• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირი "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი"-ს დირექტორის წინააღმდეგ
      • 25.02.2021
      • N1573
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის №2/22/1573 განჩინება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/22/1573
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 25 დეკემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 8 იანვარი 2026 15:24

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 97-ე მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების“ საკ 1.1:2020-ის („აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (2021 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების“ საკ 1.5:2020-ის („წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1573) მომართა ლევან ალაფიშვილმა. №1573 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 25 თებერვალს. №1573 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 25 დეკემბერს.

2. №1573 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 97-ე მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, „სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება შესაბამის, აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს“. „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საკ 1.1:2020-ის („აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (2021 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია სრულად“. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საკ 1.5:2020-ის („წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებული შშო – პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

5. №1573 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ფიზიკურმა პირმა სსიპ „აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს ‒ აკრედიტაციის ცენტრს“ (შემდგომში, აკრედიტაციის ცენტრი) აკრედიტაციის მოსაპოვებლად 2021 წლის 16 თებერვალს წარუდგინა აკრედიტაციის განაცხადი და მოითხოვა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირების სერტიფიცირების ბიზნესის წარმოებისთვის აკრედიტაციის მინიჭება. მოსარჩელის განმარტებით, აკრედიტაციის ცენტრის 2021 წლის 19 თებერვლის წერილობითი პასუხით, უარი ეთქვა წარდგენილი განაცხადის დარეგისტრირებაზე, ვინაიდან განაცხადს თან არ ერთოდა კანონმდებლობით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. კერძოდ, ვინაიდან სადავო ნორმების თანახმად, აკრედიტაციას ექვემდებარება მხოლოდ იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი, თანდართულ დოკუმენტებში უნდა ყოფილიყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ.

6. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 97-ე მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრს ენიჭება აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დადგენის უფლებამოსილება, მათ შორის, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის, კერძოდ კი, უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის სერტიფიკაციის სფეროში. მოსარჩელის პოზიციით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრს ანიჭებს უფლებამოსილებას: ა) დაადგინოს პერსონალის სერტიფიკაციის აკრედიტაციის მიღება მხოლოდ იურიდიული პირებისათვის და აკრედიტაციის მიმღები სუბიექტების წრიდან გამორიცხოს ფიზიკური პირები; ბ) შეიმუშაოს საკანონმდებლო აქტისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების წესები, კერძოდ, რეგისტრაციაში არ გაატაროს დაინტერესებული პირის განცხადება და არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.

7. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ყოველგვარი ფარგლების, სტანდარტების, კრიტერიუმების თუ პრინციპების განსაზღვრის გარეშე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის დადგენის უფლებამოსილებას აკრედიტაციის ცენტრს ანიჭებს. ამ უკანასკნელმა კი, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეიმუშავა რეგულაციები, რომლებიც დისკრიმინაციულია და, ამასთანავე, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი განცხადების რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესებს. საკითხის ამგვარი მოწესრიგება წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმას და არ შეესაბამება საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით დადგენილ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს. შედეგად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის პირველ პუნქტით დაცულ უფლებებს.

8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების მომწესრიგებელი კანონმდებლობიდან, ისევე, როგორც აკრედიტაციის ცენტრის მიერ მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებიდან, არ იკვეთება მიზეზები, რატომ არ შეიძლება პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო, იურიდიული პირის მსგავსად, იყოს ფიზიკური პირი. შედეგად, სადავო ნორმების საფუძველზე, ადგილი აქვს თანასწორობის უფლების დარღვევას. გარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ შემუშავებული რეგულაცია, რომელიც გამორიცხავს ფიზიკური პირის მიერ წარდგენილი აკრედიტაციის განაცხადის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს.

9. №1573 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან მიმართებით, დამატებით არგუმენტაციას საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოადგენს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. №1573 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, ზოგიერთმა სადავო ნორმამ განიცადა ცვლილება. კერძოდ, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2024 წლის 18 ივლისის №4373-XVრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისიდან, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 97-ე მუხლის პირველი ნაწილი. რამდენჯერმე შეიცვალა აგრეთვე „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების“ საკ 1.1:2020-ის („აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის 2021 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქცია.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის, ზემოთ განხილული სადავო ნორმები ძალადაკარგულია. ამასთანავე, სადავო ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.

3. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმისწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს, ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმისწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

4. თუმცაღა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „№3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმისწარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, შეაფასებს, ხომ არ არსებობს ძალადაკარგულ სადავო ნორმებთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.

6. №1573 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 97-ე მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

7. დასახელებული სადავო ნორმის თანახმად, „სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება შესაბამის, აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს“.

8. მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც აკრედიტაციის ცენტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, განსაზღვროს აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ იურიდიული პირებისათვის და აკრედიტაციის მიმღები სუბიექტების წრიდან გამორიცხოს ფიზიკური პირი, ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც აკრედიტაციის ცენტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, დაადგინოს საკანონმდებლო აქტისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების წესები, კერძოდ, რეგისტრაციაში არ გაატაროს დაინტერესებული პირის განცხადება და არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. გარდა ამისა, მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაციის ცენტრს გადასცა აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დადგენის შეუზღუდავი უფლებამოსილება, რაც წარმოადგენს მის მიერ საკანონმდებლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმას და უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების დარღვევას.

9. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია, პირის სარჩელის საფუძველზე, მხოლოდ უფლებაშემზღუდველი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობაა. შესაბამისად, იმისათვის, რომ იდავოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დარღვევაზე, პირველ რიგში, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს სადავო ნორმის საფუძველზე, ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება. მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს თუნდაც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმის დარღვევით მიღებული ისეთი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც მის უფლებას არ ზღუდავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/17/1493 განჩინება საქმეზე „ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და სულხან სალაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-3).

10. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარე აპელირებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ იმგვარი რეგულაციების შემუშავების შესაძლებლობაზე, რომელიც არღვევს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობისა და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციურ უფლებებს, თუმცა წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთება აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის თაობაზე (იხ., წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-17 − 26-ე და 30-ე − მე-40 პარაგრაფები).

11. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმით აკრედიტაციის ცენტრს მიენიჭა უფლებამოსილება, შეიმუშაოს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესებისგან განსხვავებული წესები და პროცედურები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმიდან და რელევანტური კანონმდებლობიდან მსგავსი მსჯელობის მართებულობა არ გამომდინარეობს. აკრედიტაციის ცენტრის წესები და პროცედურები დამტკიცებულია „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებსა და განკარგულებებს გამოსცემს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად, საქართველოს კანონმდებლობის, აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების, შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე.

12. მოსარჩელე აპელირებს, რომ სადავო ნორმა აკრედიტაციის ცენტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, რეგისტრაციაში არ გაატაროს დაინტერესებული პირის განცხადება და არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. რეალურად, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების მომწესრიგებელი კანონმდებლობის თანახმად, განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში, თუ განაცხადით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარდგენილია სრულად. მოცემული საკითხის მსგავსი დარეგულირება, თავისთავად, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციურ უფლებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. კონსტიტუციურ სარჩელში კი არ არის განვითარებული მსჯელობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების რომელი უფლებრივი კომპონენტი იზღუდება, განსახილველი სამართალურთიერთობის არსებული მოწესრიგებით.

13. მოსარჩელე მხარე ასევე აცხადებს, რომ პარლამენტის მხრიდან აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დადგენის უფლებამოსილების აკრედიტაციის ცენტრზე დელეგირებით, მოხდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის დარღვევა, თუმცა არც ამ შემთხვევაში განმარტავს, რაში გამოიხატა, სადავო ნორმის საფუძველზე, დელეგირების კონსტიტუციური სტანდარტების ხელყოფა.

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ზოგადად, პარლამენტის მიერ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის და იგი შესაძლოა, გამართლებული იყოს, მაგალითად, საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, ამა თუ იმ საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მოტივით და ა. შ. (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-42; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-31,32). „პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს ... ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით, საქართველოს პარლამენტი თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-78).

15. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ გარკვეულ საკითხთა უფლებამოსილების მოწესრიგების მადელეგირებელ ნორმაზე და დელეგირების ფაქტზე მითითება საკმარისი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად. კონსტიტუციურ სარჩელში, დელეგირების კონსტიტუციურ სტანდარტებთან შეუსაბამობის მოტივით, სადავო ნორმის ამა თუ იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე, გარდა მატერიალური უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისა, ვალდებულია, დაასაბუთოს ამ სტანდარტების დარღვევა, უშუალოდ სადავო ნორმით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის კონტექსტში. ამისათვის, მოსარჩელემ მსჯელობა უნდა განავითაროს, მათ შორის, მადელეგირებელი ნორმით დარეგულირებული სამართალურთიერთობის სფეროსა და ხასიათზე. წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში კი, სადავო ნორმის დელეგირების კონსტიტუციურ სტანდარტებთან შეუსაბამობა, უშუალოდ ამ ნორმით დარეგულირებული სამართალურთიერთობის კონტექსტში, არ არის დასაბუთებული.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 97-ე მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1573 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.

17. №1573 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, აგრეთვე „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების“ საკ 1.1:2020-ის („აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (2021 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

18. დასახელებული დებულების თანახმად, „განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია სრულად“.

19. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარეს, უშუალოდ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობასთან მიმართებით, არგუმენტაცია არ წარმოუდგენია. თავის მხრივ, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით დადგენილ ზოგად მოთხოვნას, დაინტერესებული პირის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარდგენილი განაცხადის რეგისტრაციისათვის განაცხადით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის სრულად წარდგენის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმთავითვე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამო რეგულაციად არ მიიჩნევს.

20. კონსტიტუციური სარჩელის საერთო ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებასთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად მიაჩნია ის გარემოება, რომ ფიზიკური პირის მიერ აკრედიტაციის მისაღებად აკრედიტაციის ცენტრისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, ცენტრი არ არეგისტრირებს მის განცხადებას და, შესაბამისად, არ იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას.

21. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმის გასაჩივრების მომენტისათვის მოქმედი რედაქცია, არ ითვალისწინებდა კონკრეტული დოკუმენტების ან/და მტკიცებულებების ჩამონათვალს, რომელთა წარმოდგენა აუცილებელი იყო განაცხადის რეგისტრაციისათვის. აღნიშნული კონკრეტული მოთხოვნები, მათ შორის, მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ პერსონალის სერტიფიცირების კუთხით, აკრედიტაციის მაძიებელი შესაბამისობის შემფასებელი ორგანო (შშო) უნდა ყოფილიყო აუცილებლად, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი, განსაზღვრული იყო არა სადავო ნორმით, არამედ იმავე ბრძანების სხვა დებულებებით, რომელთაგან ზოგიერთი გასაჩივრებულია წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში. შესაბამისად, მოსარჩელის პრობლემა სადავო ნორმიდან არ მომდინარეობს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/13/1623 განჩინება საქმეზე „ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4-6).

22. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას. აღნიშნული გარანტია არ მოიცავს პირის უფლებას, მოითხოვოს მატერიალური უფლების შექმნა ან ფარგლების გაფართოება. იგი მხოლოდ არსებული უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/15/1403 განჩინება საქმეზე „სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად, სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს. შესაბამისად, სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ უფლებას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას.

23. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნა, ადმინისტრაციულ ორგანოში განაცხადის მიღებისა და დარეგისტრირებისთვის, განაცხადით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის სრულად წარმოდგენის თაობაზე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. მოსარჩელეს არც იმ კუთხით წარუმართავს მსჯელობა, რომ, მაგალითად, დოკუმენტაციის სრულად წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციული ორგანო განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაცვლად, უნდა ადგენდეს ხარვეზს ან/და აგრძელებდეს სამართალწარმოებას. სხვა სიტყვებით, მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია, სადავო ნორმის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვა.

24. კონსტიტუციური სარჩელის ანალიზიდან იკვეთება, რომ რეალურად, მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აკრედიტაციასთან დაკავშირებული საქმის განხილვის პროცედურული ასპექტები, არამედ განაცხადის დარეგისტრირებისთვის აუცილებელი კონკრეტული წინაპირობა და ის მოცემულობა, რომ ფიზიკური პირს არ აქვს უფლება, წარმოადგენდეს, პერსონალის სერტიფიცირების კუთხით, აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს. სხვაგვარად, მოსარჩელის პრობლემას განაპირობებს არა ადმინისტრაციული ორგანოს უარი განაცხადის დარეგისტრირებასა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე, არამედ თავად აღნიშნული უარის განმაპირობებელი ფაქტორი, შინაარსობრივი თვალსაზრისით. კერძოდ, ის, რომ მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი ფიზიკური პირები საერთოდ არ განიხილებიან აკრედიტაციის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტებად.

25. როგორც ზემოთ განიმარტა, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული გარანტიები არ მოიცავს პირის უფლებას, მოითხოვოს მატერიალური უფლების შექმნა ან ფარგლების გაფართოება. იგი მხოლოდ არსებული უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

26. ამდენად, გარდა მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმისა, კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება მიმართება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის ირგვლივ განვითარებულ მსჯელობასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს შორის. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი, ამ თვალსაზრისითაც, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 97-ე მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ბ) „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საკ 1.1:2020-ის („აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (2021 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1573 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

28. ეს გარემოება, იმთავითვე გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქმისწარმოების გაგრძელების საჭიროებას. როგორც აღინიშნა, №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმის საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი.

29. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1573 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 97-ე მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ბ) „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საკ 1.1:2020-ის („აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (2021 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

30. №1573 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე სადავოდ ხდის აგრეთვე „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების“ საკ 1.5:2020-ის („წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

31. სადავო ნორმის თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობისა და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებული შშო – პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი.

32. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ვინაიდან გამორიცხავს ფიზიკური პირის შესაძლებლობას, გახდეს პერსონალის სერტიფიკაციის აკრედიტებული ორგანო. დისკრიმინაციის წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მისთვის არავის განუმარტავს, რატომ არ აქვს ფიზიკურ პირს პერსონალის სერტიფიკაციის აკრედიტებულ ორგანოდ რეგისტრაციისა და შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლება.

33. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე თანასწორობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).

34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვის გარანტიის დარღვევის დასასაბუთებლად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმა, არსებითად თანასწორ პირებს უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის №2/2/1857 განჩინება საქმეზე „ჯუნა სიჭინავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-4). ამავდროულად, „არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).

35. მაშასადამე, როდესაც მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას პირდაპირი დისკრიმინაციის არსებობის მოტივით, იმისათვის, რათა, დასახელებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად, როგორც წესი, მან, ერთი მხრივ, ნათლად უნდა გამოკვეთოს შესადარებელი პირები, რომელთა შორისაც, სადავო ნორმების საფუძველზე, დადგენილია დიფერენცირებული მოპყრობა, მეორე მხრივ კი, დაასაბუთოს, რომ განსახილველ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.

36. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ დიფერენცირება ხდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ვინაიდან სადავო ნორმა მხოლოდ იურიდიულ პირებს აძლევს უფლებას, გახდეს პერსონალის სერტიფიკაციის აკრედიტებული ორგანო.

37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები a priori არ არიან მიჩნეული არსებითად თანასწორ სუბიექტებად. კონკრეტული სამართალურთიერთობების მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები, შესაძლოა, დანახული იყვნენ, როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/2/1344 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), ცალკეულ შემთხვევებში კი, პირიქით (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/2/1344 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/13/1623 განჩინება საქმეზე „ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური და იურიდიული პირები არიან თუ არა არსებითად თანასწორები, უნდა გადაწყდეს დიფერენცირების დამდგენი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან და აგრეთვე, შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირების ფაქტს შორის ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

38. აღსანიშნავია, რომ, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებისათვის იურიდიულ პირად რეგისტრაციის მოთხოვნა არ წარმოადგენს ქართული კანონმდებლობის ნოვაციას. იგი ემყარება შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული და გამოცდილი ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს. კერძოდ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის მიერ დადგენილი ისო/იეკ 17024:2012 სტანდარტის (ISO/IEC 17024:2012) თანახმად, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი, ზუსტად ისე, როგორც ეს სადავო ნორმით არის განსაზღვრული.

39. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სადავო ნორმის საფუძველზე თანასწორობის უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად და საქმის არსებითად განსახილველად მისაღებად, მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო, მინიმალურ დონეზე მაინც წარმოეჩინა, კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, შესადარებელი პირების არსებითად თანასწორობა. ამ კუთხით, მოსარჩელეს შეეძლო, განეხილა პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების საქმიანობა და ამოცანები, მათი სათანადოდ ოპერირებისთვის დადგენილი მოთხოვნები და საჭიროებები, ასევე ამ ორგანოსათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხები და ა. შ. მოსარჩელე მხარეს, კონკრეტული სამართალურთიერთობის ფარგლებში, შესადარებელი პირების არსებითად თანასწორობაზე საერთოდ არ უმსჯელია.

40. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1573 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საკ 1.5:2020-ის („წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

41. დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მოსარჩელე მხარის მითითებაზე, რომ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების თაობაზე დამატებით არგუმენტაციას საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას ვერ განაპირობებს მოსარჩელის მითითება დეტალური დასაბუთების არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენის თაობაზე, ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, სათანადო არგუმენტაცია წარმოდგენილი იყოს უშუალოდ სარჩელში და არა ზეპირსიტყვიერად არსებითი განხილვის სხდომაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის №1/12/1310 განჩინება საქმეზე „შპს „ნავთლუღი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამგვარად, სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებელი ნაწილების დასაბუთებულად მიჩნევაზე, გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელის მითითება დამატებითი არგუმენტაციის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენის თაობაზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1573 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების“ საკ 1.5:2020-ის („წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. შეწყდეს საქმე №1573 კონსტიტუციურ სარჩელზე („ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 97-ე მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების“ საკ 1.1:2020-ის („აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურები“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (2021 წლის 16 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ