწლეულის წინ, საკმაოდ ფართო იყო იმ სფეროთა ჩამონათვალი, რომელშიც პირს შეეძლო დასაქმება უმაღლესი განათლების გარეშე. დღეს კი, რთულად წარმოსადგენია, საჯარო თუ კერძო სექტორში ისეთი სფეროები, რომლებშიც სამუშაო ადგილის მოძიება და შემდგომი კარიერული წინსვლა შესაძლებელია უმაღლესი ან პროფესიული განათლების გარეშე. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, პროფესიული განვითარებისთვის საკმარისი არ იყოს მხოლოდ ერთი კვალიფიკაცია, ინდივიდს სჭირდებოდეს ინტერდისციპლინური ცოდნა და შესაბამისი საგანმანათლებლო ხარისხი. სავარაუდოა, რომ საზოგადოებრივ, ტექნოლოგიურ თუ პროფესიულ სფეროებში მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით, სამომავლოდ, უფრო მეტ ადამიანს წარმოეშობა ინტერდისციპლინური ფორმალური განათლების მიღებისა თუ რამდენიმე პროფესიის დაუფლების საჭიროება. განათლების უფლების პროგრესული რეალიზება კი სწორედ იმას გულისხმობს, რომ იგი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე პრაქტიკულ გამოწვევებს და პასუხობდეს საზოგადოების/ინდივიდის ობიექტურ საჭიროებებს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლების კონტექსტში, სახელმწიფოს ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღების ერთჯერადი დაფინანსებით. ამასვე მიუთითებს, თავად საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ტექსტიც, რომელშიც expressis verbis არ გამოირიცხება უმაღლესი განათლების დაფინანსების უფლებით რამდენიმეჯერ სარგებლობის შესაძლებლობა.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღებისა და მისი დაფინანსების ძირითად უფლებას უშუალო გავლენა აქვს თითოეული სუბიექტის თავისუფალ განვითარებაზე. დასახელებული უფლება აგრეთვე გულისხმობს დაინტერესებული პირის შესაძლებლობას, დაეუფლოს არა მხოლოდ ერთ პროფესიას, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები ახალი, მისთვის სასურველი პროფესიის ასათვისებლად, რათა მან ეფექტურად მოახერხოს თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელ სწრაფად ცვალებად სოციო-ეკონომიკურ გარემოებებთან ადაპტაცია და მდგრადი თვითგანვითარება.
3. სადავო ნორმის შინაარსის, უფლების შეზღუდვის ფაქტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
12. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი, 801 მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესის და პირობების“ (შემდგომში „მინისტრის ბრძანების“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების წესს.
13. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს უმაღლესი განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას, რადგან სათანადო უნარ-ჩვევებისა და მოტივაციის მქონე დაინტერესებულ პირს ეკრძალება სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ხელმეორედ მოპოვება, რითაც მცირდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სასურველი განათლების მიღების შესაძლებლობა.
14. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებს. მითითებული ნორმის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით. თავის მხრივ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ჰ10“ განმარტავს, თუ რომელ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე სწავლებისთვის შეიძლება დაფინანსდეს სტუდენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტით. კერძოდ, ესენია: ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა ან სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს, მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ჰ32“ პუნქტის თანახმად, ესაა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად.
15. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს. მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე სასწავლო წლისთვის განსაზღვრული წლიური მოცულობის ფარგლებში, სტუდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება, მოიპოვოს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, ხოლო, მაგისტრანტმა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი. აღნიშნული კანონის მე-80 მუხლის პირველი პუნქტისა და 801 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ჩამოთვლილია ის სუბიექტები, რომელთაც სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვთ.
16. საკანონმდებლო ნორმათა ანალიზი მიუთითებს, რომ სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტი არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე სწავლების დაფინანსების ერთ-ერთი წყარო, რომლის მოპოვება სტუდენტს/მაგისტრანტს შეუძლია ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობის ფარგლებში.
17. როგორც აღინიშნა, განათლების მიღებისა და მისი დაფინანსების კონსტიტუციური უფლების დაცული სფერო ვრცელდება არა მხოლოდ სახელმწიფო გრანტის პირველად მოპოვებაზე, არამედ შემდგომი პროფესიის განსახორციელებლად, აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევებს დაუფლების შესაძლებლობაზეც. №1432 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად კი, დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე, ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა, აგრეთვე, მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით. ამდენად, სადავო ნორმები გამორიცხავს მოსარჩელეთა მიერ უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე სახელმწიფო დაფინანსების ხელმეორედ მიღებას, რითაც დაინტერესებულ პირს ეზღუდება შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოახერხოს პროფესიის ცვლილება და ამით თანამედროვე სამყაროში სწრაფად ცვალებად სოციო-ეკონომიკურ გარემოებებთან ადაპტაცია. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებით დაცული უფლების შეზღუდვა, რაც წარმოშობს მისი კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებულობის შემოწმების საჭიროებას.
18. ამასთანავე, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ განმარტა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მათი პოზიციით, ყველა დაინტერესებულ პირს, ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ხელმეორედ მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტი და მიიღოს უმაღლესი განათლება იმავე საფეხურზე, რომელზეც წარსულში უკვე ჰქონდა მოპოვებული ამგვარი დაფინანსება. აღნიშნული მსჯელობის მიღმა, მოსარჩელე მხარეს არ დაუკონკრეტებია სასარჩელო მოთხოვნა, მაგალითისთვის, იგი არ დავობს და, შესაბამისად, არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომ დგას ცალკეული სოციალური თუ ეკონომიკური საჭიროების წინაშე, რაც განსაკუთრებით ამწვავებს მის მდგომარეობას და, შედეგად, სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ხელმეორედ მოპოვების აუცილებლობას ან განეკუთვნება რომელიმე ისეთ პირთა წრეს, რომელსაც შესაძლოა, გააჩნდეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის მომეტებული ინტერესი. ამდენად, განსახილველ საქმეში, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, ზოგადად, სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო დაფინანსების ხელმეორედ მიღების უფლების შეზღუდვის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.
4. უფლების შეზღუდვის გამართლება
19. უმაღლესი განათლების მიღებისა და დაფინანსების უფლებების, უდავოდ, დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, აღნიშნული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის და მათი შეზღუდვა დასაშვებია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, თუ დაცულია თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). „აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
4.1. ლეგიტიმური მიზანი
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული რეგულაცია შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15).
21. მოპასუხე მხარეთა პოზიციით, თუ ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა სახელმწიფო დაფინანსების ხელმეორედ მიღების შესაძლებლობაზე წვდომა, შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, ის პირი, ვისაც პირველად სურს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მოპოვება, ჩადგება არასამართლიან მდგომარეობაში. ამდენად, მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი უკავშირდება სახელმწიფოს შეზღუდულ საბიუჯეტო რესურსებს, რომელთა სტრატეგიული განაწილება უნდა მოხდეს სამართლიანად, იმ პირთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, რომელთა მიზანია უმაღლესი განათლების მიღება და შესაბამისი პროფესიის პირველად დაუფლება.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ამოწურვადი რესურსების დაზოგვა შეიძლება, წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს და სახელმწიფოს გააჩნია საკმაოდ ფართო მიხედულების ზღვარი მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ამგვარ რესურსებს და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმვას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სწავლის საფეხურის ზრდასთან ერთად, იზრდება სახელმწიფოს მიხედულების ზღვარი განათლების დაფინანსების თვალსაზრისით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28).
23. სადავოდ გამხდარი მოწესრიგების საჯარო ლეგიტიმურ მიზანზე მსჯელობისას, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ ინტერესს არ წარმოადგენს ცალკე აღებული საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, არამედ, შეზღუდული რესურსების პირობებში, იმ პირთა მაქსიმალური ხელშეწყობა, რომლებიც პირველად ეუფლებიან პროფესიისთვის საჭირო ცოდნას და, შესაბამისად, შემდგომი თვითგანვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. როგორც უკვე აღინიშნა, განათლებას განსაკუთრებული როლი აქვს არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდის პიროვნების თავისუფალი განვითარების, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის კუთხით, რადგან სახელმწიფოს წარმატება, მეტწილად, დამოკიდებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე. მითითებული საზოგადოებრივი ინტერესი კი, კიდევ უფრო მკაფიოა პირთა იმ ჯგუფთან მიმართებით, რომლებიც ჯერ კიდევ არ ფლობენ პროფესიისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რათა დამოუკიდებლად გაუძღვნენ და მოაწყონ საკუთარი ცხოვრება. მითითებული მიზნის მისაღწევად, სადავო ნორმები ზღუდავს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ხელმეორედ მოპოვების შესაძლებლობას.
24. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირთა იმ ჯგუფის ინტერესების მაქსიმალური რეალიზაციის მიზნით, რომლებიც პირველად ეუფლებიან პროფესიას, სახელმწიფო უფლებამოსილია, ამოწურვადი მატერიალური რესურსების პრიორიტეტულად გამოყენებისთვის, დაადგინოს უმაღლესი განათლების მიღებისა და ხელმეორედ დაფინანსების უფლებების შეზღუდვა.
4.2. გამოსადეგობა და აუცილებლობა
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავად, არ არის საკმარისი, უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რათა სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს. კონსტიტუციური უფლების მზღუდავი სადავო რეგულირების გამოსადეგობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
26. ამავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ არ არსებობდეს, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, სხვა უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ სადავო რეგულირება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
27. განსახილველი დავის ფარგლებში გასაჩივრებული ნორმები გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, ხელმეორედ მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტი და მიიღოს უმაღლესი განათლება იმავე საფეხურზე, რომელზეც წარსულში უკვე ჰქონდა მოპოვებული ასეთი ტიპის სახელმწიფო დაფინანსება. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს. ბუნებრივია, აღნიშნული ამოწურვადი ფინანსური რესურსით მოსარგებლეთა რაოდენობა ლიმიტირებულია. ამიტომაც, სადავო რეგულირება მიმართულია სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობაზე იმ პირთა წვდომის მაქსიმალურად ხელშეწყობისკენ, რომელთა მიზანია უმაღლესი განათლების მიღება და შესაბამისი პროფესიის პირველად დაუფლება.
28. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ლოგიკური და რაციონალური კავშირი სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვასა და მოპასუხის მიერ იდენტიფიცირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზანს შორის, შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებული რეგულირება უნდა ჩაითვალოს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსადეგ საშუალებად.
29. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავდა, რომ გასაჩივრებული რეგულაცია ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნას, რამდენადაც სადავო ნორმები ბლანკეტურად უკრძალავს პირს იმავე საფეხურზე სახელმწიფო გრანტის ხელმეორედ მოპოვების უფლებას. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ გასაჩივრებული ბლანკეტური მოწესრიგების ნაცვლად, შესაძლებელია, არსებობდეს არსებული ფინანსური რესურსების გადანაწილების უფრო მეტად სამართლიანი მოდელი, რომელშიც სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობიდან, შედარებით, პროპორციულად ნაკლები ფინანსური რესურსი იქნება ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც დაინტერესებულია ხელმეორედ ისარგებლოს აღნიშნული სახელმწიფო დაფინანსებით.
30. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რადგან კანონმდებლის მიერ დადგენილი შეზღუდული საბიუჯეტო რესურსების პრიორიტეტულად განაწილებაზე ორიენტირებული მოდელის პირობებში, სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობაზე იმ პირთა წვდომის დაშვებით, რომელთაც სურთ, ხელმეორედ მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსება, ყოველთვის შემცირდება პრაქტიკული შესაძლებლობა მათთვის, ვისაც პირველად სურს აღნიშნული რესურსით სარგებლობა. ამასთან, მართალია, მოპასუხე მხარეებმა საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მიუთითეს, რომ სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობები ყოველწლიურად მზარდია, თუმცა აღნიშნული მზარდი საგრანტო მოცულობებიც კი ვერ უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირისთვის უმაღლესი განათლების პირველად დაფინანსებას. შესაბამისად, ზრდის პერსპექტივა ორიენტირებულია, რომ უფლებით პირველადი სარგებლობა მომავალში შეძლოს უფრო მეტმა პირმა, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო გასულ წლებში. სახელმწიფო დაფინანსების ხელმეორედ მოპოვების მსურველთათვის ამ უფლების მინიჭება კი გულისხმობს, რომ უნდა შემცირდეს იმ დაინტერესებულ პირთა წვდომა სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომლებიც ამ უფლებით პირველად სარგებლობენ. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ შემოთავაზებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევას, როგორც ეს გასაჩივრებული რეგულირების პირობებშია შესაძლებელი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები გამოსადეგობასთან ერთად, ასევე აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის კრიტერიუმსაც.
4.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი აგრეთვე მოითხოვს, რომ უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის, დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). დაპირისპირებულ სიკეთეთა შორის სამართლიანი ბალანსის დადგენა მოითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებით დაცული უფლების მნიშვნელობის, ასევე, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის ინტენსივობის ანალიზს და მათ ურთიერთშეპირისპირებას.
32. როგორც უკვე აღინიშნა, განათლების მიღება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოიწყოს საკუთარი ცხოვრება. აღნიშნული უფლების სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული როგორც ცალკეული ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარება, ისე, ზოგადად, მთელი რიგი საზოგადოებრივი ინტერესების მიღწევა. შესაბამისად, განათლების დაფინანსებით უფლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა არ არის მხოლოდ ბენეფიციართა ინტერესებში, არამედ მისი მნიშვნელობა განუზომელია სახელმწიფოსთვისაც. განსახილველ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება ორი ინტერესი. ერთი მხრივ, სტუდენტის/მაგისტრანტის სურვილი, ხელმეორედ მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტი და მიიღოს უმაღლესი განათლება იმავე საფეხურზე, რომელზეც წარსულში უკვე ჰქონდა მოპოვებული ასეთი ტიპის სახელმწიფო დაფინანსება. ხოლო, მეორე მხრივ, იმ პირის ინტერესი, ვისაც პირველად სურს სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მოპოვება. ამასთან, სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულირება არ არის თვითმიზნური, არამედ აღნიშნულ პირთა ორი ჯგუფის ინტერესების კონკურენტულობას, როგორც არაერთხელ მიეთითა, განაპირობებს საბიუჯეტო დაფინანსების ამოწურვადი ბუნება, რომლის გათვალისწინებითაც, გონივრულია ვარაუდი, რომ სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობაზე მოსარჩელეთა მსგავსი კატეგორიის პირთათვის წვდომის დაშვებით, a priori შემცირდება პრაქტიკული შესაძლებლობა მათთვის, ვისაც პირველად სურს აღნიშნული რესურსით სარგებლობა და პირიქით.
33. ამდენად, მიუხედავად განათლების მიღებისა და მისი დაფინანსების უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, აღნიშნულ უფლებაზე არა მხოლოდ მრავალჯერადად, არამედ ერთჯერადად წვდომის ფარგლებიც ლიმიტირებულია სახელმწიფოს საბიუჯეტო ფინანსებით. ამასთან, უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ ნორმატიული წესრიგის განსაზღვრის დროს კანონმდებელი შედარებით მეტად არის თავისუფალი, ვიდრე, მაგალითად, ზოგადი განათლების შემთხვევაში. აღნიშნული, ცხადია, არ გულისხმობს კანონმდებლის სრულ თავისუფლებას და კონსტიტუციურსამართლებრივ ფარგლებს მიღმა მოქმედების შესაძლებლობას, რადგან საკანონმდებლო ჩარჩო, რომლითაც კანონმდებელი განსაზღვრავს განათლების დაფინანსების პირობებს, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12-13). ამ მხრივ, კანონმდებლის ერთ-ერთი ვალდებულებაა, მოახდინოს შეპირისპირებულ ინტერესთა გონივრული დაბალანსება.
34. იმის დასადგენად, არის თუ არა კონკურენტულ ინტერესთა შორის ბალანსი პროპორციული, მნიშვნელოვანია, გაანალიზებული იყოს ის საკანონმდებლო ლოგიკა, რომელიც სადავო მოწესრიგებას უდევს საფუძვლად. ამ კუთხით, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ პირი, რომელიც სარგებლობდა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით და ამთავრებს სწავლას უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე, ივარაუდება, რომ იძენს ისეთ უნარებს, ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც მას არსებითად განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს იმ პირთა ჯგუფთან შედარებით, რომელთა სურვილია, აღნიშნული ამოწურვადი რესურსით პირველად სარგებლობა. კერძოდ, პირთა აღნიშნულ ჯგუფს უკვე ჰქონდა წვდომა სახელმწიფოს ამოწურვად რესურსზე და ივარაუდება, რომ დაუფლებულია პროფესიას, რომლის გამოყენებითაც, მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ შემდგომი პიროვნული განვითარება.
35. უმაღლესი განათლების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით. გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებულია ზოგადი შეზღუდვა, რომლის თანახმად, დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის გაცემა, თუმცა სადავო რეგულირების მიღმა, კანონმდებლობით დადგენილია დაინტერესებულ პირთათვის უმაღლესი განათლების დაფინანსების ან სწავლების პროცესში ხელშეწყობის ალტერნატიული საშუალებები. საკონსტიტუციო სასამართლო, გასაჩივრებული შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას, დამატებით მხედველობაში იღებს მოპასუხე მხარის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარმომადგენლის მითითებას, რომლის თანახმად, გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ან სწავლების ხელშემწყობ კონკრეტულ ალტერნატიულ საშუალებაზე. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი საშუალება არის სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ (შემდგომში „ცენტრი“) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და სახელმწიფო დაფინანსებით – რაც შეიძლება მოიცავდეს საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს – უმაღლესი განათლების მიღება საზღვარგარეთ, თუნდაც იმავე საფეხურზე, რომლისთვისაც პირს წარსულში ჰქონდა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტი.როგორც ცენტრის 2023 წლის ოფიციალური ანგარიშიდან ირკვევა, 2014-2022 წლებში, საზღვარგარეთ სწავლის მსურველი ბენეფიციარებისთვის 1250-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გაიცა.
36. ამასთან, საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, სწავლების პროცესში ხელშემწყობ ალტერნატიულ საშუალებებზე მსჯელობისას, რომელთა გამოყენებაც მოსარჩელეთა მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს არ ეზღუდებათ, აგრეთვე მიუთითა, რომ არსებობს წარმატებული სტუდენტებისთვის პროგრამა - „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 5 000 სტუდენტი სასწავლო წლის ყოველი სემესტრის დასაწყისში, წინა სემესტრის მონაცემების საფუძველზე, ყოველთვიურად (5 თვის განმავლობაში) იღებს 300 ლარიან სტიპენდიას. სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. სტიპენდიატთა შერჩევისას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ხელმძღვანელობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმებით. აღნიშნული კრიტერიუმები, აკადემიურ მიღწევებთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა სამეცნიერო და სტუდენტურ აქტივობას, ასევე, კრიტერიუმებში გათვალისწინებულია სოციალური ფაქტორები.
37. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულია ერთი და იმავე პირისთვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასაწავლო/სამაგისტრო გრანტის გაცემაზე ზოგადი შეზღუდვა, დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილია უმაღლესი განათლების დაფინანსების ან სწავლების პროცესში ხელშემწყობი ალტერნატიული საშუალებები, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ მოსარჩელეთა მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს. ამდენად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებშიც, სახელმწიფო პირის მიმართ, რომელსაც სურს, მიიღოს ახალი პროფესიის განსახორციელებლად აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები, გარკვეულ დამხმარე საშუალებებს ითვალისწინებს და გარკვეულ მატერიალურ რესურსს ხარჯავს. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმების მოქმედების პირობებშიც, სახელმწიფო რესურსებზე აბსოლუტურად შეზღუდული არ არის იმ პირთა წვდომა, რომელთაც სურთ ახალი პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების დაუფლება. ამასთან, იმ დაინტერესებულ პირთა მიმართ, რომლებსაც უმაღლესი განათლების მისაღებად, ერთხელ უკვე ჰქონდათ წვდომა სახელმწიფო დაფინანსებაზე, არსებობს შედარებით მაღალი გონივრული მოლოდინი, რომ შეძენილ უნარ-ჩვევებს გამოიყენებენ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, ვიდრე მათ მიმართ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ უსარგებლიათ ასეთი შესაძლებლობით და, შესაბამისად, არ ფლობენ პროფესიულ ცოდნასა და კვალიფიკაციას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი სამართლიან ბალანსს აფუძნებს დაცულ და შეზღუდულ ინტერესებს შორის.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1432 კონსტიტუციური სარჩელით იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებით დადგენილ მოთხოვნებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1432 კონსტიტუციური სარჩელი („ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“) მოსარჩელეების ციცი ჭელიძის, სოფიკო ჯიჭონაიას, ანა გაგუას, სოფიკო თვალაბეიშვილისა და მარიამ ბარსონიძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
2. შეწყდეს საქმე №1432 კონსტიტუციურ სარჩელზე („ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“) მოსარჩელეების მარიამ შათირიშვილისა და თამარ სტეფანიშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
თეიმურაზ ტუღუში