მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N3/1/1900 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 12 თებერვალი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 13 თებერვალი 2026 12:34 |
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის (2025 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის პირველ ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1900) მომართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „თავისუფალმა საქართველომ“. №1900 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2025 წლის 2 ოქტომბერს. №1900 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 12 თებერვალს.
2. №1900 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 143-ე მუხლის მე-8 პუნქტი (2025 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავდა იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა ერთოდეს პარტიულ სიებს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. კერძოდ, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის ყოველი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, 18 წლის ასაკიდან მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. იმავდროულად, ხსენებული კონსტიტუციური დებულება უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში“.
5. №1900 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისთვის პრობლემას წარმოადგენს სადავო ნორმით დადგენილი ის წესი, რომლის მიხედვითაც, პარტიას მოეთხოვება საკრებულოს წევრობის ყოველი კანდიდატის უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარდგენა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული ცნობის მოთხოვნა არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას, ვინაიდან კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას პირთა წრის მიხედვით, გარდა მოქალაქისა, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.
6. გარდა ამისა, მოსარჩელისთვის პრობლემურია აღნიშნული ცნობის წინასწარ მოთხოვნის ფაქტი და ის, რომ იგი ფასიანია. მოსარჩელე განმარტავს, რომ პარტიას არჩევნებისთვის ათასზე მეტი კანდიდატის წარდგენა უწევს. ყოველი კანდიდატისათვის აღნიშნული ცნობის წარდგენა კი, საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც პარტიას ერთგვარი მოსაკრებლის სახით ეკისრება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული წესი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ვინაიდან დაუშვებელია აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების კანონით შეზღუდვა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1900 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის (2025 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
3. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის №1253-IVმს-XIმპ ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 195-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2025 წლის 29 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის, ზემოაღნიშნული სადავო დებულებები ძალადაკარგულია. ამასთანავე, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
4. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
5. აღნიშნული მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე ნორმა, რომელსაც გააჩნია უფლების სადავო ნორმის იდენტურად/მსგავსად შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
6. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „№3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, შეაფასებს, რამდენად არსებობს №1900 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
7. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე მხარე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმით ნაგულისხმებ შეზღუდვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
8. განსახილველ საქმეზე, როგორც აღინიშნა, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის (2025 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა. გასაჩივრებული ნორმა განსაზღვრავდა იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა ერთოდეს პარტიულ სიებს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. კერძოდ, სადავო ნორმის მიხედვით, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს, მათ შორის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის ყოველი კანდიდატის უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რა იგულისხმება უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობაში. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ფ1 ქვეპუნქტის თანახმად, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა არის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ. თავის მხრივ, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლების თანახმად, აღნიშნული კანონებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას, სასამართლო უფლებამოსილია, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, პირს ჩამოართვას, მათ შორის, პასიური საარჩევნო უფლება. შესაბამისად, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობაში აისახება, პირს ხომ არ აქვს ჩამორთმეული, მათ შორის, პასიური საარჩევნო უფლება.
9. №1900 კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, რომ მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია, ერთი მხრივ, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის დართვის მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ ის, რომ აღნიშნული ცნობა მოითხოვება წინასწარ და პარტიამ შესაბამისი საფასური უნდა გაიღოს მისი გამოთხოვისთვის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ზემოაღნიშნული ცნობის მოთხოვნა წარმოადგენს ბარიერს პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისთვის, რაც კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია, 24-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების მიღმა, პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისთვის, სხვა აკრძალვებს არ ითვალისწინებს.
10. მოსარჩელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ მოსარჩელე მხარის პრობლემას წარმოადგენს არა თავისთავად უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულების დადგენა, არამედ პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია რომ, მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს და მისგან მომდინარე უფლებრივ შეზღუდვას. კერძოდ, სადავო ნორმის შინაარსი და მოწესრიგების სფერო ამოიწურება მხოლოდ იმ დოკუმენტების ჩამონათვალის განსაზღვრით, რომლებიც უნდა ერთოდეს პარტიულ სიას და აღნიშნულის მიღმა, მას სხვა ნორმატიული შინაარსი არ გააჩნია. ამგვარად, შეუძლებელია სადავო ნორმიდან იმ ნორმატიული შინაარსის ამოკითხვა, რომელიც მოსარჩელე მხარის მიერ პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას შეზღუდავდა. გარდა ამისა, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებული შესაბამისი საფასურის გადახდის ვალდებულება სრულად სცდება სადავო ნორმის მოწესრიგების ფარგლებს. იგი არ განსაზღვრავს უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემის საფასურსა და მის ოდენობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არ მომდინარეობს სადავო ნორმიდან და მისი მოთხოვნა ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, თავად სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი, ცალკე აღებული უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულება, რა ბარიერს წარმოადგენს პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისთვის და, ამ მხრივ, რა ფორმით გააჩნია უფლებაში ჩარევის პოტენციალი.
11. დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სადავო ნორმას ექნებოდა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული უფლების შეზღუდვის რესურსი, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითების მიღმა, გარკვეული ხარისხით, წარმოაჩენდა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
12. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, არჩევითი თანამდებობის დასაკავებლად ამა თუ იმ ცენზის დაწესება, თავისთავად, არ არის შეუთავსებელი დემოკრატიულ მმართველობასთან და იგი წარმოადგენს დამკვიდრებულ კონსტიტუციურსამართლებრივ ინსტიტუტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებელი უფლებამოსილია, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ მითითებული ცენზების მიღმა, განსაზღვროს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვის საფუძვლები, რომლებმაც, თანაზომიერების პრინციპის განუხრელი მოთხოვნების დაცვით, უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე არჩევისგან მომდინარე საფრთხეების პრევენცია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30, 37, 38). იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისთვის გარკვეული ფინანსური ვალდებულების დადგენა, თავისთავად, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო არაა, თუ იგი აღნიშნული უფლებით სარგებლობას არათანაზომიერ საფრთხეს არ უქმნის და თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს თავისი პასიური საარჩევნო უფლება (იხ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). ამ თვალსაზრისით, იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ დადგენილი შესაძლო შეზღუდვა საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიას არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს, არის თვითმიზნური ან/და არ უკავშირდება ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე არჩევისგან მომდინარე საფრთხეების პრევენციას და, შედეგად, გაუმართლებლად აბრკოლებს პასიური საარჩევნო უფლების რეალიზებას.
13. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას, ხოლო, მეორე მხრივ, №1900 კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არგუმენტაცია, რომელიც უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულების შესაძლო არაკონსტიტუციურობას წარმოაჩენდა.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1900 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. ამგვარად, რამდენადაც არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1900 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1900 კონსტიტუციურ სარჩელზე („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში