• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ
      • 4.12.2025
      • N1924
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/1/1924 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/1/1924
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 26 მარტი 2026
გამოქვეყნების თარიღი 27 მარტი 2026 15:11

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი − სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე − წევრი;

გიორგი თევდორაშვილი − წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-3 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1924) მომართეს მუხრან ღურწკაიამ, მერაბ მამულაძემ, იმედა ქარქაშაძემ, გიორგი მახარაძემ და ნათია ჯანელიძემ. №1924 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 19 დეკემბერს. №1924 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 26 მარტს.

2. №1924 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის (შემდგომში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესი) პირველი მუხლის შესაბამისად, სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) პირის შესვლისას, სასამართლოს მანდატურმა ვიზუალურად უნდა შეამოწმოს, ხომ არ აქვს პირს სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალება (გარდა მობილური ტელეფონისა), ხოლო თუ ასეთი დადასტურდა, მანდატური უფლებამოსილია, არ დაუშვას მათი შეტანა და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს. ხსენებული წესის მე-3 მუხლის მიხედვით, სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე − სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და შესთავაზოს მფლობელს აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.

4. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (გარდა მობილური ტელეფონისა) სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) შეტანა და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე − სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.

5. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შრომის თავისუფლების გარანტიას, ყველას მიერ სამუშაოს თავისუფალად არჩევის უფლებას, აგრეთვე შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლებისა და სხვა შრომითი უფლებების ორგანული კანონით დაცვის ვალდებულებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების მიხედვით კი, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.

6. №1924 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ადვოკატები, რომლებიც, სხვადასხვა პერიოდიდან, საქართველოში ეწევიან საადვოკატო საქმიანობას, სხვადასხვა სპეციალიზაციით, რაც დასტურდება საქმეზე თანდართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობებით.

7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმების მოქმედება ვრცელდება, მათ შორის, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრ ადვოკატებზე, რომლებსაც ეკრძალებათ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობებსა და ეზოს ტერიტორიაზე ისეთი ტექნიკური საშუალებების (გარდა ტელეფონებისა) შეტანის შესაძლებლობა, რომლებსაც გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია, ხოლო უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, დამატებით, მობილური ტელეფონის ან/და სხვა ისეთი ნივთის შეტანა, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, აჩენს ვარაუდს, რომ გააჩნია იგივე ფუნქცია. მოსარჩელე მხარე, სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის დასასაბუთებლად, ეყრდნობა ამავე ნორმების ტექსტობრივ ფორმულირებას და მათი მოქმედების ფარგლებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის მიერ საჯაროდ გაკეთებულ კომენტარებს.

8. მოსარჩელეების განმარტებით, ზოგადად, მობილური ტელეფონი და სხვა ტექნიკური საშუალება სხვადასხვა პირისთვის შესაძლებელია გამოიყენებოდეს განსხვავებული მიზნობრიობით. ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო საშუალებების განვითარების პირობებში, მობილურმა ტელეფონმა და სხვა ტექნიკურმა მოწყობილობებმა შეიძინა პროფესიული დანიშნულება და სხვადასხვა პროფესიულ წრეებში პროფესიული საქმიანობის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. მოსარჩელეების მითითებით, ადვოკატებისათვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები (მობილური ტელეფონები, პლანშეტები) არ წარმოადგენს მხოლოდ ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციისა და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე მოწყობილობას, არამედ გამოიყენება, როგორც პროფესიული კომუნიკაციის, იურიდიული ინფორმაციის, საკანონმდებლო ბაზებზე, პრაქტიკასა თუ დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობისა და საორგანიზაციო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ამგვარი ტექნიკური მოწყობილობების სასამართლოს ეზოში, სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასა თუ სასამართლო სხდომის დარბაზებში დაშვების სრულად შეზღუდვა, საქმის წარმოებისას, ქმნის ბარიერს ადვოკატისათვის, რაც პირდაპირ აისახება როგორც ამ უკანასკნელის პროფესიულ განვითარებაზე, აგრეთვე მის მიერ განხორციელებული დაცვის ხარისხზე. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სასამართლო სხდომის დარბაზებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენების უფლებისგან მომდინარე მართლმსაჯულების განხორციელებისათვის საფრთხის შექმნის რისკების არსებობა არ დასტურდება უკანასკნელი 10-წლიანი პრაქტიკითაც, რომლის ფარგლებშიც, ადვოკატებს თავისუფლად ჰქონდათ, სადავო ნორმებით შეზღუდვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე/სივრცეებში მობილური ტელეფონებითა თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უფლება/შესაძლებლობა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეების მოსაზრებით, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან უკანონო გადაღების რისკი არ შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ ადვოკატი, როგორც სამართალწარმოების პროფესიული და აუცილებელი მონაწილე, გაუთანაბრდეს რიგით დამკვირვებელს. მოსარჩელეთა პოზიციით, ადვოკატს, თავისი პროფესიული სტატუსის გამო და მისგან გამომდინარე, უნდა ჰქონდეს პროცესის ეფექტიანად წარმართვის ფაქტობრივი შესაძლებლობა.

9. მოსარჩელე მხარე გასაჩივრებული ნორმებით დაწესებული აკრძალვების შესაძლო ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს სასამართლოში წესრიგის უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების ინტერესების დაცვასა და უკანონო გადაღების პრევენციას, თუმცა, იმავდროულად, განმარტავს, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები არის ფორმალური, აშკარად არაპროპორციული და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სასამართლოს ეზოსა და შენობაში ტექნიკური საშუალებების (გარდა მობილური ტელეფონისა) გამოყენების შეზღუდვას არ გააჩნია შემხებლობა ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზნებთან, რამდენადაც გაუგებარია, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მართლმსაჯულების განხორციელებას იმით, რომ ადვოკატს, ჟურნალისტს ან სხვა პირს აღნიშნულ სივრცეებში ჰქონდეს ტექნიკური მოწყობილობა. იმავდროულად, თეორიულად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სრული აკრძალვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობის ელემენტებს, რადგან არსებობს ნაკლებად შემზღუდველი და მეტად რაციონალური ალტერნატიული ღონისძიებები, მაგალითად, უკანონო გადაღებაზე პასუხისმგებლობის დაწესება და სხვა. შედეგად, სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვით მიღებული მხოლოდ თეორიული პრევენციული სარგებელი აშკარად არათანაზომიერია იმ ზიანთან შედარებით, რომელსაც იგი აყენებს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას, დამოუკიდებლობას, დაცვის უფლების განხორციელებასა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. ამასთანავე, უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, მობილური ტელეფონის ან/და სხვა ისეთი ნივთის შეტანის სრული აკრძალვა, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, აჩენს ვარაუდს, რომ გააჩნია იგივე ფუნქცია, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობისა და ვიწრო გაგებით პროპორციულობის ელემენტებს, ვინაიდან, მოსარჩელეების მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობა ისედაც შეიცავს ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფის საშუალებებს, მათ შორის, როგორებიცაა ტექნიკური საშუალებების კონკრეტული ფუნქციების (კამერა/მიკროფონი) გათიშვის ვალდებულება, დარღვევის შემთხვევაში − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლში მითითებული სანქციების გამოყენება და სხვა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები არაპროპორციულად ზღუდავს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას, პროფესიულ დამოუკიდებლობას, დაცვის უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით განმტკიცებულ უფლებებს.

11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისოსამართლებრივ აქტებზე.

12. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-3 მუხლების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსების მოქმედების პირობებში, ადვოკატები მოკლებულნი იქნებიან თავიანთი პროფესიული საქმიანობის მართებულად, ღირსეულად შესრულების შესაძლებლობას, რაც არსებითად შელახავს როგორც ადვოკატის, ისე მის მიერ დასაცავი თითოეული პირის უფლებებსა და თავისუფლებებს და, ამასთანავე, არსებითად დააზიანებს მართლმსაჯულების ხარისხსა და ავტორიტეტს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაბუთებულობის მოთხოვნაა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.

2. №1924 კონსტიტუციურ სარჩელით, გასაჩივრებულია, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-3 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის შესაბამისად, სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) პირის შესვლისას, სასამართლოს მანდატურმა ვიზუალურად უნდა შეამოწმოს, ხომ არ აქვს პირს სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალება (გარდა მობილური ტელეფონისა), ხოლო თუ ასეთი დადასტურდა, მანდატური უფლებამოსილია, არ დაუშვას მათი შეტანა და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე − სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და შესთავაზოს მფლობელს აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.

4. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (გარდა მობილური ტელეფონისა) სასამართლოში (სასამართლოს ეზოში, შენობაში) შეტანა და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ადვოკატისთვის არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე − სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრ ადვოკატს შესთავაზოს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.

5. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმებით დადგენილ აკრძალვებს, რაც გულისხმობს, მათ შორის, სასამართლოში/სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალების, სასამართლო სხდომის დარბაზში კი, დამატებით − მობილური ტელეფონის შეტანის შესაძლებლობის ადვოკატისთვის შეზღუდვას, არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. იმავდროულად, მაშინაც კი, თუ სადავო რეგულირებების ლეგიტიმურ მიზნად, თეორიულად, განხილულ იქნება სასამართლოში წესრიგის უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა და უკანონო გადაღების პრევენცია, დაწესებული შეზღუდვები, მოსარჩელეების პოზიციით, არაპროპორციულად ზღუდავს ადვოკატების პროფესიული საქმიანობისა და დაცვის უფლების შეუფერხებლად და ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). აუცილებელია, საქართველოს კონსტიტუციის განმარტების პროცესში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თითოეული კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრა მათი მიზანმიმართულებისა და ღირებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს. ამავდროულად, არ გამოირიცხება, რომ ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს შორის საქართველოს კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა ვერც კონსტიტუციური უფლებების დაცვას მოემსახურება და ვერც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

7. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება „... მიზნად ისახავს შრომის თავისუფლების გარანტირებას, რაც, ერთი მხრივ, კრძალავს იძულებით შრომას, ხოლო, მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს, შექმნას ადამიანის არჩევანის ფარგლებში შრომის თავისუფლების უზრუნველყოფის შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით დაცული შრომის თავისუფლება „... მჭიდრო კავშირშია ადამიანის სიცოცხლესა და მის ღირსეულ ყოფასთან. როგორც წესი, მისი განხორციელება ასოცირდება და უზრუნველყოფს მატერიალურ კეთილდღეობას, თუმცა დაუშვებელია, შრომის უფლების რეალიზაცია მხოლოდ შემოსავლის მიღების წყაროდ იქნეს აღქმული. შრომის პროცესში ადამიანი ახდენს საკუთარი უნარ-ჩვევების გამოყენებას, მათ საკუთარი, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად წარმართვას. ეს არის პროცესი, რომლის საშუალებით მისი განმახორციელებელი ახდენს სოციალიზაციას, საკუთარი თავის, იდეების, შესაძლებლობების ერთგვარ რეალიზაციას. ... შესაბამისად, ეს უფლება გადაჯაჭვულია პიროვნული განვითარების უფლებასთან. შრომის თავისუფლების განხორციელება, ბუნებრივია, არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირის დამოუკიდებლობისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული შრომის თავისუფლებით „... დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/2-389 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-19). იმავდროულად, შრომის თავისუფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, აირჩიოს სამუშაო ადგილი, უზრუნველყოფილი იქნეს სამუშაო პროცესის ფარგლებში მისი უსაფრთხოების დაცვისა და ღირსეულ პირობებში პროფესიული საქმიანობის განხორციელების გარანტიებით და სხვა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-68). ამგვარად, შრომის თავისუფლების ძირითადი უფლების „მიზანია, უზრუნველყოს ადამიანის ღირსებასთან თავსებადი, მეტწილად მისი სურვილით არჩეული შრომითი პროცესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-98).

9. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული შრომის თავისუფლებით დაცული სფერო, თავისი შინაარსით, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, თავისუფლად გადაწყვიტოს, იმუშაოს თუ არა, აირჩიოს პროფესია, საქმიანობის სფერო და სამუშაო ადგილი, განავითაროს პროფესიული კარიერა, ისარგებლოს უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და შესაბამისი შრომითი გარანტიებით და სხვა. აღნიშნული უფლება, არსებითად, მეტად ფართო ჭრილში, მიმართულია პირის პროფესიული თვითრეალიზაციისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ.

10. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი არ წარმოადგენს ერთადერთ კონსტიტუციურ დებულებას, რომელიც განამტკიცებს პირის შრომით საქმიანობასთან დაკავშირებულ უფლებრივ გარანტიებს. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გარანტიას. ამასთანავე, პირი, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, შესაძლებელია ითქვას, რომ ეწევა გარკვეული ტიპის შრომას, რიგ შემთხვევებში, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. მიუხედავად ამისა, თავისუფალი მეწარმეობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები დაცულია არა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, არამედ აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-66).

11. ამავე კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება, რომელიც სპეციალურად და სახელდებით განამტკიცებს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული კონსტიტუციური დებულებით „... დაცულია თითოეული ადვოკატის ინდივიდუალური უფლება, ავტონომიურად და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი თუ სხვა გარეშე აქტორის ჩარევისგან დამოუკიდებლად, დაშინების, შეფერხების, შევიწროებისა და გაუმართლებელი ბარიერების დაწესების გარეშე მოახდინოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მის პროფესიასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/6/1424,1490 გადაწყვეტილება საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).

12. ამდენად, ადვოკატის შრომის ის ასპექტი, რომელიც ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას უკავშირდება, არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომის თავისუფლების ზოგადი კონსტიტუციური გარანტიის ფარგლებში. სადავო რეგულირებები, რომლებიც შეეხება სასამართლოში/სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალების, ხოლო სასამართლო სხდომის დარბაზში − დამატებით, მობილური ტელეფონის შეტანის შეზღუდვას, თავისი ბუნებით, არ ზემოქმედებს ადვოკატის მიერ პროფესიის არჩევის, შეცვლის ან, ზოგადად, შრომითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის გაგებით, არამედ უშუალოდ ეხება ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების განხორციელების კონკრეტულ პირობებს სასამართლო პროცესის ფარგლებში. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობის კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმება უნდა განხორციელდეს არა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომის თავისუფლების უფლების, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით გათვალისწინებული სპეციალური გარანტიის ჭრილში, რომელიც ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას იცავს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-3 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1924 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1924 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის ამავე კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.

15. №1924 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-3 მუხლების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

16. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ ხსენებული საკანონმდებლო ჩანაწერით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, „სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას. ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთანავე, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

19. იმავდროულად, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).

20. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

21. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეამოწმოს, რამდენად არსებობს, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, მოსარჩელეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისათვის გამოუსწორებელი, შეუქცევადი ზიანის მიყენების რეალური და მყისიერი საფრთხე.

22. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსების მოქმედების პირობებში, ადვოკატები მოკლებულნი იქნებიან თავიანთი პროფესიული საქმიანობის მართებულად და ღირსეულად შესრულების შესაძლებლობას, რაც არსებითად შელახავს როგორც ადვოკატის, ისე მის მიერ დასაცავი თითოეული პირის უფლებებსა და თავისუფლებებს და, ამავე დროს, დააზიანებს მართლმსაჯულების ხარისხსა და ავტორიტეტს.

23. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მექანიზმის გამოყენებისათვის, როგორც აღინიშნა, აუცილებელია, დადასტურდეს გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მოქმედების შედეგად მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რისკის არსებობა. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებისას, №1924 კონსტიტუციური სარჩელში, შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოებაზე ზოგადი აპელირებით, რომ სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსების მოქმედება უარყოფითად იმოქმედებს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე, მართლმსაჯულების ხარისხსა და ავტორიტეტზე, ისე, რომ არ ასაბუთებს, სასამართლოში/სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალების, სასამართლო სხდომის დარბაზში, დამატებით, მობილური ტელეფონის შეტანის შესაძლებლობის ადვოკატისთვის შემზღუდველმა ნორმამ რატომ და რა თვალსაზრისით შეიძლება წარმოშვას შეუქცევადი ზიანი, რომლის გამოსწორება შეუძლებელი გახდება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში. ამასთანავე, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების სასამართლოში/სასამართლო სხდომის დარბაზში დაშვების შესაძლებლობის შეზღუდვამ შესაძლოა, შეაფერხოს ადვოკატის საქმიანობა და შეამციროს მართლმსაჯულების ეფექტიანობა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის მოქმედების შენარჩუნებით გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რისკის არსებობა დადასტურდეს.

24. ამგვარად, №1924 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსების მოქმედებით მოსარჩელეებისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხის არსებობა. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1924 კონსტიტუციური სარჩელი („მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-3 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1924 კონსტიტუციური სარჩელი („მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-3 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ