• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება
      • 25.12.2025
      • N1931
      • კონსტიტუციური წარდგინება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის №3/4/1931 განჩინება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილისა და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილისა და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/4/1931
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 12 თებერვალი 2026
გამოქვეყნების თარიღი 13 თებერვალი 2026 13:00

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილისა და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილისა და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბერს, კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1931) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ვლადიმერ ხუჭუა). №1931 კონსტიტუციური წარდგინება, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2025 წლის 26 დეკემბერს. №1931 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 12 თებერვალს.

2. №1931 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება“. თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას. მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის თავისუფლება დაცულია.

5. №1931 კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო პირის მიმართ განიხილავს საქმეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტზე. კერძოდ, ვიტალი პოპოვი, იმყოფებოდა რა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ილანძღებოდა მოქალაქეების მისამართით. პოლიციის მხრიდან, არაერთგზის კანონიერ მოთხოვნაზე, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, გახდა უფრო აგრესიული და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. საქმის სასამართლოში განხილვისას, მან აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა, თუმცა, განმარტა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის.

6. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება ინდივიდუალურ საქმის გარემოებებთან მიმართებაში უნდა განხორციელდეს ჩადენილი ქმედების პროპორციულად. კერძოდ, სახდელი არ უნდა იყოს პროპორციული მხოლოდ ნორმატიულ დონეზე, სამართლებრივი ჩარჩო უნდა უზრუნველყოფდეს ნორმატიულად განსაზღვრული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, რათა დანიშნული სახდელი არ აღმოჩნდეს არაპროპორციული. წარდგინების ავტორის პოზიციის თანახმად, აღნიშნული მიზანი მიიღწევა სახდელის ზედა და ქვედა ზღვრის განსაზღვრით, აგრეთვე, სახდელთა სხვადასხვა სახეს შორის არჩევანის შესაძლებლობის უზრუნველყოფით. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, სამართალდარღვევის დადასტურებისას, სახდელის ინდივიდუალიზაციასა და მისი კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად დანიშვნას შეუძლებელს ხდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შენიშვნათა მე-4 ნაწილები. როგორც წარდგინებაშია მითითებული, თუ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი ცნობილი იქნება სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, დაეკისრება მინიმალური ჯარიმა - 2000 ლარი და ვერ შეძლებს მის გადახდას, მის მიმართ მომავალში წარმოიშობა სადავო ნორმების გამოყენების რისკი. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მინიმალური სახდელის გამოყენების პირობებშიც კი, პირი დადგება, სულ მცირე, 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების საფრთხის წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურმა მდგომარეობამ არ მისცა პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის (მხედველობაშია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები) შეფარდებული ფინანსური სანქციის გადახდის შესაძლებლობა.

7. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სასჯელის/სახდელის პროპორციულობის შესაფასებლად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის/სამართალდარღვევის სიმძიმე და შედეგად გამოწვეული ზიანი; დამნაშავის/სამართალდამრღვევის ბრალი, მისი პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს, თუ რა სახის სასჯელი/სახდელი არის აუცილებელი პირის რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, საზოგადოების დაცვისა და დანაშაულის/სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით, ან, რა პირობებში შეძლებს სასჯელი/სახდელი თავისი მიზნების ეფექტიანად შესრულებას. როდესაც ცნობილია, რომ პირი ფინანსური/სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იხდის დაკისრებულ ჯარიმას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას, მის მიმართ მომავალში, გამოიყენება დასჯის უფრო მკაცრი მექანიზმი, ვიდრე იმ პირის მიმართ, რომელსაც შეუძლია გადაიხადოს ჯარიმა. წარდგინების ავტორის პოზიციით, სადავო ნორმები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სფეროში ამკვიდრებს კონკრეტული სახდელის გამოყენების ავტომატურ და ფორმალურ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც, ჯარიმის გადაუხდელობის ფაქტი, განურჩევლად გადაუხდელობის მიზეზებისა, ნორმატიულ დონეზე გარდაიქმნება პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების სავალდებულო საფუძვლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, რაც არ არის შეთავსებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.

8. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის არგუმენტაციით, სადავო ნორმები არღვევს სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპსაც. სხვადასხვა სუბიექტის მიერ იდენტური სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში განსხვავებული სამართლებრივი შედეგების დადგომა განპირობებულია მხოლოდ პირის ქონებრივი მდგომარეობით. შედეგად, კანონმდებელი არაერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირებს ეპყრობა თანაბრად ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე. წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას, მხოლოდ ჯარიმის გადაუხდელობის გამო, სულ მცირე 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ გამოყენება ქმნის დისკრიმინაციულ სამართლებრივ რეჟიმს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.

9. რაც შეეხება გასაჩივრებული რეგულაციების საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის მტკიცებას, წარდგინების ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენება არა უკიდურეს და აუცილებელ შემთხვევაში, არამედ ავტომატურად, მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს თავისუფლების შეზღუდვის რეალური საჭიროება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დადგენილი რომელიმე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას პირს სავალდებულო წესით შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ გააჩნდა ფინანსური შესაძლებლობა გადაეხადა ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებული და პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა, რაც თავისუფლების შეზღუდვის თვითნებურ ხასიათზე მიუთითებს.

10. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის გადაუხდელობის გამო (მხედველობაშია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა პირველად ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითა და 173-ე მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ გამოყენებას, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

11. ამასთანავე, წარდგინების ავტორის მოსაზრებით, ბუნდოვანია სიტყვები -„საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია“, ვინაიდან ჯარიმის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების წესით. ეს ყოველივე არის კანონით დადგენილი ფორმა და გაურკვეველია, რა შეიძლება ჩაითვალოს „კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადახდად“; გულისხმობს თუ არა იგი, მათ შორის, იძულებითი აღსრულების წესის გამოყენებას, ხოლო თუ არ გულისხმობს, რით არის ეს გამართლებული.

12. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს წარდგინების საფუძვლიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური წარდგინება მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1931 კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შენიშვნათა მე-4 ნაწილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დადგენილი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას პირი სავალდებულო წესით დაექვემდებარება ადმინისტრაციულ პატიმრობას მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ გააჩნდა ფინანსური შესაძლებლობა, რომ გადაეხადა ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული და პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთი მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-13 მუხლის პირველ პუნქტს.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის პროცესუალური ასპექტები გადაწყვეტილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმადაც: „თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს“. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საერთო სასამართლო უფლებამოსილია, მოითხოვოს მხოლოდ იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის გამოყენებაც მას სჭირდება საქმის გადაწყვეტისას. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოც, უწინარესად, იმას შეაფასებს, თუ რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმები თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის ფარგლებში გამოსაყენებელ კანონს, ხოლო მისი დადასტურების შემთხვევაში, იმსჯელებს გასაჩივრებული რეგულაციების წარდგინებაში მითითებულ კონსტიტუციის კონკრეტულ დებულებებთან შინაარსობრივი მიმართების თაობაზე.

4. როგორც კონსტიტუციურ წარდგინებაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო პირის მიმართ განიხილავს საქმეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ფაქტზე, რაც გულისხმობს ამავე სამართალდარღვევების პირველად ჩადენას, რისთვისაც, სახდელის სახით, გათვალისწინებულია ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა. შესაბამისად, თუკი საქმის განმხილველი სასამართლო პირს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობს, მას შეუფარდებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. თავის მხრივ, კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმები მიემართება არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა პირველად ჩადენის შემთხვევას, არამედ ვითარებას, როდესაც აღნიშნული სამართალდარღვევები პირის მიერ ჩადენილია განმეორებით, ხოლო პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა სამართალდამრღვევის მიერ არ არის გადახდილი. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ნათელია, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, საერთო სასამართლოს არ უწევს კონსტიტუციური წარდგინებით გასაჩივრებული რეგულაციების გამოყენება. წარდგინების ავტორი მოსამართლე მის განხილვაში მყოფ საქმეზე, რომლის განხილვაც შეაჩერა, არ დგას სადავოდ მიჩნეული ნორმების გამოყენების წინაშე. ამ საქმეზე სავარაუდო სამართალდამრღვევის მიმართ ნორმების გამოყენების საჭიროება შეიძლება დადგეს მომავალში, სხვა საქმეზე, კერძოდ მაშინ, თუ იგი ამჟამად განხილვაში მყოფ საქმეზე სამართალდამრღვევად მიჩნევის შემთხვევაში, არ გადაიხდის მისთვის დაკისრებულ ფინანსურ სანქციას, ხოლო მომავალში კვლავ ჩაიდენს იმავე სამართალდარღვევას. ამრიგად, სადავო დანაწესი არ წარმოადგენს საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, რომელსაც უნდა დააფუძნოს საქმის განმხილველმა მოსამართლემ დავის სამართლებრივი გადაწყვეტა. აღსანიშნავია, რომ არც კონსტიტუციური წარდგინების ავტორს დაუსაბუთებია, რომ „არაკონსტიტუციური ნორმების“ არარსებობის შემთხვევაში, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

5. კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმები რომ საქმეზე უშუალოდ გამოსაყენებელ კანონს არ წარმოადგენს, ამას, ფაქტობრივად, არც კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უარყოფს. იგი გასაჩივრებული რეგულაციებით გამოწვეულ პრობლემაზე ფართო და ზოგად კონტექსტში მიუთითებს. მისი აზრით, სადავო ნორმები არსებითად აუარესებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილების საფუძველზე (რომლებიც პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში გამოსაყენებელ კანონს წარმოადგენს განსახილველ საქმეზე) სახდელდადებული სუბიექტის სამართლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას იგი, pro futuro, ავტომატურად დაექვემდებარება ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასე რომ, პრაქტიკულად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, სადავო ნორმებთან დაკავშირებით კონსტიტუციურობის პრობლემას ხედავს არა როგორც მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში წარმოშობილს, არამედ როგორც სამომავლოდ შესაძლებელს, როდესაც სასამართლო დადგება გასაჩივრებულ რეგულაციათა შესაძლო გამოყენების წინაშე მომავალში განსახილველ საქმეებზე. ამის მიუხედავად, მას მიაჩნია, რომ წარდგინების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა სცნოს გასაჩივრებული რეგულაციები არაკონსტიტუციურად, ვინაიდან იგი განსახილველ საქმეზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის კონსტიტუციური უფლებების სამომავლოდ დარღვევის რისკებს შეიცავს.

6. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ასეთ ჭრილში დაყენება სცილდება კონსტიტუციური წარდგინების მიზანსა და ფუნქციას, რასაც იგი საზოგადოდ ემსახურება. კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტის დანიშნულება იმაში ვლინდება, რომ იგი საერთო სასამართლოს მოსამართლეს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს სავარაუდოდ, მისი აზრით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება in concreto დაწყებული სამართალწარმოების დროს. თავის მხრივ, კანონი, რომელიც არ არის გამოსაყენებელი განსახილველ საქმეზე სამართლებრივი დავის გადასაწყვეტად, ვერ იქნება დავის საგანი კონსტიტუციური წარდგინების ფარგლებში და ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს მის მიმართებაზე კონსტიტუციის კონკრეტულ დებულებებთან. წარდგინების ავტორი ფართოდ და, იმავდროულად, არასწორად აღიქვამს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის სფეროში საერთო სასამართლოს მოსამართლის, ისევე, როგორც ამ კონტექსტში საკუთრივ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, ასევე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, საერთო სასამართლოების წარდგინების საფუძველზე იმსჯელოს არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ იმ კანონის (ნორმატიული აქტის) შესახებ, რომელიც უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ მის განხილვაში მყოფი კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას. კონსტიტუციური წარდგინების მეშვეობით ისეთი ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, რომელიც საერთო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში არ არის გამოსაყენებელი, მოქმედი ნორმატიული წესრიგი არ იცნობს.

7. მეტიც, საერთო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინების გამოყენება იმ ნორმებთან მიმართებით, რომლებიც განხილვაში მყოფ კონკრეტულ სამართლებრივ დავაში გამოსაყენებელი არ არის, ეწინააღმდეგება სწრაფი მართლმსაჯულების კონსტიტუციურ მოთხოვნას. ასეთ დროს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვა იწვევს საერთო სასამართლოში საქმის განხილვის უსაფუძვლოდ შეჩერებას, რაც, გარდა მართლმსაჯულების სწრაფად/დროულად განხორცილების უმნიშვნელოვანესი საჯარო თუ ინდივიდუალური ინტერესისთვის ზიანის მიყენებისა, აფერხებს ინდივიდების უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივ განსაზღვრულობას, მათ შესაძლებლობას, მიაღწიონ დროულ სიცხადეს საკუთარ უფლება-მოვალეობათა სფეროში.

8. თუკი მოსამართლის წარდგინებას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ საზოგადოდ, საქმის განმხილველ საერთო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, უნდა გააჩნდეს ნებისმიერი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე დავის შესაძლებლობა, ეს ვერ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი, რადგან კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც საერთო სასამართლოს წარდგინებებთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას განსაზღვრავს, არ იძლევა ფართო ინტერპრეტაციის არავითარ შესაძლებლობას, მათ შორის, წარდგინების საფუძვლების საკითხზეც. ხსენებული ქვეპუნქტი ცალსახად ადგენს, რომ (საკონსტიტუციო სასამართლო) „საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ ...“.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმე არ შეეხება კონკრეტულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მოცემულ შემთხვევაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური წარდგინების ფარგლებში იმსჯელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილისა და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.

10. ამდენად, №1931 კონსტიტუციური წარდგინება დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1931 კონსტიტუციური წარდგინება.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ